"ზედმეტი მოძრაობები" - საფრთხე ენერგოდამოუკიდებლობისთვის?!
12-10-2015
"ზედმეტი მოძრაობები" - საფრთხე ენერგოდამოუკიდებლობისთვის?!
კახი კალაძე: "თუ ჩვენ მოვახერხებთ რუსეთიდან დამატებითი მოცულობების წამოღებას, რომელიც გაუწევს კონკურენციას აზერბაიჯანიდან მოწოდებულ ბუნებრივ აირს, ეს ძალიან კარგი იქნება"

"გაზპრომის" მთავარი ინტერესი საქართველოს ბაზარზე შემოსვლა და ჩვენთვის კარგი პირობების შემოთავაზება
არ არის"


საქართველოს ხელისუფლება "გაზპრომთან" შეხვედრების გაგრძელებას გეგმავს. ოფიციალური ვერსიით, შეხვედრების მიზანი საქართველოს გავლით რუსული გაზის ტრანზიტის მოცულობის ზრდა და კომერციული ოპერატორებისათვის, კონკურენტულ ფასად, რუსეთიდან ბუნებრივი აირის შემოტანა იქნება.

"გაზპრომს" რომ კალაძესთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავის ოფიციალურ ვებგვერდზე არ
განეთავსებინა, ალბათ კიდევ დიდხანს ვერ შევიტყობდით, რომ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი "გაზპრომის" ხელმძღვანელობას ბრიუსელში შეხვდა. "როგორც იცით, ჩვენთვის ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია, თუმცა რაღაც მოცულობებზე არის გარკვეული პრობლემები. თუ ჩვენ მოვახერხებთ რუსეთიდან დამატებითი მოცულობების წამოღებას, რასაკვირველია, კონკურენტულ ფასებში, რომელიც გაუწევს კონკურენციას აზერბაიჯანიდან მოწოდებულ ბუნებრივ აირს, ეს ძალიან
კარგი იქნება", - გააკეთა განმარტება კალაძემ მას შემდეგ, რაც "გაზპრომთან" მისი შეხვედრის შესახებ გახდა ცნობილი. "გაზპრომისგან" ისიც გაირკვა, რომ ქართულ მხარესთან მორიგი შეხვედრა უახლოეს ხანში გაიმართება. აზერბაიჯანული მედია უკვე გამოეხმაურა ამ მოვლენებს და წერს, რომ "გაზპრომი" და "სოკარი" საქართველოსთვის "გაზის ომს" იწყებენ. აზერბაიჯანული მედია გვახსენებს, რომ "სოკარს" ბუნებრივი აირის ქართული ბაზრის 90% უკავია და როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობაში გადაწყვიტეს, აზერბაიჯანის გაზის მონოპოლიას ბოლო მოუღონ.


გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "საქართველოში ბუნებრივ აირზე მოთხოვნის დაკმაყოფილება ძირითადად აზერბაიჯანული გაზით ხდება. ბალანსში არის ის 10% რუსული გაზისა, რაც სომხეთში ტრანზიტიდან გვრჩება. აზერბაიჯანი ჩვენ უპრეცედენტო ფასში გვაწვდის გაზს წლების განმავლობაში და ამის უთქმელობა არ შეიძლება. მსოფლიოში არ არსებობს ასეთი ფასი, რა ფასადაც აზერბაიჯანისგან გაზს წლებია ვყიდულობთ. კონკრეტულ ციფრებზე ვერ გესაუბრებით, რადგან ეს კომერციული საიდუმლოებაა. ეს არის სოციალური გაზი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა იზრდება, საქართველოში შემოდის კომერციული გაზიც, ანუ დამატებით ვყიდულობთ და აქაც შეღავათიანი ფასებია...

"გაზპრომთან" მოლაპარაკების საკითხი ორ ნაწილად უნდა გავყოთ. ეკონომიკურ ნაწილში შეკითხვები არ შეიძლება იყოს - თუ ალტერნატივა ჩნდება და ვინმე არსებულზე უკეთეს პირობებს გთავაზობს, ამაზე უარის თქმა არ შეიძლება. რაც მეტი მომწოდებელი გვეყოლება, მით უკეთესი. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ "გაზპრომის" მთავარი ინტერესი საქართველოს ბაზარზე შემოსვლა და ჩვენთვის კარგი პირობების შემოთავაზება არ არის.

"გაზპრომისთვის" მთავარი ინტერესია ჩვენი და აზერბაიჯანის - როგორც ერთიანი გეოპოლიტიკური კვანძის, როგორც აღმოსავლეთიდან ევროპის ბაზრებზე გაზის მიწოდების ალტერნატიული, რუსეთიდან დამოუკიდებელი მარშრუტის - დისკრედიტაცია, ბლოკირება და დასუსტება.
ეს არის რუსეთის მთავარი ინტერესი. საქართველოს გაზის ბაზარი კი იმდენად მცირეა, რომ რუსეთისთვის ინტერესს არ წარმოადგენს. გამომდინარე აქედან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება, რაც შეიძლება რუსეთის მხრიდან წარიმართოს საქართველოს ხელისუფლებასთან და შესაძლოა ძალიან კარგი პირობებიც იყოს შემოთავაზებული, საბოლოო ჯამში, პოლიტიკურ მიზნებს ისახავს. საბოლოოდ კი ის ზარალი, რომელიც შეიძლება ამ ყველაფრისგან მივიღოთ, განუზომლად დიდი იქნება, ვიდრე თუნდაც ის დროებითი "კანფეტები", რაც შეიძლება რუსეთმა გადმოგვიგდოს.

უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ - ერთადერთი მოტივი, რითაც ჩვენ საინტერესო ვართ დასავლეთისა და ცივილიზებული სამყაროსთვის, ის არის, რომ ჩვენ განვიხილებით როგორც რუსეთის გვერდის ავლით ენერგომატარებლების გამტარი დასავლეთის ბაზრებისკენ აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიიდან. თუ მოხდა ამ მარშრუტის დისკრედიტაცია, რაც რუსეთის სტრატეგიული, გრძელვადიანი ინტერესია და ეს ენერგეტიკულ სტრატეგიაში უწერია კიდეც, ჩვენ ამით მოკლევადიანი ეკონომიკური სარგებელი რომც ვნახოთ, გრძელვადიან სისტემურ ზიანს მივიღებთ.

შესაძლოა ამას კატაკლიზმის სახეც კი ჰქონდეს საქართველოსთვის, რადგან ჩვენ მიმართ ინტერესი უბრალოდ დაიკარგება. თუ ვინმე მიამიტურად უყურებს პროცესებს, რომ ჩვენ დასავლეთისთვის საინტერესო ვართ რაღაც განსაკუთრებული თვისებების გამო, ეს არის ლირიკა. მათ აქვთ პრაგმატული ინტერესი - რუსეთის გზების ავლით, დივერსიფიცირებულად ჰქონდეთ ენერგომატარებლების მიღების შესაძლებლობა სამხრეთკავკასიური დერეფნის მეშვეობით. ასე რომ, ეს მეტად ფაქიზი თემებია. არ ვამბობ, რომ რუსეთს არ უნდა ველაპარაკოთ. ყველას უნდა ველაპარაკოთ, მათ შორის "გაზპრომსაც", მაგრამ პოლიტიკური კონტექსტი მოლაპარაკებებში მუდმივად უნდა იყოს გათვალისწინებული. თუ ამის გარეშე, წმინდა გაყიდე-იყიდეს პრინციპით შეეცდება ვინმე საუბრის წარმართვას, ეს დიდი უგუნურება იქნებოდა.

თუ ვისაუბრებთ იმაზე, აზერბაიჯანული მხარე როგორ შეხვდება ამას, ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და იმით ვერ ვიხელმძღვანელებთ, რა მოეწონება და რა არა აზერბაიჯანს. თუმცა, აზერბაიჯანთან ჩვენ იმდენად კარგი ურთიერთობა გვაქვს, ეს ქვეყანა იმდენად კორექტულად იქცევა, რომ არა მგონია, ამის გამო რამე მოიმოქმედოს. მაგრამ ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ სახელმწიფოებრივად მოაზროვნეები, წინ უნდა ვიხედებოდეთ და მოკლევადიან დივიდენდზე არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული. შესაძლოა ძალიან შორს მივდივარ, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ - არა მგონია, რომ რუსეთმა, თუნდაც ამ პოლიტიკური ინტერესის გამო, აზერბაიჯანზე რამენაირად უკეთესი პირობები შემოგვთავაზოს. უკეთესი პირობების შემოთავაზება უბრალოდ შეუძლებელია და თუ დემპინგზე წავიდა საუბარი, მაშინ, რაღა თქმა უნდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ აქ პოლიტიკური ინტერესია.

რუსეთი არ არის საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მოწოდების ერთადერთი ალტერნატივა, პოტენციური მომწოდებელია ცენტრალური აზია და ირანიც. ოღონდ ეს ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს უკავშირდება. ცენტრალური აზიიდან, თურქმენეთიდან, ტრანსკასპიური გაზსადენის კასპიის ზღვაში ჩადების პრობლემაა. ირანიდან კი არსებობს ირან-სომხეთის დამაკავშირებელი მილსადენი, მაგრამ ის ტრანზიტული არ არის. სამომავლოდ, ცხადია, გამორიცხული არ არის, რომ 700-მილიმეტრიანი მილის გვერდით უფრო დიდი კვეთის მილი ჩაიდოს, რაც შესაძლოა გამოყენებული იყოს საქართველოში გაზის მიწოდებისთვის და თუნდაც ირანული გაზის ტრანზიტისთვის საქართველოს გავლით, მაგრამ გრძელვადიანი პროექტებია, რომელთა შესრულება არ არის დამოკიდებული მხოლოდ ეკონომიკურ მოვლენებზე, არამედ გლობალური პოლიტიკის შემდგომ განვითარებაზეც. გამომდინარე აქედან, დღეს ვერც ერთ და ვერც მეორე მიმართულებაზე კონკრეტულად ვერ ვისაუბრებთ.
მე მაინცდამაინც არ მესმის, რატომ გვჭირდება აზერბაიჯანული გაზის ალტერნატივაზე ფიქრი, რადგან საკმაოდ კომფორტულად ვარY ამ მხრივ. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვიდგას უსაფრთხოების საკითხი და თუნდაც, გაზის ღირებულების საკითხი.

უსაფრთხოების თვალსაზრისით, აზერბაიჯანის მხრიდან დაცული ვართ, რადგან აზერბაიჯანს არ აქვს პოლიტიკური ინტერესი საქართველოში და აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების კუთხით მშვიდად შეგვიძლია ვიყოთ. ფასები კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გვაქვს, უკეთესი ფასი უბრალოდ არ არსებობს. შესაბამისად, ზედმეტი მოძრაობები, მით უფრო რუსეთთან, რომელიც ენერგეტიკას ყოველთვის იყენებს სწორედაც რომ, პოლიტიკური ინტერესებისთვის, ჩემთვის, ცოტა არ იყოს, არადამაჯერებელი და გაუგებარია".

რასიმ ლუზაბეკოვი, პოლიტიკური ანალიტიკოსი, აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატი: "არ ვფიქრობ, რომ "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებები საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს, რადგან აზერბაიჯანის გაზი საქართველოს ბაზარზე დომინანტია. რა ფასადაც აზერბაიჯანი საქართველოს გაზს აწვდის, უკეთესია, ვიდრე თუნდაც ის შეღავათიანი ფასი, რომლითაც რუსული გაზი სომხეთს საქართველოს გავლით მიეწოდება. აზერბაიჯანმა ძალიან ბევრი რეგიონული ქსელი აღადგინა საქართველოში და გაზით ამარაგებს. ხოლო თუ ბაზარზე მონოპოლია არ უნდა არსებობდეს და გაზის ტრანზიტის საფასურის გარდა, "გაზპრომი" დამატებითაც მიაწვდის გაზს საქართველოს, არა მგონია, რომ ეს ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობებისთვის საფრთხედ უნდა განვიხილოთ. წმინდა გეოგრაფიული თვალსაზრისითაც, ჩვენი გაზი ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე ის, რომელიც შეიძლება "გაზპრომმა" მოგაწოდოთ. ეს უკვე აზერბაიჯანული გაზის კონკურენტული უპირატესობაა. საქართველოს გაზის ნაწილს ტრანზიტის საფასურიდან იღებს, ნაწილს კი საკმაოდ დაბალ ფასში. რამდენადაც ვიცი,
აზერბაიჯანული "სოკარი" საქართველოს 1000 კუბ/მ გაზს საკმაოდ შეღავათიან ფასად, 55 აშშ დოლარად აწვდის და სწორედ ამიტომ არის საქართველოში გაზი 30-40%-ით იაფი, ვიდრე სომხეთში, რომელიც გაზს რუსეთიდან, ასევე შეღავათიან ფასში იღებს.

უბრალოდ, ახლა ვითარება ისეთია, რომ საბადო "შაჰდენიზი 2" ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა და აზერბაიჯანს გაზის განსაზღვრული დეფიციტი აქვს. გაზის დიდი მოცულობა ჩვენს საბადოზე უკან, პლასტში ბრუნდება, რათა ნავთობის მოპოვების მაღალი მოცულობა შევინარჩუნოთ. მოგეხსენებათ, ნავთობი ბაზარზე გაზზე ძვირი ღირს. "შაჰდენიზი 2"-ის ამოქმედების შემდეგ კი გაზის მოცულობა, რომელსაც საქართველო მიიღებს სატრანზიტო გადახდების სახით, მას დამატებითი მოცულობების პრობლემას მოუხსნის და "გაზპრომისგან" რამის შესყიდვის აუცილებლობაც აღარ იქნება.

თუ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში განვიხილავთ, რუსეთი, რომელიც თავის დროზე ყიდულობდა ენერგეტიკულ ქსელებს საქართველოში, იჩენს ინტერესს რკინიგზის მიმართ, სომხეთის რკინიგზასთან ერთად - ცხადია, ასეთი ინტერესი არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, ქართველ პოლიტიკოსებსაც ესმით მსგავსი წინადადებების ფასი, რუსეთის მიზნები და აცნობიერებენ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა ნიშნავს ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტების კონტროლს თავის სახელმწიფოში ან მეგობარ პარტნიორებთან და არა მათთან, ვინც იმპერიალისტური კატეგორიებით აზროვნებს".
tamaz
21 ოქტომბერი 2015 16:44
იტყუება რაღაცას დიდი ხუხა. არ გვაწვდიან არანაირ შეღავათიან ფასში გაზს. არც რუსები მოგვაწვდიან ესეც ფაქტია მაგრამ ეს დითირამბები აზერების მიმართ მხოლოდ იმაზწ მაფიქრებს რომ ამ ინტერვიუში სოკარმა კარგი ფული გადაუხადა ქართველ ექსპერტს.
თბილისელი
16 ოქტომბერი 2015 20:32
qutaiseli-ს,
ენგურჰესის რუსებისთვის გადაცემა რომ ზღაპარია, ეს უკვე დიდი ხნის წინ გაირკვა. მხოლოდ სექტანტ ქოცებს არ სჯერათ ამის, ჭურში რომ სხედან, ყურები თითებით დაუხშიათ და "ცოცხი-ნაციო" - მარტო ამას გაიძახიან.

ასეთებს ნუ ეგონებათ, რომ მეცოცხეებს დიდად სჯობიან. რა დამპალი და რა კრეტინი - იგივე ოსმანა და ალიაა. ჩათლახობით დაგღუპავს მმართველი ძალა თუ ჭკუასუსტობით - რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს? ქართველი ხალხი ქოცებსაც გააფარჩაკებს, თუ ასე ძალად დაიბრმავეს თვალი და ყური დაიყრუეს.

დიახ, ნებისმიერ კომერციულ დაწესებულებას შეუძლია იყიდოს გაზი გაზპრომიდან. მით უმეტეს საინტერესოა, რატომ დაიბნენ კალაძე და ღარიბაშვილი, სხვადასხვა რამეების ბლუყუნი რომ დაიწყეს. ეგ უფრო საეჭვოა, ვიდრე გაზპრომთან მოწოდების მოცულობის გაზრდაზე ლაპარაკი.
mafioza
14 ოქტომბერი 2015 12:16
უყვარს ბიჭს დოლარები და რა ქნას, ნაძვისხესაც დოლარებით რთავს სახლში,თქვენ კი ამუნათებთ ქვეყნის ინტერესიო.... რადროს ქვეყნის ინტერესია...

რედაქტორის რჩევით