"თბილისში დენი 4-5 თეთრით გაძვირდება"
31-08-2015
"თბილისში დენი 4-5 თეთრით გაძვირდება"
3 სექტემბერს დენის ტარიფი თბილისის მოსახლეობისთვისაც გაიზრდება.

სემეკ-მა "თელასს" დენის შესყიდვის ფასად 11,173 თეთრი უკვე განუსაზღვრა, რაც ადრინდელზე თითქმის 6 თეთრით მეტია. ეს კი ნიშნავს, რომ თბილისში დენის სამომხმარე­ბლო ტარიფიც აუცილებლად გაიზრდება და სპეციალისტების გათვლებით, მატება 4-5 თეთრის ფარგლებში იქნება.

ლარის გაუფასურების შემდეგ ენერგოკომპანიებმა სემეკ-ს ტარიფის გადახედვის მოთხოვნით რამდენიმე თვის წინ მიმართეს. 1-ლი აგვისტოდან, "ენერგო-პროს" მოთხოვნის საფუძველზე, ელექტროენერგია რეგიონებში 3,95 თეთრით გაძვირდა. უფრო ადრე, თე­ბერვალში,­ ტარიფის გაზრდა გაზგამანაწილებელმა კომპანიებმაც მოითხოვეს,
თუმცა ხელისუ­ფლების ჩარევითა და ბიუჯეტიდან 16-17-მილიონიანი სუბსიდიის გამოყოფის შემდეგ, გაძვირება 2016 წლის 1-ელ მარტამდე გადაიდო. სპეციალისტები­ არ გამორიცხავენ, რომ ლარის გაუფასურების ფონზე, გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა ტარიფის ზრდა კვლავ მოითხოვონ.

რეზო არველაძე, ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი:

"დღეს რაც ლარის კურსთან დაკავშირებით ხდება, ენერგეტიკისთვის ფორსმაჟორული ვითარება და დაუძლეველი გარემოებაა,
უნდა გამოინახოს საშუალება,­ რომ არ გაკოტრდეს. ერთადერთი გამოსავალი გაზრდილ ხარჯებთან შესაბამისობაში ტარიფის მოყვანაა. "თელასი" ელექტროენერგიას ყიდულობს, მათ შორის, თბოელექტროსადგურებისგან, რომლებიც გაზს დოლარით ყიდულობენ და 1000 კუბმ 143 დოლარი უჯდებოდათ. მაგრამ კურსი 1,75 ლარი იყო, ახლა კი, სულ მცირე, 2,30-ია და ბევრად მეტი ლარია საჭირო იმავე მოცულობის გაზის დოლარით შესაძენად. ფაქტია, რომ თბოსადგურზე გამომუშავებული ელექტროენერგია ძვირდება.­ "თელასმა" რომ შეისყიდა გაძვირებული ელექტროენერგია, თვითონაც უფრო ძვირად­ უნდა გაყიდოს. სხვა საკითხია, რამდენით უნდა გაიზარდოს სამომხმარებლო ტარიფი. ერთ-ერთი კომპონენტი, რაც მას 5,7-5,8 თეთრით აძვირებს, ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფია. არის სხვა კომპონენტებიც, რომლებმაც შესაძლოა გააძვირონ ან გააიაფონ სამომხმარებლო ტარიფი, მაგალითად, დანაკარგები ელექტროქსელში.

ნორმატიულ დანაკარგებად "თელასს" 12,4% ჰქონდა დამტკიცებული, ახლა კი მარეგულირებელ კომისიაში წარმოადგინა, რომ 5,4%-იანი დანაკარგები აქვს, ანუ წინანდელზე 7%-ით ნაკლები.

ელექტროენერგიაც ამ 7%-ის შესაბამისად უნდა გაიაფდეს. დღეს დანაკარგების 7%-იანი შემცირება დაახლოებით 0,5 თეთრია. შესაბამისად, ტარიფის 5,7-5,8 თეთრით ზრდა დაიკლებს 5,2-5,3 თეთრამდე. სავარაუდოდ, სამომხმარებლო ტარიფი თბილისელებისთვის 4-5 თეთრით მოიმატებს.
რეალურია ისიც, რომ ნებისმიერმა კომპანიამ, მათ შორის გაზგამანაწილებელმაც, ტარიფის მომატება მოითხოვოს. ამ ვითარებაში ყველაზე სწორი იქნება, მოსახლეობისთვის მიწოდებული ელექტროენერგია დღგ-ის გადასახადისგან გათავისუფლდეს. ცხადია, ეს არ აწყობს ფინანსთა სამინისტროს, რადგან ბიუჯეტს შემოსავალი დააკლდება, თუმცა ის წელიწადში სულ 60 მილიონ ლარამდეა. დღგ-ისგან გათავისუფლება სამომხმარებლო ტარიფს 2-3 თეთრით გააიაფებდა. მოსახლეობაც ფულს დაზოგავს, რომელიც ეკონომიკაში ჩაბრუნდება".

ჯონდი ბაღათურია, "ქართული დასის" ლიდერი: "როცა "თელასის" პრივატიზება მოხდა, ის 25 მილიონ დოლარად გაიყიდა, მისი საბალანსო ღირებულება კი 400 მილიონ დოლარზე მეტი იყო. გარდა ამისა, "თელასს" ჰქონდა აქტივები და პასივები. კერძოდ, "თელასს" ჰქონდა "საქენერგოს" ვალი და "თელასის" ვალიც ჰქონდა მოსახლეობას - დაახლოებით 800 მილიონი ლარი. უფრო დაზუსტებული მონაცემი არ გვაქვს, ამას აუდიტი სჭირდება. ჩემი ინფორმაციით, ამ დავალ­იანების 80%-მდე­ მოსახლეობისგან ამოღებულია­ - გახსოვთ ალბათ, მასობრივად იყო ელექტროკაბელ­ები ჩაჭრილი და მოსახლეობას დენი არ მიეწოდებოდა, სანამ დავალიანებას არ აღიარებდნენ და ნაწილ-ნაწილ დაფარვას არ დაიწყებდნენ. ეს იყო წლების განმავლ­ობაში მოსახლეობაში დაგროვილი დავალიან­ება, მაგრამ არა კერძო­ კომპანია "AES თელასის" მიმართ, არამედ სახელმწიფო კომპანია "თელასის" მიმართ, რომელიც შემდეგ AES-მა იყიდა. 400-მილიონიანი ქონება ხომ გაატანეს 25 მილიონად და კიდევ 800 მილიონის აქტივებიც გააყოლეს. არადა, სახელმწიფოს შეეძლო მოსახლეობისთვის ეს ვალი ჩამოეწერა. მით უმეტეს, "თელასს" "საქენერგოს" მიმართ დავალიანება ჩამოაჭრეს.

თუ ხალხის ჯიბიდან ამოღებულ 800 მილიონს ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიაში გავითვალისწინებთ, ეს დაამინუსებს "თელასის" ხარჯებს და შესაძლებელია, დენის ტარიფი განახევრდეს კიდეც.

არადა, "თელასმა" ტარიფის გაანგარიშებაში ხალხისგან ამოღებული ფული საერთოდ არ შეიტანა. დღეს კი დენის­ ტარიფის ზრდის მთავარ მიზეზად იმას ასახელებენ, რომ თბოელექტროსადგურებიდან შესასყიდი ელექტროენერგია გაუძვირდათ. არგუმენტი გაზის ფასია, მაგრამ ამ სექტორში მოქმედი მაფიოზური სტრუქტურების მიერ, საზღვარზე გაზის ფასი გასაიდუმლოებულია. ამბობენ, რომ ეს არის კომერციული საიდუმლო. კი მაგრამ, აზერბაიჯანია კომერციული ორგანიზაცია, თუ საქართველო? ასახელებენ მხოლოდ გარდა­ბანში, უკვე თბოელექტროსადგურებისთვის მიწოდებული გაზის ფასს. მთელი საქართველო წელიწადში 2 მილიარდ კუბმ გაზს მოიხმარს. აქედან 1 მილიარდი­ კუბმ ე.წ. სოციალური გაზია, რომლის ფასი 0 თეთრია. მას ვიღებთ აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის გატარების საფასურად და ასევე, რუსული გაზის სომხეთში გატარებისთვის. შესაბამისად, თბოელექტროსადგურებს შეგვიძლია გაზი შეღავათიან ფასში მივაწოდოთ და ტარიფი გავანახევროთ. ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ სამომხმარებლო ტარიფი გაზზე და ელექტროენერგიაზეც კი არ იზრდებოდეს, პირიქით, განახევრდეს კიდეც. მაგრამ ამისთვის ენერგომაფიის ანატომიაა გამოსაკვლევი, რომელიც 1 მილიარდ კუბმ სოციალურ გაზს დაეპატრონა. ეს არის მათი ქურდული წილი და ამიტომ მალავენ გაზის რეალურ ფასს. ჩვენი ინფორმაციით, ტარიფის გასაზრდელად გაზგამანაწილებელი და წყალმომარაგების კომპანიებიც ემზადებიან".
111
27 სექტემბერი 2015 03:36
sagol, mixaria, meamakebit
qqq
04 სექტემბერი 2015 15:40
მიხარია ასე რომ ხდება. აეხილება მეოცნებე ხალხს თვალი
გიო
03 სექტემბერი 2015 16:16
ოცნებები ქრებიანო ....

რედაქტორის რჩევით