"უწესო ბრძოლა" ავტოგაზის ბაზარზე?! - კვირის პალიტრა

"უწესო ბრძოლა" ავტოგაზის ბაზარზე?!

როგორ დაირღვა კომერციული "იდილია" 2014 წლის აგვისტოში

ბენზინისა და დიზელის ბაზრის შემდეგ, კონკურენციის სააგენტო ავტოგაზის რეალიზატორი კომპანიების საქმიანობას სწავლობს. ამის მიზეზი კი შარშან აგვისტოსა და დეკემბერში ყველა ავტოგაზგასამართ სადგურზე ფასების ერთდროულად და ერთნაირად მომატება გახდა. კვლევის დასრულებამდე სააგენტოში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რა სქემით მუშაობენ ავტოგაზის რეალიზატორები ბაზარზე.

იმ ფონზე, როცა ბენზინი წლიდან წლამდე ძვირდებოდა, ავტომფლობელებს მანქანები გაზზე სულ უფრო ინტენსიურად გადაჰყავდათ და ავტოგაზის მოხმარებაც იზრდებოდა. შარშანდელ აგვისტომდე ავტოგაზის ფასი ბენზინზე საგრძნობლად დაბალი და რაც მთავარია, სტაბილური იყო - საშუალოდ 1,10 ლარი 1 კუბმ-ზე. სავაჭრო ქსელი აქტიურად ვითარდებოდა და დღეს ბაზარზე 200-მდე გაზგასამართი სადგურია, რომლებიც 70-მდე კომპანიას ეკუთვნის. მათ შორის ისეთებიც არიან, ვისაც შეიძლება მხოლოდ 1 სადგური ჰქონდეს. სადგურების დაახლოებით 90% გაზს "სოკარისგან" ყიდულობს. მცირე ნაწილს კი გაზი საქართველოს გავლით რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტიდან რჩება. თუმცა, რა გზით და ვისი საშუალებით, ეს სხვა სტატიის თემაა.

როგორც გაზგასამართი სადგურების წარმომადგენლები ამბობენ, ბაზარზე კომერციული "იდილია" მას შემდეგ დაირღვა, რაც "სოკარმა" თავისი შვილობილი სადგურებისთვის გაზის უფრო დაბალ ფასად მიწოდება დაიწყო და ამით სხვები არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ. დაახლოებით 1 წლის წინ, "სოკარისა" და სხვა გაზგასამართ სადგურებს შორის ფასთა სხვაობა 1 კუბმ-ზე საშუალოდ 7-8 თეთრი იყო, ხოლო "სოკარის" მხრიდან სხვადასხვა მარკეტინგული შეთავაზების შემთხვევაში, სხვაობა 10 თეთრსაც კი აღწევდა. ვითარება შარშან აგვისტოში შეიცვალა, როცა ავტოგაზის ფასი 5 თეთრით გაიზარდა და შემცირდა ფასთა სხვაობა "სოკარსა" და სხვა ავტოგასამართ სადგურებს შორის. მას შემდეგ ფასმა კიდევ რამდენჯერმე მოიმატა - ჯამში, დაახლოებით, 15 თეთრით. დღეს 1 კუბმ გაზი 1,25 ლარი ღირს და "სოკართან" შედარებით ფასთა სხვაობა მხოლოდ 1-2 თეთრია. მცირე სადგურების მფლობელები ამბობენ, რომ ფასის ზრდა ლარის კურსის გაუფასურებამ გამოიწვია. თუმცა 2014 წლის აგვისტოში, როცა ფასმა პირველად მოიმატა, 1 დოლარის ფასი 1,72-1,73 ლარის ფარგლებში მერყეობდა და არათუ არ გაზრდილა, ივლისთან შედარებით შემცირებული იყო კიდეც.

ბექა კემულარია, "მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოება": "კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა ჩვენი განცხადების საფუძველზე დაიწყო.

მიგვაჩნდა, რომ ავტოგაზის კომპანიებმა 2014 წლის აგვისტოში კონკურენციის“კანონი დაარღვიეს. მათ შორის ჰორიზონტალურმა შეთანხმებამ ბაზარზე კონკურენცია შეზღუდა, ამას კი საცალო გაყიდვის ფასის პირდაპირ დადგენა - გაზრდა მოჰყვა. თითქმის ყველამ საცალო ფასი 5 თეთრით გაზარდა. თანაც მაშინ ფასის ზრდისთვის სხვა მიზეზები არ არსებობდა, ფასებს არც საერთაშორისო ბაზარზე მოუმატია.

შემდეგ გაძვირება ნოემბერში განმეორდა და ფაქტობრივად, ფასები 10 თეთრით გაიზარდა. სააგენტომ ჩვენი განცხადება საფუძვლიანად მიიჩნია და მოკვლევა დაიწყო".

იმედა დვალიძე, ადვოკატი, "ბუნებრივი აირით მოსარგებლეთა ასოციაციის" ყოფილი პრეზიდენტი: "შარშან აპრილში გაზგასამართ სადგურებს პრობლემები შეექმნათ, ასოციაციაში გაერთიანდნენ, პრეზიდენტად ამირჩიეს და მათი უფლებების დაცვა მთხოვეს. პრობლემა ის იყო, რომ "სოკარ გაზ ჯორჯია" და მისი შვილობილი "სოკარ გაზ დისტრიბუშენი" ბუნებრივ აირს თავის გაზგასამართ სადგურებს სხვა კომპანიებზე გაცილებით იაფად აწვდიდნენ. მათაც მოგების მარჟა შეუმცირდათ ან თითქმის გაუნულდათ. ამ ყველაფერს მაშინ ისეთი პირი უჩანდა, რომ თითქოს "სოკარი" ამას მიზანმიმართულად აკეთებდა, რათა სხვებს კონკურენცია ვერ გაეწიათ. იყო საფუძვლიანი ეჭვი, რომ "სოკარი" დაიწყებდა ბაზარზე კიდევ მეტად გაფართოებას, იყიდდა სხვა სადგურებს და ა.შ. მე "სოკარის" წარმომადგენლებს შევხვდი. მართალია დამაბრალეს, თითქოს კარტელური გარიგება დავდეთ, მაგრამ "სოკარს" მოვუწოდებდი, არ ეთამაშა დისკრიმინაციული პირობებით და პროდუქცია ყველასთვის ერთნაირი პირობებით მიეწოდებინა. თუ პრობლემა არ მოგვარდებოდა, სარჩელის შეტანასაც ვაპირებდით. ამ შეხვედრებს შედეგი არ გამოუღია, თუმცა შემდეგ მაინც ისე მოხდა, რომ "სოკარის" გაზგასამართ სადგურებსა და მის კონკურენტებში ავტოგაზის ფასი გათანაბრდა. მაგრამ უკვე კონკურენციის სააგენტოს გაუჩნდა ეჭვი, ერთ მშვენიერ დღეს რატომ გაიზარდა ფასი ყველა სადგურში დაახლოებით ერთნაირად. ამის მერე ფასი დეკემბერშიც გაიზარდა, თუმცა ამჯერად  უკვე ლარი-დოლარის კურსის გამო.

მახსოვს სხვა ნიუანსიც: მაშინ "სოკარი" იმასაც ამბობდა, რომ ძალიან გაიზარდა გაზგასამართი სადგურების რაოდენობა ბაზარზე, არადა, მე ვარ გაზის ძირითადი შემომტანი, ასევე შემომაქვს რეგულარის მარკის ბენზინიც - ყველაზე იაფი და მოთხოვნადი საწვავიო. ავტომობილი კი გაზზე გადაჰყავთ, ძირითადად, სწორედ რეგულარის მარკის ბენზინის მომხმარებლებს. შესაბამისად, თუ "სოკარის" შემოტანილ გაზს სხვებიც ხელსაყრელ ფასად გაყიდდნენ, მას უმცირდებოდა რეგულარის მარკის ბენზინის რეალიზაციაც და იმავდროულად, გაზის გაყიდვაშიც თანაბარი კონკურენტები ეყოლებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტოს ყველა ინფორმაცია მივაწოდე. როგორც ვიცი, სააგენტოში სხვა გაზგამანაწილებელი კომპანიებიდანაც გამოითხოვეს მასალები და პირადადაც შეხვდნენ მათ. მოხდა თუ არა ავტოგაზის ფასზე შეთანხმება, ამას ალბათ სააგენტოში დაადგენენ.

პრობლემას სხვა რამეც ქმნის: ავტოგაზგასამართი სადგურების ნაწილი კეთილსინდისიერად მუშაობს და იცავს ტექნიკურ და უსაფრთხოების სტანდარტებს. მაგრამ ყველა ასე არ იქცევა, რაც, გარდა იმისა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით მაღალ რისკებს ქმნის, ბაზრის მოთამაშეებს არათანაბარი კონკურენციის პირობებშიც აყენებს".

P.S. კომენტარისთვის კომპანია "სოკარის" კორპორაციული და ბიზნესკომუნიკაციის განყოფილების უფროსს, ირაკლი ზუბიტაშვილს დავუკავშირდით. ჩვენს შეკითხვაზე, მათი შეფასებით ჰქონდა თუ არა კონკურენციის სააგენტოს ავტოგაზის ბაზრის კვლევის ობიექტური მიზეზი და შედგა თუ არა შეთანხმება "სოკარსა" და ბაზრის სხვა მოთამაშეებს შორის, ასეთი პასუხი მივიღეთ: "ცხადია, არავითარი შეთანხმება არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, სჯობს თავად სააგენტოს ჰკითხოთ მიზეზის თაობაზე". თუ გავითვალისწინებთ, რომ ნავთობიმპორტიორთა კვლევის შესახებ დასკვნა კონკურენციის სააგენტომ 8 თვეში დაასრულა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ავტოგაზთან დაკავშირებით წლეულს თებერვალში დაწყებული კვლევის შედეგებს უახლოეს ხანში გამოაქვეყნებს.