მომავალი წლიდან, შესაძლოა, წყალი და გამაგრილებელი სასმელები გაძვირდეს - კვირის პალიტრა

მომავალი წლიდან, შესაძლოა, წყალი და გამაგრილებელი სასმელები გაძვირდეს

ნოდარ ხადურის ბრძანების მიხედვით, უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს შემოსავლების სამსახური მხოლოდ მიმდინარე წლის ბოლომდე გადაიხდის

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით, 1-ლი ნოემბრიდან ბიზნესს ახალი რეგულაცია დაუწესდება. უალკოჰოლო სასმელები ქართულ ბაზარზე ელექტრონული მარკირების წესს უნდა დაექვემდებაროს. სასმელებზე ნიშანდებას განახორციელებს შვეიცარიული კომპანია "სიქპა", რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით ფულს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მიიღებს.

რამდენის გადახდა მოუწევს შემოსავლების სამსახურს უცხოური კომპანიისთვის, ფინანსთა სამინისტრო არ ამხელს. აცხადებენ, რომ პროცესის დაწყების მერე გამოჩნდება, რა რაოდენობის პროდუქტი იქნება დასამარკი. "მარკირების საფასური დამოკიდებულია მარკირებული პროდუქციის რაოდენობაზე, გამომდინარე აქედან, შეუძლებელია ზუსტი თანხის დასახელება. რაც შეეხება მარკირების სისტემის დანერგვას საწარმოებში, ამას შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ხარჯი იმაზე გაცილებით დაბალია, ვიდრე შემოსავლების სამსახურს თითოეული უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიის პერიოდული აუდიტორული შემოწმება უჯდება", - აცხადებს ფინანსთა სამინისტრო და ვერ აკონკრეტებს, რამდენია "გაცილებით ნაკლები"...

უალკოჰოლო სასმელების მარკირება წინა ხელისუფლების პროექტია, რომლის საეჭვო პირობებზე მაშინვე საუბრობდა მედია და შემსრულებელთან გაფორმებული კონტრაქტის პირობებში კორუფციის ნიშნებს ხედავდა. "ნაციონალებმა" რეგულირების შემსრულებლად შვეიცარიული კომპანია "სიქპა" შეარჩიეს. როგორც ჩანს, წინა ხელისუფლების ფავორიტ კომპანიასთან ნოდარ ხადურმაც ადვილად გამონახა საერთო ენა...

წინა მთავრობამ შვეიცარიული კომპანიის სასარგებლოდ მარკირების საფასურად მაღალი გადასახადი - 1 000 ბოთლზე 5,5 ევრო დააწესა. ეს იმ სამუშაოს თვითღირებულებას, რაც "სიქპას" უნდა განეხორციელებინა, 200-ჯერ აღემატებოდა. ახლანდელმა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა "სიქპასთვის" დაპირებული მოგება ცოტა შეამცირა - 1 000 ბოთლზე 10 ლარამდე, დღგ-ს გარეშე. ამჟამად "სიქპა" 100-ჯერ მეტს მიიღებს ბიუჯეტიდან, ვიდრე მას ეს დაუჯდება. რამდენს გადაიხდის ბიუჯეტი მარკირებაში, რთული დასათვლელი არ არის: შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ყოველწლიურად ქართულ ბაზარზე 500 მილიონი ბოთლი ადგილობრივი და იმპორტირებული უალკოჰოლო სასმელი იყიდება. მარტივად რომ ვთქვათ, ხადურის მიერ დადგენილ ფასზე გადამრავლებით, შემოსავლების სამსახურმა წელიწადში დაახლოებით 6 მილიონი ლარის მობილიზება უნდა მოახდინოს, მარკირების ხარჯი რომ დაფაროს.

1-ლი იანვრიდან მარკირების საფასურის გადახდა ბიზნესს მოუწევს

ნოდარ ხადურმა წინა ხელისუფლების ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემულ ბრძანებაში ცვლილებები შეიტანა და დაადგინა: "2016 წლის 1-ელ იანვრამდე შერჩეულ პირს არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება აუნაზღაურდება შემოსავლების სამსახურის მიერ, შერჩეულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე", - შესწორებაში გარკვევით წერია, რომ შემოსავლების სამსახური საფასურს გადაიხდის 1-ელ იანვრამდე, მხოლოდ 2 თვის განმავლობაში. ვინ გადაიხდის ფულს ახალი წლიდან, ხადურის ბრძანებაში არ ჩანს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბიუჯეტი ჯერ დამტკიცებული არ არის და უწყება ვერ აკონკრეტებს, განსაზღვრულია თუ არა მომავალი წლის ბიუჯეტში მარკირებაში გადასახდელი თანხის ოდენობა. უწყებაში აცხადებენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრებს ახლა ადგენენ.

ცალსახაა, მინისტრმა ბრძანებაში განსაზღვრა მხოლოდ 2 თვე. 2 თვის შემდეგ რეგულაციის საფასურის გადამხდელი იქნება ის, ვინც წინა ხელისუფლების დროს გამოცემულ ბრძანებაშია მითითებული - ბიზნესი. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესს ახალი გადასახადი დაეკისრება. ფაქტია, მინისტრმა ბრძანებაში დააფიქსირა დროის ის მონაკვეთი, როდესაც ბიუჯეტიდან აპირებს გადასახადის საფასურის დაფარვას. ახალი წლიდან გადასახადს მეწარმეები გადაიხდიან. გადასახადი აისახება პროდუქციის ფასზე და მომხმარებლებისთვის წყალი გაძვირდება. გაძვირდება მტკნარი წყალი, მინერალური და გამაგრილებელი სასმელები.

წყალი და გამაგრილებელი სასმელები გაძვირდება

"ნაციონალების" მთავრობის მიერ მიღებული კანონის - "არააქციზური საქონლის მარკირების შესახებ" განმარტებით ბარათში აბსოლუტურად ცინიკური ფრაზა, თითქოს კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას გადასახადის გადამხდელებზე არც გადასახადის განაკვეთების გაზრდით და არც სხვა მსგავსი ფინანსური შედეგით, ახალმა ხელისუფლებამ ძალაში დატოვა და ხადური სწორედ იმ კანონის ამოქმედებას აპირებს. მის მიერ განსაზღვრული ცვლილებები მხოლოდ 2 თვის განმავლობაში იმოქმედებს, შემდეგ კი "ნაციონალების" მიერ მიღებული კანონი უცვლელად შევა ძალაში... შედეგის განსაზღვრა ძნელი არ არის: საწარმოო ხარჯების ასეთი ზრდა, რა თქმა უნდა, პირდაპირ იქნება დაკავშირებული პროდუქციაზე ფასების იძულებით გაზრდასთან, რაც შეამცირებს გაყიდვებს. შეამცირებს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებსაც, მომხმარებლისთვის კი ეს იქნება დამატებითი ტვირთი და როგორც ყველანაირი ფასების ზრდა, უკმაყოფილების საფუძველი გახდება.

ასე რომ, ამ კანონის ამოქმედებიდან სულ მალე, "ზედაზენი", "ბორჯომი", "ზანდუკელი", "ნაბეღლავი", "კოკა-კოლა", "პეპსი", "საირმე", "სნო","ლიმონათი "ნატახტარი" და ყველა სხვა არაალკოჰოლური სასმლის ფასი, რომელიც აქამდე ხელმისაწვდომი იყო თითქმის ყველა მომხმარებლისთვის, საგრძნობლად მოიმატებს.

ეკა ქავთარაძე