ქართული ძროხები დაიწუნეს?!
12-10-2015
ქართული ძროხები დაიწუნეს?!
"კარგი მეწველი ქართული ძროხა წელიწადში 1 000-1 300 ლიტრ რძეს იწველის, იმპორტირებული - დაახლოებით 4 000-ს. დღეში ევროპული ან ამერიკული ჯიშის - 13-14 ლიტრს იწველება"


შეღავათიანი აგროსეს­ხის­ გაცემის პირობები შეიცვალა - მესაქონლე­ობაში იაფი აგროკრედიტი მხოლოდ მაღალპროდუქტიული საქონლის შესაძენად გაიცემა, ამ კრიტერიუმს კი იმპორტირებული ოთხფეხა პირუტყვი ქართულზე მეტად აკმაყოფილებს.
შემ­თხ­ვევით შევესწარი ერთ-ერთი­ ბანკის წარმომადგენლისა და გლე­ხის საუბარს. გლეხი მსხვილფეხა საქონლის შესაძენად თანხას ითხოვდა, მაგრამ უარი მიიღო.
- შეღავათიან აგროკრედიტს ქართული ჯიშის
ძროხის შესაძენად აღარ გავცემთ! - მოუჭრა ბანკის წარმომადგენელმა და მიზ­ეზად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი მითითება დაასახელა(?!).

- კი მაგრამ, რა დააშავეს ქართული ჯიშის ძროხებმა?! - იკითხა გლეხმა.

- ის, რომ იმპორტულთან შედარებით ცოტას იწველიან და მაღალპროდუქტიული არ არიან! - მიიღო პასუხად.

- გლეხმა საიდან ან
როგორ უნდა შემოიყვანოს მაღალპროდუქტიული საქონელი, თანაც რა ფასად?! ეს ხომ ხარჯს ერთიორად გაზრდის და თანაც, თუ არ გაუმართლა, ბანკს პროცენტს როგორღა გადაუხდის?! - ხელი ჩაიქნია გლეხმა.

გამოველაპარაკე, მაგრამ მან ვინაობის გამხელა არ ისურვა - მთავრობას, რომელსაც ასეთი გადაწყვეტილებების მიღება შეუძ­ლია, ჩემი მტერი ებრძოლაო...

"კვირის პალიტრა" სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ლევან დავითაშვილს ესაუბრა.
- მეცხოველეობის განვითარებისთვის დიდი აგროპორტფელი გაიცა, მაგრამ სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ. ცვლილების­ პროექტი უკვე გავუგზავნეთ მთავრობას და ალბათ, პირველივე სხდომაზე დამტკიცდება. ბანკებს გაეგზავნა მითითება, პროექტები ახალი ფორმულირებით განიხილონ. დაფინანსებას მიიღებს ის, ვინც მაღა­ლპროდუქტიულ და რეკომენდ­ებულ ჯიშებს შეიძენს. მცდარია ინტერპრეტაცია, თითქოს ქართული ჯი­შის ძროხის შეძენა აღარ და­ფი­ნანსდება. პირიქით, ჩვენ ქართული­ ჯიშების აღსადგენადაც ვმუშაობთ.

- რომელი ჯიშის ძროხა მიიჩნევა მაღალპროდუქტიულად?
- ევროპული და ამერ­იკული ჯიშის ძროხები. სამწუხარ­ოდ, ქართული წმინდა ჯიშის ძროხები თითქმის აღარ არიან.

- რამდენს უნდა იწველიდეს მაღალპროდუქტიული ძროხა?

- ეს დამოკიდებულია კვებაზე, გარემო პირობებზე... ჩვენი მიზანია მაღალპროდუქტიული ძროხების შეძენის ხელშეწყობა და ეფექტიანი საშენი მეურნეობების შექმნა. შესაძლოა, ქართული წმინდა ჯიში (თუ მათი აღდგენა მოხერხდა) უფრო შეეფერებოდეს გარემო პირობებს, ვიდრე ევროპული ან ამერიკული.

- ეს სიახლე გლეხს (რომელსაც საქონლის შემოყვანის შესაძლებლობა­ არა აქვს) მესაქონლეობაზე ხელს ხომ არ ააღებინებს?
- ჩვენ ვაფინანსებთ არა მხოლოდ ცხოველის შეძენას, არამედ ფერმის აშენებასაც. სწორად მოწყობილი მეურნეობა უფრო ეფექტიანი იქნება, თორემ გლეხს რომ პირუტყვი ჰყავს, არაფერს ნიშნავს... ამის დაფინანსება სახელმწიფოს ამოცანა არ არის.

ამ საუბრის შემდეგ "კვირის პალიტრას" სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე მამუკა კვარაცხელია დაუკავშირდა:

- ბანკებიც მართალი არიან, ქართული ძროხების შესაძენად იაფ აგროკრედიტს რომ აღარ გა­სცემენ და ჩვენც. ერთია ფერმის­ აშენება და მეორე - საქონლის შეძენა. შარშან შევიმუშავეთ სტანდარტი, თუ რა ტიპის ფერმას დავაფინანსებთ. სამი წელია, სახელმწიფო შეღავა­თიანი აგროკრედიტის გაცემისას საპროცენტო სარგებლის თანადამფინანსებელია და ამ პროცესში­ ცვლილებებიც ხდება. მაგალითად, შარშან შევზღუდეთ მოზარდი პირუტყვის შეძენისას საპროცენტო სარგებ­ლის თანადაფინანსებაში სახელმ­წიფოს მონაწილეობა.

­მეხორცული ჯიშის პროდუქ­ტიულობა განისაზღვრება ცოც­ხალი წონიდან ხორცის გამოს­ავლიანობით, ხოლო მერძეულის - წელიწადში მოწველილი რძის რაოდენობით. მაღალპროდუქტიული ჯიშების სია შემუშავებული არ არის, თუმცა, მალე გვექნება. უპირატესობა ქართულ ძროხას არ ენიჭება. კარგი მეწველი ქართული ძროხა წელიწადში­ 1 000-1 300 ლიტრ რძეს იწველის, იმპორტირებული - დაახლოებით 4 000-ს. დღეში ევროპული ან ამერიკული ჯიშის - 13-14 ლიტრს იწველის.

- ქართული ჯიშის ძროხები­ მაღალპროდუქტიულობით ოდესმე თუ გამოირჩეოდნენ?

- ადრე ბევრი უნიკალური ჯიშის პირუტყვი­ გვყავდა, მაგრამ ყველა ეს ჯიში გადაშენდა. თუკი ჯიშების აღდგენა­ და მათთვის იდეალური პირობ­ების შექმნა მოხერხდება, ცხადია,­ ამ ძროხების პროდუქტიულობაც­ გაიზრდება.

- იმპორტირებული პირუტყვის ფასი დღეს ქართულს ბევრად აღემატება?

- დიახ. ქართული ძროხის ფასი 1 000-1 300 ლარია, უცხოურისა კი 2 200-დან 3 000 ლარამდეა.

- შესაძლებელია, რომ საქართველოში შემოყვანილი ევროპული ან ამერიკული ჯიშის ძროხები მაღალპროდუქტიული არ აღმოჩნდეს?
- სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა საზღვარზევე უნდა შეაფასოს ოთხფეხა საქონლის მაღალპროდუქტიულობა, მაგრამ თუ პატრონი ამ საქონელს შესაბამის პირობებს არ შეუქმნის, შესაძლოა, მაღალპროდუქტიული არც გამოდგეს.

- ფილმი "უდიპლომო სასიძო" გამახსენდა - ძროხა მაშინ არის კარგი, როცა იაფი შესანახია...

- ეგ ღორებზეა ნათქვამი. "ღორი მაშინ არის კარგი,­ როცა იაფია მისი შენახვა"...

ალექს
16 ოქტომბერი 2015 10:10
ერთი თვე გავატარე ლეხაინდრაოში ჯამში ამ ბოლო 4 -5 თვეში,ეს ნაგვაზავოს ყოფილი გარეუბანია,მარადიული სიდუხჭირის სიმბოლოა,ხონიდან ,უფრო სწორად ხონის ბულვარიდან 6 კმ-ა და მარტვილის ბულვარიდან 15!
ყოვედღე ცხენისწყლის ჭალაში ნახირს მიდენიან,ასე 150 ძროხას,აი იმათ 6-8 და 10 ლიტრს რომ იწველებიან,ქართულებს,დაბალს,პატარას,ეს ძროხები ასე სამ საათში 10-12 კმ მარტო გზაში საბალახომდე და უკან გადიან,იქაც ხომ დადიან ?!
კითხეთ სპეციალისტებს ჰოლანდიური 14 ლიტრიანი ძროხა რამდენ ხანში გაივლის 12 კმ-ს ?
საერთოდ გაივლის,არ დავარდება ? ის ჰოალნდიური ბაგის ძროხაა, პარაშკოვი ,კომბისაკვების ,ძაღლების არ იყოს,სპეციალურ პოპკორნს რომ აჭმევენ,დიაბეტი ემართება თუ პურს აჭმევ შემთხვევით, ან ჭადი არეკნა ზურიკელას მურადასავით მეზობლის კეციდან !
აქ ,ამ ტყეღრეში ქართული ძროხაა საჭირო,ბანკირიც ქართულად მოაზროვნე გვინდა და მინისტრიც !
სოფლელი
13 ოქტომბერი 2015 09:53
სწორედ ვითარდება სოფლის მეურნეობა ზოგადად, 2012 წლამდე საერთოდ არაფერია რ ხდებოდა და მნიშვნელოვანია რომ მხარი დავუჭიროთ მათ ინიციატივებს, ავყვეთ თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს:)

რედაქტორის რჩევით