(არა)საარსებო მინიმუმი?!
24-08-2015
(არა)საარსებო მინიმუმი?!
"რეალური გაანგარიშების შემთხვევაში, ადამიანს არსებობისთვის დღეს დაახლოებით 280-300 ლარი სჭირდება"

სტატისტიკის სამსახურმა დაითვალა და დაადგინა, რომ ცხოვრება გაიაფდა და თვიდან თვემდე თავის გატანა ახლა უკვე 137 ლარად არის შესაძლებელი. მოკლედ, ივლისში ივნისთან შედარებით, საშუალო-სტატისტიკური ქართველის საარსებო მინიმუმი 143 ლარიდან 137,8 ლარამდე შემცირდა. სტატისტიკის სამსახური ამის მიზეზად სეზონურ ფაქტორს და ადგილობრივი ხილისა და ბოსტნეულის გაიაფებას ასახელებს, რეალურად კი, ფასების ზრდისა და მცირე შემოსავლების ფონზე, ხალხს თავის გატანა სულ უფრო უჭირს.

სტატისტიკოსების
გათვლებით, ცოტა უფრო მეტი სჭირდება არსებობისთვის ერთ შრომისუნარიან მამაკაცს _ 155,6 ლარი, ხოლო ერთმა საშუალო ოჯახმა კი თვეში თურმე 261 ლარი უნდა იკმაროს.

საარსებო მინიმუმს სტატისტიკის სამსახური იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ითვლის, რომელიც ჯერ კიდევ 2003 წელს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ შეადგინა და ერთი შრომისუნარიანი
მამაკაცის საჭიროებებს მოარგო. მინიმალური სასურსათო კალათა ადამიანის არსებობისთვის აუცილებელი 40 პროდუქტის დღიურ ნორმას ასახავს და თუ, მაგალითად, დღეში მხოლოდ 250 გრამ პურს, 20 გრამ ლობიოსა და 5 გრამ საკონდიტრო ნაწარმს მიირთმევთ, საარსებო მინიმუმით გათვალისწინებული დღიური დაახლოებით 5 ლარიდან შეიძლება ხურდაც კი მოგრჩეთ. საინტერესოა, რომ საარსებო მინიმუმში არ არის გათვალისწინებული არც კომუნალური და არც სამედიცინო ხარჯები. გამოდის, რომ სახელმწიფოს გათვლებით არსებობისთვის არც წამალი და არც ექიმია საჭირო და მინიმალური სასურსათო კალათით გათვალისწინებული ნახევარი კვერცხი და 10 გრამი ხორცი უმად უნდა მიირთვათ. კიდევ უფრო პარადოქსულია, რომ სახელმწიფო საარსებო მინიმუმს 137-155 ლარის ფარგლებში განსაზღვრავს, თავად კი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მოსახლეობას საარსებო შემწეობის სახით მაქსიმუმ 60 ლარს აძლევს. შესაბამისად, უფრო სამართლიანი იქნება, თუ ხელისუფლება შემწეობასა და საარსებო მინიმუმს სწორად არ დაითვლის, სახელი მაინც გადაარქვას და არასაარსებო უწოდოს.

სოსო არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში:
"მეთოდიკა, რომელსაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმის დასათვლელად იყენებს, ფაქტობრივად, ეფუძნება მოხმარების იმ სტრუქტურასა და ფორმატს, რომელიც ჯერ კიდევ 90-იანი წლების შუახანებში ჩამოყალიბდა და შესაბამისად, შორს არის დღევანდელი რეალობისგან. მას შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა მოსახლეობის შემოსავლები და ხარჯები, მოხმარების კულტურა და შესაბამისად, ეს მეთოდოლოგია გადასახედია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველ ნაბიჯზე წავაწყდებით იმას, რომ რეალობა განვითარდება ერთი მიმართულებით, ხოლო სტატისტიკა იძულებული იქნება, სულ სხვა სურათი აღწეროს. იმის მიხედვით, რას შევიტანთ მინიმალურ სასურსათო კალათაში, ჩვენ მივიღებთ აბსოლუტურად განსხვავებული ღირებულების მქონე სასურსათო კალათას. მაგალითად, ცხოველური წარმომავლობის კალორიების ღირებულება დაახლოებით 2,5-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე მცენარეული წარმომავლობის პროდუქტებისა. შესაბამისად, მცენარეული პროდუქტებით თუ გავავსებთ მინიმალურ სასურსათო კალათას, შესაძლოა თვეში 155 ლარი მართლაც ვიმყოფინოთ, მაგრამ რამდენად საკმარისი იქნება ეს ადამიანის სრულფასოვანი არსებობისთვის? ამ სტატისტიკური მაჩვენებლებით, ჩვენი სახელმწიფო ემსგავსება სირაქლემას, რომელსაც სილაში აქვს თავი ჩარგული.

გახსოვთ, ალბათ, მოქმედი ხელისუფლების ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო საარსებო მინიმუმის გადათვლა და რეალურთან მიახლოებულის დადგენა. ეს საკითხი, როგორც სოციალურად მნიშვნელოვანი, მანამ არის მნიშვნელოვანი, სანამ რომელიმე პოლიტიკური ძალა მოვა ხელისუფლებაში, შემდეგ კი დავიწყებას ეძლევა. ამას ტრამვაის ეფექტს უწოდებენ _ პიკის საათში საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველა ღონეს ხმარობ, რომ ახვიდე, მაგრამ აღარ გინდა, შენს მერე ვინმე ამოვიდეს. ზუსტად ასეა მთავრობაც: ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღარ არის დაინტერესებული, აღიაროს, რომ რეალურად ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მოქალაქეთა რაოდენობა 22% კი არა, სულ ცოტა ორჯერ მეტია. საზოგადოებამ, მედიამ ზეწოლა უნდა მოახდინონ ხელისუფლებაზე, ამ უკანასკნელმა კი მოსთხოვოს სტატისტიკის სამსახურს, შეცვალოს საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კურიოზამდე მიდის საქმე. ინფლაციის გასაანგარიშებელ კალათაში სურსათის წილი 30%-მდე დავიდა, ხოლო საარსებო მინიმუმის გაანგარიშებისას, ფაქტობრივად, ძველ ნიშნულზე დარჩა.

რეალური გაანგარიშების შემთხვევაში, ადამიანს არსებობისთვის დღეს დაახლოებით 280-300 ლარი სჭირდება, ჩვენი ხელისუფლება კი ახალ ღვინოს ძველ ტიკებში ასხამს და უნდა იცოდეს, რომ ადრე თუ გვიან ტიკები დასკდება და სოციალურ უკმაყოფილებაში გადაიზრდება"

ემა ტუხიაშვილი

me
28 აგვისტო 2015 14:27
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა. ღორები წავიდნენ ოეჯერ ღორები მოვიდნენ.ხალხნო ძალია გთხოვთ ყველანი წავიდეთ არჩევნებზე და ბიულეტინები შევამკოთ ნაირ-ნაირი რაც გაგვეხარდება იმ სიტყვებით. საღამოს დაითვალონ მერე ვინ რამდენი ხმა მიიღო. მატყუარები. როგორ მძულან .
beriberi luxo
24 აგვისტო 2015 11:05
მთავეობას განა იმიტომ რომ, არ უნდა ხალხის მდგომარეობა გააუმჯობესოს, არ იცის როგორ გააკეთოს ეს. ეს იცის ივანიშვილმა, მას კი, არუნდა ეს გააკეთოს, რატომ? -აი ეს არის საკითხავი, მაცხოვარმა ბრძანა:

ase yofila dasabamiT, macxovars uTqvams:
fulis trfiali aavadebs guls da gonebas,
aqlemi adre, nemsis yunwSi gaZvreba umal,
vidre mdidari Seeleva Tavis qonebas
ბიძინამ ბევრი გააკეთა, მან სამოქალაქო ომს აგვაცილა, აწყმო გადაგვირჩინა და მაინც თავისდა საზიანოდ და ჩვენდა საუბედუროდ, ვერ აჯობა თავის "მეს," მე ღმერთს ვთხოვ მაპატიოს სულსწრაფობა და სხვისი განკითხვა, იქნებ ჯერ კიდევ, ყველაფერი წინაა.

რედაქტორის რჩევით