საქართველოს ადგილი ელექტროსატარიფო პალიტრაში - კვირის პალიტრა

საქართველოს ადგილი ელექტროსატარიფო პალიტრაში

კომუნალური გადასახადები თიოთოეული ადამიანის ბიუჯეტს ყოველთვიურ მძიმე ტვირთად აწევს. ელექტროენერგიის, წყლის, ბუნებრივი აირის, დასუფთავების სამსახურის, სატელეფონო მომსახურების საფასური ხშირად ჯამში ოჯახის შემოსავლის ნახევარს შეადგენს.

ნორმალური ყოფა-ცხოვრებისთვის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მომსახურება საჭიროა, ამიტომაც არის აყვანილი კომუნალური ხარჯები პირველ რიგში დასაფარავი დავალიანებების რანგში.

ხშირად გვესმის, რომ საქართველოში კომუნალური მომსახურების ესა თუ ის სფერო მონოპოლიზებულია და ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის გამოისობით, კომპანიები მომსახურების მაღალ ტარიფებს აწესებენ. საპასუხოდ ისიც გვესმის, რომ ჩვენთან სხვა ქვეყნებთან შედარებით კომუნალური მომსახურების ტარიფები გაცილებით დაბალია. რატომღაც ამ განმარტებათა ავტორებს ავიწყდებათ იმის მითითება, როგორია იმ სხვა ქვეყნების მოსახლეობის შემოსავალი. სწორედ ამ მიზეზით, `ეკოპალიტრამ~ გადაწყვიტა გაერკვია, რამდენად მაღალი ან დაბალია სხვა ქვეყნებთან შედარებით კომუნალური მომსახურების ტარიფები საქართველოში.

პირველ რიგში, ჩვენთან დადგენილი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი შევადარეთ სხვა ქვეყნებში არსებულ ტარიფებს. ავიღეთ სხვადასხვა სიდიდის და განვითარების დონის ქვეყნები. მიღებული სატარიფო პალიტრა ერთობ მრავალფეროვანი აღმოჩნდა. შერჩეულ 22 ქვეყანას შორის ყველაზე ცოტას 1 კვტ.სთ. ელექტროენერგიისთვის სამხრეთ აფრიკელები იხდიან _ სულ რაღაც 3,56 ცენტს, ხოლო ყველაზე ძვირად ელექტროენერგია დანიაში ფასობს _ 1 კვტ.სთ. მთელი 42,89 ცენტი. საქართველოში ელექტროენერგიის საფასური დიფერენცირებულია დანახარჯის მიხედვით და საშუალოდ 7,95 ცენტს შეადგენს, ანუ დენის სატარიფო პოლიტიკით მალაიზიასა და საფრანგეთს შორის ვართ.

მაგრამ თუ ქვეყნების შედარებისას ძირითად ეკონომიკურ პარამეტრებს მივმართავთ და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლებს მოვიშველიებთ, აღმოჩნდება, რომ საქართველოში ყველაზე რთული ვითარებაა. ჩვენთან მშპ-ით ერთ სულ მოსახლეზე თეორიულად სულ 59120 კვტ.სთ.-ის შეძენაა შესაძლებელი. საქართველოსთან ახლოსაა პერუ, სადაც ეს მაჩვენებელი 80460-ს უდრის. უცნაურია, მაგრამ პერუსთან ახლოსაა იტალია (84650) და დანია (87200), რისი მიზეზიც დენის საოცრად მაღალი ტარიფებია. ხოლო შვედეთსა და კანადაში, ეს მაჩვენებელი, შესაბამისად, 583333 და 635922-ია, რაც საქართველოს მაჩვენებელს 10-ჯერ აღემატება.

ისიც ნათელია, რომ ენერგიის მიღება ფული ჯდება და მას ვერავინ გააჩუქებს, მაგრამ საკითხავია, რამდენად გამართლებულია პოლიტიკა, რომელიც მაღალ ტარიფებს ინვესტორების მოზიდვის ინსტრუმენტად იხილავს.

ქვეყანა        ცენტი/1 კვტ.სთ.     მშპ ერთ სულზე (აშშ დოლარი)

სამხრეთი აფრიკა         3.56            10000

კანადა                         6.18            39300

შვედეთი                      6.6             38500

ფინეთი                      6.95             3200

ავსტრალია                  7.11            38100

მალაიზია                    7.42            15300

საფრანგეთი                8.54             32700

აშშ                             9.28               7100

ესპანეთი                    10.35            34600

პერუ                          10.44             8400

გაერთიან. სამეფო        11.16           36600

ბელგია                       11.43            37500

ისლანდია                   11.61            39900

ნიდერლანდები           12.62            40300

გერმანია                     13.16            34800

სინგაპური                  15.31            52200

პორტუგალია              16.39            22000

ხორვატია                   17.55            16100

ირლანდია                  23.89            46200

იტალია                      36.74            31100

დანია                         42.89            37400

საქართველო               7.95                4700