რას ამბობს ეკონომიკის მინისტრი ჩინურ ინვესტიციებზე, "გაზპრომსა" და ლარის კურსზე - კვირის პალიტრა

რას ამბობს ეკონომიკის მინისტრი ჩინურ ინვესტიციებზე, "გაზპრომსა" და ლარის კურსზე

"ცოტა ხნის წინ ჩინეთიდან საქართველოში მატარებელი 7 დღეში ჩამოვიდა. საქართველოდან ევროპამდე მატარებლის ჩასვლას კიდევ 3 დღე სჭირდება, რაც ნიშნავს, რომ ჩინეთიდან ევროპაში ტვირთი 10 დღეში ჩადის, რაც აქამდე შუძლებელი იყო "

გასულ კვირას, ორი დღის განმავლობაში, თბილისი "აბრეშუმის გზის ფორუმს" მასპინძლობდა. ფორუმზე, სადაც 32 ქვეყნის 1000-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, საქართველოსთვის რამდენიმე მნიშვნელოვან საინვესტიციო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ფაქტია, რომ ჩინეთისთვის, რომელიც საკუთარი პროდუქციისთვის ევროპულ ბაზარზე გასასვლელად უმოკლეს და იაფ გზას ეძებს, საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო კორიდორი საუკეთესო საშუალებაა. გარდა ამისა, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე, ჩინეთისთვის საქართველოს ბაზარი შესაძლოა საინტერესო იყოს წარმოების განვითარების თვალსაზრისითაც. ამ და სხვა საკითხებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ექსკლუზიურად გვესაუბრება.

- დღეს საქართველოს გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროპასთან, დსთ-ის ქვეყნებთან, თურქეთთან და ვიწყებთ მოლაპარაკებებს ჩინეთთან. ასევე, სავარაუდოდ, მომავალი წლის ბოლოს დავასრულებთ მოლაპარაკებებს EFTA-ს (ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია) ქვეყნებთან.

ჯამში ეს არის მსოფლიოს 2/3. ანუ, ჩვენთან წარმოებული პროდუქცია შესაძლებელია შევიდეს ამხელა ბაზარზე ისე, რომ მას არ ექნება დამატებითი საბაჟო გადასახადი.

შესაბამისად, ჩვენ გავაჩინეთ არხები, რომელზეც არის მოთხოვნა და შესაძლებელია მიწოდება. მიწოდების მხარეც ძალიან მნიშვნელოვანია. იმ პროდუქციისა და სერვისების შესაქმნელად, რომლებიც ამ ბაზრებს სჭირდება, ჩვენი მთავრობა დაუღალავად მუშაობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის. მათ კი მოჰყვება ნოუ-ჰაუ, ტექნოლოგიები, ცოდნა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

ახლა კი კონკრეტულ, ხელშესახებ შედეგებზე ვისაუბროთ. პირველ რიგში, კორიდორის ბიზნესმოდელი განვიხილოთ. მოგეხსენებათ, არსებობს ჩრდილოეთის კორიდორი, რომელიც გადის რუსეთზე, და არსებობს ზღვაზე გამავალი კორიდორი. ორივე შემთხვევაში ტვირთის გადაზიდვისთვის განსაზღვრული დრო გჭირდებათ. მაგალითად, თუ ტვირთი აზიიდან ევროპაში ზღვის კორიდორით მიგაქვთ, ამას 40 დღე სჭირდება. წარმოიდგინეთ, რომ საქონელს ევროპაში ყიდით, შესაბამისად, გჭირდებათ საწყობი, რომელშიც, სულ მცირე, 40 დღის მარაგი უნდა გქონდეთ. ახლა წარმოიდგინეთ მეორე შემთხვევა, რაც უკვე კონკრეტული ფაქტია. წლის დასაწყისიდან ჩინეთიდან საქართველოში მატარებელი 9 დღეში ჩამოვიდა, ხოლო რამდენიმე დღის წინ კი - 7 დღეში. საქართველოდან ევროპამდე მატარებლის ჩასვლას კიდევ 3 დღე სჭირდება, რაც ნიშნავს, რომ ჩინეთიდან ევროპაში ტვირთი 10 დღეში ჩაგაქვთ, რაც აქამდე შეუძლებელი იყო. შესაბამისად, ევროპაშიც ოთხჯერ უფრო პატარა საწყობი გჭირდებათ, სასაწყობე ხარჯიც უფრო ცოტა გაქვთ და საბრუნავი სახსრები ოთხჯერ ნაკლები გჭირდებათ. ეს არის ის ძირითადი ბიზნესმოდელი, რომელზეც ყველაფერი უნდა გადაეწყოს. სწორედ ამიტომ ვართ დარწმუნებული, რომ ეს გზა აუცილებლად იმუშავებს. ამ გზის ნაწილია ანაკლიის პორტი. როცა პრემიერ-მინისტრი ჩინეთში იმყოფებოდა, მისმა კოლეგამ შეხვედრისას დაუდასტურა, რომ იცის პროექტის შესახებ და ჩინეთის მთავრობა მას მხარს უჭერს. იმ კონსორციუმებში, რომლებიც დღეს შემოსული არიან ანაკლიის პორტთან მშენებლობასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვაზე, ორივეგან ჩინური ინტერესია წარმოდგენილი. რამდენიმე დღის წინ გაფორმდა ხელშეკრულება 1 650 000 ბოთლ ღვინოსა და 3 მილიონ ბოთლ მინერალურ წყალთან დაკავშირებით, რომლებიც ექსპორტზე გავა ჩინეთში. 1 650 000 ბოთლი ღვინო არის 3 300 000 კილოგრამი ყურძენი, რაც, სულ მცირე, 100 კაცის დასაქმებას ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ შემოვა დაახლოებით 10 მილიონ დოლარამდე, ჩვენი ვალუტა გამყარდება და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.

- როცა წლის განმავლობაში 17 მილიონი ბოთლი გვაქვს ღვინის ექსპორტი, 1,6 მლნ ბოთლი რამდენად შეცვლის სურათს?

- 10% რომ დაემატება, ცუდია? დღეს ჩინეთში ღვინო რომ შეიტანოთ, საბაჟო გადასახადი 45%-ს შეადგენს. ჩინეთთან მოლაპარაკების შედეგად ვფიქრობთ, რომ ამ განაკვეთს ნულზე, ან თუნდაც 10-12%-ზე ჩამოვიყვანთ. მაგალითად, ჩილეს ღვინოები ჩინეთში 12%-იანი საბაჟო გადასახადით შედის. ხედავთ, რამხელა განსხვავებაა? ფაქტია, რომ დღეს ჩვენ გვყავს ჩინელი ინვესტორი, რომელმაც ბოლო 2 წელიწადში საქართველოში ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტირება მოახდინა. ყველა კონტრაქტი, ყოველ დოლარზე დადებული, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მით უფრო, როცა ეს ეხება ჩვენი საექსპორტო პროდუქციის 10%-ს, თანაც ეს ხომ დასაწყისია. ყველა შეხვედრაზე ჩინური მხარე გვიდასტურებს, რომ რაც უფრო გაღრმავდება ჩვენი ურთიერთობა, მით მეტად გაიზრდება ჩვენი ტვირთბრუნვა.

- როდის იწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა?

- 2016 წლის ივლისში ან აგვისტოს დასაწყისში.

- პორტის მიმდებარედ, 600 ჰექტარზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მოწყობაც იგეგმება. "აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში თუ გამოითქვა წინადადებები ამ ინდუსტრიულ ზონაში კონკრეტული საწარმოების მშენებლობაზე?

- ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი კანონი "თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ", თუმცა შეიძლება მასში რაღაცების გამოსწორება. ეს პროექტი 600 ჰექტარზე, ძირითადად, საწარმოების მშენებლობას გულისხმობს. რადგან ჯერ არ არის დასახელებული ოპერატორი, შესაბამისად, ნაადრევია ლაპარაკი, რა საწარმოები შეიძლება აშენდეს. ფორუმზე რთული შეკითხვებიც დაისვა, მაგალითად, რამდენად სწორი მიმართულებით მიდის მთავრობა, რამდენად არიან დაცული ინვესტორები საქართველოში. ყველა შეკითხვას პასუხი გაეცა და ყველა შეფასება დადებითი იყო. შარშან ქვეყანაში უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიციები გვქონდა და წლეულსაც არანაკლებს ველოდებით... როცა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოგვაქვს, ის რაღაცაზე უნდა აისახოს. უნდა გაიზარდოს ადგილობრივი წარმოება, სერვისები და სხვ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდასთან ერთად აუცილებელია მათი გონივრულად დაბანდება, რომლებსაც მოაქვთ ყველაზე მეტი დამატებითი ღირებულება.

- კიდევ ორ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი: ტყიბულში ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგური აშენდება და ქუთაისში მოეწყობა თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელსაც ჩინური "ჰუალინგ ჯგუფი" აშენებს.

- ტყიბულის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. განხორციელდება 200 მილიონ დოლარამდე მოცულობის ინვესტიცია, მშენებლობაზე დასაქმდება 500-მდე კაცი, ხოლო მისი დასრულების შემდეგ - კიდევ 200. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ თბოსადგური იმუშავებს ადგილობრივ ნედლეულზე. ქვეყნიდან სავალუტო გადინებები არ იქნება და ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება კიდევ უფრო გაიზრდება.

- დიდი ოდენობით ჩინური ინვესტიციის შემოსვლას საქართველოში ხომ არ მოჰყვება თან ისევ მათი მუშახელი?

- ყველა ხელშეკრულებაში ჩადებულია, რომ უნდა დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა. გამომდინარე აქედან, თუ სწორად მივუდგებით ამ საკითხს, არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. ყველგან, სადაც შესაძლებელია, რომ ინვესტორმა მოგება ნახოს, უნდა ნახოს. მაგალითად, "ჰუალინგ ჯგუფი" საქართველოში ოპერირებს უძრავი ქონების სექტორში, აქვთ სასტუმრო, ეკონომიკის სამინისტროს შენობაც მათ იყიდეს და კიდევ ერთი სასტუმრო ექნებათ, აქვთ ბანკი, ინდუსტრიული ზონა და აგროსექტორშიც აპირებენ შესვლას. მთავარია, იყოს კონკურენცია და გახსნილი ბაზარი.

- "ყაზტრანსგაზი" საარბიტრაჟო დავას აპირებს, სურს, "ყაზტრანსგაზ თბილისში" ჩადებული ინვესტიცია გაითხოვოს უკან.

- "ყაზტრანსგაზ თბილისი" არის საქართველოში რეგისტრირებული კომპანია, რომელშიც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დანიშნულია სპეციალური მმართველი ენერგეტიკის სამინისტროდან. ეს არის შემთხვევა, რომელიც აუცილებლად უნდა დასრულდეს მოლაპარაკებით ჩვენსა და ყაზახურ მხარეს შორის. მქონდა შეხვედრა ჩემს კოლეგასთან, ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრთან, და შევთანხმდით, რომ ერთი კვირის განმავლობაში კიდევ განვაახლებთ სამუშაო ჯგუფს და მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. არის საკითხები, როცა შესაძლოა განსხვავებული ხედვა გვქონდეს, მაგალითად, დარიცხული პროცენტის რაოდენობაზე. რეალურად, ეს ტექნიკური დეტალებია. რაც შეეხება ინვესტიციის გატანას, წინასწარ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მე ასეთი მინიშნებაც კი არავისგან მქონია.

- "გაზპრომთან" დაკავშირებით მინდა გკითხოთ. აზერბაიჯანულმა პრესამ ამას უკვე უწოდა გაზის ომი "სოკარსა" და "გაზპრომს" შორის. აზერბაიჯანული მედია ასევე წერდა თბილისში გამართულ საიდუმლო მოლაპარაკებაზე, რომელსაც აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი ესწრებოდა.

- აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერს არ შევხვედრივარ, მაგრამ შევხვდი ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვიყავი. არ არსებობს არანაირი გაუგებრობა. ამ შემთხვევაში საუბარია ტრანზიტის რაოდენობაზე, რომელიც სომხეთში მიდის და შესაბამისად, იმ ტექნიკურ დეტალებზე, რომლებზე მოლაპარაკებაც ყოველწლიურად ხდება. იდება ერთწლიანი ხელშეკრულება გაზის ტრანზიტზე და ყოველ წელს იმართება გაზის ტრანზიტთან დაკავშირებული შეხვედრა. ერთ მხარეს უნდა, რომ ნაკლები გადაიხადოს, მეორეს კი მეტი მიიღოს.

- ანუ მხოლოდ ეს იყო "გაზპრომთან" მოლაპარაკების საფუძველი და არ არის საუბარი აზერბაიჯანული გაზის რუსულით ჩანაცვლებაზე?

- სოციალური გაზის მიმართულებით არ არის საუბარი იმაზე, რომ მოხდეს რაიმე ტიპის ჩანაცვლება. თუ კომერციული სექტორი შეიძენს გაზს "გაზპრომისგან", ეს უკვე მათი გადაწყვეტილებაა. ეს არ არის ჩვენი გადაწყვეტილება და ჩვენ ამ მოლაპარაკებაში არანაირად ჩართული არა ვართ.

- ლარის კურსთან დაკავშირებით გამყარების ტენდენცია შეინიშნება და თქვენ რა პროგნოზებს გააკეთებთ?

- როდესაც ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი, ვთქვით, რომ ლარი იმაზე მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე ამას ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები აჩვენებს. 850 მილიონით შემცირებულია იმპორტი, 450 მილიონით - ექსპორტი და 250 მილიონით - ფულადი გზავნილი. შედეგად, გამოდის, რომ დღეს 100-150 მილიონი დოლარით ნაკლებია წნეხი ლარზე, ვიდრე ეს იმავე პერიოდში შარშან იყო. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ წლის დასაწყისიდან ეროვნულ ბანკს 227 მილიონი დოლარი აქვს კიდევ გაყიდული, ეს ფული სადღაც ხომ წავიდა? ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ორ კვარტალში 530 მილიონი გვაქვს და შემდეგ უკვე მცირე ანალიზი გვჭირდება. ფულის მასა (M3), რომელშიც შედის დეპოზიტები ვალუტაში, თებერვლიდან აგვისტოს ბოლომდე 500 მილიონი დოლარით არის გაზრდილი ანგარიშებზე. იმის გამო, რომ რეალობის აღქმა იყო არასწორი, ფიზიკურმა პირებმა თუ კომპანიებმა დოლარი შეიძინეს და ანგარიშებზე განათავსეს, მაგრამ ახლა ეს დოლარი ხომ უნდა დახარჯონ? გამორიცხულია, ეს ფული უკან არ ჩატრიალდეს ეკონომიკაში. აუცილებლად მოხდება ამ ფულის ისევ გადახურდავება და ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი ქვემოთ ჩამოვა.