აფხაზეთში მაცხოვრებელი ნებისმიერი ადამიანი GEM fest-ზე უფასოდ დასწრებას შეძლებს - კვირის პალიტრა

აფხაზეთში მაცხოვრებელი ნებისმიერი ადამიანი GEM fest-ზე უფასოდ დასწრებას შეძლებს

ანაკლიაში მოსამზადებელი სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა. უკვე ტერიტორიის დასუფთავება მიმდინარეობს. 30 ივლისიდან კი კარები იხსნება და პირველი ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი დამსვენებელსა და გართობის მოყვარულებს ელოდება.

შარშანდლისგან წლევანდელი ფესტივალი ძალიან განსხვავდება. პირველ რიგში იმით, რომ საფესტივალო ტერიტორია შედარებით პატარაა, 18 ჰა-ზე გაშლილი, კარვების ქალაქი შემოღობილია და ტერიტორიის შიგნითა განთავსებული, ყველაფერი ერთმანეთთან ახლოსაა, მაგრამ ისე არა, რომ ერთი სცენიდან მუსიკამ მეორეს მსმენელს ხელი შეუშალოს.

ერთ-ერთი მთავარი, რითაც GEM fest მსმენელს იზიდავს, ლაინ-აფია. არმინ ვან ბიურენი, დიჯეი ლუჩიანო, ელენ ელიენი, „დაბფაიერი“, დევიდ აუგუსტი, ეს და ელექტრონული მუსიკის სხვა ვარსკვლავები მალე ანაკლიაში ახლადაშენებული ხუთი სცენიდან გასაოცარ სეტებს შემოგვთავაზებენ.

ფესტივალზე გამგზავრება უფასო ტრანსპორტით შეგიძლიათ. ფესტივალის განმავლობაში სამი ქალაქიდან, თბილისიდან (ვარდების მოედნიდან), ბათუმიდან და ქუთაისიდან ავტობუსები ივლის. თქვენ მხოლოდ ამობეჭდილი ელექტრონული ბილეთი უნდა წარადგინოთ და ანაკლიაში ჩასვლას უსასყიდლოდ შეძლებთ. რაც მთავარია, 9-დღიანი ფესტივალის განმავლობაში, უფასო ტრანსპორტი დღეში რამდენჯერმე ივლის. გარდა ამისა, 30 ივლისს, 10:45 წუთზე, საქართველოს რკინიგზიდან, ფესტივალის დაბრენდილი მატარებელიც გავა, ისიც უფასოა, თუმცა სპეციალური ცხრილი უნდა შეავსოთ, ამისთვის კი საჭიროა მოძებნოთ გვერდი GemFest party train და იქ მოცემულ ინსტრუქციას მიჰყვეთ.

ფესტივალამდე ერთი დღით ადრე ამაღელვებელი სიახლის შესახებ შევიტყვეთ. ორგანიზატორები აფხაზეთში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს ანაკლიაში ეპატიჟებიან და მათ უფასოდ გადასცემენ მულტიპასს, რომელიც 9 დღის განმავლობაში ყველა ივენთზე დასწრებას ითვალისწინებს. ასე რომ, წელს ანაკლია აფხაზეთიდან ჩასულ დამსვენებელსაც სიამოვნებით უმასპინძლებს.

GEM fest-ს ოფიციალური მხარდამჭერია www.kvirispalitra.ge