დაუსრულებელი მშენებლობების ქალაქი, ანუ უტენდერო "თამაშები" - ჟურნალისტური მოკვლევის სკანდალური დასკვნა (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

დაუსრულებელი მშენებლობების ქალაქი, ანუ უტენდერო "თამაშები" - ჟურნალისტური მოკვლევის სკანდალური დასკვნა (ექსკლუზივი)

"კვირის პალიტრის" წინა ნომერში გასულ სტატიას - "მშენებლობა მხარ-თეძოზე", დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გაზეთის მკითხველები გვწერდნენ კონკრეტულ მისამართებს, სადაც უკვე რამდენიმე თვეა თბილისის მერია სარემონტო თუ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს, გადათხრილია ქუჩები, მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემები ექმნება, დაუსრულებელ მშენებლობებს კი ბოლო არ უჩანს.

ჩვენ მკითხველების გამოგზავნილ ყველა მისამართზე გავედით და მეტად არასახარბიელო სურათი დაგვხვდა.

თვეზე მეტია, "ვარკეთილის" მეტროს ჩასასვლელების რემონტი მიმდინარეობს. კიბეები დაახლოებით 3 კვირის წინ აყარეს და ამ დრომდე ვერ დაუგიათ. ხალხი რის ვაი-ვაგლახით ახერხებს მეტროში ჩასვლა-ამოსვლას. მიმდებარედ დასაქმებულები ამბობენ, რომ რამდენიმე ადამიანი აყრილ კიბეზე დაგორდა კიდეც. ცოტა ხნის წინ კი აქაურობა ნაგავსაყრელად იქცა. მეტროს ჩასასვლელში კიბეების დაგება მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დაიწყეს.

დიღმის მასივში, მე-3 კვარტალთან, დაახლოებით ერთი თვის წინ აიღეს გზის საფარი, თუმცა სამუშაოები აქამდე არ დასრულებულა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, ბოლო 10 დღეა აყრილი გზის დასაგებად არც არავინ გამოჩენილა. გადათხრილ გზაზე ზოგან ისეთი ორმოებია, რომ მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება ჭირს. აღარაფერს ვამბობ მტვერსა და უგზოობის გამო შექმნილ დისკომფორტზე, რომლის გამოც მოსახლეობა წუხს. არადა, ამ მონაკვეთზე ასფალტის დაგებას სულ რამდენიმე საათი სჭირდება.

დაახლოებით 2 თვეა, ჯავახიშვილისა და გორკის ქუჩების გადაკვეთაზე, გზის მოზრდილი ნაწილი თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს აქვს გადაკეტილი და იქ სარემონტო სამუშაოებს აწარმოებენ. ამის გამო მოძრაობა გზაზე, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია, შეფერხებულია და ხშირად საცობები იქმნება. მოსახლეობა კი დაუსრულებელი მშენებლობით გამოწვეული ხმაურით, მტვრითა და საკანალიზაციო წყლების სუნით არის შეწუხებული.

დაახლოებით 7 თვეა გადაკეტილია გადასასვლელი ხიდი ზაჰესში - როგორც მისი სარკინიგზო გზაგამტარი, ასევე სამანქანო ხიდი. არადა, სარკინიგზო გზაგამტარის სამუშაოები, მერიის მიერ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, მაისში უნდა დასრულებულიყო, სამანქანო ხიდი კი მომავალი წლის თებერვალში უნდა იყოს მზად. ბოლო 2 თვე ზაჰესის ხიდზე სარემონტო სამუშაოები შეჩერებული იყო. როგორც გაირკვა, მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, სამშენებლო კომერციულ კორპორაცია "ხიდთან" ხელშეკრულება გაწყვიტა. მხოლოდ რამდენიმე დღეა, რაც სამშენებლო ობიექტის ნაწილზე - სარკინიგზო გადასასვლელზე სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად სხვა კომპანია შევიდა, რომელიც მერიამ ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შეარჩია. რაც შეეხება სამანქანო ხიდს, მისი რეაბილიტაციისთვის ტენდერი ოქტომბერში უნდა გამოცხადდეს, რაც ნიშნავს, რომ ზაჰესის ხიდი კიდევ დიდხანს იქნება გადაკეტილი.

უტენდერო "თამაშები"

მერიის მიერ ტენდერის გარეშე შერჩეული კომპანია კი "ენსისი" გახლავთ, რომელზეც წინა პუბლიკაციაშიც ვწერდით. ეს ის კომპანიაა, რომელმაც ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციის ტენდერში გაიმარჯვა და რომელიც გიგი უგულავას მეგობარს, გიგი ქელბაქიანს ეკუთვნის. შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 21 ნოემბერს შსს-მ გიგი ქელბაქიანი და მისი კომპანიის ფინანსური მენეჯერი არჩილ ჩოგოვაძე დააკავა. მათ ბრალად სახელმწიფო სახსრების დიდი ოდენობით მითვისება ედებოდათ. გამოძიება ასევე იკვლევდა იმ სახსრების წარმომავლობას, რომლითაც "ენსისი" თბილისის შემოგარენში, მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირებისთვის, ფეშენებელურ აგარაკებს აშენებდა.

მერიის მიერ სხვადასხვა პროექტის შესრულების ფორმები, მეთოდები და ტემპები ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს. ერთიანად გადათხრილი თბილისი ძალაუნებურად გვაფიქრებინებს, რომ ქალაქის მთავრობაში არაკომპეტენტურობის პრობლემაა, ან საბოტაჟთან უნდა გვქონდეს საქმე, ანდა ტენდერები, ისევე როგორც წინა ხელისუფლების დროს, ამ მთავრობისთვისაც ხელის მოთბობის საუკეთესო წყაროდ იქცა. ამ ეჭვს მერიის მხრიდან სამშენებლო კომპანიებისთვის არაერთგვაროვანი პირობების დაწესებაც ამძაფრებს.

გიორგი ანდღულაძე, სამშენებლო კომერციული კორპორაცია "ხიდის" წარმომადგენელი: "ზაჰესში ძალიან ბევრი თანმხვედრი პრობლემა იყო, კონკრეტულად ვინმეს დადანაშაულება რთულია. მართალია, საბოლოოდ ჯოხი კომპანიაზე გადატყდა, მაგრამ კომპლექსურ პრობლემასთან გვქონდა საქმე. პირველ რიგში, არაკომპეტენტურად იყო შედგენილი სატენდერო დოკუმენტაცია. კომპანიის დანაშაული კი ის იყო, რომ არარეალურ ტენდერში მონაწილეობდა, რომლის პირობების შესრულება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო.

არასერიოზულად მიუდგნენ მშენებლობის ვადებს. მართალია, პროექტის დასრულების საბოლოო ვადა გახანგრძლივებული იყო, მომავალი წლის თებერვლისთვის კი არა, წლევანდელი ნოემბრისთვისაც მოესწრებოდა ხიდის რეაბილიტაცია და კომპანია ამ სამუშაოებს ყველა შემთხვევაში შეასრულებდა. მაგრამ კალენდარული გეგმა-გრაფიკი არაკომპეტენტურად გაწერილი იყო. სამუშაოს შესრულების ყოველი ეტაპი 30 დღეზე იყო გაწერილი. იმის ნაცვლად, რომ გვერდით დასდგომოდნენ ამ ორგანიზაციას და სულ ცოტა, ნაკლები პრობლემა შეექმნათ, ყოველ ნაბიჯზე აჯარიმებდნენ. ხიდი ცოტა სპეციფიკური სამუშაოა, შესაძლოა, მე საამქროში დავამზადებინო დეტალები და მოცემულ მომენტში ადგილზე საერთოდ არ ვმუშაობდე, მერია კი მუშების რაოდენობით საზღვრავდა მიმდინარე სამუშაოებს. ძირითადი სამუშაოები საამქროშია შესასრულებელი, ამათი მოთხოვნა კი იყო, იქ დაენახათ მუშა "ლაფატკით" ხელში. იცით, დაახლოებით როგორი ვითარებაა, ახლა ქუჩაზე გადასვლისთვის რომ დაგაჯარიმოთ, მაგრამ მაინც თქვენ აუცილებლად უნდა გადახვიდეთ ამ ქუჩაზე... თანამდევი ჯარიმები საკმაოდ დიდ თანხებზე ავიდა, ამ დროს კომპანიას რამდენიმე დიდი ტენდერი ჰქონდა მოგებული და ეს ფინანსური სანქციები მისთვის კატასტროფის ტოლფასი აღმოჩნდა. ყოველდღიური, საბრუნავი ფულის ამოღება მოხდა ამ კომპანიიდან და მერიასთან კონტრაქტი ჩვენ თავად შევწყვიტეთ. ახლა, როგორც ვიცი, ახალი და რეალური პროექტი გაკეთდა. თუმცა დღეს მაგ ხიდის გაკეთება, მე პირადად, არასერიოზულადაც კი მიმაჩნია დღევანდელი პრობლემების ფონზე. საერთოდ არ იდგა ამ ხიდების რეაბილიტაციის აუცილებლობა, მით უფრო, ასე არაკომპეტენტურად. ძალიან მცირე იყო იქ საავტომობილო მოძრაობა. დღეს ქალაქში გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემებია".

ანზორ საკანდელიძე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, არასამთავრობო ორგანიზაციის "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" ხელმძღვანელი: "რეაბილიტაცია-აღდგენის სამშენებლო სამუშაოებს - გზის გაფართოება იქნება, გამაგრება, რეაბილიტაცია თუ სხვა, თავისი ნორმატიული ვადები აქვს, რომლებიც განსხვავებულია ახალმშენებლობებისგან. გზის ან ხიდის რეკონსტრუქციის პროექტისთვის ნორმატიული ვადები განსხვავებული უნდა იყოს იმ ვადებისგან, რომელიც ახალი გზისა თუ ხიდის მშენებლობისთვის დაწესდება. დღეს ეს უგულებელყოფილია, არის საშინელი არაპროფესიონალიზმი და ქაოსი. ბევრი რამ პროექტის გარეშე კეთდება, მაგრამ იქ, სადაც პროექტი არის, მერია იჩენს წარმოუდგენელ არაპროფესიონალიზმს. 1 თვეში შესასრულებელი სამუშაოები ლამის 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობს.

დიღმულას ხიდის რეაბილიტაცია თავისუფლად მოესწრებოდა 1 თვეში, თუმცა ამისთვის 2-3 ცვლაში უნდა იმუშაოს მუშახელმა. ეს კი დამატებითი ხარჯია კომპანიისთვის, რომელმაც მერიის ტენდერში ყველაზე დაბალი ფასით გაიმარჯვა და ობიექტურად რომ ვთქვათ, შესაძლოა დამატებითი ხარჯის გაღების შესაძლებლობა არც ჰქონდეს. სამაგიეროდ, მერიისგან აქვს ანთებული მწვანე შუქი მაქსიმალური ვადების მიცემით, რომლითაც ახალი ხიდის აშენებაც მოესწრებოდა. მოსახლეობას კი ამ დროს შემოვლითი გზებით მოძრაობა, საცობებში დგომა და ორმო-ორმო სიარული უწევს".

პროექტები ვადების გარეშე

ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე კომენტარისთვის მერიასაც მივმართეთ. ნახევარსაათიანი ფიქრის შემდეგ გვიპასუხეს, რომ კომენტარს არ გააკეთებენ, სანამ საქალაქო სამსახურს ახალი ხელმძღვანელი არ ეყოლება. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ თანამდებობა დატოვა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოსტი შესაძლოა დატოვოს მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ. სხვათა შორის, სწორედ მისი ხელმოწერაა ქალაქში ბოლო დროს მიმდინარე ყველაზე დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით გაფორმებულ ხელშეკრულებებზე.

რადგან მერიაში კომენტარის გაკეთება არ ისურვეს, გადავწყვიტეთ, თავად გაგვერკვია, ვინ და რის მიხედვით ადგენს მშენებლობა-რეაბილიტაციის ვადებს. ამ საკითხით განსაკუთრებით მას შემდეგ დავინტერესდით, რაც გაირკვა, რომ სამშენებლო კომერციულ კორპორაცია "ხიდთან" გაფორმებული ხელშეკრულება ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია, სადაც მშენებელს სამუშაოს შესრულებისთვის კონკრეტული გეგმა-გრაფიკი დაუწესეს და სამშენებლო ობიექტზე "ლაფატკიანი" მუშების არყოფნისთვისაც აჯარიმებდნენ. თუმცა იმავდროულად თვალს ხუჭავენ იმაზე, რომ თვეების განმავლობაში გადათხრილ ქუჩებსა და ქალაქის მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძებზე, მხოლოდ დღის საათებში, სამშენებლო პროცესი მდორედ მიმდინარეობს.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში შემსყიდველ მხარეს, ანუ მერიას, მალხაზ ბაღანაშვილი წარმოადგენს, რომელმაც სატელეფონო საუბრისას გვითხრა, რომ მშენებლობა-რეაბილიტაციის ვადებს ზოგჯერ საპროექტო კომპანიები უთითებენ, ზოგჯერ კი თავად მერია წყვეტს, რამდენ ხანში უნდა დასრულდეს სამუშაოები.

საპროექტო კომპანიების წარმომადგენლებთან საუბრისას კი გაირკვა, რომ მშენებლობის ვადების განსაზღვრა მათ უფლებამოსილებას საერთოდ არ წარმოადგენს. ვადები იმაზეა დამოკიდებული, წლის რომელ დროს დაიწყება მშენებლობა და მას მერია ადგენს. გახანგრძლივებული ვადების დაწესება კი, რაც მოსახლეობას ამდენ პრობლემას უქმნის, საპროექტო კომპანიების წარმომადგენლების განმარტებით, ხელს აძლევს შემსრულებელ კომპანიას, რომელსაც ნაკლები ხარჯის გაწევა მოუწევს, დამატებითი მუშახელის დაქირავების გარეშე.

მერია მშენებლობის ვადებს ხან იმის მიხედვით განსაზღვრავს, რამდენად ჩქარობს ობიექტის დასრულებას, ხანაც იმის მიხედვით, აქვს თუ არა თანხების მობილიზების პრობლემა. მაგალითად, ერთ-ერთ საპროექტო კომპანიის წარმომადგენელთან საუბრისას გაირკვა, რომ დიღმულას ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოების დაწყება უკვე მაის-ივნისიდან შეიძლებოდა, პროექტი მზად იყო და სამუშაოების დასრულება ზაფხულის ბოლომდე მოესწრებოდა. მაგრამ, როგორც ვნახეთ, ხიდის რეაბილიტაცია მხოლოდ ზაფხულის მიწურულს დაიწყეს. შესაბამისად, მერიის მხრიდან არაკომპეტენტურობასთან გვაქვს საქმე, გულგრილობასთან, უპასუხისმგებლობასთან თუ კორუფციულ გარიგებებთან, ეს ალბათ შესაბამისმა სამსახურებმა უნდა გამოიძიონ.

იხილეთ სიუჟეტი palitratv.ge-ზე