"ივანიშვილს არც ის დაუმალავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა სთხოვეს, გიორგი ქადაგიძე არ დაეჭირათ"
17-08-2015
"ივანიშვილს არც ის დაუმალავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა სთხოვეს, გიორგი ქადაგიძე არ დაეჭირათ"
"შეცდომა დავუშვით, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ დავიწყეთ"

"ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დღემდე "ნაციონალური მოძრაობის" მძევალია და მასსხვადასხვა კომპრომატით აშანტაჟებენ"


ბოლო რამდენიმე თვეა მმართველი გუნდი ლარის კურსის გაუფასურების მთავარ მიზეზად ეროვნული ბანკის უმოქმედობას ასახელებს და თითს გიორგი ქადაგიძისკენ იშვერს. თუ ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა მართლაც მისი "დამსახურებაა", რატომ დაუშვა ხელისუფლებამ სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟი და რატომ არ იზრუნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტზე, "კვირის პალიტრის" კითხვებს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური­
პასუხობს:


- ეროვნულ ბანკთან უამრავი კითხვა დაგროვდა. პირველ რიგში, ეჭვს იწვევს ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც თავის დროზე პირადად მიხეილ სააკაშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა დააკომპლექტეს. საბჭოს სამი წევრი, მათ შორის გიორგი ქადაგიძე, ყოფილი პროკურორია, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში ბანკების გაკოტრებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ.

- ეს ბრალდებები ქადაგიძის წინააღმდეგ
მტკიცებულებას არ წარმოადგენს. კონკრეტული ქმედებები დაასახელეთ, რომელთა საშუალებითაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ლარის კურსის გაუფასურებას ხელი შეუწყო.

- თუ საპარლამენტო არჩევნებამდე გიორგი ქადაგიძე ლარის კურსის ნებისმიერ უმნიშვნელო ცვლილებაზეც კი მყისიერ რეაგირებას ახდენდა და ვალუტის კურსის სტაბილურობისთვის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას მაქსიმალურად იყენებდა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ლარის კურსის გასამყარებლად, პრაქტიკულად, არაფერს აკეთებს. გასული წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, სანამ ლარის კურსის ვარდნამ 10%-ს არ გადააჭარბა, ეროვნული ბანკი აბსოლუტურად უმოქმედო იყო. ქადაგიძემ არსებული რეზერვი კრიზისის დაწყებიდან მხოლოდ ათი თვის თავზე გამოიყენა, თუმცა ისიც წყალს გაატანა - 4 დღეში 80 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა მალევე უკან 140 მილიონი ლარი შეაბრუნა.

- ეროვნული ბანკი გპასუხობთ, რომ მას იურიდიულად ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე ზრუნვა სულაც არ ევალება და ეს თქვენი, მმართველი გუნდის პრეროგატივაა.

- კი ბატონო, მაგრამ 2012 წლამდეც ხომ ანალოგიური კანონმდებლობა მოქმედებდა და საინტერესოა, ქადაგიძე ეროვნული ვალუტის გამყარებაზე მაშინ რატომ ზრუნავდა?

ქადაგიძის გასული კვირის განცხადებების გაანალიზებაც საკმარისია, რომ მივხვდეთ - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინტერესებში ლარის კურსის სტაბილურობა არ შედის. პირიქით, მან მოსახლეობას, ფაქტობრივად, მოუწოდა, შემოდგომისთვის ლარი უფრო გაუფასურდება და დოლარი სასწრაფოდ შეიძინეთო, არადა, ელემენტარული ინტერვენციით შეეძლო საზოგადოებაში პანიკა არ გამოეწვია.
ლარის გაუფასურების პროცესს ვეტოს დადებით პრეზიდენტმაც ხელი შეუწყო და საზოგადოებისთვის საზიანო სხვადასხვა მანიპულაციისთვის ქადაგიძეს მეტი დრო მისცა.

- ხელისუფლებამ რა გააკეთა იმისთვის, რომ ეროვნულ ბანკთან კომუნიკაცია შემდგარიყო და ლარის სტაბილურობაზე ერთობლივად გეზრუნათ?
- არაფორმალურ ვითარებაში გიორგი ქადაგიძეს ნოდარ ხადურსა და ნოდარ ჯავახიშვილთან ერთად არაერთხელ შევხვდით. ბოლო შეხვედრაზე შევთანხმდით კიდეც, რომ რეფინანსირების სესხები შეთანხმებულად გაიცემოდა, თუმცა გიორგი ქადაგიძემ ეს პირობა მეორე დღესვე დაარღვია.

სიმართლე გითხრათ, ჩვენთან საუბრისას ის გულწრფელიც კი მომეჩვენა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დღემდე "ნაციონალური მოძრაობის" მძევალია და მას სხვადასხვა კომპრომატით აშანტაჟებენ. შესაძლოა, ადეკვატური ქმედების შესაძლებლობას სწორედ მისი თანაგუნდელები არ აძლევენ. ამაზე მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეგვიძლია საუბარი, რადგან არც ერთ ნდობით აღჭურვილ სახელმწიფო ორგანოს ეროვნული ბანკის ქმედებებზე ინფორმაციული წვდომა არა აქვს, რადგან ზედამხედველობის სამსახური უშუალოდ გიორგი ქადაგიძეს ექვემდებარება.

- ანუ, ლარის გაუფასურება შეუქცევადი პროცესია?
- გიორგი ქადაგიძის ქმედებების პროგნოზირება რთულია, მაგრამ უმოქმედოდ არც ხელისუფლებაა - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ლარის კურსის გაუფასურება არ გაგრძელდეს.

- ფაქტობრივად, ეროვნულ ბანკს არა მხოლოდ საბოტაჟში, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებთ. ასეთ შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურები რატომ არ დაიწყეთ?
- ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტი ხანგრძლივ პროცედურებთანაა დაკავშირებული, თანაც ქადაგიძის უმოქმედობა განსაკუთრებით გამოიკვეთა გასულ წელს, როდესაც კრიზისი მთელ მსოფლიოს, განსაკუთრებით კი ჩვენს რეგიონს შეეხო. აუდიტის სამსახურშიც ანალოგიური მდგომარეობა იყო - მართალია, ამ უწყებასაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხელმძღვანელობდა, თუმცა, როგორც კი აუდიტის სამსახური პოლიტიკური ზეწოლისგან გავათავისუფლეთ, ის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ამუშავდა. ეროვნული ბანკის შემთხვევაში ასე არ მოხდა, თანაც ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს არც ის დაუმალავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა სთხოვეს, გიორგი ქადაგიძე არ დაეჭირათ. ჩემი აზრით, შეცდომა დავუშვით, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ დავიწყეთ, თუმცა ამ შემთხვევაში არსებობდა ალბათობა, რომ უარესი შედეგის წინაშე აღმოვჩენილიყავით.

- ფიქრობთ, ეროვნული ბანკის ახალ პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილი მმართველი გუნდისთვის არასასურველ კანდიდატურას წამოაყენებდა?
- იმპიჩმენტის შემთხვევაში პრეზიდენტს სწორედ ადეიშვილის მიერ დაკომპლექტებული საბჭოსგან წარდგენილი კანდიდატი უნდა დაესახელებინა, ანუ შესაძლოა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ახალი ქადაგიძე მიგვეღო.
ამიტომ ორი ვარიანტი არსებობდა: საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც მაინც იმპიჩმენტამდე მიგვიყვანდა, ან მუდმივმოქმედი საბჭოს ჩამოყალიბება, რომელსაც ეროვნული ბანკის მოქმედებებზე ნაწილობრივი ინფორმაცია მაინც ექნება. პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელად ვინც უნდა დანიშნოს, ზედამხედველობის სამსახური გახდება საპირწონე სააგენტო, რომელიც ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას არავის მისცემს.

რუსუდან შელია
ალექს
21 აგვისტო 2015 17:10
როგორც დარწმუნდით,მარტო სებ ან მარტო ხადური ,ანაც მთავრობა ლარს ვერ აგდებენ,მხოლოდ ერთად მოქმედებით ბანკებთან და ჯიხურებთან ერთად შეიძლება ამის გაკეთება.
ვისია ბანკები ?ჯიხურები ?
იმათი არა მგონია იყოს ვისაც უუფასიურდება,უფრო იმათსას გავს ,რომ აუფასურებენ.
შედეგად :
საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე ერთ სულ მომუშავეზე,ხოლო მეორეზე ერთ სულ მოსახლეზე სახელმწიფო მოხელეთა ოდენობით,სამართალ დამცავთა და სასჯელის მიმსჯელ აღმასრულებელთა ოდენობით,ხოლო ერთ ერთი მაჩანჩალაა შექმნილი ეროვნული პროდუქტის და კეთილდღეობის მაჩვენებლებით! საქართველოს საკანონმდებლო გარემო აგებულია მოქალაქის და გადასახადის გადამხდელის აპრიორში მტყუანობის,დამნაშავეობის პრინციპზე,ანუ სახელმწიფო ყოველთვის მართალია,ნეპოტიზმის და საყოველთაო ანაც ელიტარული კორუფციის პირობებში ეს ნიშნავს ,რომ სახელმწიფო მოხელეა ყოველთვის მართალი. შედეგად გვაქვს აკრძალვით ნორმათა „გამოგონილი“ და „შეთხზული“ თითიდან გამოწოვილი სისტემა,რომელსაც მერე „ებრძვის“ სამოხელეო კორპუსი და მთლიანად ხელისუფლება. ანუ ჯერ შუქს აქრობენ ოთახში,მერე იძახიან იქ კატაააო და დასდევენ . ძალად თავს მოხვეული ტარიფებით და მონოპოლიური ფასებით იმ მომსახურებაზე და საქონელზე ,რომელიც არ გჭირდება,მაგრამ „გემსახურებიან“ და მაღალი ტარიფით -ყველგან,ბანკში,თელასში,იუსტიციის სახლში,გაზში,გზაში,ინტერნეტში,პურში და ხორცში. ან გჭირდება,მაგრამ ამ კონდიციის და ამ ფასის არა ! ეს ინიღბება მერე ცრუ სახელმწიფოებრივი და ცრუპატრიოტული სამოხელეო რუდუნებით ,დამნაშავის დასჯით და თუ არ ჩანს ,მისი „აღმოჩენით“ ,მერე წილების და ქონების დათმობა გაჩუქებით და ჯარიმა საურავებით ,საკუთარი ბიზნესისათვის ველის მოსუფთავებით,ან ფარდულ ფარდულ ეკონომიკის ოაზისში, ანუ ლილო მოლში,ელიავაზე,კიდობანებში და სხვა ქოხმახებში „ანარიცხების“ აგროვებით. ტრაბახობენ ცოტაა და დაბალია გადასახადებიო,და დასაჯარიემებელი ქმედება რამდენია გამოგონილი ? ჯარიმა რამდენი პროცენტია ?დაჯარიმების ალბათობა რამდენი პროცენტია ?სამართლის პურის ჭამის ? არჩევნების გაყალბების ? ხელისუფლების მითვისების ? უზურპაციის ?
25 წელია გასული ამეებში!
ალექს
21 აგვისტო 2015 12:54
აი როგორ ხდება ეს დაგეგმილი, დროში გაწერილი, სპეკულაციური დავარქვათ, და ამ დროს სუფთა თაღლითობაა, "დევალვაციის ოპერაცია" ,12-14-15 თვით ადრე ოპერაციის დასკვნით ნაწილის დადგომამდე იქმნება მოსახლეობაში ყალბი მოლოდინი, რომ ლარი არ დაეცემა,პირიქით მყარდება,ამის შესახებ განცხადებებს აკეთებს ხადურიც ქადაგიძეც(ამოიღეთ და ნახავთ),ხალხს ბიზნესი არ აქვს,ის მონოპოლიზირებულია,არ აქვს სამუშაოც და მუდმივი ხელფასი ,მაგრამ აქვს დანაზოგი ,ან სახლი გაყიდა, ან მანქანა, ან მამაპაის სახლკარი, ან უცხოეთში გამოიმუშავა გადახვეწილმა მისი ოჯახის დიასახლისმა,რაღაცა ოდენობის დოლარი დაგროვილია შავი დღისათვის,ბინისათვის,შვილისათვის,ცხოვრებისათვის ,ცოტაა ,მაგრამ რაც არის,არის!
ხელისუფლების შტოების განცხადებების ფონზე ბანკები აცხადებენ გაზრდილ სადეპოზიტო პროცენტებს ლარში,მოსახლეობა აკონვერტირებს დოლარს,რომლის დეპოზიტის % 10-11 -ა და დებს დეპოზიტზე ლარს,იმ იმედით,რომ 1 წელიწადში გაიტანს ნამეტ 18 %-24 %ს ,კურსი კი არ დავარდება პირიქით ,და თავ ფულსაც ამოიღებს და კიდევ მოიგებს საცხოვრებლად 20-22 % ს,დოლარს დეპოზიტზე ნაკლები % აქვს,ერთი და ფასების ინფლაცია ამ% ამოჭამს.
ვთქვათ 10 000 დოლარი გაყიდა, დადო 18 000 ლარი,ის ელოდება 22-24 ათას ლარს საიდანაც 18-ს დაიბრუნებს ,აღიდგენს დოლარების დანაზოგს,სავარაუდოდ მეტს-მყარდება და აგერ მამები ეკონომიკის ადასტურებენ,რომ ყვავის მზარდი ეკონომიკა, იმედია 4- 6 ათასიც დარჩება მოგება ზემოდან ,ამით ერთი წელი საჭმელს და კომუნალურს უზრუნველყოფს,წამლებსაც.
გასაგებია,რომ მოსახლეობა ერთ დღეში არ ღებულობს ამ გადაწყვეტილებას,მაგრამ როცა ერთი, ორი,მერე ოცი და ათასი ამას შვება ,100 000 მოქალაქეც ასე იქცევა,აი მაშინ ირთვება უკუ მექანიზმი,ჯიხურში დამქაში ვერბალურად ამყარებს დოლარს,შეიძლება დაემთხვეს რაიმე გლობალურ მოვლენას,რომელსაც გააბუქებენ,მისცემენ ობიექტურ იერს,თორემ ჩვენი ეკონომიკა იმდენადაა მიბმული გლობალურ ეკონომიკას,რამდენადაც მე ჩინეთის საიმპერატორო კართან!!!!
როცა ახლოვდება დეპოზიტის მასიურად გატანის ვადა ,ხადური და ქადაგიძე (ხოლო ადრე მათი წინამორბედნი,ამის ნახვაც შეგიძლიათ)ტყემალაძე,ვიღაც კიდევ პრესიდან,ექსპერტებისგან ,ოპოზიციიდან,ექსპერტი,ჟურნალისტი, ურთიერთგამომრიცხავ აზრებს აფრქვევენ,ლარი ეცემა აჟიოტაჟისგან ჯიხურში და არა ბანკთაშორისო ბირჟაზე,შენ ღებულობ შენს 21350 ლარს,რომელიც ახლა უკვე 9280 დოლარია .ზარალი აჭარბებს დაგეგმილ მოგებას ,სად წავიდა ფული ?!
ერბოიანი ქოთანი კი არ გატყდა ,გადაინაცვლა ,ერთი წელი სადაც დეპოზიტზე იდო იქ იმან
ახალი ღირებულება შექმნა-ამუშავეს.
ნაღები გადაინაწილეს!ვინ ?????!!!!
სადაა რეგულირება ?
რატომ არ არის ვალდებული ბანკი დააზღვიოს ანაბარი დევალვაციის რისკისაგან?
კანონპროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმა არ შექმნეს,სების საქმეაო,შესაბამისად პარლამენტმა საკუთარი ინიციატივით კანონი არ მიიღო,ეროვნული ბანკი არშექმნილ და არმიღებულ კანონს როგორ აღასრულებდა ?!
ჯიხური სპეციალურად შექმნილი ხვრელია "საფიანანსო ელიავას ბაზრობა" ,სადაც არ ხდება აღრიცხვა რამდენი რა გაიყიდა და ვისი ,კურსი დგინდება სამ შაურიან ბრუნვაზე და არა ქვეყნის მასშტაბით-აი შეთანხმება ესაა სწორედ,ერთნი არ რეგულირების კანონებს სწერენ,მეორენი არ არეგულირებენ ,რა ქნან კანონი არ ავალდებულებს.
ალექს
21 აგვისტო 2015 08:29
არ იცის რომ მონოპოლისტური ეკონომიკური სისტემა აქვს ასეთი :
ცოტანი იხდიან ცოტას,როცა ღია ბაზრის სისტემაში ბევრი იხდის ცოტ-ცოტას, ბევრი გროვდება,მაგალითად აშშ-ში,ევროპაში,როცა ბევრი ცოტ ცოტას შოულობს ბევრი შემოსავალია და შესაბამისად ბევრი გადასახადი გროვდება .
თქვენ,თქვენმა წინამორბედებმა და იმათმა წინამორბედებმა ბაზარი ჩაკეტეთ,იქ არ უშვებთ ბევრს,შიგნით ცოტანი დარჩით ,ჰო დარჩით მოხელე ოლიგარქები,მუშაობა კი არ იცით,წართმევა მითვისება იცით მარტო,იმიტომაც გემხობათ თავს ბიუჯეტი!
შეუშვით ხალხი თავისუფალ კონკურენტულ ბაზარში,გახსენით ბაზარი,გამოიყვანეთ ბაზრიდან ტერორისტი გამომძალველი შემმოწმებლები,შემმოწმებლის შემმოწმებლები,კომისიები და სამეთვალყუროები,წურბელები და მილიარდებს ჩაიჩხრიალებთ ბიუჯეტში,ჯიბეებში ვერა !

რედაქტორის რჩევით