"ივანიშვილს არც ის დაუმალავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა სთხოვეს, გიორგი ქადაგიძე არ დაეჭირათ" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილს არც ის დაუმალავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა სთხოვეს, გიორგი ქადაგიძე არ დაეჭირათ"

"შეცდომა დავუშვით, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ დავიწყეთ"

"ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დღემდე "ნაციონალური მოძრაობის" მძევალია და მასსხვადასხვა კომპრომატით აშანტაჟებენ"

ბოლო რამდენიმე თვეა მმართველი გუნდი ლარის კურსის გაუფასურების მთავარ მიზეზად ეროვნული ბანკის უმოქმედობას ასახელებს და თითს გიორგი ქადაგიძისკენ იშვერს. თუ ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა მართლაც მისი "დამსახურებაა", რატომ დაუშვა ხელისუფლებამ სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟი და რატომ არ იზრუნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტზე, "კვირის პალიტრის" კითხვებს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური პასუხობს:

- ეროვნულ ბანკთან უამრავი კითხვა დაგროვდა. პირველ რიგში, ეჭვს იწვევს ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც თავის დროზე პირადად მიხეილ სააკაშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა დააკომპლექტეს. საბჭოს სამი წევრი, მათ შორის გიორგი ქადაგიძე, ყოფილი პროკურორია, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში ბანკების გაკოტრებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ.

- ეს ბრალდებები ქადაგიძის წინააღმდეგ მტკიცებულებას არ წარმოადგენს. კონკრეტული ქმედებები დაასახელეთ, რომელთა საშუალებითაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ლარის კურსის გაუფასურებას ხელი შეუწყო.

- თუ საპარლამენტო არჩევნებამდე გიორგი ქადაგიძე ლარის კურსის ნებისმიერ უმნიშვნელო ცვლილებაზეც კი მყისიერ რეაგირებას ახდენდა და ვალუტის კურსის სტაბილურობისთვის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას მაქსიმალურად იყენებდა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ლარის კურსის გასამყარებლად, პრაქტიკულად, არაფერს აკეთებს. გასული წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, სანამ ლარის კურსის ვარდნამ 10%-ს არ გადააჭარბა, ეროვნული ბანკი აბსოლუტურად უმოქმედო იყო. ქადაგიძემ არსებული რეზერვი კრიზისის დაწყებიდან მხოლოდ ათი თვის თავზე გამოიყენა, თუმცა ისიც წყალს გაატანა - 4 დღეში 80 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა მალევე უკან 140 მილიონი ლარი შეაბრუნა.

- ეროვნული ბანკი გპასუხობთ, რომ მას იურიდიულად ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე ზრუნვა სულაც არ ევალება და ეს თქვენი, მმართველი გუნდის პრეროგატივაა.

- კი ბატონო, მაგრამ 2012 წლამდეც ხომ ანალოგიური კანონმდებლობა მოქმედებდა და საინტერესოა, ქადაგიძე ეროვნული ვალუტის გამყარებაზე მაშინ რატომ ზრუნავდა?

ქადაგიძის გასული კვირის განცხადებების გაანალიზებაც საკმარისია, რომ მივხვდეთ - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინტერესებში ლარის კურსის სტაბილურობა არ შედის. პირიქით, მან მოსახლეობას, ფაქტობრივად, მოუწოდა, შემოდგომისთვის ლარი უფრო გაუფასურდება და დოლარი სასწრაფოდ შეიძინეთო, არადა, ელემენტარული ინტერვენციით შეეძლო საზოგადოებაში პანიკა არ გამოეწვია.

ლარის გაუფასურების პროცესს ვეტოს დადებით პრეზიდენტმაც ხელი შეუწყო და საზოგადოებისთვის საზიანო სხვადასხვა მანიპულაციისთვის ქადაგიძეს მეტი დრო მისცა.

- ხელისუფლებამ რა გააკეთა იმისთვის, რომ ეროვნულ ბანკთან კომუნიკაცია შემდგარიყო და ლარის სტაბილურობაზე ერთობლივად გეზრუნათ?

- არაფორმალურ ვითარებაში გიორგი ქადაგიძეს ნოდარ ხადურსა და ნოდარ ჯავახიშვილთან ერთად არაერთხელ შევხვდით. ბოლო შეხვედრაზე შევთანხმდით კიდეც, რომ რეფინანსირების სესხები შეთანხმებულად გაიცემოდა, თუმცა გიორგი ქადაგიძემ ეს პირობა მეორე დღესვე დაარღვია.

სიმართლე გითხრათ, ჩვენთან საუბრისას ის გულწრფელიც კი მომეჩვენა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დღემდე "ნაციონალური მოძრაობის" მძევალია და მას სხვადასხვა კომპრომატით აშანტაჟებენ. შესაძლოა, ადეკვატური ქმედების შესაძლებლობას სწორედ მისი თანაგუნდელები არ აძლევენ. ამაზე მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეგვიძლია საუბარი, რადგან არც ერთ ნდობით აღჭურვილ სახელმწიფო ორგანოს ეროვნული ბანკის ქმედებებზე ინფორმაციული წვდომა არა აქვს, რადგან ზედამხედველობის სამსახური უშუალოდ გიორგი ქადაგიძეს ექვემდებარება.

- ანუ, ლარის გაუფასურება შეუქცევადი პროცესია?

- გიორგი ქადაგიძის ქმედებების პროგნოზირება რთულია, მაგრამ უმოქმედოდ არც ხელისუფლებაა - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ლარის კურსის გაუფასურება არ გაგრძელდეს.

- ფაქტობრივად, ეროვნულ ბანკს არა მხოლოდ საბოტაჟში, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებთ. ასეთ შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურები რატომ არ დაიწყეთ?

- ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტი ხანგრძლივ პროცედურებთანაა დაკავშირებული, თანაც ქადაგიძის უმოქმედობა განსაკუთრებით გამოიკვეთა გასულ წელს, როდესაც კრიზისი მთელ მსოფლიოს, განსაკუთრებით კი ჩვენს რეგიონს შეეხო. აუდიტის სამსახურშიც ანალოგიური მდგომარეობა იყო - მართალია, ამ უწყებასაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხელმძღვანელობდა, თუმცა, როგორც კი აუდიტის სამსახური პოლიტიკური ზეწოლისგან გავათავისუფლეთ, ის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ამუშავდა. ეროვნული ბანკის შემთხვევაში ასე არ მოხდა, თანაც ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს არც ის დაუმალავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა სთხოვეს, გიორგი ქადაგიძე არ დაეჭირათ. ჩემი აზრით, შეცდომა დავუშვით, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ დავიწყეთ, თუმცა ამ შემთხვევაში არსებობდა ალბათობა, რომ უარესი შედეგის წინაშე აღმოვჩენილიყავით.

- ფიქრობთ, ეროვნული ბანკის ახალ პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილი მმართველი გუნდისთვის არასასურველ კანდიდატურას წამოაყენებდა?

- იმპიჩმენტის შემთხვევაში პრეზიდენტს სწორედ ადეიშვილის მიერ დაკომპლექტებული საბჭოსგან წარდგენილი კანდიდატი უნდა დაესახელებინა, ანუ შესაძლოა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ახალი ქადაგიძე მიგვეღო.

ამიტომ ორი ვარიანტი არსებობდა: საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც მაინც იმპიჩმენტამდე მიგვიყვანდა, ან მუდმივმოქმედი საბჭოს ჩამოყალიბება, რომელსაც ეროვნული ბანკის მოქმედებებზე ნაწილობრივი ინფორმაცია მაინც ექნება. პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელად ვინც უნდა დანიშნოს, ზედამხედველობის სამსახური გახდება საპირწონე სააგენტო, რომელიც ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას არავის მისცემს.

რუსუდან შელია