საზამთროს მოსავალი უხვია, მაგრამ გასაღება ჭირს - კვირის პალიტრა

საზამთროს მოსავალი უხვია, მაგრამ გასაღება ჭირს

ადგილობრივ ბაზარზე კახური საზამთროსა და ნესვის სიუხვეა. კახელი გლეხებიც არ უჩივიან მოსავალს, მაგრამ წინა წლებისგან განსხვავებით, ახლა მოწეული ბახჩეულის გაყიდვა უჭირთ. ზოგი ამას ეკონომიკურ კრიზისის უკავშირებს და გაყიდვის შემცირებას მოსახლეობის შემოსავლების შემცირებით ხსნის.

კახელები შიშობენ, საზამთროს მოსავლის დიდი ნაწილი გაუყიდავი არ დარჩეთ.

გაყიდვის პრობლემის მიუხედავად, დედაქალაქში საზამთროს ფასი წინა წლებთან შედარებით მაინც მაღალია. თბილისის ცენტრალურ უბნებში კილოგრამი საზამთრო 40-50 თეთრად იყიდება, გარეუბნებში კი შედარებით იაფად, კილოგრამი დაახლოებით 30-35 თეთრი ღირს. მომხმარებელთან საზამთრო, ძირითადად, გადამყიდველის მეშვეობით ხვდება, რომელიც, უკეთეს შემთხვევაში, პროდუქციას პირველი ხელიდან (ანუ გლეხისგან) ბითუმად ყიდულობს და საქონელს ფასნამატსაც ადებს. საზამთროს ბაზარზე წლეულს ნოვაციაც შეინიშნება. პოლიეთილენის პაკეტს, რომელშიც გამყიდველები საზამთოს ათავსებენ, დიდი შრიფტით აწერია: `საზამთრო ვანო პაპას ბახჩიდან~.

გია  ლომიძე (ბაზრის მოვაჭრე): _ საზამთროსა და ნესვს ბითუმად სამგორის რაიონში ვიღებ და შემდეგ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მახლობლად ვყიდი. ჩემი მოგება კილოგრამ საზამთროზე დაახლოებით 7-10 თეთრია, შედარებით მეტია ნესვზე, მაგრამ ნესვი საზამთროზე ნაკლებად იყიდება. დიდი წონის საზამთრო 5 თეთრით ძვირი ღირს, ვიდრე მცირე ზომის. მოთხოვნაც, ძირითადად, მცირე წონის საზამთროზეა. არადა, წლევანდელ მოსავალში დიდი საზამთროები ჭარბობს. კახელებს თურმე ტყეები გაუჩეხავთ და `ხამ მიწაზე~ მოუყვანიათ საზამთრო. ნოყიერ ნიადაგზე ნაყოფიც გვარიანი გაიზარდა. ტყის გაკაფვის გამო გარემოს დაცვის სამინისტროს გლეხებისთვის სოლიდური ჯარიმის გადახდა დაუკისრებია, ამიტომაც ცდილობენ ახლა მოსავლისგან მაქსიმალური მოგება მიიღონ.

შარშანდელთან შედარებით, გაყიდვა მნიშვნელოვნად შემიმცირდა, მაგალითად, შარშან, შარშანწინ დღეში ტონაზე მეტ საზამთროს ვყიდდი, ახლა კი 400-500 კილოგრამს თუ გავყიდი, ამითაც კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, აგვისტოს მიწურულს საზამთროს ფასი მცირედით შემცირდება და გაყიდვაც მოიმატებს. მომხმარებელი ხშირად მსაყვედურობს მაღალი ფასის გამო, რადგან ხალხს ის დროც ახსოვს, კილოგრამი საზამთრო 10 თეთრი რომ ღირდა. საქმე ის არის, რომ ჩვენ საბაზრო ფასს ვერ ვადგენთ, რადგან ჩვენამდე ეს პროდუქცია უკვე გაძვირებული მოდის. საბითუმო ბაზარზე კახეთიდან ნობათი უშუალოდ გლეხებს კი არა, ბითუმად მოვაჭრეებს ჩამოაქვთ და ფასს ისინიც უმატებენ.

სულიკო  რუიშვილი (კახელი გლეხი): _ 1976 წელს ერთ-ერთ ქართულ გაზეთში დაიბეჭდა სტატია სათაურით `რა მოხდა აბაშაში?~ აბაშაში კი ის მოხდა, რომ იქ დავამუშავეთ ასწლოვანი ყამირები და საზამთრო მოვიყვანეთ. უხვი მოსავალი მოვიდა, ჰექტარზე 80 ტონა საზამთროს ვკრეფდით. ძალიანაც რომ მოვინდომოთ, მასეთ მოსავალს კახეთში ვერ მივიღებთ. უკეთეს შემთხვევაში შეიძლება 20-25 ტონა დაიკრიფოს ჰექტარზე. ჩვენი მიწა უკვე გამოფიტულია და თუ არ გავანოყიერეთ, მოსავალს ვერ მივიღებთ. ყველაფერი ძვირია, ერთი ტომარა ფოსფორის ამონიუმი 70 ლარი ღირს, ერთ ჰექტარზე კი ორი ტომარა მაინც არის საჭირო. ასეთი ხარჯები თუ გაიღო, გლეხს მოწეული მოსავლისგან მოგება არ დარჩება. ამიტომაც ვერაფერს ვაკეთებთ. ვთქვათ, დავკრიფეთ ჰექტარზე 15-20 ტონა საზამთრო და გავიტანეთ ბაზარზე 20 თეთრად. აბა, ვიანგარიშოთ, რა ჯდება მისი მოყვანა? ჯერ მიწა უნდა მოვხნათ, შემდეგ `დავაპლანტაჟოთ~, ბუდნები გავაკეთოთ, თითო ბუდნას ერთი სათლი საქონლის დამწვარი ნაკელი უნდა, საზამთოს ნერგი ოთხ ფოთოლს რომ გაიკეთებს, გასხვლა უნდა, მერე _ შეწამვლა. გასხვლა-შეწამვლა მოსავლის მოწევამდე რამდენჯერმე მეორდება. ჩვენთან ჩამოდიან მძღოლები და 15-20 თეთრად მიაქვთ კილოგრამი. ამ წუთას თელავის ბაზარში დაახლოებით საზამთროს ათი გამყიდველი დგას, ხოლო მყიდველი ხუთიც არ არის. არაფერი გამოდის და გლეხი იძულებული გახდება, თავი დაანებოს ამ კულტურის მოყვანას.

თელავის რაიონის სოფელ აკურაში დაახლოებით 30 ჰექტარზე იყო დათესილი საზამთრო. ყველა ოჯახი ვერ შეძლებს ტრაქტორის დაქირავებას, საწვავი ძვირია. ერთი კვადრატული მეტრი ფართობის დაპლანტაჟება 3,5 ლარი ღირს. მოსავლიანობა ამინდზეა დამოკიდებული, შესაძლოა, გამოიბას ნაყოფი, მივიდეს 1-2 კილოგრამ წონამდე, შემდეგ დაიჭიროს გვალვა და ნაშრომი წყალში ჩაგვეყაროს. ვისაც სარწყავი წყალი აქვს, იქ 10-20 კილოგრამამდე წონის ნაყოფი იზრდება. 35 ტონა დავკრიფე და დავიღუპები, თუ ვერ გავყიდე. 20 თეთრად ვყიდი კილოგრამს, მაგრამ სამი დღეა ბაზარში ვდგავარ და ოთხი კილოგრამი საზამთროც ვერ გავყიდე. თბილისში რომ ჩამოვიტანო, ტრანსპორტირების ხარჯი უნდა გავწიო, ბაზარში დგომის საფასურიც უნდა გადავიხადო და განა, რამდენად უნდა გავყიდო, რომ მოგება დამრჩეს. ღამე შენახვა ხომ უნდა პროდუქციას, ყოველდღე 15 ლარი რომ ვიხადო და კიდევ რამდენიმე დღე სახლ-კარს მოვცდე, ხარჯი ბაზარს მიაქვს.

არც ყურძენია მოგებიანი. კახელი გლეხი რომ ვენახს უვლის, ლიტრი ღვინო, რეალურად 2,50 ლარი უჯდება, მაგრამ იძულებულია, 50 თეთრად გაყიდოს, იშვიათ შემთხვევაში _ ლარად. ახლა უკვე ისეთი მდგომარეობაა, ბევრი კაფავს ვენახს და ფიქრობს, მის ადგილას სიმინდი დათესოს ან ღორი გაზარდოს.

ვისაც გაუყიდავი რჩება საზამთრო, უფუჭდება და საქონელს უყრის საჭმელად. არაყიც არ გამოდის ამ დალოცვილისგან. ადრე საზამთრო გასაყიდად გაგრაში, სოჭშიც მიგვქონდა, ერთხელ მოსკოვსა და როსტოვშიც ჩავიტანე. ახლა ქართული საზამთრო ექსპორტით არსად გადის. დღეში 5-10 ტონაც გამიყიდია. თან ხალხს შემოსავალიც ნაკლები აქვს და ვერ ყიდულობს ხილს. რად გინდა, შვილო, ნესვის კარგი მოსავალი, რაც ბაღიდან გამოაქვს ხალხს, ერთი იმდენი შიგ არის ჩამპალი, რადგან გასავალი არ აქვს. თელავის ბაზარში კილოგრამს 30 თეთრად იხვეწებიან და ამასაც ვერ იხდის ხალხი. სამხედრო სამსახურში გერმანიაში ვიყავი. არც ერთი გერმანელი გლეხი ბაზარში არ დგას თავისი პროდუქციის გასაყიდად. გამოიტანს კართან, დააწყობს და არც კი აწონის. ჩამოივლის სასწორით აღჭურვილი სატვირთო მანქანა, დატვირთავს გერმანელი ფერმერის მოწეულ პროდუქტს და იმ საღამოს თუ არა, მეორე დღეს ფულს შინ მიუტანენ. მე რომ გარიჟრაჟიდან დაღამებამდე ვშრომობ, პროდუქციის გასაყიდად აღარ უნდა ვცდებოდე.

მარიამ  გელაშვილი (სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე): _ წლეულს საზამთროს საკმაოდ კარგი მოსავალია, 80 ათას ტონამდე. ნესვის მოსავალიც კარგია _ 3,5-4 ათას ტონამდე.

საზამთროს საბაზრო ფასი დაახლოებით 35-40 თეთრია კილოგრამზე. ადგილზე, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლები ეღირება. სამწუხაროდ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციებში არ შედის რომელიმე კონკრეტული პროდუქციის რეალიზაციაზე ზრუნვა. თუ რამე გზა და შესაძლებლობა გამოჩნდა, აუცილებლად დავეხმარებით გლეხებს. იაფი კრედიტის პროექტში გამარჯვებული კომპანიები მიიღებენ დაფინანსებას სამაცივრე მეურნეობების მოსაწყობად. ეს გლეხებს მომავალში ბევრ პრობლემას მოუგვარებს, დიდი ხნის განმავლობაში შეეძლებათ მალფუჭებადი პროდუქტების შენახვა და გაფუჭების შიშით ჭირნახულს ერთბაშად არ გაყიდიან.