ყველაზე სახიფათო პროფესიები
31-08-2015
ყველაზე სახიფათო პროფესიები
"სამუშაოს შესრულებისას სიკვდილიანობისა და სხვადასხვა სახის დაზიანების ყველაზე მეტი შემთხვევა სამშენებლო სექტროში ხდება"

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ყოველდღიურად დედამიწაზე 3 ათასამდე კაცი იღუპება, უფრო მეტი - სხვადასხვა სიმძიმის სხეულის დაზიანებას იღებს. ამ თვალსაზრისით არასახარბიელო მდგომარეობაა საქართველოშიც, სადაც სამუშაო პროცესის დროს გარდაცვლილთა და დაზარალებულთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა, როცა სამუშაოს შესრულებისას ხალხი დაიღუპა, გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობის ჩამონგრევა იყო, რამაც ერთი ოჯახის 4 წევრის სიცოცხლე იმსხვერპლა. მხოლოდ ბოლო
8 წლის განმავლობაში, სამუშაო პროცესის დროს გარდაცვლილია 346 და დაშავებულია 603 ადამიანი.

ზოგადად, არსებობს მძიმე, მავნე და საშიშ სამუშაოთა ნუსხა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს 2007 წლის 3 მაისის ბრძანებით განისაზღვრა. ამ ნუსხაში შესულია დაახლოებით 8 ათასი პროფესია, რომელთა სამუშაო პირობები, გარემო ან დაკისრებული მოვალეობები შესაძლოა, მაღალი
რისკის მატარებელი იყოს. თუმცა, რეალობამ რამდენიმე ძირითადი დარგი გამოკვეთა, სადაც ყველაზე ხშირად იღუპებიან ან სხვადასხვა დაზიანებას იღებენ იქ დასაქმებული ადამიანები.

ნიკა კაკაშვილი, საქართველოს პროფესიული კავშირების შრომის ტექნიკური და სამართლებრივი დაცვის მთავარი სპეციალისტი:
- პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ სამუშაოს შესრულებისას სიკვდილიანობისა და სხვადასხვა სახის დაზიანების ყველაზე მეტი შემთხვევა სამშენებლო სექტორში ხდება. შემდეგ მოდის ენერგეტიკის სექტორი და სამთო მოპოვება. კონკრეტულად კი, ამ ორ სექტორში დასაქმებულთაგან ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან ელექტრიკოსები, მბურღავები და ამფეთქებლები. სამწუხაროდ, 2006 წლის შემდეგ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა და დაზარალებულთა სტატისტიკა მზარდია - ყველაზე მაღალ ნიშნულს 2010 წელს მიაღწია, როცა ჯამში, სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას, დაიღუპა 81 და მძიმედ დაშავდა 168 კაცი. მომდევნო წლებში ეს მაჩვენებელი ოდნავ შემცირდა, თუმცა 2006 წლამდე პერიოდს თუ შევადარებთ, ასეთი შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია.

ის სტატისტიკა, რომელიც ხელთ გვაქვს, საქართველოს პროფესიული კავშირებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მონაცემებია. თუმცა, აქვე გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: იმ საწარმოებიდან, სადაც წარმომადგენელი გვყავს, უტყუარ ინფორმაციას ვიღებთ, თუმცა ზოგიერთი კომპანია არ არის პროფკავშირების წევრი და შესაძლოა, იქ მომხდარი შემთხვევების შესახებ ვერც ჩვენ და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერაფერი გაიგოს. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ სამუშაოს შესრულებისას დაღუპულთა ან დაზიანებულთა რიცხვი საქართველოში უფრო მაღალია. ასეთ შემთხვევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია უშვებს გამოთვლის პრინციპს, რომლის მიხედვითაც, არსებული სტატისტიკა სამზე მრავლდება.

ასეთი შემთხვევების გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას აღსანიშნავია, რომ ხშირად ადამიანებს უწევთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე მუშაობა, კონკრეტულ ობიექტებზე არ ტარდება სახელმწიფო ზედამხედველობა, რის გამოც მომეტებული საფრთხის მქონე საწარმოში არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები. ერთადერთია საზოგადოებრივი ზედამხედველობა, რასაც ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს. თუმცა, ჩვენ არ გვაქვს კომპანიების სანქცირების უფლება და არც რაიმე სხვა ბერკეტები გაგვაჩნია იმისთვის, რომ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო რეაგირება მოვახდინოთ. მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებზე კონტროლს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ატარებს. თუმცა მათი მუშაობა არ არის ეფექტიანი, რადგანაც არ იცავენ პერიოდულობას და, მიუხედავად იმისა, რომ აქვთ ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტი, არ ასრულებენ მას. ეს სამსახური რეაგირებს მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის ან თავად იმ საწარმოში დასაქმებული პერსონალიდან შესულ შეტყობინებასა და საჩივარზე.

რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევები სხვა ქვეყნებშიც ხდება და საქართველო გამონაკლისი არ არის, მაგრამ შემთხვევათა რაოდენობა საგანგაშოა თუ არა, განისაზღვრება იმის მიხედვით, რამდენია ამ ქვეყნის მოსახლეობა, როგორია მაღალი რისკის საწარმოთა რაოდენობა, იქ დასაქმებული ადამიანების რიცხვი და ა.შ. ჩვენისთანა მცირე ქვეყნისთვის კი ასეთი სტატისტიკა ნამდვილად არასახარბიელოა. ერთიც უნდა ითქვას: ევროპის ქვეყნებში მოქმედებს შრომის ინსპექცია, რომელსაც აქვს უფლება, ნებისმიერ დროს შევიდეს და შეამოწმოს საწარმო, იქ არსებული შრომითი პირობები და უსაფრთხოების ზომები. მათ ასევე აქვთ სანქცირების უფლება განსხვავებით შრომითი ინსპექტირების დეპარტამენტისგან, რომელიც ახლა შეიქმნა საქართველოში და ფაქტობრივად იმავე ფუნქციებით არის აღჭურვილი, რაც პროფკავშირებს აქვს. იმ დებულებით, რაც ახალშექმნილ სამსახურს განუსაზღვრეს, ჯერჯერობით ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენენ არაკეთილსინდისიერ დამსაქმებლებზე. ინსპექტირების განსახორციელებლად წინასწარ უნდა შეუთანხმდნენ საწარმოს ხელმძღვანელობას, რათა დაუშვას ისინი შესაბამის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, არც სანქციების უფლება აქვთ. შესაბამისად, ამ ეტაპზე მათი მუშაობა ვერ იქნება ეფექტიანი.



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით