განათლების სამინისტრო "დედა ენის" არც ერთ სახელმძღვანელოს არ ბეჭდავს! - კვირის პალიტრა

განათლების სამინისტრო "დედა ენის" არც ერთ სახელმძღვანელოს არ ბეჭდავს!

ახალ სასწავლო წელს საქართველოს საჯარო სკოლებში 496 978 მოსწავლე მივა და მათთვის განათლების სამინისტრო მხოლოდ 41 844 ახალ სახელმძღვანელოს ბეჭდავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა შესაძლო მარაგის გამოყენებითაც კი, მოსწავლეთა 90%-ს ყველა საგანში ძველი, მეორადი და ზოგ შემთხვევაში დაზიანებული სახელმძღვანელოებით სწავლა მოუწევთ. "იღბლიან" 10%-ს კი საშუალოდ 1 საგნის სახელმძღვანელო შეხვდება ახალი, დანარჩენი კი ასევე ძველი.

კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან პირველკლასელები, ვისთვისაც სკოლა შესაძლოა წიგნთან პირველად შეხების ადგილი იყოს. წელს განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ დაახლოებით 50 ათასი პირველკლასელისთვის არც ერთი ახალი "დედა ენა" არ დაბეჭდოს. პირველკლასელთათვის სახელმწიფო მხოლოდ 16 552 ბუნების სახელმძღვანელოს ბეჭდავს. შესაბამისად, წიგნთან პირველი შეხება მათთვის, სავარაუდოდ არცთუ სასიამოვნო შთაბეჭდილების მომტანი აღმოჩნდება.

წელს რომ მოსწავლეთა უმეტესობას მეორადი წიგნებით სწავლა მოუწევს, ამის შესახებ ჯერ კიდევ ორი თვის წინ ვწერდით. განათლების სამინისტრო კი შეცდომას შეცდომაზე უშვებს და კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ მშობლებს წინ მძიმე შემოდგომა გველოდება - უკეთეს შემთხვევაში, სახელმძღვანელოების გარეშე დარჩენილი მოსწავლეებისთვის წიგნების შეძენა ე.წ. თავისუფალ ბაზარზე, საკმაოდ ძვირად მოგვიწევს, უარეს შემთხვევაში კი სასკოლო სახელმძღვანელოების შოვნა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება.

განათლების მინისტრი კი დღემდე, სააკაშვილის მინისტრების სტილში, ჯიუტად ამტკიცებს, რომ ახალი წიგნების ბეჭდვის საჭიროება არ დგას, თუმცა ფაქტები მხოლოდ საპირისპიროზე მეტყველებს. დავანებოთ თავი იმას, რომ სამინისტრომ "შესაშური სიზუსტით" დათვალა ახალი სასწავლო წლისთვის საჭირო რაოდენობის სახელმძღვანელოები. მაგალითად, ის, რომ წელს მეორეკლასელებს ჯამში თურმე მხოლოდ 779 "ქართული ენა და ლიტერატურა" სჭირდებათ... ნათქვამია, ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო...

განათლების მინისტრი ირწმუნება, რომ ქსელში წიგნების საკმარისი მარაგი აქვთ, რომ ბეჭდვის გარდა სახელმძღვანელოებს გამომცემლობებისგანაც ყიდულობენ და რომ ჯამში ახალი  წიგნების რაოდენობა საერთო მოცულობაში მთელი 40% იქნება და სახელმწიფო ამისთვის დაახლოებით 6 მილიონ ლარს დახარჯავს.

ჩვენ მიერ სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 6 მილიონიდან თითქმის 4 მილიონ ლარს განათლების სამინისტრო მხოლოდ "მაკმილანის" ინგლისური ენის სახელმძღვანელოებში იხდის. განათლების სამინისტრო ამ წიგნებს საქართველოში "მაკმილანის" ექსკლუზიური წარმომადგენლობისგან ყიდულობს. "მაკმილანის" სახელმძღვანელოების იმპორტი სახელმწიფოს დაახლოებით 7-8-ჯერ უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე ქართული სახელმძღვანელოების ბეჭდვა. ასე მაგალითად, "მაკმილანის" ინგლისური ენის ერთი სახელმძღვანელოს შესაძენად სახელმწიფო 7,39 ლარს იხდის და კიდევ ამდენივეს მისი დამხმარე რვეულისთვის, მაშინ, როცა მეორეკლასელთათვის განკუთვნილი პრაქტიკულად იმავე მოცულობის ბუნების სახელმძღვანელოს საქართველოში ბეჭდვა სახელმწიფოს 1,08 თეთრი უჯდება, დამხმარე რვეულის კი კიდევ უფრო ნაკლები - დაახლოებით 0,50 ლარი. რა გამოდის? სახელმძღვანელოებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან განათლების სამინისტრო 70%-მდე უცხოურ გამომცემლობას და სავარაუდოდ, მის შუამავლებს უხდის, მაშინ როცა ქართული წიგნების ბეჭდვაზე უარს ამბობს.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ინგლისური სახელმძღვანელოების შედგენა და ბეჭდვა საქართველოშიც შესაძლებელია და ბევრად უფრო ხელსაყრელ ფასად, თუმცა ეს სხვა კვლევისა და პუბლიკაციის თემაა, რომელსაც კიდევ დავუბრუნდებით. აქვე უნდა ითქვას, რომ მცირე რაოდენობით წიგნებს სხვადასხვა გამომცემლობისგან სამინისტრო არაქართულენოვანი სკოლებისთვის ყიდულობს.

განათლების სამინისტრო საბიუჯეტო თანხებს რომ "რაციონალურად" ხარჯავს, ამას მათ მიერ გამოცხადებული ტენდერიც ცხადყოფს. მართალია, ზოგადად ახალი სახელმძღვანელოების ბეჭდვისთვის განათლების სამინისტრომ თანხების დაზოგვა გადაწყვიტა, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ბიუჯეტიდან რუსული ენის ერთი ცალი სახელმძღვანელოს დაბეჭდვაში 1 668 ლარის გადახდას გეგმავდა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, განათლების სამინისტრო რუსული ენის 4 ცალ სახელმძღვანელოში 6 674 ლარს (!) იხდიდა, მაშინ როცა უკვე დაბეჭდილი იგივე წიგნი მაღაზიებში 8-10 ლარი ღირს. გარდა ამისა, სახელმწიფო აპირებდა, ამავე საგნის სხვადასხვა სახელმძღვანელოში, თითოში 59, 78 და 102 ლარიც კი გადაეხადა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებული იყო და ავანსად თანხაც გადახდილი ჰქონდა სამინისტროს - 148 სახელმძღვანელოსთვის 19,428 ლარი. მას შემდეგ, რაც ეს მედიამ გაახმაურა, განათლების სამინისტრომ 10 ივლისით დათარიღებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიტანა, "ძვირად ღირებული" წიგნები ხელშეკრულებიდან ამოიღო და შემსრულებელთან პირგასამტეხლოც იზარალა.

ფაქტია, რომ განათლების სამინისტროს მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება ბიუჯეტს (და ყველა ჩვენგანს) ძვირი უჯდება, თუმცა ყველაზე მაღალი ფასის გადახდა სასწავლო წლის დასაწყისში წიგნების გარეშე დარჩენილი მოსწავლეების მშობლებს მოუწევთ.

ჩვენს ამ მოლოდინს განათლების მინისტრიც ადასტურებს ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში და ფაქტობრივად აღიარებს, რომ ძველი წიგნების განახლებისთვის სხვადასხვა საშუალებას ეძებენ. "სხვათა შორის, არის კიდევ ერთი ფაქტი, რაზეც მეფიქრება - რეზერვში აღმოვაჩინეთ სახელმძღვანელოები, რომლებსაც აქვთ შელახული ყდები, შიგთავსი კი აბსოლუტურად ახალივითაა. ვფიქრობთ, მათ ახალი ყდები გავუკეთოთ..." - ამბობს თამარ სანიკიძე. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამინისტრომ სკოლიდან ამოღებულ წიგნებს დიდ ლილოში მოუყარა თავი, მუშები დაიქირავა სახელმძღვანელოების გადასახარისხებლად და აპირებს, ძველ წიგნებს ყდები შეუცვალოს და ახალ სახელმძღვანელოდ გაასაღოს, დაახლოებით ორი კვირის წინ მქონდა, თუმცა, ამას თუ მინისტრი თავის პირით აღიარებდა, ვერაფრით წარმოვიდგენდი.

ვფიქრობ, ამ შემთხვევაში კომენტარი ზედმეტია, თუმცა ერთი კი უნდა ითქვას, თუ, როგორც მინისტრი ადრე აცხადებდა, ქვეყანაში ვარგისი სახელმძღვანელოების საკმარისი მარაგი არსებობს, რატომ დასჭირდა ახლა მოსწავლეების მოტყუება ყდაშეცვლილი წიგნებით? ან საინტერესოა, მსგავსი პრაქტიკა თუ არსებობს სადმე, თუ ამაშიც ნოვატორები ვართ? გარდა ამისა, წარმოუდგენელია, წიგნს მხოლოდ ყდა ჰქონდეს დაზიანებული და შიგთავსი ამ დროს აბსოლუტურად საღი იყო. შესაძლებელია ათი სახელმძღვანელოდან ასეთი მხოლოდ ორი ან სამი გამოდგეს, დანარჩენი კი, დიდი ალბათობით, შიგნითაც ისეთივე დაზიანებული იქნება, როგორც მისი გარეკანი. როგორც ჩანს, სამინისტროც ელოდება, რომ ახალ სასწავლო წელს საღი სახელმძღვანელოების დეფიციტი შეიქმნება და გამოსავალს ასე, მსუბუქად რომ ვთქვათ, უცნაურად ხედავს.

მარიამ რამინაშვილი, "საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსის, თავმჯდომარე: "მინისტრი ფაქტობრივად მანიპულირებს ციფრებით და იმ ფაქტებით, რომელთა გადამოწმება ფართო საზოგადოებისთვის უბრალოდ შეუძლებელია. იმ გამოცდილებით, რაც მე სკოლის დირექტორად მუშაობის ან თუნდაც ექსპერტობის პერიოდში დამიგროვდა, შეუძლებელია სკოლის ბიბლიოთეკას ნაშთის სახით სრულიად ახალი სახელმძღვანელოების მნიშვნელოვანი რაოდენობა ჰქონდეს. შესაძლებელია, რამდენიმე ერთეული ახალი წიგნი გამოინახოს, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რომ პროცენტულ მაჩვენებელს ქმნიდეს. თუ ასე არ არის, მაშინ საქმე გვაქვს წინა წლების არასწორ მენეჯმენტთან, რაც ასევე დანაშაულია.

რაც უნდა თქვას მინისტრმა, სიმართლე მხოლოდ ერთია - განათლების სამინისტროს ბიუჯეტში, 2015-2016 სასწავლო წლისთვის, სახელმძღვანელოების ბეჭდვისთვის, თავდაპირველად გათვალისწინებული იყო 15,8 მლნ ლარი. ეს იყო აბსოლუტურად ლოგიკური თანხა, იმ სტატისტიკის ფონზე, როცა პირველ წელს, სახელმძღვანელოების 100%-იანი ბეჭდვისთვის, სახელმწიფომ 19,8 მლნ ლარი გამოყო. მეორე წელს, ახალი სახელმძღვანელოების ბეჭდვისთვის ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარი დაიხარჯა. წელს კი ამ მიზნით, როგორც გითხარით, 15,8 მილიონის დახარჯვა იგეგმებოდა. სწორედ ასეთი მიდგომაა აუცილებელი იმისთვის, რომ ყოველ წელს სახელმძღვანელოების არსებული რაოდენობის გადახალისება მოხდეს, რათა მათ გამართულად შეასრულონ თავისი მთავარი ფუნქცია - მოსწავლეებმა მათი საშუალებით ცოდნის მიღება შეძლონ. სხვათა შორის, გასულ წელსაც კი, იმ პირობებში, როცა ახალი სახელმძღვანელოების ბეჭდვისთვის 9 მილიონი ლარი დაიხარჯა, სკოლებში მაინც იყო დანაკლისი. მართალია, ამას არ ჰქონდა მკვეთრად გამოხატული სახე, მაგრამ გვაქვს ინფორმაცია, რომ მაგალითად, 8 წიგნიდან მოსწავლეს მხოლოდ 7 ახალი მისცეს და ერთი თავად შეიძინა.

მშობელს კი, ბევრი მიზეზით, ამის გამო ხმა არ ამოუღია. სწორედ ამ და სხვა ფაქტების გათვალისწინებით, ლოგიკური იყო, რომ მესამე წელს სახელმძღვანელოების შეცვლისთვის 15,8 მილიონი ლარი იყო საჭირო. მიმდინარე წლის მარტში, როცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ბიუჯეტის კორექტირების საჭიროება დადგა, განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის მუხლში გამოყოფილი თანხა 12,3 მილიონამდე შეამცირა. თუმცა, რეალურად, ივლისში სამინისტრომ ტენდერი მხოლოდ 1 400 000 ლარზე გამოაცხადა. მინისტრი აჯამებს და ამბობს, რომ დაახლოებით 6 მილიონის დახარჯვას აპირებს როგორც ახალი წიგნების დასაბეჭდად, ასევე გამომცემლობებისგან მათ შესაძენად. ასეც რომ იყოს, მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველსაყოფად განათლების სამინისტროს ხომ რჩება კიდევ დაახლოებით ამდენივე და ამ თანხას რატომ არ ხარჯავს? რჩება იმის განცდა, რომ სახელმძღვანელოების მუხლში დატოვეს აუთვისებელი თანხა იმ განზრახვით, რომ შემდეგ მისი გადატანა ერთი მუხლიდან მეორეში მოხდება. გახსოვთ ალბათ, რომ ყველა სამინისტრომ და მათ შორის განათლებისამაც, პირველ ეტაპზე შეკვეცა ადმინისტრაციული ხარჯები. ასე რომ, სახელმძღვანელოების მუხლში დარჩენილ თანხას გადაიტანენ ისევ ადმინისტრაციულ ხარჯებში და გამოვა, რომ სეკვესტრის მთელი ტვირთი სახელმძღვანელოებს დააწვება და ადმინისტრაციულ ხარჯებს რეალურად არაფერი შეეხება.

სამინისტროს რატომღაც ავიწყდება, რომ თანამედროვე სახელმძღვანელოები აღარ არის მრავალწლიანი გამოყენების. წიგნი და სახელმძღვანელო ცნების დონეზეც ერთნაირი გვგონია, ამ დროს უცხოეთშიც კი სახელმძღვანელო არის ის წიგნი, რომელიც სწავლებისთვის გამოიყენება და არა ჩვეულებრივი საკითხავი ლიტერატურა. ან როგორ დაემთხვა არსებული წიგნების ნაშთები მომავალი წლის საჭიროებებს, მაშინ როცა სკოლებში სახელმძღვანელოს არჩევითობის პრინციპი მოქმედებს და თუ გასულ წელს, მაგალითად, მეოთხეკლასელთათვის 45 ათასი "დიოგენეს" ქართული გვჭირდებოდა, მომდევნო სასწავლო წელს შესაძლოა ამდენივე "ცხრაწყაროს" ქართული დაგვჭირდეს. ყოველ წელს ცვლადია ასევე სხვადასხვა კლასის მოსწავლეთა რაოდენობა და როგორ დავიჯერო, რომ გასული წლის წიგნები, სულ რომ ვარგისი იყოს, ასე ემთხვევა მომავალი წლის საჭიროებებს?

მოკლედ, ბევრი რამ არ ან ვერ გაითვალისწინა განათლების სამინისტრომ და ახლა ფაქტობრივად შოკში არიან. მთელი თბილისის სკოლებიდან სახელმძღვანელოები წაიღეს ლილოს საწყობში. ახლა დგანან და ალაგებენ ცალ-ცალკე ყოველი კლასის სახელმძღვანელოებს, შემდეგ კი არჩევენ, მათგან რომელია ვარგისი და რომელს განახლება სჭირდება. ყდას გამოუცვლიან და ისე გააპიარებენ, თითქოს ახალი სახელმძღვანელოები გასცეს.

დეკლარირებული იყო, რომ უფასო სახელმძღვანელოების პროექტი სოციალური პროექტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის, რაც ამ სასწავლო წლის დასაწყისში მოხდება, სოციალური აფეთქება იქნება. ვინ დაუდგენს გამომცემლობებს სახელმძღვანელოების არსებულ ნაშთებზე ფასს? დეფიციტის პირობებში, სახელმძღვანელო, რომელიც 10 ლარი ღირს, 20 ლარად და მეტადაც გაიყიდება. მე რომ დედა ვარ და პირველ კლასში ჩემს შვილს დახეული "დედა ენა" რომ ექნება, უკანასკნელს გავიღებ და ახალ წიგნში 20 ლარს გადავიხდი. სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებიც რომ დავივიწყოთ, დაწყებით საფეხურზე ახალი სახელმძღვანელო მოტივაციის ერთ-ერთი პირველი განმსაზღვრელია".