"დენის ტარიფი 12 თეთრზე მეტი არ უნდა იყოს"
27-07-2015
"დენის ტარიფი 12 თეთრზე მეტი არ უნდა იყოს"
"ენერგო პრო ჯორჯია" წლების განმავლობაში მუშაობდა მსხვილ მოგებაზე და პირდაპირ შემიძლია გითხრათ - უკანონო მოგებაზე"

რეგიონების მოსახლეობა, კახეთის გარდა, ელექტროენერგიის გაძვირებულ ტარიფს უკვე 1-ლი აგვისტოდან გადაიხდის. სემეკ-მა "ენერგო პრო ჯორჯიას" მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოთხოვნილი 4,8 თეთრის ნაცვლად, 1 კილოვატ საათზე ელექტროენერგიის ტარიფი 3,348 თეთრით გაზარდა. ამას თუ დამატებული ღირებულების გადასახადსაც დავარიცხავთ, გამოდის, რომ "ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტებს" 1 კილოვატი 3,95 თეთრით უძვირდებათ. რეგიონების შემდეგ, დენის ტარიფის ზრდა თბილისის მოსახლეობასაც
ემუქრება, რადგან სემეკ-ს ტარიფის გადახედვის მოთხოვნით "თელასმაც" მიმართა. კომპანიაში ჯერ ვერ აკონკრეტებენ, რამდენით ითხოვენ ტარიფის ზრდ­ას, თუმცა სხვადასხვა შეფასებით, თბილისის მოსახლეობას ტარიფი შესაძლოა დაახლოებით 6 თეთრით გაუძვირდეს.

საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ქვეყანაში ელექტროენერგიის დიფერენცირებული ტარიფი მოქმედებს.
რეგიონების მოსახლეობა, რომელიც თვეში 101 კვტ/სთ ელექტროენერგიას მოიხმარს, 9,0034-თეთრიან ტარ­იფს იხდის,
შესაბამისად გაზრდილი ტარიფით დაახლოებით 12,954 თეთრის გადახდა მოუწევთ. თვეში 101-301 კვტ/სთ-ს ვინც მოიხმარს, ყოველ გახარჯულ კილოვატში 12,98 თეთრის ნაცვლად 16,93 თეთრის გადახდა მოუწევთ. ხოლო ის მომხმარებელი, რომელიც თვეში 301 კილოვატზე მეტს ხარჯავს და დღეს ყოველი კილოვატისთვის 17,50 თეთრს იხდის, 1-ლი აგვისტოდან უკვე 21,45 თეთრის გადახდა მოუწევთ.

გაძვირებული დენის ფასი მძიმე ტვირთად რომ არ დააწვეს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, მთავრობამ გადაწყვიტა, ელექტროენერგიის ძველ და ახალ ტარიფებს შორის განსხვავება სრულად დაფაროს ბიუჯეტიდან. ეს შეეხება 208 ათას სოციალურად და­უცველ ოჯახს. მათი სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან 20 მილიონამდე ლარი გამოიყოფა. თუმცა მთავრობას "ავიწყდება", რომ ტარიფი კომერციული მომხმარებლისთვისაც იზრდება, რაც ყველა იმ პროდუქტისა თუ მომსახურების ღირებულებაზე აისახება, რომლის ფასწარმოქმნაშიც ელექტროენერგია მონაწილეობს.

მათ შორის არის მცირე საცხობები, თონეები, ასევე სამედიცინო სერვისი და სხვ. ნათელია, რომ საბიუჯეტო სუბსიდია, რომელიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან ამოღებული ფულია, დენის გაძვირების შედეგებს სრულად ვერ გადაფარავს.

2 მემორანდუმის საიდუმლო


დენისა და გაზის ტარიფების შემცირება ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირება იყო. ის ნაწილობრივ შესრულდა და 2013 წლის 1-ლი იანვრიდან დენის ტარიფი საშუალოდ 4 თეთრით შემცირდა, ოღონდ მხოლოდ იმ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, რომელთა მოხმარება 301 კვტ/სთ-ზე ნაკლებია. ეს შემცირება "ენერგო პრო ჯორჯიასა" და "ინტერ რაოსთან" გაფორმებულ მემორანდუმებში აისახა, რომლებიც კომპანიების მოთხოვნით კონფიდენციალურია და შესაბამისად, დეტალების გაცნობის საშუალება არც მაშინ და არც ახლა არ მოგვეცა. თუმცა კი ცნობილია, რომ "ინტერ რაოს", რომელსაც "თელასის" 75%-იანი წილი ეკუთვნის, მემორანდუმის თანახმად, არსებული ტარიფი 2016 წლამდე უნდა შეენარჩუნებინა, ხოლო "ენერგო პრო ჯორჯიასთვის" ეს ვადა 2014 წელს ამოიწურა. გარდა ამისა, გასაიდუმლოებულ მემორანდუმში დეტალურად არის გაწერილი კომპანიების საინვესტიციო ვალდებულებები, რომელთა შეუსრულებლობა თავის დროზე ბევრ კითხვის ნიშანს აჩენდა, თუმცა დღეს ამაზე უკვე აღარავინ საუბრობს.

ოფიციალურად, "ენერგო პრო ჯორჯია" ჩეხური "ენერგო პრო ეი-ესის" შვილობილი კომპანიაა. "თელასის" მსგავსად, "ენერგო პრო ჯორჯიაც" ფლობს როგორც გამანაწილებელ კომპანიებს, ასევე ერთ თბოელექტროსადგურსა და 14 ჰიდროელექტროსადგურს.

სახელმწიფოს წილი დენის ტარიფში...

ტარიფი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, ეს არის გენერაცია ანუ წარმოება, განაწილება და გადაცემა-დისტრიბუცია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები თავად ფლობენ ჰიდრო და თბოელექტროსადგუ­რებს, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რა აძვირებს ასე დენს, რომელსაც კომპანიები პირდაპირი მიყიდვის წესით ყიდულობენ თავისივე შვილობილი კომპანიებიდან და აბონენტებს აწვდიან? თუმცა, საქმე არც ასე მარტივად არის, რადგან შვილობილი ჰესების გარდა, კომპანიები ელექტროენერგიას სხვა წყაროებიდანაც ყიდულობენ, მათ შორის არის ჰესები, თბოელექტროსადგურები და იმპორტი. სწორედ ეს წყაროები დაასახელეს კომპანიებმა ტარიფის გაზრდის მოთხოვნის საფუძვლად, რადგან იმპორტირებულ ელექტროენერგიასა და გაზს თბოსადგურებისთვის დოლარით ყიდულობენ, რომლის მიმართაც ლარი გაუფასურდა.

"ენერგო პროს" გაანგარიშებით, რომელიც ტარიფის გაზრდის მოთხოვნის დასაბუთებას ერთვის, 2015 წლის აგვისტო-სექტემბრისთვის საკუთარი წარმოებიდან და სხვა წყაროებიდან შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო ფასი დაახლოებით 10 თეთრი იქნება - ადრინდელი 6,654-ის ნაცვლად. შესაბამისად, აბონენტებსაც უფრო ძვირად უნდა მიჰყიდონ, რათა არსებობა შეძლონ. ამ შესასყიდ ელექტროენერგიას კი ყველაზე მეტად ე.წ. საბალანსო ელექტროენერგია აძვირებს, რომელზეც ფასის 70% მოდის. საქმე ის გახლავთ, რომ ჰესები და თბოსადგურები გამომუშავებულ ენერგიას საერთო ენერგეტიკულ, ე.წ. საბითუმო ბაზარს აწვდიან. აქვე შედის იმპორტით შემოსული დენიც. მართალია, ჰესებიც და თბოსადგურებიც ელექტროენერგიას სხვადასხვა ტარიფით ყიდიან და იმპორტს კიდევ თავისი ფასი ადევს, მაგრამ ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს (ესკო) გამოყვანილი აქვს საშუალო შეწონილი ფასი. როცა გამანაწილებელ კომპანიებს საკუთარი წარმოების დენი არ ჰყოფნით ("ენერგო პრო" იქნება ეს თუ "თელასი"), დამატებით დენს ისინი ესკო-სგან ყიდულობენ სწორედ საშუალო შეწონილ ფასად.

ესკო ჩვეულებრივი სამეწარმეო იურიდიული პირია, რომლის 100%-ს ფლობს სახელმწიფო საინვესტიციო კომპანია "საპარტნიორო ფონდი". როგორც ვხედავთ, სახელმწიფოს ხელში ესკო ტარიფის ფორმირების ძლიერი ბერკეტია. საინტერესოა, ესკო-ს მოგების მარჟის შემცირება ხომ არ იქნებოდა უკეთესი, ვიდრე სუბსიდიებისთვის განზრახული 20 მილიონის ბიუჯეტიდან "გაქნევა" და გამანაწილებელი კომპანიებისთვის გადახდა? ცნობისთვის, ესკო-ს ხელმძღვანელი 2009-2013 წლებში სემეკი-ს ამჟამინდელი ხელმძღვანელი ირინა მილორავა გახლდათ...

გია არაბიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანი:
"მას შემდეგ, რაც ლარის გაცვლითი კურსი შეიცვალა, რამე პროდუქციაზე საქართველოში ფასი შემცირდა? ელექტროენერგიაც პროდუქტია და მისი ფასიც უნდა გაზრდილიყო. ადრეც, როცა ტარიფების კლებაზე დაიწყო ლაპარაკი,  მიმაჩნდა, რომ ასე ხელაღებით ტარიფების შეცვლა - გნებავთ, მატების, გნებავთ, კლების თვალსაზრისით, ნამდვილად არ შეიძლება, ეს საქმე პროფესიონალებმა უნდა გადაწყვიტონ. როგორც ენერგეტიკოსი, მაშინაც ვამტკიცებდი და დღესაც ვამტკიცებ, რომ ტარიფი უნდა გაზრდილიყო, სხვა საშუალება ჩვენ არ გვაქვს. სხვა საკითხია, რამდენით - ეს უკვე კონკრეტული დათვლის ამბავია. დამიჯერეთ, თუ ახლა არ ვუშველეთ ენერგეტიკას, ზამთარში შესაძლოა დიდი პრობლემები შეგვექმნას.

- არსებობდა შესაძლებლობა, ტარიფის ზრდა თავიდან აგვეცილებინა?

- ლარი-დოლარის კურსი რომ ასე მწარედ არ წასულიყო ზემოთ, 1,85-ს ფარგლებში თუ და­რ­ჩებოდა, კიდევ შეიძლებოდა ძველი ფასების დატოვება. კურსის 2,25-მდე გაზრდა უკვე პრობლემატურია. ხშირად ამბობენ, წყალი ხომ უფასოაო. წყალი ელექტროენერგია არ არის, ის ტექნოლოგიური პროცესით უნდა მივიღოთ და ამას "მხოლოდ წყალი" არ ჰყოფნის. ეს პროცესი აგრეთვე მოითხოვს მარაგნაწილებს, ზეთებს და ა.შ.
ჩვენი ენერგეტიკა დღეს დგას ე.წ. იაფ დენზე, რომელსაც ენგურჰესი გვაძლევს. მან თავისი კაპიტალური დანახარჯები გამოისყიდა და მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 1,8-2 თეთრის ფარგლებშია.
რამდენი დღითაც დავაგვ­იანებთ არა მხოლოდ ხუდონის, არამედ ნამახვანის, ნენსკარასა და სხვა სადგურების აშენებას, იმდენად უფრო პრობლემატური გაგვიხდება შემდგომი წლები.

თემურ ჭიჭინაძე, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის წევრი: "ცხადია, ლარის კურსი დავარდა, თუმცა "ენერგო პრო ჯორჯია" წლების განმავლობაში მუშაობდა მსხვილ მოგებაზე და პირდაპირ შემიძლია გითხრათ - უკანონო მოგებაზე, რადგან მას თავიდანვე გაბერილი, "ზეპირი" ტარიფი დაუდგინა ნოღაიდელმა. ძალიან ბევრი გარემოება არ გაითვალისწინა სემეკ-მა და იხელმძღვანელა მხოლოდ ამ მოკლე მონაკვეთით, როცა ლარის კურსი დაეცა. შესაძლოა ამის გამო კომპანიას ფინანსური ბალანსი დაერღვა, მაგრამ ის არის მონოპოლისტი, რომელსაც აქვს გენერაციაც და დისტრიბუციაც. მთლიანობაში კომპანია მომგებიანია. კურსის ცვლილება იმდენად არ იმოქმედებდა საშუალო შეწონილ ტარიფზე, რომ ასე სასწრაფოდ გადაეხედათ "ენერგო პროს" ტარიფისთვის. გარდა ამისა, სემეკს აქვს 150 დღე - 5-თვიანი ვადა სატარიფო განაცხადის განსახილველად. ამ შემთხვევაში 5-თვიანი ვადა სექტემბერში იწურებოდა. ძალიან იჩქარეს ამ საკითხის განხილვა. სემეკ-ში ახლა სამი წევრია, რომელიც ვითარებას განკარგავს, არადა, 5 უნდა იყოს. ამ 2 წევრზე ახლა გამოცხადებულია ვაკანსია და უნდა გაიმართოს კონკურსი. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ ეშინოდათ - შევიდოდნენ ახალი წევრები და ტარიფის საკითხს ასე მარტივად ვეღარ გაიტანდნენ.

"თელასსაც" ზედმეტად გაბერილი ტარიფი აქვს. ჩემი პირადი აზრით, ტარიფი არ უნდა აღემატებოდეს 12 თეთრს".
რევაზ არველაძე, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი: "ჩემი აზრით, მარეგულირებელმა კომისიამ სრულად არ გაითვალისწინა ტარიფში არსებული რეზერვები. პირველ რიგში ის, რომ წლების წინ აბსოლუტურად გაუმართლებლად, "ენერგო პროს" ბაზარზე შემოსვლამდე, ელექტროსადგურებს ტარიფი მხოლოდ იმიტომ გაუზარდეს, რომ პრივატიზაციის სიაში ხვდებოდნენ - იმისთვის, რომ ინვესტორისთვის მიმზიდველი ყოფილიყვნენ და არა იმიტომ, რომ მათი ხარჯები სწორედ ამდენი იყო. საუბარია დასავლეთ საქართველოს ყველა სადგურზე, რომელიც შემდეგ "ენერგო პრომ" შეისყიდა.  ენგურჰესი გამოიმუშავებს 3 მილიარდ კვტ/სთ ელექტროენერგიას და შევადაროთ "ენერგო პროს" კუთვნილ რიონჰესს. ენგურჰესის შემოსავალი 20-25 მილიონ ლარია წელიწადში. "რიონჰესი" ათჯერ ნაკლებ ენერგიას გამოიმუშავებს და მისი შემოსავალი კი 10-11 მილიონია. რიონჰესი, გუმათჰესი, ვარციხეჰესი, ტყიბულჰესი, შაორჰესი - კომპანიას დაახლოებით 350 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურები აქვს ნაყიდი. საერთო ელექტროენერგეტიკულ ბალანსში ჰესების წილი დაახლოებით 70%-ია, 20%-მდე მოდის თბოელექტროსადგურებზე და 10%-მდე არის იმპორტირებული დენი. რადგან ზამთარში ჩვენი ჰესები ვერ აკმაყოფილებენ შიდა მოთხოვნილებას,  ენერგეტიკული სისტემა იძულებული ხდება, თბოელექტროსადგურებიც ამუშაოს და იმპორტითაც შემოიტანოს ელექტროენერგია.

რა წილითაც თბოელექტროსადგურები და იმპორტირებული ელექტროენერგია მონაწილეობენ ბალანსში, სამომხმარებლო ტარიფი სწორედ ამ წილით უნდა გაზრდილიყო".
ლუიზა
28 ივლისი 2015 15:31
ტუ აქამდე უკანონო მოგებაზე მუშაობდა, ახლა მადა გაეღვიზა და ვეღარ ჩერდება???

jumanji
28 ივლისი 2015 14:27
ეს ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა ვინც არჩევნებზე 41 შემოხაზა!!!!!!
ალეკო
27 ივლისი 2015 17:23
რასაც გწერთ ეს არის სიმართლე. და ეხლა შენ თუ არ გინდა გაიგო შენი ნებაა. ცდილობ როგორმე ამ ხელისუფლებას მოწმინდო ნამუსი და ისევ კომპანიები დაანაშაულო.
მე მგონი 3 დღის უკან რომ განცხადება გააკეთა ბიძინამ--შევცდი დაპირებებშიო და გადაგაგდეთო. ამასაც ენერგეტიკებს არ დააბრალებთ

რედაქტორის რჩევით