დიქსონი თბილისში - GEM fest ახალ სიურპრიზს ამხელს
25-07-2015
დიქსონი თბილისში - GEM fest ახალ სიურპრიზს ამხელს
სტეფან ბერქჰანი ახლა ალბათ, საშუალო დონის ფეხბურთელი მაინც იქნებოდა, ან შესაძლოა, გერმანული ფეხბურთის ვარსკვლავიც გამხდარიყო, მაგრამ მისი ცხოვრების გზა ერთმა მნიშვნელოვანმა მოვლენამ შეცვალა, ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და სპორტისთვის თავის დანებება მოუხდა. სამაგიეროდ, ახალი გატაცება აღმოაჩინა, მუსიკა და კერძოდ, ელექტრონული მუსიკა. ჰაუსის ჟანრით თავიდანვე მოიხიბლა, ბერლინურ კლუბებში კვირაში ერთხელ დაკვრა 1992 წლიდან დაიწყო. კარიერა საკმაოდ თანმიმდევრულად განავითარა და პრესტიჟული საიტის resident advisor-
ის მიხედვით, მსოფლიოს ნომერ პირველ დიჯეიდ ორჯერ დასახელდა.

13 ნოემბერს ის თბილისს ესტუმრება. მისი სეტი უკვე დაგეგმილია, თუმცა სად, ორგანიზატორები ჯერ არ ამხელენ. ეს იქნება GEM fest-ის მორიგი ღონისძიება ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მერე, რომელიც სულ მცირე ხანში, ანაკლიაში აიღებს სტარტს. 30 ივლისს ფესტივალი უკვე სტუმრების მიღებას დაიწყებს, 31 ივლისს თანამედროვეობის კიდევ ერთი გამორჩეული სახე,
არმინ ვან ბიურენი წარდგება აუდიტორიის წინაშე, ოფიციალურ გახსნაზე. აქვე საინტერესო ამბავს გაგიმხელთ - თუკი GEM fest-ის Full house პაკეტს უკვე ფლობთ ან მის შეძენას ახლა აპირებთ, დიქსონის სეტს ნოემბერში სრულიად უფასოდ დაესწრებით.

რაც შეეხება თავად ფესტივალს, ანაკლიაში მოსამზადებელი სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. Gem fest-ის ჯგუფი დღესა და ღამეს ასწორებს იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა დამსვენებელს სრულიად გამართული დახვდეს. შეპირებისამებრ, აშენების პროცესშია 5 სცენა, რომლიდანაც მთავარი, ზღვაში იქნება შეჭრილი და რუბიკის კუბის ფორმა ექნება. შეძენილია ფოიერვერკების უდიდესი რაოდენობა და ორგანიზატორები გახსნაზე მასშტაბურ "აფეთქებას" გვპირდებიან, როგორც მუსიკალურს, ისე ფოიერვერკების თვალსაზრისითაც. ასე რომ, ანაკლიაში აბსოლუტური GEM გელოდებათ.

GEM fest-ის ოფიციალური მხარდამჭერია www.kvirispalitra.ge
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით