ქართული ძროხები დაიწუნეს?! - კვირის პალიტრა

ქართული ძროხები დაიწუნეს?!

"კარგი მეწველი ქართული ძროხა წელიწადში 1 000-1 300 ლიტრ რძეს იწველის, იმპორტირებული - დაახლოებით 4 000-ს. დღეში ევროპული ან ამერიკული ჯიშის - 13-14 ლიტრს იწველება"

შეღავათიანი აგროსესხის გაცემის პირობები შეიცვალა - მესაქონლეობაში იაფი აგროკრედიტი მხოლოდ მაღალპროდუქტიული საქონლის შესაძენად გაიცემა, ამ კრიტერიუმს კი იმპორტირებული ოთხფეხა პირუტყვი ქართულზე მეტად აკმაყოფილებს.

შემთხვევით შევესწარი ერთ-ერთი ბანკის წარმომადგენლისა და გლეხის საუბარს. გლეხი მსხვილფეხა საქონლის შესაძენად თანხას ითხოვდა, მაგრამ უარი მიიღო.

- შეღავათიან აგროკრედიტს ქართული ჯიშის ძროხის შესაძენად აღარ გავცემთ! - მოუჭრა ბანკის წარმომადგენელმა და მიზეზად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი მითითება დაასახელა(?!).

- კი მაგრამ, რა დააშავეს ქართული ჯიშის ძროხებმა?! - იკითხა გლეხმა.

- ის, რომ იმპორტულთან შედარებით ცოტას იწველიან და მაღალპროდუქტიული არ არიან! - მიიღო პასუხად.

- გლეხმა საიდან ან როგორ უნდა შემოიყვანოს მაღალპროდუქტიული საქონელი, თანაც რა ფასად?! ეს ხომ ხარჯს ერთიორად გაზრდის და თანაც, თუ არ გაუმართლა, ბანკს პროცენტს როგორღა გადაუხდის?! - ხელი ჩაიქნია გლეხმა.

გამოველაპარაკე, მაგრამ მან ვინაობის გამხელა არ ისურვა - მთავრობას, რომელსაც ასეთი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია, ჩემი მტერი ებრძოლაო...

"კვირის პალიტრა" სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ლევან დავითაშვილს ესაუბრა.

- მეცხოველეობის განვითარებისთვის დიდი აგროპორტფელი გაიცა, მაგრამ სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ. ცვლილების პროექტი უკვე გავუგზავნეთ მთავრობას და ალბათ, პირველივე სხდომაზე დამტკიცდება. ბანკებს გაეგზავნა მითითება, პროექტები ახალი ფორმულირებით განიხილონ. დაფინანსებას მიიღებს ის, ვინც მაღალპროდუქტიულ და რეკომენდებულ ჯიშებს შეიძენს. მცდარია ინტერპრეტაცია, თითქოს ქართული ჯიშის ძროხის შეძენა აღარ დაფინანსდება. პირიქით, ჩვენ ქართული ჯიშების აღსადგენადაც ვმუშაობთ.

- რომელი ჯიშის ძროხა მიიჩნევა მაღალპროდუქტიულად?

- ევროპული და ამერიკული ჯიშის ძროხები. სამწუხაროდ, ქართული წმინდა ჯიშის ძროხები თითქმის აღარ არიან.

- რამდენს უნდა იწველიდეს მაღალპროდუქტიული ძროხა?

- ეს დამოკიდებულია კვებაზე, გარემო პირობებზე... ჩვენი მიზანია მაღალპროდუქტიული ძროხების შეძენის ხელშეწყობა და ეფექტიანი საშენი მეურნეობების შექმნა. შესაძლოა, ქართული წმინდა ჯიში (თუ მათი აღდგენა მოხერხდა) უფრო შეეფერებოდეს გარემო პირობებს, ვიდრე ევროპული ან ამერიკული.

- ეს სიახლე გლეხს (რომელსაც საქონლის შემოყვანის შესაძლებლობა არა აქვს) მესაქონლეობაზე ხელს ხომ არ ააღებინებს?

- ჩვენ ვაფინანსებთ არა მხოლოდ ცხოველის შეძენას, არამედ ფერმის აშენებასაც. სწორად მოწყობილი მეურნეობა უფრო ეფექტიანი იქნება, თორემ გლეხს რომ პირუტყვი ჰყავს, არაფერს ნიშნავს... ამის დაფინანსება სახელმწიფოს ამოცანა არ არის.

ამ საუბრის შემდეგ "კვირის პალიტრას" სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე მამუკა კვარაცხელია დაუკავშირდა:

- ბანკებიც მართალი არიან, ქართული ძროხების შესაძენად იაფ აგროკრედიტს რომ აღარ გასცემენ და ჩვენც. ერთია ფერმის აშენება და მეორე - საქონლის შეძენა. შარშან შევიმუშავეთ სტანდარტი, თუ რა ტიპის ფერმას დავაფინანსებთ. სამი წელია, სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტის გაცემისას საპროცენტო სარგებლის თანადამფინანსებელია და ამ პროცესში ცვლილებებიც ხდება. მაგალითად, შარშან შევზღუდეთ მოზარდი პირუტყვის შეძენისას საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებაში სახელმწიფოს მონაწილეობა.

მეხორცული ჯიშის პროდუქტიულობა განისაზღვრება ცოცხალი წონიდან ხორცის გამოსავლიანობით, ხოლო მერძეულის - წელიწადში მოწველილი რძის რაოდენობით. მაღალპროდუქტიული ჯიშების სია შემუშავებული არ არის, თუმცა, მალე გვექნება. უპირატესობა ქართულ ძროხას არ ენიჭება. კარგი მეწველი ქართული ძროხა წელიწადში 1 000-1 300 ლიტრ რძეს იწველის, იმპორტირებული - დაახლოებით 4 000-ს. დღეში ევროპული ან ამერიკული ჯიშის - 13-14 ლიტრს იწველის.

- ქართული ჯიშის ძროხები მაღალპროდუქტიულობით ოდესმე თუ გამოირჩეოდნენ?

- ადრე ბევრი უნიკალური ჯიშის პირუტყვი გვყავდა, მაგრამ ყველა ეს ჯიში გადაშენდა. თუკი ჯიშების აღდგენა და მათთვის იდეალური პირობების შექმნა მოხერხდება, ცხადია, ამ ძროხების პროდუქტიულობაც გაიზრდება.

- იმპორტირებული პირუტყვის ფასი დღეს ქართულს ბევრად აღემატება?

- დიახ. ქართული ძროხის ფასი 1 000-1 300 ლარია, უცხოურისა კი 2 200-დან 3 000 ლარამდეა.

- შესაძლებელია, რომ საქართველოში შემოყვანილი ევროპული ან ამერიკული ჯიშის ძროხები მაღალპროდუქტიული არ აღმოჩნდეს?

- სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა საზღვარზევე უნდა შეაფასოს ოთხფეხა საქონლის მაღალპროდუქტიულობა, მაგრამ თუ პატრონი ამ საქონელს შესაბამის პირობებს არ შეუქმნის, შესაძლოა, მაღალპროდუქტიული არც გამოდგეს.

- ფილმი "უდიპლომო სასიძო" გამახსენდა - ძროხა მაშინ არის კარგი, როცა იაფი შესანახია...

- ეგ ღორებზეა ნათქვამი. "ღორი მაშინ არის კარგი, როცა იაფია მისი შენახვა"...