კონკურენციის სააგენტოს სკანდალური დასკვნა - კარტელური ხუთეული?!
20-07-2015
კონკურენციის სააგენტოს სკანდალური დასკვნა - კარტელური  ხუთეული?!
"დიდი ხუთეულის რეალური მესაკუთრეების გარკვევა ისეთივე რთულია, როგორც ბნელ ოთახში შავი კატის დაჭერა"

"კარტელური შეთანხმების ნაყოფია - კონკურენტები ჩამოიშორეს, შექმნეს ხელოვნური ბარიერები იმპორტის, დისტრიბუციისა და გაყიდვის ნაწილში და ავტოგასამართი სადგურების ქსელიც კი გადაინაწილეს"



8-თვიანი კვლევის შემდეგ კონკურენციის სააგენტომ ნავთობ­პროდუქტების ბაზარზე მოქმედი კომპანიები 54.698.329 ლარით დააჯარიმა. სააგენტოს 50-ტომიან დასკვნაში 1200 გვერდია. ნაწილი საგადასახადო კომერციულ საიდუმლოებას შეიცავს და საზოგადოებისთვის ყველა დეტალი ცნობილი არ გახდება, თუმცა "კვირის პალიტრამ" მოიპოვა ამ დოკუმენტის ანოტაცია, რომელიც
ჯერ მხოლოდ დაჯარიმებულ კომპანიებს დაეგზავნათ გასაცნობად.

კვლევის შედეგად, კონკურენციის სააგენტო მივიდა დასკვნამდე, რომ 2008-2014 წლებში ავტოსაწვავის ბაზარზე კონკურენციის პრინციპები ირღვეოდა; იმპორტს ხელი ეშლებოდა ხელოვნური ბარიერებით, იზღუდებოდა წარმოება და მოქმედებდა შეთანხმებული ფასი. აქედან გამომდინარე,
ბაზრის ძირითად მოთამაშეებს, მათ შორის "ვისოლს",­ "რომპეტროლს", "სოკარს", "ლუკოილს", "გალფს"­ და მათ­თან
დისტრიბუციით და­კავშირებულ აგენტებს სანქციები დაეკისრათ. დაჯარიმდნენ ფრენშაიზინგის (ბრენდის მფლობელის მხრიდან მიმღები კომპანიისთვის ნების დართვა, თავისი სამ­არკო ნიშნის ქვეშ წარმართოს ბიზნესი, ანაზღაურებ­ის სანაცვლოდ და შეთანხმ­ებული პირობების დაცვ­ით. ე.წ. მზა ბიზნესის შეძ­ენა) მიმღები მცირე კომპანიებიც.
კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ყველაზე მაღალი ჯარიმა - 14.381.385 ლარი "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს" დაეკისრა; "სან პეტროლიუმ ჯორჯია", რომელიც ბაზარზე "გალფის" ბრენდით ოპერირებს, 11.267.384 ლარით დაჯარიმდა, "რომპეტროლ საქართველო" - 10.845.806 ლარით, "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" - 10.426.393 ლარით, "ლუკოილ-ჯორჯია" - 4.740.260 ლარით. კიდევ ორ ფირმას მილიონზე მეტი ლარი დაეკისრა და ერთსაც - 650 ათასზე მეტი. გარდა ამისა, სიმბოლური 200-200 ლარით დაჯარიმდნენ წვრილი კომპანიები, რომლებიც მათთან თანამშრომლობდნენ.
საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც "კვირის პალიტრამ" მოიპოვა
ჩვენ მოვიპოვეთ კონკურენციის სააგენტოს დასკვნის ანოტაცია, სადაც 1200-გვერდიანი დასკვნის ძირითადი აქცენტები და მოკლე შეფასებაა გადმოცემული.
აღსანიშნავია, რომ კარტელურ გარიგებაში ბრალდებულმა არც ერთმა კომპანიამ არ ითანამშრომლა კონკურენციის სააგენტოსთან და არც გარიგებაში მონაწილეობა უღიარებია. არადა, ასეთ შემთხვევაში კომპანია დაკისრებული ჯარიმისგან თავისუფლდებოდა(!). ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ დასკვნაში შესული მასალების ნაწილი იმდენად მძიმე დანაშაულს ეხება, არ არის გამორიცხული, მასალების ნაწილი პროკურატურის, ნაწილი კი ფინანსური უწყების საგამოძიებო სამსახურის ინტერესის სფეროში მოექცეს.

კომპანიები თავს დამნაშავედ არ ცნობენ

პირველი, ვინც კონკურენციის სააგენტოს დასკვნას უპასუხა, "ვისოლ ჯგუფი" იყო. "ჩვენ არ დაგვირღვევია "კონკურენციის შესახებ" კანონის არც ერთი მოთხოვნა. გადაწყვეტილების გამოტანამდე ამ საქმეზე 2015 წლის 8 ივლისს კონკურენციის სააგენტოში გაიმართა შემაჯამებელი სხდო­მა ყველა მხარის მონაწილეობით, სადაც სააგენტოს წარვუდგინეთ არგუმენტირებული, პროფესიული და ობიექტური პოზიცია გადაწყვეტილების პროექტში ასახულ მოსაზრებებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, სააგენტომ არ გაიზიარა არც ერთი ჩვენი ობიექტური არგუმენტი და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ნეგატიურად შეაფასა ჩვენი საქმიანობა "კონკურენციის შესახებ" კანონთან მიმართებაში. არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებაში მოყვანილ მოსაზრებებს და, ბუნებრივია, შევეცდებით ჩვენი სიმართლის დამტკიცებას კანონით მონიჭებული გზებით", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არც "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმში" ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ 2014 წლის ნოემბრიდან კონკურენციის სააგენტოსთან აქტიურად თანამშრომლობენ: პასუხი გასცეს ყველა დასმულ შეკითხვას, მიაწოდეს ყველა დოკუმენტი თუ დოკუმენტურად დასაბუთებული მყარი არგუმენტები, თუმცა ისინი არ გაითვალისწინეს და კომპანიას დიდი ჯარიმა წარედგინა. "ვისოლის" მსგავსად, სანქციის სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ "სოკარი" და "გალფი". კომპანიაში ამბობენ, რომ 2012-2014 წლებში კომპანიის წმინდა მოგებამ 6,2 მილიონი ლარი შეადგინა, დარიცხული ჯარიმა კი ამ ციფრს თითქმის ორჯერ აღემატება და შესაბამისად, მისი გადახდა ძალიან მძიმედ იმოქმედებს ფირმის საქმიანობაზე.

როგორ ყალიბდებოდა კარტელი

იმას, რაც კონკურენციის სააგენტოში 50 ტომად შეიკრა და 1200 გვერდზე გაიწერა, ჟურნალისტები და დამოუკიდებელი ექსპერტები წლების განმავლობაში იკვლევდნენ. 10 წელიწადს ითვლის გონივრული და საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნავთობ­იმპორტიორები ზემოგებით მუშაობდნენ და შეთანხმებულ ფასს აწესებდნენ საწვავზე, რაც საბოლოოდ თითქმის ყველა პროდუქტსა და მომსახურებას აძვირებდა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ყველა ეს გონივრული ეჭვი დოკუმენტურად დადასტურდა და სააგენტოს დასკვნაში მოიყარა თავი. არადა, 2006 წლამდე საქართველოში საწვავი 100-ზე მეტ კომპანიას შემოჰქონდა. საწვავი შეგეძლო შემოგეტანა აზერბაიჯანიდან ერთი ცისტერნა-ვაგონით, ერთი ან ორი ავტოგასამართი სადგური მოგემარაგებინა და დაბალი ფასნამატით, ნავთობპროდუქტები საკმაოდ იაფად გაგეყიდა. 2006 წლის შემდეგ ვითარება მკვეთრად შეიცვალა. აზერბაიჯანიდან ნავთობპროდუქტების იმპორტს კომპანია "სოკარი" დაეპატრონა და სხვა ნავთობიმპორტიორებისთვის ეს ბაზარი დაიკეტა. შესაბამისად, ბაზარზე დარჩნენ შედარებით მსხვილი ნავთობიმპორტიორი კომპანიები - ისინი, ვისაც შეეძლო საწვავი ევროპიდანაც შემოეტანათ. საწვავის საცალო ბაზარზე წლების განმავლობაში დომინირებდა ექვსი კომპანია ("ვისოლი", "ლუკოილი", "სოკარი", "ეკო", "რომპეტროლი", "სენტა" და "მაგნატი"). 2010 წელს ბაზარზე კომპანია "გალფი" გამოჩნდა, რომელიც "სენტას", "ეკოსა" და "მაგნატის" ავტოგასამართ სადგურებს დაეპატრონა და ყველაზე მეტი სადგურის მფლობელი გახდა. "გალფის" შემოსვლამ ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასები კიდევ უფრო გაზარდა. ეს კომპანია თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილის სახელს უკავშირდებოდა. წესით, როცა ბაზარზე ახალი მოთამაშე შემოდის და ძველ მოთამაშეებს უკვე კარგად აქვთ მოკიდებული ფეხი, ახალბედას ადგილის დამკვიდრება უნდა გაუჭირდეს. მაგრამ კონკურენტებმა რატომღაც საკუთარი ნებით დაუთმეს ასპარეზი "გალფს" - ნავთობპროდუქტებზე ფასები გაზარდეს, რაც "გალფისთვის" ხელსაყრელი იყო. არადა, წესით, მომხმარებლის შესანარჩუნებლად ფასები უნდა დაეწიათ, მათ კი მომხმარებელი ნებით დათმეს.

ბექა კემულარია, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელი: "რამდენიმე წლის წინ, სანამ ეს სფერო განსაზღვრული ჯგუფის ხელში მოექცეოდა და კარტელური შეთანხმება ჩამოყალიბდებოდა, კომპანიები საწვავს 1 ლიტრზე დაახლოებით 20-თეთრიანი ფასნამატით ყიდდნენ, დღეს კი 60-თეთრიანით ყიდიან. როცა თვეების განმავლობაში საერთაშორისო ფასი მცირდებოდა და აქ ნავთობპროდუქტებს არ აიაფებდნენ, ფასნამატი 80 თეთრსაც აღწევდა. ეს ამ კარტელური შეთანხმების ნაყოფია. კონკურენტები ჩამოიშორეს, შექმნეს ხელოვნური ბარიერები იმპორტის, დისტრიბუციისა და გაყიდვის ნაწილში და ავტოგასამართი სადგურების ქსელიც კი გადაინაწილეს.

მაგალითად, შეზღუდვები არსებობდა საწვავის იმპორტის დროს. თავად ეს კომპანიები ფლობდნენ ბაზებს და არასასურველ კონკურენტს ეუბნებოდნენ, რომ არ ჰქონდათ ადგილი ტანკერით შემოტანილი საწვავის განსათავსებლად. ასეთ ვითარებაში­ ვერ შემოდიოდა მილიონობით ლიტრი საწვავი, რომელიც ტანკერიდან უნდა გადაიტვირთოს ბაზაში და სარკინიგზო ცისტერნებით განაწილდეს რეგიონებში. თუ ვინმე მაინც მოახერხებდა საწვავის შემოტანას (ეს კი 2012 წლამდე გამორიცხული იყო, რადგან ან საბაჟოზე შეუქმნიდნენ პრობლემებს, ან იარაღიანი ხალხი მიადგებოდა, ან დაიჭერდნენ, დაემუქრებოდნენ), მსხვილ კომპანიებს ისე ჰქონდათ ბაზარი ათვისებული ავტოგასამართი სადგურებით, რომ სხვა მოთამაშეს გაყიდვის პრობლემა შეექმნებოდა. მეტიც,
იყო შემთხვევები, როცა მსხვილ კომპანიებს ნაყიდი ჰქონდათ ის ტერიტორიები, სადაც პოტენციურად შესაძლებელი იყო ავტოგასამართი სადგურის გახსნა - იქ სხვას რომ მსგავსი არაფერი გაეხსნა.

გარდა ამისა, თითქოსდა კონკურენტი კომპანიები ერთმანეთში ყიდდნენ ან ცვლიდნენ საწვავს. მაგალითად, "გალფს" 2012 წელს ყველაზე ცოტა საწვავი შემოჰქონდა და ყველაზე მეტს ყიდდა. წარმოიდგინეთ, ხუთ მსხვილ კომპანიას შორის "გალფს" ყველაზე მცირე იმპორტი ჰქონდა და ამავე დროს, საწვავზე ყველაზე დაბალი ფასები ედო?!"

ვინ დგას "კარტელური ხუთეულის" უკან?

მას შემდეგ, რაც "დიდმა ხუთეულმა" ადგილობრივი საწვავის ბაზარი, ფაქტობრივად, გადაინაწილა, ფასი კი საწვავზე წლიდან წლამდე იზრდებოდა, სულ უფრო აქტიურდებოდა საუბრები, ვინ იდგა რეალურად ამ კომპანიების უკან. ხშირად საუბრობდნენ ყოფილი ხელისუფლების წევრების ბიზნესინტერესებსა და კავშირებზე ამა თუ იმ კომპანიასთან, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტები, ფაქტობრივად, არ არსებობდა. ჩვენ დავინტერესდით ამ დიდი ხუთეულის რეალური მფლობელებით და რამდენიმე საინტერესო აღმოჩენაც გავაკეთეთ. მაგალითად, "სოკარ ენერჯი პეტროლეუმის" 100%-ს ფლობს შპს "სოკარ ენერჯი ჯორჯია". თავად ამ კომპანიის 51% ეკუთვნის აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას, ხოლო 24,5-24,5%-იანი წილები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, თავისუფალ ინდუსტრიალ-ზონაში რეგისტრირებულ Intersun Holding FZCO-სა და EVENTUS GENERAL TRADING FZ-ს. ორივე კომპანია 2006 წელს არის დაფუძნებული, როცა საქართველოს ბაზარზე კომპანია "სოკარი" გამოჩნდა.
"სან პეტროლეუმ ჯორჯიას" 100%-ის მფლობელი ამერიკაში რეგისტრირებული Energy Investment Venture Holdings-ია. "რომპეტროლს" ფლობს ნიდერლანდებში რეგისტრირებული "კეი-ემ-ჯი ინტერნეიშნალ ენ.ვი" (KMG International N.v.). "ლუკოილის" მესაკუთრეც ნიდერლანდებში რეგისტრირებული შპს "ლუკოილ ევროპა ჰოლდინგს ბი.ვია". რაც შეეხება "ვისოლს", საჯარო რეესტრის მონაცემებით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ კომპანიის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავაა, სამეთვალყურეო საბჭოში კი ლევან ფხაკაძე, ნუგზარ აბრამიშვილი და სამსონ ფხაკაძე არიან.

ასეთ ვითარებაში, ოფშორულ ზონებში კომპანიები, ძირითადად, სწორედ იმიტომ რეგისტრირდებიან, რომ კარგად დამალონ როგორც მათ მფლობელთა ვინაობა, ასევე კაპიტალის წარმომავლობა.

დაიკლებს თუ არა ფასები

რამდენითაც უნდა დააჯარიმონ კომპანიები, მომხმარებელს ახლა ყველაზე მეტად ის აინტერესებს, შემცირდება თუ არა და რამდენით საწვავის ფასები. ავტოგასამართი სადგურების ტაბლოიდებზე ფასები უცვლელია - თუ კომპანიები ფასს დააგდებენ, ეს, ალბათ, დანაშაულის ერთგვარი აღიარება იქნება, ხოლო თუ კვლავ შეთანხმებული ფასით მუშაობას განაგრძობენ, შესაძლოა, მათი ქმედება კიდევ ერთი მოკვლევისა და დამატებითი ჯარიმის საფუძველიც გახდეს.

ლევან კალანდაძე, ეკონომისტი: "საწვავის მყისიერად გაიაფებას არ ველი. ფასის შემცირება მოთხოვნა-მიწოდების ჯანსაღ პირობებზეა დამოკიდებული, რასაც კონკურენტული გარემო სჭირდება, ანუ კარტელური გარიგებების "ჩახსნა". ეს კი მაშინ მოხდება, როცა დასრულდება დავა კონკურენციის სააგენტოსა და ბიზნესს შორის - ალბათ, სასამართლოს შემდეგ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ველოდოთ ფასების ოპტიმიზაციის დაწყებას, თუმცა ოპტიმიზაცია აუცილებლად ფასების შემცირებას არ ნიშნავს. ფასი შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს, მაგრამ საზოგადოების მოლოდინი, რომ საწვავის ფასის გაზრდა-შემცირება საერთაშორისო ბაზრის ცვლილებებს შეესაბამება და კონკურენტული გარემოთია განპირობებული, ალბათ, საქართველოში გაჩნდება".

ემზარ ჯგერენაია, ეკონომიკის ექსპერტი:
"საწვავის ფასი უახლოეს მომავალში შემცირდება, მაგრამ არა კონკურენციის სააგენტოს დასკვნის, არამედ ჩინეთში ეკონომიკური ვარდნის, აგრეთვე საწვავის ბაზარზე ირანის გასვლის გამო.
მსოფლიო ეკონომიკა ვარდნას განიცდის და ეს შეამცირებს საწვავის ფასს და არა კომპანიების დაჯარიმება".
იაფი ალტერნატივა - შემოვა თუ არა საქართველოში თურქმენული საწვავი?

დაახლოებით ორი წლის წინ საწვავის გაიაფების შესაძლებლობად ძვირი რუმინული საწვავის იაფი თურქმენულით ჩანაცვლება სახელდებოდა. საქართველოში მის შემოსატანად დერეფანი აზერბაიჯანს უნდა გაეხსნა. სწორედ ამ საკითხზე მოლაპარაკება სახელდებოდა მაშინდელი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის აზერბაიჯანის მთავრობასთან შეხვედრის მიზეზად. საუბარი იყო რეგულარის ტიპის ბენზინსა და L62 ტიპის დიზელის საწვავზე, რომელზეც ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა და, ძირითადად, აზერბაიჯანიდან შემოდის. თუმცა, გამოდიოდა, რომ თურქმენული საწვავის გამოტარებით აზერბაიჯანულ მხარეს საკუთარი თავი უნდა დაეზარალებინა. ჩნდებოდა კითხვებიც: ვინ შემოიტანდა თურქმენულ საწვავს ქართულ ბაზარზე და ვინ გაყიდდა? ხომ არ იქნებოდა ეს, ხელისუფლების მხარდაჭერით, ბაზრის ახალი მოთამაშე? სად გაიყიდებოდა თურქმენული საწვავი, რადგან ავტოგასამართი სადგურების ქსელი დიდი ხუთეულის ხელშია. დღეს კი ვითარება შესაძლოა შეიცვალოს და არ არის გამორიცხული, ბაზარზეც გამოიკვეთონ ახალი მოთამაშეები და თურქმენული იაფი საწვავის თემაც კვლავ გააქტიურდეს.

ლევან კალანდაძე: "მოთამაშეებთან დაკავშირებით სხვა მოლოდინი მაქვს, რომ პატარა მოთამაშეები თანდათან გაძლიერდებიან და ბაზარზე კლიმატის შექმნაშიც წილს დაიდებენ".

ვინ იქნება შემდეგი?

კონკურენციის სააგენტოში კიდევ რამდენიმე საქმის მოკვლევა მიმდინარეობს. სააგენტო საკუთარი ინიციატივით იკვლევს საავიაციო ნავთის სასაქონლო ბაზარს, ხორბლისა და პურპროდუქტების ასოციაცია "გლობალაგროს" წევრთა შესაძლო კარტელურ შეთანხმებას, შავი ზღვის პორტებში ნავთობტერმინალთა საქმიანობას.
განცხადების ან საჩივრის საფუძველზე კონკურენციის სააგენტო სწავლობს ავტოგაზის, ხორბლის, ფქვილის სასაქონლო ბაზრებს და შპს "ლიტექსი-სერვისის" საჩივრის საფუძველზე "თბილსერვის ჯგუფის" მიერ "კონკურენციის შესახებ" კანონის სავარაუდო დარღვევას. საქმე ეხება მის საკუთრებაში არსებული ნაგავსაყრელების გამოყენებაზე უარის თქმას. ასევე სააგენტო სწავლობს ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების (ხაშურის, ასპინძის, აბაშისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტები) მიერ სპეციალური ტექნიკის სახელმწიფო შესყიდვების დროს "კონკურენციის შესახებ" კანონის მე-10 მუხლის შესაძლო დარღვევას (შპს "ინტერტექნიქსის" განცხადების საფუძველზე); "საქართველოს რკინიგზის" შვილობილი კომპანია შპს "ტრანს კავკასუს ტერმინალსის" მიერ დომინირებული მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას - შპს "ჯორჯიან ტრანს ექსპედიციის" საჩივრის საფუძველზე.

გარდა ამისა, სააგენტოში მიმდინარეობს "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" შეტყობინების განხილვა შპს "გნ კო"-ს (ინგოროყვას კლინიკა) წილთა 50%-ის შესყიდვასთან დაკავშირებით და ყავის სასაქონლო ბაზრის მონიტორინგი.
ლევან კალანდაძე: "ვინ უნდა იყოს შემდეგი? აუცილებლად კომუნიკაციების სფერო, განსაკუთრებით ინტერნეტპროვაიდერები. მეორე სფერო, რითაც უნდა დაინტერესდეს კონკურენციის სააგენტო, ხორბლისა და ფქვილის ბაზარია და მესამე ლეგენდარული ფარმაცევტული სექტორი გახლავთ".

რა წერია კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში

(ამონარიდი დასკვნიდან. სტილი დაცულია)
"მოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით, რომელიც 1200 გვერდამდეა და ეფუძნება 50-მდე ტომს, კონკურენციის სააგენტომ საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) სასაქონლო ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების ქმედებები შეაფასა - "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის "ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტებთან მიმართებით და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა სამივე ნორმის დარღვევას, კერძოდ, შეფასდა:
1. ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებული ფრენშაიზინგის ხელშეკრულებების ფარგლებში განსაზღვრული შეთანხმებული საცალო რეალიზაციის ფასები, როგორც "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის დარღვევა;

2. 2010-2012 წლებში შესაბამის ბაზარზე არსებული ხელოვნური ბარიერი, რომელმაც გამოიწვია აღნიშნულ პერიოდში იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის სტრუქტურული დონეებიდან ეკონომიკურ აგენტთა გასვლა, როგორც "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დარღვევა;
3. განგრძობადი ქმედების სახით გამოხატული შეთანხმებული მოქმედება ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს შორის, რაც გამოიხატებოდა ფასწარმოქმნის შეთანხმებულ პირობებსა და მასთან დაკავშირებული რაოდენობრივი გადანაწილების მექანიზმებთან, რომელშიც ბაზარზე მოქმედ ხუთ უმსხვილეს კომპანიასთან ერთად მონაწილეობდა დამატებით სამი კომპანია, რომელთა საქმიანობის ძირითად სფეროს ავტოსაწვავით საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენდა, შეფასდა როგორც "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის "ა" და "გ" ქვეპუნქტების დარღვევა.

ფრენშაიზინგის ხელშეკრულებების ფარგლებში განსაზღვრული შეთანხმებული საცალო რეალიზაციის ფასების შეფასებისას სააგენტომ დააკვალიფიცირა შპს "ლუკოილ ჯორჯიასა"“ და მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ 10 (ათი) ეკონომიკურ აგენტს შორის არსებული შეთანხმება და შპს "რომპეტროლ საქართველოსა"“ და მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ 13 (ცამეტი) ეკონომიკურ აგენტს შორის არსებული შეთანხმება, როგორც "კონკურენციის შესახებ"“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის დარღვევა. სააგენტომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ფრენშაიზინგის ხელშეკრულების მხარეებს უფლება აქვთ იმოქმედონ ლოიალური კონკურენციის პრინციპის შესაბამისად, თუმცა აქვე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ლოიალური კონკურენცია არ მოიცავს კონკურენციის გამორიცხვას ფასთან მიმართებით, რასაც ადგილი ჰქონდა განსახილველ შემთხვევაში. სააგენტომ ასევე გაითვალისწინა ფრენშაიზინგის მიმღები მხარეების პასიური როლი ხელშეკრულების პირობების ფორმირების პროცესში, ასევე მათი თანამშრომლობის მაღალი ხარისხი მოკვლევის პერიოდში და მათ დააკისრა სიმბოლური ჯარიმა, თითოეულს - 200 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება მე-7 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დარღვევას, სააგენტომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ 2010-2012 წლებში, როდესაც ეკონომიკური აგენტები ვეღარ ახერხებდნენ საწვავის ხელსაყრელ ფასში შესყიდვას და ვერც იმპორტს, საზღვარგარეთის ვერც ერთი ქვეყნიდან, როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო ტრანსპორტის საშუალებით. ამასთან, ადგილზე ვერ ახერხებდნენ საქონლის შეძენას, ან იძენდნენ იმ ფასად, რომ ამ სახით შესყიდვებით სამეწარმეო საქმიანობა შეუძლებელი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სხვა­დასხვა დონის გაყიდვების მწარმოებელი ეკონომიკური აგენტები გავიდნენ სასაქონლო ბაზრიდან - 600-ზე მეტი ავტოგასამართი სადგური გაჩერდა და მათი ფიზიკური კაპიტალი (იჯარა/შესყიდვა) გადანაწილდა სასაქონლო ბაზარზე დარჩენილ კომპანიებს შორის. შესაბამისად, მათ მიერ გაყიდული რეალიზებული საქონლის მოცულობა 2 წელიწადში 2,5-ჯერ გაიზარდა (დაახლოებით მილიარდ-ნახევარზე მეტით).

აღნიშნული სახით ბაზარმა იარსება 2012 წლის ნოემბრამდე, ხოლო მის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა სასაქონლო ბაზარზე საქმიანობა. კერძოდ, გაჩნდა ალტერნატიული შემომტანი და საბითუმოდ გამყიდველი კომპანიები, რომლის შედეგად დაიწყო ამუშავება ბაზარზე უქმად დარჩენილმა ავტოგასამართმა სადგურებმა.

სასაქონლო ბაზრის შეფასებისთვის სრულიად საკმარისია იმის დანახვა, რომ მოკლე დროის მონაკვეთში ორ სრულიად სხვადასხვა სახის სასაქონლო ბაზრის ფუნქციონირებასთან გვაქვს საქმე. ეს ორი რადიკალური განსხვავება ცალსახად გიჩვენებს ბაზრის საქმიანობის ნიშნებს, რაზეც პროფესიული დაკვირვება გიკონკრეტებს იმ გარემოებასა და ნიშნებს, რაც შეფასებისათვის საკმარის მტკიცებულებას წარმოადგენს"...
MEGI
23 ივლისი 2015 20:41
თუ ამ ყველაფერს დადებითი შედეგი მოჰყვება,-ფასების შემცირება, მაშინ ჰო.
ისე კი ფრთხილად იყავით: ამერიკულმა მაფიამ ცუდი გაბრაზება იცის......
ხოლო საქართველოში ვინც ბევრს ბედავდა(და ბედავს) სწორედ ამერიკული მაფიის ნათლულია....

გფარავდეთ ღმერთი ხალხის ამოსუნთქვისთვის მცდელობაში!
ალექს
22 ივლისი 2015 13:33
პანდორას ყუთში იმედი არ ჩარჩენილა სამუდამოდ, ის თავისუფალია და ძლიერდება ,ის არ ემონება არავის,ის 27-35 წლისაა ,ამ ასაკისა იქნება ყოველთვის,არ დაბერდება,არჩევნებში შემდეგშიც და ყოველ მომდევნოშიც საქართველოს იმედი გაიმარჯვებს!
ალექს
21 ივლისი 2015 21:13
ვისაც გჯერათ ,რომ ესენი საკუთარი ინივიატივით ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად გარიგდნენ,დაელოდეთ გაიაფებას.
ამ გარიგების ინიციატორიც და ბენეფიციარიც ხელისუფლებაა,ნუ ელოდებით გაიაფებას,ნურც ახალ ხელისუფლებას ესე 20 წელი.
ან აღარ მისცეთ არცერთი ხმა,თუნდაც ხვალ დაგვინიშნონ არჩევნები იმ პარტიას ,ბლოკს,დამოუკიდებელ სუბიექტს,ვინც ერთ ყოფილ პარლამენტარს,სხვა ხელისუფალს,მთავრობის წევრს,მარეგულირებლებს და არასამთავრობოებს,პოლიტიკურ პრესას და ტელევიზიას წარმოადგენს ამ ბოლო 25 წლის განმავლობაში .
ხმა მიეცით ახალ ახალგაზრდა, 27-35 წლის ასაკის ბირთვიან ძალას,რომლებიც ვერაფერს შეგპირდებიან იმის გარდა ,რომ პატიოსნად შეაგროვებენ ქალაქების და სოფლების ცენტრებში დადგმულ გამჭვირვალე "პანდორას" ყუთებში (თუ გახსოვთ ყველა ავი გრძნობა რომ ამოიფრქვა ყუთიდან და შეშინებულმა პანდორამ ის დაკეტა,იმედი ჩარჩა ყუთში)თქვენს სახალხო პოლიტიტკურ შეკვეთას და თუ აირჩევთ,აღასრულებენ,დაელოდეთ გაიაფებას,თუ არ აირჩევთ გახსენით პანდორას ყუთი ,მაინც ზედმეტი იქნება იქ ჩარჩენილი იმედი,დაე იფრინოს თავისუფლად!

რედაქტორის რჩევით