"ფქვილის ფასი უმიზეზოდ იზრდება" - კვირის პალიტრა

"ფქვილის ფასი უმიზეზოდ იზრდება"

"საბაზრო პრინციპები იზღუდებადა ამის გამო იმატებს პურის ფასი..."

პურის მოსალოდნელი გაძვირების შესახებ ინფორმაციამ, როგორც მოსალოდნელი იყო, მოსახლეობა ააღელვა... როგორც "პალიტრა TV/Radio"-ს ყოველდღიური დღის შოუს, "შუადღის ამბების" ეთერში პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ხორბლის ასეთი მოსავალი აქამდე არ ყოფილა, საგრძნობლად მოიმატა ფქვილის ფასმა და პურის გაძვირებასაც უნდა ველოდოთ. ამავე გადაცემაში მან ისიც თქვა, რომ მთავრობის წარმომადგენლებისგან მოითხოვეს განმარტება, მოსავლის მატების ფონზე რატომ განვითარდა ბაზარზე საპირისპირო პროცესები.

პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარეს ჩვენ რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- ვის შეხვდით და როგორი იყო მათი პოზიცია?

- ჩვენ ვესაუბრეთ სოფლის მეურნეობის მინისტრს, მის მოადგილესა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს. ავუხსენით, რომ მაშინ, როცა ისედაც მოსალოდნელია დენის გაძვირება, ფქვილის ფასი სრულიად უმიზეზოდ იზრდება. არადა, არის ინფორმაცია, რომ წლეულს კარგი მოსავალია. პრობლემა ის არის, რომ საბაზრო პრინციპები იზღუდება და ამის გამო იმატებს პურის ფასი... ჩვენი საუბრის ყველა დეტალს ვერ მოგიყვებით, თუმცა თემა, ძირითადად, ეს იყო.

მართალია, მთავრობა ფასთა პოლიტიკას არ განაგებს, რადგან ფასები თავისუფალია, მაგრამ პოლიტიკას ხომ განაგებს და შესაბამისად რეაგირებაც შეუძლია.

- რაში გამოიხატება საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შეზღუდვა?

- როცა საბაზრო ურთიერთობები მოქმედებს, მაშინ, მაგალითად, მეწარმეს უნდა ჰქონდეს როგორც ფასის, ისე ხარისხის არჩევანის საშუალება.

დღეს კი ერთი ტომარა პურის ფქვილი მხოლოდ 44 ლარად იყიდება - სხვა ფასი, უბრალოდ, არ არსებობს. ეს არ არის საბაზრო ეკონომიკის პრინციპის დაცვა და როცა ვიკითხეთ, რატომ არ არის დაცული, გვიპასუხეს, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა გვინდაო.

კი ბატონო, ადგილობრივი წარმოება უნდა განვითარდეს, მაგრამ არა ჩემი და ჩემისთანების ხარჯზე. მაშინ ან კანონმდებლობაში ასახონ ეს პრიორიტეტები, ან თუნდაც ტარიფები შეცვალონ... არადა,

დენის გაძვირების შემთხვევაში, რაც სავსებით მოსალოდნელია, გაიზრდება წისქვილების ხარჯი, რადგან დიდი ძრავებით მუშაობენ, იმავდროულად, გასათვალისწინებელია ტრანსპორტირების ხარჯიც.

- განვითარებულ ქვეყნებში როგორ რეგულირდება ეს საკითხები?

- განვითარებულ ქვეყნებში საკვებ პროდუქტებზე დღგ-ის გადასახადი 10%-ზე მაღალი არ არის, ჩვენთან კი 18%-ია. სხვა ქვეყნებში საწარმოო დანახარჯები (ელექტროენერგიაზე, წყალზე) საქართველოზე ბევრად დაბალია... ასე რომ, კი ამბობენ, ადგილობრივ წარმოებას ხელს ვუწყობთო, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ერთი დარგის ხარჯზე მეორის განვითარება არ შეიძლება, თორემ ეს დარგებს შორის დაპირისპირებას გამოიწვევს: მეხორბლეთა ასოციაციის თქმით, მეპურეებს რეზერვები აქვთ, მეპურეები კი ვამბობთ, რომ მეხორბლეებს აქვთ რეზერვები. მთლიანობაში ეს კარგ შედეგამდე არ მიგვიყვანს.

სახელმწიფომ ინტერესები უნდა დააბალანსოს, რათა რომელიმე ერთი დარგი სხვა დარგის ხარჯზე არ განვითარდეს.

P.S. "კვირის პალიტრა" შეისწავლის ხორბლისა და პურის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას და მომდევნო ნომრებში მკითხველს უფრო ვრცელ ინფორმაციას შემოგთავაზებთ.

ლალი პაპასკირი