შვეიცარიელები საბანკო საიდუმლოებებს გაამხელენ! - კვირის პალიტრა

შვეიცარიელები საბანკო საიდუმლოებებს გაამხელენ!

19 აგვისტოს აშშ-ის მთავრობამ და უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა UBS-მ ხელი მოაწერეს შეთანხმებას. ასე დასრულდა გახმაურებული საერთაშორისო სასამართლო

პროცესი. UBS-ი ამერიკის მთავრობას იმ 4450 თავისი კლიენტის ვინაობას დაუსახელებს, რომლებიც ამერიკაში გასახადების დამალვაში არიან ეჭვმიტანილი.

4450 მოვალე _ ეს იმის მეათედია, რასაც აშშ ითხოვდა. მთავარი მოთხოვნა ბანკის მიერ იმ 52 ათასი კლიენტის გამომზეურება იყო, რომლებიც UBS

-ის დახმარებით ჩრდილოვანი სქემების გამოყენებაში არიან ეჭვმიტანილი. ამერიკული სამართალდამცავი ორგანოების წინასწარი შეფასებით, UBS-მ შეძლებულ ამერიკილებს გადასახადების სახით, დაახლოებით 15-20 მილიარდი აშშ დოლარის გადამალვის საშუალება მისცა.

ამერიკა მოითხოვს ეჭვმიტანილთა სახელებს, რათა ისინი თავის ტერიტორიაზე გაასამართლოს და გადაუხდელი გადასახადებიც ამოიღოს. მიუხედავად იმისა, რომ კლიენტების შესახებ მონაცემების გაცემა შვეიცარიის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, შვეიცარიული ბანკი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ ამერიკის მოქალაქეებს გადასახადებისგან თავის არიდებაში უწყობდა ხელს.

ფინანსური კრიზისის დაწყების შემდეგ არაერთი ევროპული სახელმწიფო მიმართავს პოლიტიკას, რომელიც შეგროვებული გადასახადების მოცულობის ზრდისკენ არის მიმართული. შედეგად, სახელმწიფოები და ტერიტორიები, რომლებიც ცნობილი იყვნენ თავისი ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობით, მაგალითად, ლიხტენშტეინი, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები თუ კაიმანის კუნძულები _ იძულებული ხდებიან, თავისი ბანკების უცხოელ კლიენტებზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ ორმხრივ შეთანხმებებს მოაწერონ ხელი.

UBS-ის მიერ ინფორმაციის გაცემა, ალბათ, გააძლიერებს ევროპული ქვეყნების წნეხს შვეიცარიაზე, სადაც კლიენტების საიდუმლოს შენახვა, ტრადიციულად, ლამის ერთ-ერთ ძირითად ბრენდად იყო ქცეული. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ შვეიცარიას მსგავსი მოთხოვნებით, პირველ რიგში, გერმანია და იტალია მიმართავს.