ეს ყველა პატრიოტმა უნდა წაიკითხოს!
14-09-2015
ეს ყველა პატრიოტმა უნდა წაიკითხოს!
სად გადის "ფრონტის ხაზი", ანუ იყიდე ქართული - გააძლიერე ქვეყანა!

წარმოიდგინეთ - ჩვენ ყველანი ვაშენებთ სახლს, რომელშიც თავი კომფორტულად და უსაფრთხოდ უნდა ვიგრძნოთ. ყოველდღე თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს შეუძლია, თითო აგურით შეეწიოს ამ სახლის მშენებლობას.

დიახ, ყოველდღე შეგვიძლია ქვეყნის გაძლიერებაში ჩვენი წვლილის შეტანა. ძლიერი და განვითარებული საქართველო კი ნიშნავს­ თითოეული ჩვენგანის სიძლიერეს, სოციალურად დაცულობას, მაღალ პენსია-ხელფასებს, თავდაცვისუნარიანობას, მაღალი ხარისხის განათლებას - მოკლედ, ყველაფერ იმას, რაც ასე გვხიბლავს ამერიკასა თუ ევროპაში.

ისე,
რომ იკითხო - როგორ წარმოგიდგენიათ, თითოეულმა მოქალაქემ თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს გაძლიერებაშიო, ალბათ, უმრავლესობას კონკრეტული პასუხის გაცემა გაუჭირდება. ჩვენი თანამოქალაქეების დიდი ნაწილი იტყვის, რომ მაქსიმუმ, თუ საქართველოს მტერი შემოესია, იარაღს აიღებს და ქვეყნის დასაცავად წავა. არადა, "ფრონტის ხაზი" სულ სხვაგან გადის და პატრიოტიზმი მხოლოდ ავტომატით
მტრის მოგერიება არ არის.

მაგალითისთვის შორს წასვლა არ დაგვჭირდება. აგერ, ჩვენი მეზობელი თურქეთი ლამის 80-იან წლებამდე ერთი ჩამორჩენილი ქვეყანა იყო, რომელსაც ასანთიც კი საზღვარგარეთიდან შეჰქონდა. ბოლოს და ბოლოს, იქაურმა ხელისუფლებამ ადგილობრივი წარმოების წახალისება გადაწყვიტა. თუმცა ხელისუფლებამ რა რეფორმაც უნდა გაატაროს, მიზანს ვერ მიაღწევს, თუ საზოგადოება მხარს არ დაუჭერს. თურქების დიდმა ნაწილმა უმაგალითო პატრიოტიზმი გამოიჩინა - დაიწყეს მხოლოდ და მხოლოდ თურქული პროდუქციის ყიდვა. თავიდან ხარისხი მოიკოჭლებდა, თუმცა შემდეგ ხარისხიც გაიზარდა, კონკურენციაც და თურქეთი გასაღების ბაზრიდან იქცა მსხვილ ექსპორტიორად. დღეს ამ ქვეყანას ერთ-ერთი მზარდი ეკონომიკა აქვს და ლამის ყველაფერს აწარმოებს - სამშენებლო მასალებიდან დაწყებული და ვერტმფრენებით დამთავრებული. შესაბამისად, უცხოელი ბიზნესმენისთვის უფრო მომგებიანია, საზღვარგარეთიდან კი არ შეიტანოს ამ ქვეყანაში რაიმე პროდუქტი, არამედ იქ ააშენოს ქარხანა.
სულ ახლახან ამგვარმა პატრიოტიზმმა უკრაინა უფრო უარეს კრიზისს გადაარჩინა. მაშინ, როდესაც ომში გახვეული ქვეყნის ფინანსური სისტემა (პირველ რიგში, ეროვნული ვალუტა გრივნა) დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, ერთი პატარა კოსმეტიკური საშუალებების მაღაზიის მეპატრონემ მაღაზიაზე გააკრა სტიკერი - "უკრაინული ნიშნავს - უკეთესს". ეს მოწოდება აიტაცა უკრაინელთა დიდმა ნაწილმა და ყიდულობდნენ მხოლოდ უკრაინულ პროდუქტს. ამან ერთი მხრივ, გრივნა გადაარჩინა კიდევ უფრო მეტ გაუფასურებას, მეორე მხრივ კი, უკრაინული საწარმოები - გაკოტრების პირას მისვლას.

ალბათ, უკვე ნათელია, თუ როგორ შეუძლია თითოეულ ჩვენგანს ქვეყნის გაძლიერება. კერძოდ, როდესაც თქვენ ყიდულობთ იმპორტულ პროდუქციას, მასში გადახდილი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთ გადის, რაც ცუდია. ქართული პროდუქციის ყიდვისას კი ფული საქართველოს ეკონომიკაში ჩაბრუნდება. ამით, პირველ რიგში, ლარზე ზეწოლა შემცირდება. თუმცა მთავარი ის არის, რომ ქართველ მეწარმეს მიეცემა ბიზნესის გაფართოების, ანუ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა, სადაც შესაძლოა, დასაქმდეთ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი. ნებისმიერი ქართული საწარმოს გაფართოება ნიშნავს, მეტ შემოსავალს ქვეყნის ბიუჯეტში. მეტი შემოსავალი კი იმას, რომ სახელმწიფოს უფრო მეტი ფული ექნება სხვადასხვა სფეროს დაფინანსებისთვის: დაწყებული თავდაცვისუნარიანობის ზრდით და განათლების ხარისხის ამაღლებით დამთავრებული. მეტი ფული ნიშნავს უფრო მაღალ პენსიებს­ და სხვადასხვა სოციალური პროექტის დაფინანსების ზრდას.

გარდა ამისა, გაიზრდება კონკურენცია თავად ქართულ საწარმოებს შორის, რაც ხარისხსა და ფასზე დადებითად აისახება. ძლიერი ქართველი ბიზნესმენი დაიწყებს ფიქრს მეზობელი ქვეყნების ბაზრის ათვისებაზე - ეს კი უკვე წინა პირობაა იმისა, რომ დაირღვევა უარყოფითი ბალანსი ქვეყნიდან გასულ და შემოსულ ვალუტას შორის. და როდესაც ლოგო "დამზადებულია საქართველოში", თავისთავად უკვე ხარისხის ნიშანი იქნება, უცხოელი ბიზნესმენები საქართველოში შეეცდებიან საწარმოების აშენებას, უფრო მრავალპროფილურ ინვესტიციებს განახორციელებენ და მხოლოდ სასტუმროების გახსნაზე არ იქნებიან მომართულნი.

რა თქმა უნდა, ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად, თავად ბიზნესმაც უნდა იაქტი­უროს. უფრო თამამად, აგრესიულად უნდა წარადგინონ ქართული პროდუქცია ბაზარზე და მეტი ყურადღება დაუთმონ მომხმარებლებამდე იმის მიტანას, რომ ქართული ნაწარმი არათუ ჩამოუვარდება უცხოურს ხარისხით, არამედ მას ხშირად აღემატება.
ამ პროცესს სახელმწიფომაც უნდა შეუწყოს ხელი და სხვადასხვა რეგულაციით უზრუნველყოს, რომ ბიზნესმენს ქართული პროდუქციის წარმოება უფრო უღირდეს, ვიდრე იმპორტიორობა.

თითოეული ჩვენგანის მიერ ქართული ნაწარმის შეძენა იქნება ის აგური, რომლითაც ავაშენებთ სახლს - ძლიერ და განვითარებულ საქართველოს. დიდი არითმეტიკა არ სჭირდება იმის გამოთვლას, რომ ჩვენ, საქართველოს ასეულათასობით მოქალაქემ, დღეში მინიმუმ ერთი ლარის ქართული პროდუქტი რომ ვიყიდოთ და დახარჯული თანხა თუნდაც ერთ წელზე გავამრავლოთ, რამხელა ინვესტიციას ვდებთ ქვეყნის ანუ ჩვენსავე კეთილდღეობაში.

ასე რომ, დღეს "ფრონტის­ ხაზი" ქართულ ნაწ­არ­მ­ზე­­ გადის. "კვირის პა­ლიტ­რა" ყოველთვის უჭ­ერდა და უჭერს მხარს ქა­რთველ მეწარმეებს და ამ­იერიდან "პალიტრამედია" თავის ყველა მედიაპლატფორმით უფრო აქტიურად განავითარებს იდეას, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიყიდოთ ქართული და ამით გავაძლიეროთ ქვეყანა.
იმედია, ამ დიდ საქმეში აქტიურად ჩაერთვებიან როგორც ჩვენი თანამოქალაქეები, ისე ქართველი მეწარმეები, მაღაზიებისა და სუპერმარკეტების მეპატრონეები, საზოგადოების წარმომადგენლები. თუ ყველანი მოვინდომებთ და პროცესს მკვდარი წერტილიდან დავძრავთ, ძალიან მალე დავრწმუნდებით, რომ ძალა მართლაც ერთობაში ყოფილა.

"ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა!"

ტარიელ ზივზივაძე, ვებგვერდ Kar.ge-ს დამფუძნებელი, რომელიც ქართული ნაწარმის პოპულარიზაციას ცდილობს: "ქართული ნაწარმის პოპულარიზაცია ჩვენთვის დიდი გამოწვევაა! ჩვენთან მოსახლეობის დიდი ნაწილი რატომღაც დარწმუნებულია, რომ იმპორტული უკეთესია, თუნდაც ეს იმპორტული ძალიან დაბალი ხარისხის იყოს. თუმცა ჩვენი ორთვიანი აქტიური საქმიანობიდან გამომდინარე, გეტყვით, რომ ხალხს ნაღდი ქართული ხარისხიანი პროდუქტები "შია". არის თუ არა ხარისხიანი ქართული წარმოების პროდუქტები? რა თქმა უნდა, თან ბევრი! თუმცა მათ სხვადასხვა მიზეზის გამო მომხმარებელი უბრალოდ არ იცნობს. მიზეზიც ობიექტურია - ხშირად ქართული პროდუქტები დახლზე არ დევს. ქართული წარმოების ხარისხიანი პროდუქტების პოპულარიზაცია ზუსტად ის არის, რაც ყველას ინტერესში შედის. ყიდულობ ქართულს? ე.ი. ავითარებ ქართულ ბიზნესს, ასაქმებ საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებ ქართულ სახელმწიფოს და ეს ყველაფერი დადებითად აისახება ამ ქვეყნის ყოველ მოქალაქეზე".

თუ თქვენ გაქვთ იდეები, სურვილები, შენიშვნები ან მოსაზრებები ამ სტატიის თემასთან დაკავშირებით, დაგვიკავშირდით "პლიტრამედიის"ცხელ ხაზზე - 219 60 13 ან მოგვწერეთ contact@kvirispalitra.ge
marina
07 აგვისტო 2017 14:57
Aramarto Turqeti ..... Israeli....es axalgazrda qvekana ise mkarad dgas pexze rom araprit chamouvardeba ekonomiurad dzlier da did qveknebs....Netav ratom.....amaze rom ifiqron da ara marto tavisi ojaxebis komfortul cxovrebaze darwmunebuli var im tito aguris damdebi qveknis garet ki ar gaiqceva da tirilsa da monatrebashi galevs wlebs rata ojaxi ixsnas dagupvisgan aramed tavisi qveknis ashenebaze ipiqrebs roca ecodineba tavisi shromit ojaxsac sheinaxavs.ai mashin daiwkebs aguris dadebaze piqrs da ara mashin roca xedavs rogor igupeba misi ojaxi mashin roca qveknis winashe movaleni rogor ejibrebian ertmanets milionebis dagrovebashi. Ai rit gansxvavdeba es qveknebi da saqartvelo ertmanetisgan. Amas rodis gavacnobierebt roca qartveli eri sul gadashendeba ?
Gia
24 ივნისი 2017 13:25
Xalxze ro ifiqron jibes rogor gaisqeleben chveni xel8suflebis warmomadgenlebi
lmarta
18 აპრილი 2017 17:02
Namdvilad.vetanxmebi daweril komentarebs.marto xelisubleba ki ara ,tviton xalxi ar varga

რედაქტორის რჩევით