პური ძვირდება - კვირის პალიტრა

პური ძვირდება

ზედნადებების შემოღების გამო დისტრიბუტორები პურის ფასს ზრდიან

საგადასახადოს მიერ წვრილი მეწარმეებისთვის სასაქონლო ზედნადების მოთხოვნა პურის გაძვირების საბაბი გახდა. ზოგიერთი დასახელების პური წინა კვირას 5 თეთრით გაძვირდა. სასურსათო მაღაზიების მეპატრონეები ამბობენ, რომ რამდენიმე დღეში ფასი ყველაზე იაფ, 40 თეთრიან პურზეც მოიმატებს.

შემოსავლების სამსახურის მიერ ზედნადებების მოთხოვნას მეწარმეებმა საპროტესტო აქციებითა და გაფიცვებით უპასუხეს. დასაშოშმინებლად მისული ფინანსთა მინისტრი მოვაჭრეებს დაპირდა, რომ ზედნადებს მათ არ მოსთხოვდნენ და თანაც ფიქსირებულ გადასახადსაც დაუწესებდა. მაგრამ ირკვევა, რომ საქმე არც ასე მარტივადაა - სასაქონლო ზედნადებს სთხოვენ დისტრიბუტორებს, რომლებიც მაღაზიებში სხვადასხვა პროდუქტს აბარებენ. მათ შორის მოხვდნენ ის დისტრიბუტორებიც, რომლებიც პურს საცხობებიდან მარკეტებში ანაწილებენ.

მათი დიდი ნაწილი დღემდე "ჩრდილში" მუშაობს და მათ მიერ რეალიზებული პური არსად აღირიცხება. ბაზარზე ამჟამად პურის ათეულობით დისტრიბუტორი მოქმედებს. ზოგ საცხობს 10 დისტრიბუტორიც ჰყავს. მათი უმრავლესობა კერძო პირია, რომელიც მეწარმედ რეგისტრირებული არ არის. მათ პური ქარხნებიდან და პატარა საცხობებიდან გააქვთ, ერთ პურზე საშუალოდ 5-10 თეთრს უმატებენ და მაღაზიებში გასაყიდად აბარებენ. არიან ისეთებიც, რომლებსაც უფრო დიდი მოგება, თითო პურზე 10-15 თეთრიც რჩებათ.

1-ელი თებერვლიდან, საგადასახადო ადმინისტრირების გამკაცრების შემდეგ, მაღაზიებს მიღებულ საქონელზე ზედნადების წარდგენა დაევალათ. ანუ მაღაზია სასაქონლო ზედნადების გარეშე პურს ვერ ჩაიბარებს. გამოდის, პურის დისტრიბუტორი ინდმეწარმედ უნდა დარეგისტრირდეს და საბუღალტრო ანგარიშებიც აწარმოოს. ამის გამო დისტრიბუტორები უკმაყოფილონი არიან. მათ დილაადრიან პურის დარიგება ათეულობით მაღაზიაში 2-3 საათში უნდა მოასწრონ, თანაც ზედნადები ყველგან თვითონ უნდა გამოწერონ. ამას კი დრო უნდა და დისტრიბუტორები ვერ ასწრებენ.

როგორც კი დისტრიბუტორების შემოსავლები ლეგალური გახდება, მათ ბიუჯეტში გადასახადსაც მოსთხოვენ. დაუბეგრავენ შემოსავალს, მოგებას. ეს კი ნიშნავს, რომ თითო პურიდან დაახლოებით 4-5 თეთრი ბიუჯეტში უნდა გადაიხადონ. დისტრიბუტორებმაც მოგების შესანარჩუნებლად გამოსავალი იპოვეს - პური გააძვირეს.

ლოტკინის პურის ქარხნის "ბატონს" დისტრიბუტორები 60 თეთრად აბარებდნენ, მაღაზია კი მას 65 თეთრად ყიდდა. რამდენიმე დღეა, ჩასაბარებელი ფასი 5 თეთრით გაზარდეს და შესაბამისად, სარეალიზაციო ფასი 70 თეთრი გახდა. თვითონ დისტრიბუტორები პურის გაძვირებას საცხობებს აბრალებენ. ლოტკინის ქარხანაში აცხადებენ, რომ მათ პურზე ერთი თეთრიც არ მოუმატებიათ და ფქვილი თუ არ გაძვირდა, ფასს არც მომავალში შეცვლიან. როგორც ქარხანაში ამბობენ, ფასს დისტრიბუტორი ამატებს და მათ 600 მაღაზიაში პურის ფასის გაკონტროლება ძალიან უჭირთ.

გაჭირვებით, მაგრამ პურზე ფასს სხვა ქარხნებიც ინარჩუნებენ.

ოთარ თოფურია (თემქის პურის ქარხნის დირექტორი): "გვინდა ფასის გაზრდა, მაგრამ ვერ ვზრდით. ჩვენ, შედარებით დიდი პურის ქარხნები, ვისაც თეთრი ბიზნესი გვაქვს და გადასახადებსაც ვიხდით, კონკურენციას ვერ ვუწევთ წვრილ-წვრილ საცხობებს, რომლებიც ჩრდილში მუშაობენ. ძალიან ბევრია ასეთი. ზოგს თავისი სახლის სარდაფში აქვს საცხობი, არც გაზის ფულს იხდის და არც ქონების გადასახადს. ჩვენ ხარისხით ვჯობნით, მაგრამ ფასით - ისინი. ბევრი საცხობი ძალიან ცოტა გაყიდვას აჩვენებს, "შავი ბუღალტერია" აქვთ. ამიტომაც აქვთ დაბალი ფასი. ახლა საგადასახადო თუ აიძულებთ დღგ-სა და სხვა გადასახადების გადახდას, ამ ხარჯს ფასში ჩადებენ და ალბათ იძულებული გახდებიან, პური გააძვირონ.

ყველაზე დიდი ხარჯი ჩვენთვის ფქვილი და გაზია. კილოგრამი ფქვილი ჯერ 34 თეთრი ღირდა, მერე 40 თეთრი გახდა და ახლა უკვე 69 თეთრად იყიდება. ბოლო დროს მარილის ფასმაც მოიმატა, იმხელა ხარჯი გვაქვს, რომ მოგებაც აღარ რჩება. დახურვის ზღვარზე ვმუშაობთ და წარმოებას გაჭირვებით ვინარჩუნებთ. თითქმის კილოგრამი პურის ფასი ამჟამად 70-78 თეთრი გამიგვდის, რაც ძალიან იაფია. დღეს პური 1 ლარი მაინც უნდა ღირდეს".

ნონა ქვლივიძე