ხელსაყრელი სასარგებლოსთან ერთად - კვირის პალიტრა

ხელსაყრელი სასარგებლოსთან ერთად

მძიმე შემოდგომა-ზამთრისთვის ყველა თავისებურად ემზადება

საზოგადოება მძიმე შემოდგომისა და კიდევ უფრო რთული ზამთრის მოლოდინით ცხოვრობს. თუ ეკონომიკის ექსპერტებს დავუჯერებთ, ახლო მომავალში ბიზნესის აქტივობის ზრდაც არ არის მოსალოდნელი. მეტიც, მათი პროგნოზით, ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება, შესაძლოა, კიდევ უფრო გაუარესდეს, ეს კი ინფლაციის ზრდასა და მოსახლეობის შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს.

მოქალაქეებს სამომხმარებლო ფასების ზრდის პერსპექტივაც აშინებთ, ამიტომ კრიზისული შემოდგომა-ზამთრის დასახვედრად ყველა თავისებურად ემზადება. საკვები პროდუქტებით მოვაჭრე მაღაზიებში და ბაზრობებზე ამბობენ, რომ ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა შაქარზე და ამას მოსახლეობის მიერ ზამთრის მარაგის გაკეთებით ხსნიან.

ლილი  ქავთარაძე (მოვაჭრე): _ მართალია, შარშანდელთან შედარებით კილოგრამი შაქრის ფასი გაზრდილია, მაგრამ წლეულს გაცილებით მეტს ვყიდი. შარშან, ომგამოვლილ ქვეყანაში, ზამთრის მარაგის გასაკეთებლად ვის ეცალა. მე თვითონ ერთი ქილა მურაბაც არ მომიხარშავს. წლეულს კი ხილი ბევრია, თანაც შედარებით იაფია და ხალხი თადარიგს იჭერს, ვაითუ, უფრო გაუარესდეს ცხოვრების დონეო და კომპოტებს, მურაბებსა და ბოსტნეულის კონსერვებს იმარაგებენ. კილოგრამი შაქარი 1,40-1,50 ღირს, მაგრამ დღეში ზოგჯერ 10 ტომარასაც კი ვყიდი. ახლა მცენარეულ ზეთზეც მაღალია მოთხოვნა, რადგან ბოსტნეულის კონსერვები სწორედ მისგან მზადდება.

ალეკო  შერმადინი (ბაზრის მოვაჭრე): _ ყველაზე კარგად ტყემალი და ატამი იყიდება. ვისაც შესაძლებლობა აქვს, ათეულობით კილოგრამს ყიდულობს და მისგან დამზადებულ პროდუქტს ზამთრისთვის იმარაგებს, ზოგს კი თითო კილოგრამი მიაქვს და ამბობენ: ამასაც ვერ ვიმეტებთ საჭმელად, ყველაფერს ქილაში ვყრით ზამთრისთვისო. ზამთარში ხილიცა და ბოსტნეულიც საკმაოდ ძვირი ღირს, ამიტომ მათ ყიდვას ბევრი ვერ ახერხებს. თანაც ზამთარში ბაზარზე მეტწილად იმპორტირებული ხილი და ბოსტნეული იყიდება. ამიტომ ახლა ადგილობრივი პროდუქციის იაფად შეძენა და მისი სხვადასხვა სახით შენახვაა ხელსაყრელი. უხვი მოსავლის გამო, შარშანდელთან შედარებით ხილისა და ბოსტნეულის ფასიც ნაკლებია. ერთადერთი პომიდორი ინარჩუნებს მაღალ ფასს. მაგრამ ახლა გორის რაიონიდან ველოდებით მის მოსავალს და, ვფიქრობთ, ეს პროდუქტიც გაიაფდება. მოსახლეობაც დაიწყებს ზამთრის მარაგისთვის მის შეძენას.

ეკა  ბალავაძე (თბილისის მკვიდრი): _ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩემი ოჯახის შემოსავალი თითქმის განახევრდა. ახლაც უხელფასო შვებულებაში ვარ, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი დარწმუნებით, სექტემბერში დამაბრუნებენ თუ არა სამსახურში, რადგან კომპანია, სადაც ვმუშაობ, ფინანსურ პრობლემებს ებრძვის. სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჩემს ოჯახს, ალბათ, მძიმე წელი ექნება. ამიტომ ეკონომიკურ პრობლემებს შეძლებისგვარად მომზადებული მინდა დავხვდე. ვიდრე ხილი ბაზარზე ხელმისაწვდომ ფასად იყიდება, ზამთრისთვის კონსერვებს ვამზადებ. აქამდე სარდაფით, ფაქტობრივად, არ ვსარგებლობდი, ახლა კი თაროზე ცარიელი ქილაც არ დამრჩა. მოგეხსენებათ, ზამთარში კომუნალური ხარჯები იზრდება, ამიტომ ახლა გაკეთებული მარაგი სირთულეების გადატანაში დამეხმარება.