ეს ყველა პატრიოტმა უნდა წაიკითხოს!
ეს ყველა პატრიოტმა უნდა წაიკითხოს!
სად გადის "ფრონტის ხაზი", ანუ იყიდე ქართული - გააძლიერე ქვეყანა!

წარმოიდგინეთ - ჩვენ ყველანი ვაშენებთ სახლს, რომელშიც თავი კომფორტულად და უსაფრთხოდ უნდა ვიგრძნოთ. ყოველდღე თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს შეუძლია, თითო აგურით შეეწიოს ამ სახლის მშენებლობას.

დიახ, ყოველდღე შეგვიძლია ქვეყნის გაძლიერებაში ჩვენი წვლილის შეტანა. ძლიერი და განვითარებული საქართველო კი ნიშნავს­ თითოეული ჩვენგანის სიძლიერეს, სოციალურად დაცულობას, მაღალ პენსია-ხელფასებს, თავდაცვისუნარიანობას, მაღალი ხარისხის განათლებას - მოკლედ, ყველაფერ იმას, რაც ასე გვხიბლავს ამერიკასა თუ ევროპაში.

ისე,
რომ იკითხო - როგორ წარმოგიდგენიათ, თითოეულმა მოქალაქემ თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს გაძლიერებაშიო, ალბათ, უმრავლესობას კონკრეტული პასუხის გაცემა გაუჭირდება. ჩვენი თანამოქალაქეების დიდი ნაწილი იტყვის, რომ მაქსიმუმ, თუ საქართველოს მტერი შემოესია, იარაღს აიღებს და ქვეყნის დასაცავად წავა. არადა, "ფრონტის ხაზი" სულ სხვაგან გადის და პატრიოტიზმი მხოლოდ ავტომატით
მტრის მოგერიება არ არის.

მაგალითისთვის შორს წასვლა არ დაგვჭირდება. აგერ, ჩვენი მეზობელი თურქეთი ლამის 80-იან წლებამდე ერთი ჩამორჩენილი ქვეყანა იყო, რომელსაც ასანთიც კი საზღვარგარეთიდან შეჰქონდა. ბოლოს და ბოლოს, იქაურმა ხელისუფლებამ ადგილობრივი წარმოების წახალისება გადაწყვიტა. თუმცა ხელისუფლებამ რა რეფორმაც უნდა გაატაროს, მიზანს ვერ მიაღწევს, თუ საზოგადოება მხარს არ დაუჭერს. თურქების დიდმა ნაწილმა უმაგალითო პატრიოტიზმი გამოიჩინა - დაიწყეს მხოლოდ და მხოლოდ თურქული პროდუქციის ყიდვა. თავიდან ხარისხი მოიკოჭლებდა, თუმცა შემდეგ ხარისხიც გაიზარდა, კონკურენციაც და თურქეთი გასაღების ბაზრიდან იქცა მსხვილ ექსპორტიორად. დღეს ამ ქვეყანას ერთ-ერთი მზარდი ეკონომიკა აქვს და ლამის ყველაფერს აწარმოებს - სამშენებლო მასალებიდან დაწყებული და ვერტმფრენებით დამთავრებული. შესაბამისად, უცხოელი ბიზნესმენისთვის უფრო მომგებიანია, საზღვარგარეთიდან კი არ შეიტანოს ამ ქვეყანაში რაიმე პროდუქტი, არამედ იქ ააშენოს ქარხანა.
სულ ახლახან ამგვარმა პატრიოტიზმმა უკრაინა უფრო უარეს კრიზისს გადაარჩინა. მაშინ, როდესაც ომში გახვეული ქვეყნის ფინანსური სისტემა (პირველ რიგში, ეროვნული ვალუტა გრივნა) დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, ერთი პატარა კოსმეტიკური საშუალებების მაღაზიის მეპატრონემ მაღაზიაზე გააკრა სტიკერი - "უკრაინული ნიშნავს - უკეთესს". ეს მოწოდება აიტაცა უკრაინელთა დიდმა ნაწილმა და ყიდულობდნენ მხოლოდ უკრაინულ პროდუქტს. ამან ერთი მხრივ, გრივნა გადაარჩინა კიდევ უფრო მეტ გაუფასურებას, მეორე მხრივ კი, უკრაინული საწარმოები - გაკოტრების პირას მისვლას.

ალბათ, უკვე ნათელია, თუ როგორ შეუძლია თითოეულ ჩვენგანს ქვეყნის გაძლიერება. კერძოდ, როდესაც თქვენ ყიდულობთ იმპორტულ პროდუქციას, მასში გადახდილი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთ გადის, რაც ცუდია. ქართული პროდუქციის ყიდვისას კი ფული საქართველოს ეკონომიკაში ჩაბრუნდება. ამით, პირველ რიგში, ლარზე ზეწოლა შემცირდება. თუმცა მთავარი ის არის, რომ ქართველ მეწარმეს მიეცემა ბიზნესის გაფართოების, ანუ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა, სადაც შესაძლოა, დასაქმდეთ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი. ნებისმიერი ქართული საწარმოს გაფართოება ნიშნავს, მეტ შემოსავალს ქვეყნის ბიუჯეტში. მეტი შემოსავალი კი იმას, რომ სახელმწიფოს უფრო მეტი ფული ექნება სხვადასხვა სფეროს დაფინანსებისთვის: დაწყებული თავდაცვისუნარიანობის ზრდით და განათლების ხარისხის ამაღლებით დამთავრებული. მეტი ფული ნიშნავს უფრო მაღალ პენსიებს­ და სხვადასხვა სოციალური პროექტის დაფინანსების ზრდას.

გარდა ამისა, გაიზრდება კონკურენცია თავად ქართულ საწარმოებს შორის, რაც ხარისხსა და ფასზე დადებითად აისახება. ძლიერი ქართველი ბიზნესმენი დაიწყებს ფიქრს მეზობელი ქვეყნების ბაზრის ათვისებაზე - ეს კი უკვე წინა პირობაა იმისა, რომ დაირღვევა უარყოფითი ბალანსი ქვეყნიდან გასულ და შემოსულ ვალუტას შორის. და როდესაც ლოგო "დამზადებულია საქართველოში", თავისთავად უკვე ხარისხის ნიშანი იქნება, უცხოელი ბიზნესმენები საქართველოში შეეცდებიან საწარმოების აშენებას, უფრო მრავალპროფილურ ინვესტიციებს განახორციელებენ და მხოლოდ სასტუმროების გახსნაზე არ იქნებიან მომართულნი.

რა თქმა უნდა, ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად, თავად ბიზნესმაც უნდა იაქტი­უროს. უფრო თამამად, აგრესიულად უნდა წარადგინონ ქართული პროდუქცია ბაზარზე და მეტი ყურადღება დაუთმონ მომხმარებლებამდე იმის მიტანას, რომ ქართული ნაწარმი არათუ ჩამოუვარდება უცხოურს ხარისხით, არამედ მას ხშირად აღემატება.
ამ პროცესს სახელმწიფომაც უნდა შეუწყოს ხელი და სხვადასხვა რეგულაციით უზრუნველყოს, რომ ბიზნესმენს ქართული პროდუქციის წარმოება უფრო უღირდეს, ვიდრე იმპორტიორობა.

თითოეული ჩვენგანის მიერ ქართული ნაწარმის შეძენა იქნება ის აგური, რომლითაც ავაშენებთ სახლს - ძლიერ და განვითარებულ საქართველოს. დიდი არითმეტიკა არ სჭირდება იმის გამოთვლას, რომ ჩვენ, საქართველოს ასეულათასობით მოქალაქემ, დღეში მინიმუმ ერთი ლარის ქართული პროდუქტი რომ ვიყიდოთ და დახარჯული თანხა თუნდაც ერთ წელზე გავამრავლოთ, რამხელა ინვესტიციას ვდებთ ქვეყნის ანუ ჩვენსავე კეთილდღეობაში.

ასე რომ, დღეს "ფრონტის­ ხაზი" ქართულ ნაწ­არ­მ­ზე­­ გადის. "კვირის პა­ლიტ­რა" ყოველთვის უჭ­ერდა და უჭერს მხარს ქა­რთველ მეწარმეებს და ამ­იერიდან "პალიტრამედია" თავის ყველა მედიაპლატფორმით უფრო აქტიურად განავითარებს იდეას, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიყიდოთ ქართული და ამით გავაძლიეროთ ქვეყანა.
იმედია, ამ დიდ საქმეში აქტიურად ჩაერთვებიან როგორც ჩვენი თანამოქალაქეები, ისე ქართველი მეწარმეები, მაღაზიებისა და სუპერმარკეტების მეპატრონეები, საზოგადოების წარმომადგენლები. თუ ყველანი მოვინდომებთ და პროცესს მკვდარი წერტილიდან დავძრავთ, ძალიან მალე დავრწმუნდებით, რომ ძალა მართლაც ერთობაში ყოფილა.

"ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა!"

ტარიელ ზივზივაძე, ვებგვერდ Kar.ge-ს დამფუძნებელი, რომელიც ქართული ნაწარმის პოპულარიზაციას ცდილობს: "ქართული ნაწარმის პოპულარიზაცია ჩვენთვის დიდი გამოწვევაა! ჩვენთან მოსახლეობის დიდი ნაწილი რატომღაც დარწმუნებულია, რომ იმპორტული უკეთესია, თუნდაც ეს იმპორტული ძალიან დაბალი ხარისხის იყოს. თუმცა ჩვენი ორთვიანი აქტიური საქმიანობიდან გამომდინარე, გეტყვით, რომ ხალხს ნაღდი ქართული ხარისხიანი პროდუქტები "შია". არის თუ არა ხარისხიანი ქართული წარმოების პროდუქტები? რა თქმა უნდა, თან ბევრი! თუმცა მათ სხვადასხვა მიზეზის გამო მომხმარებელი უბრალოდ არ იცნობს. მიზეზიც ობიექტურია - ხშირად ქართული პროდუქტები დახლზე არ დევს. ქართული წარმოების ხარისხიანი პროდუქტების პოპულარიზაცია ზუსტად ის არის, რაც ყველას ინტერესში შედის. ყიდულობ ქართულს? ე.ი. ავითარებ ქართულ ბიზნესს, ასაქმებ საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებ ქართულ სახელმწიფოს და ეს ყველაფერი დადებითად აისახება ამ ქვეყნის ყოველ მოქალაქეზე".

თუ თქვენ გაქვთ იდეები, სურვილები, შენიშვნები ან მოსაზრებები ამ სტატიის თემასთან დაკავშირებით, დაგვიკავშირდით "პლიტრამედიის"ცხელ ხაზზე - 219 60 13 ან მოგვწერეთ contact@kvirispalitra.ge
მკითხველის კომენტარი (61)
ZAZA
07 ნოემბერი 2015 10:19
დიდი სიამოვნებით ვკიდულობ გლეხებისგან პროდუქტს. გადამამუშავებელი საწარმოები გლეხებისაგან მიზერულ ფასში კიდულობენ ნედლეულს შემდეგ ათმაგ ფასში კიდიან.სანამ არ მოხდება გლეხის პროდუქტის კოოპერაციული გადამუშავება სულერთია ვისგან იკიდი.ცნობისათვის: კოოპერაციული გადამუშავება ნიშნავს---მაქსიმალური სარგებელი მიიგოს გლეხმა და ა.შ.
giga
19 სექტემბერი 2015 19:37
კომპანიის მთავარი რეკლამა მისი თანამშრომლებია

2 კაპიკად რომ ამუშავებენ ხალხს და თვითონ მილიონებს იჯიბავენ

პატრიოტიზმი მეწარმეებს არ მოეთხოვებათ ?
gia kvlividze
19 სექტემბერი 2015 18:28
ხო მე ვიკიდო კარტული საეცჰვო და დაბალი ხარისხის პროდუკცია და და ცჰემდეგ ამ ცჰემოსული ტანხებიტ მტავრობის ცევრებმამაგალ ფასიანი დჯიპებიტ იარონარა. დჯერ მტავრობის ცევრებმა უნდა გვიცჰვენონ ხალხს სურვილი რომ უნდატ კვეკნის პეხზე დაკენება და მერე კველა გვერდიტ დაუდგებიტ და ცჰვენც კველაფერს გავაკეტებტ ამისტვის. მოკლედ ხალხს კველაფერზე ხელი გვაკვს ცჰაკნეული ამატ ცჰემხედვარე.
ავთო
17 სექტემბერი 2015 20:41
რა უცნაური ხალხი ვართ ქართველები...

ცუდის დაწერა და თქმა ადვილად გამოგვდის. სამწუხაროდ საფუძველიც არსებობს ამისათვის.განა არ ვიცით, რომ ბიზნესმენები ფულის შოვნაზე არიან გადასული. კი მართალია ზოგი (თუ ყველა არა) გასივდა და ზემოდან იყურება მაგრამ, ჩემი აზრით, აუცილებელია გავითვალისწონოთ, რომ უამრავი დამწყები მცირე ბიზნესი არსებობს, მათაც ხელშეწყობა სჭირდება და თუ შესაძლებლობა მოგვეცემა არჩევანი გაკეთდეს უცხოურსა და ქართულს შორის - რატომ არ ავირჩიოთ ქართული? ქართული პროდუქციის ყიდვისას ჩვენს მიერ გადახდილი თუნდაც მცირეოდენ ზედმეტი თანხები ადრე თუ გვიან ჩვენს ან ჩვენი ახლობლების ჯიბეში აღმოჩნდება.

მაგალითად, არ იყოდოთ სომხური ყურძენი და იყიდეთ ქართული, მით უმეტეს დღეს. ნუთუ აქ რაიმე სირთულე არსებობს. ჩავიარე დღეს "ჩვენს" მაღაზიასთან. ორივეს 2 ლარი ეწერა. აბა გამოიცანით რომელს ვიყიდდი...
DINO_ZAUR
17 სექტემბერი 2015 16:18
ნახევარს მერე აღარც წამიკითხავს. ვინ ბიზნესს და ქართველ ბიზნესმენს უნდა დავეხმაოოთ? მონათმფლობელებს? თანამედროვე ექსპლუატატორებს? თვითონ მილიონებს რომ შოულობენ, იზრდებიან, სუქდებიან და 300 ლარიან თანამშრომლებს კვირაში 7 დღე და დღეში 10 საათი რომ ამუშავებენ? აზრზე მოდით სად ვხოვრობთ. ჭაობის უსნად ყარს აქაურობა.
tttt
17 სექტემბერი 2015 13:44
მარტო ხალხის პატრიოტზმი არ შველის ამ საქმეს. ცოტა ბიზნესმენებმაც უნდა "გაიჭირვონ"- 1 ლარიანი საქონელი არ უნდა გაყიდონ 5 ლარად!!!! რაც ფარმაცეფტიაში და სხვა დარგებში ხდება. აი ამ შემთხვევაში ხალხი დაუდგება მათ გვერდში,თორემ მოსახლეობისათვის სულ ერთია ვინ გაძარცვავს მას ჩვენიანი თუ უცხოელი!
ბირთვისელი
17 სექტემბერი 2015 11:52
კარგად იცით რა ძალა აქვს ხალხს. ეს ჭყონიას ბოიკოტითაც გამოჩნდა რამოდენიმე წლის წინ. არც ხელისუფლებას და არც ბიზნესმენებს არ უნდათ ხალხის აქტიურობა თორმ იმდენი ხერხია ქვეყნის სასიკე ნაბიჯების გადასადგმელად, რომ მოესურვებინათ აქამდე ნაშველიც გვექნებოდა და ქვეყანაც ფეხზე იდგმებოდა. არაფერი ახლის გამოგონება არ არის საჭირო მაგალითად კომუნისტების დროს იყო სახელმწიფო ობლიგაციები რომელიც არ მახსოვს ზუსტად რამდენხანში ერთხელ თამაშდებოდა მაგრამ არსი იყო იმაში რომ ყიდულობდი ობლიგაციას თან გათამაშებაში მონაწილეობდი და თან ფულიც არ გეკარგებოდა როცა დაგჭირდებოდა ბანკში აბარებდი და ფულს იბრუნებდი. ამით სახელმწიფოს ეხმარებოდი ხოლო ის მოგებიდან გარკვეულ თანხას გათამაშებაში დებდა. არც ხალხი იყო ზარალში და არც სახელმწიფოს სჭირდებოდა უცხოური კრედიტები. დღეს ხელისუფლება არის მუქთახორების ხროვა. ისინი ამბობენ თქვენ იმტვრიათ თავი ფული იშოვეთ გადასახადი გადაიხადეთ რომელსაც ჩვენ როგორც გვინდა ისე დავხარჯავთო, არადა ვალდებული არიან როდორც მეოჯახე ადამიანი ფიქრობს ოჯახის შენახვაზე ისე იფიქრონ სახელმწიფოზე. მაგალითად რატომ ელოდებიან ვიღაც საეჭვო წარმომავლობის ინვესტორებს ხომ შეიძლება რაღაც პროექტზე რომელიც გათვლილია მოგებაზე მაგალითად თბოელექტრო სადგური ორმოცდათერთმეტი პროცენტი დააფინანსოს სახელმწიფომ ხოლო დანარჩენი მაგალითა გაიყიდოს აქციები და ხალხს შესთავაზონ. ვისაც რისი საშუალება ექნება შეიძენს ამით ხომ ხალხს შემოსავლის წყარო გაუჩნდება მოგებიდან მისი შეძენილი აქციების პროცენტის სახით? მარტო ის რომ აქაური ნაწარმი ვიყიდოთ დიდი ბედენა რამე არ არის. როდესაცა წარმოებაში ფული მაქვს ჩადებული მე სხვისი აგიტაცია უკვე აღარ მირდება ისედაც ჩემს დაფინანსებულ ნაწარმს შევიძენ. ჩართონ ხალხი ქვეყნის აღორძინებაში და ნახავთ რა მალე დადგება ქვეყანა ფეხზე. ხოლო დღევანდელი პოლიტიკით ხალხის ფეხებზე დაკიდებით დიდხანს ვერ გაქაჩავენ და ნაცებთან ერთად სავაგვეზე აღმოჩნდებიან
qutaiseli
15 სექტემბერი 2015 22:31
(ილიას) რას აწარმოებს? კვების პროდუქტებში თითქმის ყველაფერს, მაგალითად დღეს ქართულ მაკარონ ,,სეპრემოში" მე 1.40 გადავიხადე როდესაც იქვე გვერდში თურქული მაკარონი 20 თეთრით ნაკლებში იყიდებოდა, დამერწმუნე 20 თეთრი აღარავის დაენანება როდესაც მოსახლეობას კარგად აუხსნიან თუ რა სარგებლის მომტანია ადგილობრივი ნაწარმის ყიდვა შენი ქვეყნისთვის, იგივე სიტუაციაა იოგურტების ბაზარზეც, წაგვლეკა უცხოურებმა 20 თეთრიანი სხვაობის გამო
გიო
15 სექტემბერი 2015 17:38
უბრალოდ გავითვალისწინოთ ეს ტექსტი კაი იქნება, სანამ გავაკეთებთ შენაძენს
ილია
15 სექტემბერი 2015 14:32
Kar.ge-მ ჯერ საკუთრ ვებ საიტს მოუხერხოს რამე და მერე ილაპარაკოს ბრტყელ-ბრტყელი. და რას აწარმოებს საქართველო, ისეთს, რომ მხოლოდ მის პროდუქციას დავჯერდეთ? თუ ჯერ მოვიცადოთ და მერე როცა დაიწყებს მაშინ ვიყიდოთ. მანამდე კი ვიშიმშილოთ არ ჩავიცვათ და არ დავიხუროთ არა?

რუბრიკის სხვა სიახლეები