როდის "ამოისუნთქავს" ლარი - კვირის პალიტრა

როდის "ამოისუნთქავს" ლარი

"ლარის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად, 20 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა მოიჭრა"

არის კურსის ცვლილება თითოეული ჩვენგანის ჯიბეზე აისახება და შესაბამისად, ეს საკითხი აქტუალურობას არ დაკარგავს მანამდე, სანამ ეროვნული ვალუტა არ დასტაბილურდება. ჩვენს თანამოქალაქეებს აინტერესებთ, დაახლოებით როდის დასტაბილურდება ლარი და კიდევ ხომ არ არის რყევები მოსალოდნელი. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, "პალიტრა TV-ს გადაცემა "რეზიუმეში" ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ლარზე ძირითადი წნეხი შემცირებულია და შესაბამისად, ეროვნული ვალუტა დასტაბილურდება.

დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკის მინისტრი:

- წლის დასაწყისიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ადგილი ჰქონდა ეროვნული ვალუტის დევალვაციას, ჩვენი ექსპორტის და იმპორტის მოცულობებში ცვლილებები ხდებოდა. 8 თვის მდგომარეობით, იმპორტი (და ეს არის ის ძირითადი წნეხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ვალუტაზე მოდის) 800 მილიონი დოლარით არის შემცირებული, რაც 14%-იანი კლებაა. ამავე დროს, ექსპორტი შემცირდა დაახლოებით 400 მილიონი დოლარით და დაგვაკლდა კიდევ 250 მილიონ დოლარამდე, რომელიც იყო უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისგან გადმოსარიცხი თანხები. საბოლოო ჯამში, თუ ჩვენ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, ვნახავთ, რომ შარშანდელთან შედარებით წელს ჩვენს ვალუტაზე წნეხი 100 მილიონი დოლარით ნაკლებია. წლის ბოლოსთვის, თუ ასეთივე ტენდენციები გაგრძელდა, ეს მაჩვენებელი გაიზრდება 180 მილიონ დოლარამდე. ანუ, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ თანაბარ პირობებში შარშან კურსს ჰქონდა წონასწორობის მდგომარეობა ნაპოვნი, წელს უკვე იმაზე ნაკლები დოლარი გავა ქვეყნიდან, ვიდრე კურსის წონასწორობას სჭირდება. სწორედ ამიტომ ველოდებით საშუალოვადიან პერიოდში ლარის გამყარებას... წლის დასაწყისში კომპანიების ანგარიშებზე არსებული ნაშთები დაახლოებით მილიარდ 200 მილიონ დოლარს შეადგენდა, დღეს კი კომპანიებს აქვთ მილიარდ 700 მილიონი დოლარი, ანუ კომპანიებს ლარის გაუფასურების მოლოდინები გააჩნდათ, რის გამოც დოლარს ყიდულობდნენ და თავიანთ ანგარიშებზე აგროვებდნენ, თუმცა ეს თანხა მათ ანგარიშებზე ვერ დარჩება და ის ყველა შემთხვევაში ბრუნვაში უნდა წავიდეს."

ზურაბ კუკულაძე, ექსპერტი:

- როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის არსებული დაძაბულობა იხსნება. თავიდანვე დაპირისპირება იმით იყო გამოწვეული, რომ ეროვნული ბანკი ლარის კურსის დასასტაბილურებლად საკუთარ ვალდებულებას არ ასრულებდა. გიორგი ქადაგიძისგან აბსოლუტურად ფორმალურ მიზეზებს ვისმენდით, რაზეც მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას ადეკვატური რეაქცია ჰქონდა. ეროვნული ბანკის მიმართ ორი ძირითადი პრეტენზია არსებობს - რატომ არ ყიდდა ბაზარზე საჭირო რაოდენობის დოლარს და მეორე - რატომ გასცემდა დიდი მოცულობით რეფინანსირების სესხებს. დიმიტრი ქუმსიშვილმა სწორი აქცენტი გააკეთა, როდესაც განაცხადა, რომ ლარის გაუფასურების ფუნდამენტური ფაქტორები ამოწურულია. ამ შემთხვევაში საფრთხეს ისევ ეროვნული ბანკი წარმოადგენს. ყველაფერი მაინც სწორედ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული - მას შეუძლია ბაზარზე ჩაერიოს, დოლარი გაყიდოს ან რეფინანსირების სესხები შეზღუდოს. ამ ეტაპზე ისიც მნიშვნელოვანია, ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო როგორ იმუშავებს და შეზღუდავს თუ არა ის ეროვნული ბანკის არასწორ პოლიტიკას. ვეთანხმები ქუმსიშვილს, რომ ვალუტაზე წნეხი წელს 100 მილიონი დოლარით ნაკლებია. წლის ბოლოსთვის კი, ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, მაჩვენებელი 180 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. წლის ბოლოსთვის ბევრად პოზიტიურ შედეგებს ველოდები. ეროვნული ბანკის პოლიტიკა რომ არა, ლარის კურსი დღეს გაცილებით უკეთეს პოზიციებზე იქნებოდა. თუ დღეს საზოგადოებას უჭირს და სოციალური პრობლემების წინაშეა, ეროვნული ბანკის არასწორი მიდგომის შედეგია. ინვესტიციები 81%-ით გაიზარდა, რაც ქვეყანაში შემოსულ მეტ დოლარსა და ახალ სამუშაო ადგილებს ნიშნავს. ეს მაჩვენებელიც ქართულ ეკონომიკაზე შესაბამისად უნდა ასახულიყო.

რუსუდან შელია