რატომ უწინასწარმეტყველებენ ლარს "მძიმე შემოდგომას" - კვირის პალიტრა

რატომ უწინასწარმეტყველებენ ლარს "მძიმე შემოდგომას"

"ვალუტის დისკრედიტაციის ნებისმიერი მცდელობა მასზე უარყოფითად მოქმედებს და ამგვარი პროპაგანდის შედეგი ყოველთვის სავალალოა"

ჩვენი ეროვნული ვალუტა, ყველასთვის მოულოდნელად, ტურისტული სეზონის პიკზე რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა. თუ ერთი წლის წინ 1 დოლარს 1,72-1,75 ლარად შეიძენდით, დღეს სავალუტო ჯიხურებში დოლარი 2,31-2,33 ლარი ღირს. 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება კი 2, 3058 ლარია. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ტურისტების რაოდენობაც გაიზარდა და ახალი წლიდან მოყოლებული, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, ყოველ თვეში ექსპორტის მაჩვენებელიც იმატებს.

ლარის კურსი, სამწუხაროდ, პოლიტიკოსთა ხელში ერთგვარ საჯილდაო ქვად იქცა. ხელისუფლება ლარის გაუფასურებას ძირითადად ეროვნულ ბანკსა და მის ხელმძღვანელობას აბრალებს, "ნაციონალები" კი მმართველი გუნდის "უსუსურობაზე" საუბრობენ და დაჟინებით იმეორებენ, რომ შემოდგომაზე ლარის კურსი კიდევ უფრო დაეცემა. რა ელის ჩვენს ეროვნულ ვალუტას და რატომ უკავშირებენ მის გაუფასურებას დამდეგ შემოდგომას? - ამ შეკითხვით ქართველ ეკონომისტებსა და ექსპერტებს მივმართეთ. დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი არ გამორიცხავს, რომ ვალუტის გაუფასურების მოლოდინი ჩვენს საზოგადოებაში ხელოვნურად იქმნებოდეს.

სოსო ცისკარიშვილი: - ლარის კურსის თემას "ნაციონალები" ყოველთვის დიდი წარმატებით იყენებდნენ და დღემდე იყენებენ. როცა პირველივე 2-თეთრიანი კლება დიდი უბედურების მომასწავებლად გამოაცხადეს, ყველა გაოცებული იყო - რატომ მისტიროდნენ ამ 2 თეთრს გულამოსკვნილი ცრემლებით? ისინი აცხადებენ, რომ შემოდგომაზე ყველა მშიერი იქნება და ლარის კურსს პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებენ ამ ოცნებების ასახდენად. ჩანს, თავის დროზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეც საკუთარი სურვილების შესასრულებლად აირჩიეს.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახერხა და ეროვნული ბანკის ამჟამინდელი პრეზიდენტი ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან დაიხსნა. ისინი ცდილობენ ფარად აეფარონ მის პოლიტიკურ წარსულსა და დღევანდელობას.

რა თქმა უნდა, მათი განცხადებები რეალური საფრთხის შემცველია: თუ კვლავ დაიწყება ფულის დიდი მასის გაშვება ბაზარზე, დიდი სირთულეების წინაშე აღმოვჩნდებით და "ნაციონალი წინასწარმჭვრეტნი" აქეთ დაგვაყვედრიან - ხომ ვამბობდით, რომ ეს მოხდებოდაო?

ლარის გაუფასურების ინსტრუმენტები, რასაკვირველია, არსებობს და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის პოლიტიკური ნებაც ასეთია: როგორც ჩანს, მათ ინტერესში შედის ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურება. საკმაოდ საშიშია "წინასწარმეტყველება", რომ შემოდგომაზე ლარი უნდა გაუფასურდეს. როგორც წესი, ვალუტის დისკრედიტაციის ნებისმიერი მცდელობა მასზე უარყოფითად მოქმედებს და ამგვარი პროპაგანდის შედეგი ყოველთვის სავალალოა: ამ ვალუტის მიმართ მოსახლეობაში ნიჰილიზმი ინერგება და ის მართლაც უფასურდება. ასე რომ, შეიძლება ლარის გაუფასურების "პროგნოზი" რეალობად გადაიქცეს, თუ მთავრობას კონტრზომების მიღება დააგვიანდება.

პროფესორი მიხეილ თოქმაჯიშვილიც იზიარებს მოსაზრებას, რომ ვალუტის გაუფასურების მოლოდინის შექმნა სახიფათოა:

- არც ერთ ქვეყანაში არ არის კურსის რყევა ისე საგანგაშო, როგორც იქ, სადაც ეკონომიკა დოლარიზებულია.

თუ მოსახლეობას დავაჯერებთ, რომ რამდენიმე თვეში ლარი მართლა გაუფასურდება, ამუშავდება ე.წ. ბრბოს ეფექტი - როცა ყველა ცდილობს, სავალუტო ჯიხურს მიაშუროს და თავისი მცირე დანაზოგი ან ხელფასი "გადაარჩინოს". ამის გამო ბაზარზე იქმნება ფულის ჭარბი რაოდენობა და იწყება პროცესი, რომელსაც "სპეკულაციურ ეფექტს" ვუწოდებთ - მოსახლეობა მასობრივად ყიდულობს დოლარს და ეროვნული ვალუტის კურსი უფრო მეტად ეცემა.

ამიტომ ლარის კურსი პროფესიონალების მსჯელობის საგანი უნდა იყოს და არა პოლიტიკოსებისა. როცა ოპოზიცია უკვე ზაფხულში იწყებს ლაპარაკს, რომ სექტემბერში ლარი გაუფასურდება, ეს დიდი შეცდომაა. ვინც ხელფასს აიღებს, ყველა რომ წავიდეს და დოლარი შეიძინოს, ასიათასობით ადამიანი ასე რომ მოიქცეს, წარმოგიდგენიათ, რა მოხდება?!

რატომ უკავშირდება ლარის გაუფასურება მაინცდამაინც შემოდგომას? - თუ წარსულს გადავხედავთ, კურსის ყველაზე რადიკალური ცვლილებები ჩვენთან შემოდგომით ხდებოდა: ასე იყო 1999 წელს, 2008 წლის ნოემბერშიც, ასე მოხდა შარშანაც. შემოდგომით ეკონომიკური აქტივობა იზრდება და ფულზე მოთხოვნა იმატებს, ამიტომ კურსის რყევა ხშირად შემოდგომას ემთხვეოდა. თუმცა ლარის გაუფასურებას ჩვენ რომელიმე ბანკს ვერ დავაბრალებთ. მართალია, თუკი რამდენიმე ბანკი გაერთიანდება, შეძლებს კურსზე გავლენის მოხდენას, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ ერთჯერადი ნაბიჯი, რომელიც ხანგრძლივ შედეგს ვერ მოიტანს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ბანკს არ შეუძლია, გაცვლითი კურსის კრიზისი წარმოშვას. ამ პრობლემის განხილვისას უფრო ობიექტურ ფაქტორებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, როგორიცაა: ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა, ინვესტიციები, ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობები, მათი გამოყენების დონე და სხვ.

რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, მას შეუძლია საერთოდ გაყინოს ლარის კურსი, მაგრამ ამ დროს ეკონომიკა ჩერდება მთლიანად. ამიტომ უნდა ამოვარჩიოთ, რომელი ჯობს: 1) ლარი მდორედ და არა ნახტომისებური ნაბიჯით უფასურდებოდეს, მაგრამ სამაგიეროდ სტიმული მიეცეს ეკონომიკის განვითარებას და 2) გავაჩეროთ ეკონომიკა, ვუყუროთ, რომ ლარი სტაბილურია და გვიხაროდეს...

ჩემი აზრით, ლარის გაუფასურება ეროვნული ბანკის ფუნქციებსა და ინტერესებში არ შედის: მისი ძირითადი ამოცანაა, ეკონომიკას ფული მიაწოდოს და ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი შეინარჩუნოს.

იმავეს ვიტყოდი რეფინანსირებაზეც: კი ამბობენ, რომ ის მეტისმეტად მაღალია, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირება რომ შეამციროს, ეკონომიკის ზრდა 2%-დან ნულზე დავა, მერე კი საერთოდ მინუსებში გადავა. ამის შემდეგ დაიწყება ლაპარაკი - ეროვნული ბანკი ეკონომიკის სტიმულირებას ერიდებაო.

შეუძლებელია, ეკონომიკის ზრდასაც მისცე სტიმული, დაბალი კურსიც გქონდეს და ინფლაციაც დაბალი იყოს - ეს მიზნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

ამიტომ, ყოველთვის იქნება იმის თქმის საფუძველი, რომ ვალუტის კურსის რყევაში ეროვნული ბანკი ან სხვა რომელიმე ბანკია დამნაშავე. სინამდვილეში ლარის კურსი არის იმის ინდიკატორი, რაც ეკონომიკაში ხდება. უკვე ორი-სამი წელია ლარი უფასურდება და ასე გაგრძელდება, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკაში სერიოზული რეფორმები არ გატარდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ეკონომიკა მდორედ და ინერციულად ვითარდება... ჯერჯერობით ძნელია თქმა, რა მოუვა ლარს. ეს ყველაფერი მარჩიელობაა და სხვა არაფერი, რადგან წინასწარ არავინ იცის, რა მოხდება. ლარის სტაბილურობის გარანტი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაა.

ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძეც მიიჩნევს, რომ წინასწარ ვერავინ იტყვის, რა მოხდება 2 ან 3 თვის შემდეგ:

- ლარის გაუფასურება უარყოფითი პროცესია იმდენად, რამდენადაც საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა. ვალუტის გაუფასურება ყოველთვის იწვევს იმპორტირებული პროდუქციის გაძვირებასაც. თანაც მოსახლეობის უმეტესობას იმდენად ლარის გაუფასურება კი არ აშფოთებს, რამდენადაც ფასების ზრდა და ინფლაციის მოლოდინი - სავსებით საფუძვლიანად, მოსახლეობას იმ შედეგების შიში აქვს, რასაც ვალუტის გაუფასურება იწვევს.

თანაც, რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფები გაიზარდა და ეს სხვა პროდუქტებზე ფასების მატებას გამოიწვევს. მაღალი ალბათობით, ტარიფი ალბათ თბილისშიც აიწევს. ეს ხალხში უსიამოვნო მოლოდინს ქმნის. ამ მოლოდინს კიდევ უფრო ამძაფრებს ლარის კურსზე გაკეთებული განცხადებები. ცნობილია, რომ ვალუტის კურსზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის, ექსპორტ-იმპორტი, ფულადი გზავნილები, ინვესტიციები. თუმცა ეროვნულ ბანკს მართებს ისეთი მექანიზმების გამოყენება, რომელიც ეროვნული ვალუტის წინაშე არსებულ სერიოზულ რისკებს გააქარწყლებს. მართალია, საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსი მოქმედებს, მაგრამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ლარის გაუფასურება არ იყოს ისეთი, რომ მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი კიდევ უფრო შეამციროს და დაბლა დასცეს.

იმათ საყურადღებოდ კი, ვინც "მძიმე შემოდგომას" გვიწინასწარმეტყველებს, ვიტყოდი, რომ ლარის კურსის წინასწარ პროგნოზირება უმადური საქმეა. ჯობს დაველოდოთ მოვლენებს და ვნახოთ, რამდენად სტაბილური იქნება ქართული ლარი არა მარტო დოლარის, არამედ სხვა ვალუტის მიმართ.

ხათუნა ჩიგოგიძე