არადიპლომატიური ეკონომიკა - კვირის პალიტრა

არადიპლომატიური ეკონომიკა

პრემიერ-მინისტრმა და ეკონომიკის უკვე ყოფილმა მინისტრმა ერთმანეთი არაკომპეტენტურად მიიჩნიეს

ნიკა გილაურიცა და ლაშა ჟვანიაც ერთი სახელისუფლებო გუნდის წევრები არიან. თანამდებობიდან გათავისუფლება, თუ ეს კარუსელის ნაწილი არ იყო და სხვა თანამდებობაზე გადანაცვლებას არ ნიშნავდა, როგორც წესი, აქამდე რამე დანაშაულში მხილებით ან პოზიციების შეუთავსებლობით იხსნებოდა. ეკონომიკის მინისტრის გათავისუფლება იმით იყო გამორჩეული, რომ პრემიერ-მინისტრმა და მისი მთავრობის წევრმა ერთმანეთი მიკიბ-მოკიბვის გარეშე დაადანაშაულეს არაკომპეტენტურობაში. საინტერესოა, რომ სწორედ არაკომპეტენტურობაა ძირითადი ბრალდება, რომელსაც მთელ მთავრობას ოპონენტები ბითუმად უყენებენ. ახლა კი მათი არგუმენტები მთავრობის წევრებმა ერთმანეთის წინააღმდეგ მოიშველიეს. ცხადია, ამ ისტორიას არც კახა ბენდუქიძის სახელის გარეშე ჩაუვლია...

ნიკა გილაურმა ამგვარი პრეტენზიები წაუყენა ლაშა ჟვანიას: სამინისტრომ არ შეუქმნა ინვესტორებს ისეთი გარემო, რომ მათ დადებული ხელშეკრულებები განეხორციელებინათ; უწყება არაკოორდინირებულად მუშაობდა სხვა სამინისტროებთან; პრობლემები და ხარვეზები იყო ჰესების მშენებლობის, სოფლის მეურნეობის მიმართულებებით; არაკოორდინირებულად მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროსთან ასი საავადმყოფოს მშენებლობის პროექტზე. კომპანია "ბლოკ ჯორჯიამ" კი ჩეხური სესხი იმიტომ ვერ მიიღო, რომ ჩეხეთთან ინვესტიციების დაზღვევის ხელშეკრულება არ არის გაფორმებული. ეს კი სწორედ ეკონომიკის სამინისტროს უნდა გაეკეთებინა. ამავე მიზეზით ვერ მოხერხდა "ენერგოპრო ჯორჯიას" მიერ 80-მილიონიანი ინვესტიციის მოზიდვა; შეჩერებულია სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაცია; შემცირებულია საერთაშორისო ინვესტიციების შემოდინება; პრივატიზაციის შედეგად წლეულს 77 მილიონის შემოსვლა იგეგმებოდა, ამჟამად კი შემოსულია მხოლოდ 15 მილიონი ლარი. ბრალდებების ნუსხა საკმაოდ ვრცელია.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი არ მალავს, რომ პრემიერთან დაპირისპირება თავიდანვე ჰქონდა. ჟვანიას განმარტებით, განსხვავებული შეხედულებების გამო მან ეკონიმიკის სამინისტროდან გაათავისუფლა ბენდუქიძის კადრები, რომლებიც მალე გილაურის მოადგილეები გახდნენ. ერთი თვის წინ ჟვანიამ მის წინააღმდეგ სატელევიზიო სიუჟეტის შეკვეთის შესახებ თავად სიუჟეტის ავტორისგან შეიტყო (საუბარია ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასულ რეპორტაჟებზე გილაურისა და ჟვანიას დაპირისპირების შესახებ).

ლაშა ჟვანია ამბობს, რომ ის თვითონ წავიდა თანამდებობიდან განსხვავებული შეხედულებების გამო. მიაჩნია, რომ "ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების" გაფორმება აუცილებელია, გილაურის გუნდი კი ასე არ ფიქრობს და მათ შორის იდეური დაპირისპირებაა. მან ყველა ბრალდება და თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი უარყო და განაცხადა, რომ მისი კარიერა წარმატებული იყო. ჩეხეთთან "ინვესტიციების ხელშეწყობის შესახებ ხელშეკრულების" გაფორმებაც 27 აგვისტოს იგეგმებოდა და დოკუმენტზე ხელი ლაშა ჟვანიასა და ჩეხეთის ფინანსთა მინისტრს უნდა მოეწერათ.

ლაშა ჟვანიას შეფასებით, ნიკა გილაური სუსტი და მართვის მეთოდების არმცოდნე პრემიერია. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი საინტერესო ციფრს ასახელებს: მისი თქმით, წლევანდელ იანვარ-ივლისში სახელმწიფო ბიუჯეტში პრივატიზაციიდან 117 მლნ ლარია შესული, რაც გილაურის დასახელებულ რიცხვზე ათჯერ მეტია.

ეკონომიკის ექსპერტები აცხადებენ, რომ მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას საკადრო ცვლილებები ვერაფერს უშველის; ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ ლაშა ჟვანიას სხვა, გილაურის მიერ დაუსახელებელი შეცდომებიც გაუხსენონ. დასახელდნენ ეკონომიკის მინისტრობის სავარაუდო კანდიდატებიც _ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ზურაბ მელიქიშვილი. ლაშა ჟვანია კი, ალბათ, დიპლომატიურ სამსახურს დაუბრუნდება...