გაიცანი საქართველო“ - მედია ტური აჭარაში - კვირის პალიტრა

გაიცანი საქართველო“ - მედია ტური აჭარაში

17-19 ივლისს აჭარა პროექტ „გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში  ქართული მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. პროექტი შიდა ტურიზმის განვითარების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ხორციელდება. ღონისძიებაში სხვადასხვა მედიასაშუალებების 30-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას და ადგილზე მათ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი გაუწევს მასპინძლობას.

„გაიცანი საქართველოს“ კამპანიის ფარგლებში, აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას დეპარტამენტი სპეციალური პროგრამით შეეცდება. აჭარაში დაგეგმილი ისტორიულ-კულტურული ტური ბევრ საინტერესო ლოკაციასა და აქტივობას შეიცავს.  ჟურნალისტები მოინახულებენ მაჭახელას ხეობას, გაეცნობიან ხეობის ტოპონიმებს,  ცნობილი „მაჭახელას თოფის“ და მუჰაჯირობის ისტორიას. შემდეგ დაათვალიერებენ სოფელ მირვეთს, რომელიც ხელუხლებელი ბუნებითა და ულამაზესი ჩანჩქერით რეგიონის ერთ-ერთ საუკეთესო საველოსიპედე მარშრუტსა და საპიკნიკე ადგილს წარმოადგენს. სტუმრები მაჭახელას ხეობის სხვა ადგილებთან ერთად ცხემლარას თაღოვან ხიდსაც ეწვევიან, რომელიც აჭარაში გავრცელებული ე.წ თამარის თაღოვანი ხიდების საუკეთესო მაგალითია. ჟურნალისტები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერებენ ასევე სოფელ ჩხუტუნეთში მდებარე ეთნოგრაფიულ მუზეუმს და ამბრაზურას, რომელიც მეორე მსოფლიო ომიდან შემორჩენილი უნიკალური თავდაცვითი ნაგებობაა.  ჯგუფის წევრებს გიდი იმ უცნობ ადამიანურ ისტორიებს გააცნობს, რომელიც აჭარის ამ სოფლებში სახმელეთო საზღვრის გაყოფას და ე.წ „რკინის ფარდის“ მიღმა დარჩენილ ქართულ მოსახლეობას ეხება.  აჭარის რეგიონი მსოფლიოს იმ ერთადერთ ადგილს წარმოადგენს, სადაც „ცივი ომის“დროს ნატოსა და საბჭოთა კავშირს შორის გამყოფი სახმელეთო საზღვარი მდებარეობდა. ისტორიულ-კულტურული ტურის შემდეგ „გაიცანი საქართველოს“ ჯგუფის წევრები ქედის ღვინის სახლს ეწვევიან, სადაც ადგილობრივი ღვინის წარმოების ტრადიციების გაცნობასთან ერთად აჭარული სამზარეულოს ცნობილი კერძების მომზადების მასტერკლასს დაესწრებიან.

„გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში მოწვეული ჟურნალისტები მთიანი აჭარის შემდეგ ბათუმის ტურისტულ ღირშესანიშნაობებს მოინახულებენ, დაესწრებიან „ჰით ბათუმის“ ფარგლებში მიმდინარე სანრემოს ვარსკვლავების კონცერტს და თავიანთ შთაბეჭდილებებს  სატელევიზიო გადაცემებსა და სიუჟეტებში ასახავენ.

კამპანია „გაიცანი საქართველო“ შიდა ტურიზმის სტიმულირებას ემსახურება და მასში  ცნობადი სახეებია ჩართული. აჭარის მედია ტურში წამყვან ჟურნალისტებთან ერთად დუტა სხირტლაძე და ილო ბეროშვილი იქნება ჩართული.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

17 ივლისი 2015 წელი