"ხორცის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება, მაგრამ 100%-იანი ვერ გახდება" - კვირის პალიტრა

"ხორცის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება, მაგრამ 100%-იანი ვერ გახდება"

უამრავ პროდუქტთან ერთად ბაზრის გარეთ, პირდაპირ ქუჩაში იყიდება ისეთი მალფუჭებადი პროდუქტი, როგორიცაა ხორცი, ყველი, თევზი. უმეტეს შემთხვევაში ეს სურსათი ანტისანიტარიაში, ღია ცის ქვეშ, პირდაპირ დახლზე აწყვია, ეყრება მტვერი, აწვიმს და ათოვს.

სურსათის უვნებლობის სამსახურმა კონტროლის გამკაცრება გადაწყვიტა, თუმცა იქაც აღიარებენ, რომ მაგალითად, ხორცის ხარისხის სრულად გაკონტროლება შეუძლებელია. თანამედროვე სასაკლაოების ქსელი ამ პრობლემის მოგვარებას ბევრად გააადვილებდა, მათი მშენებლობაც დაიწყო, მაგრამ პროცესი მყარად გაჩერდა და როდის გაგრძელდება, უცნობია.

ქუჩაში ნაყიდი ხორცით მოწამვლის რისკი განსაკუთრებით ბოლო დროს გაიზარდა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე რეგიონში ღორის დაავადება აღინუსხა. გაჩნდა დაავადებული ხორცის რეგიონიდან დედაქალაქში მოხვედრის საშიშროებაც. სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურმა გადაწყვიტა, ვეტერინარულ მოწმობებზე კონტროლი გაამკაცროს.

თუმცა კონტროლის გამკაცრება ჯერჯერობით მხოლოდ გლეხებისა და ფერმერების გაფრთხილებაში გამოიხატება, რომ საქონლი დაკვლამდე შეამოწმონ და აიღონ შესაბამისი მოწმობა - ფორმა 2. სამსახურმა სარეალიზაციო ობიქტებიც გააფრთხილა, შესაბამისი ცნობის გარეშე ხორცი არ ჩაიბარონ და არ გაყიდონ. ხორცის რეალიზატორებს კანონით აქამდეც მოეთხოვებოდათ ფორმა 2, რომელიც სერტიფიცირებულმა ვეტერინარმა ხორცის შემოწმების შემდეგ უნდა გასცეს. დოკუმენტის არქონის შემთხვევაში ობიექტის მფლობელი ადმინისტრაციული წესით ისჯება და ათასიდან 2 ათას ლარამდე ჯარიმდება. მალე კანონში ცვლილება შევა და ჯარიმის თანხა 2-დან 3 ათას ლარამდე გაიზრდება. თუმცა არც ამ ცნობის გაყალბებაა პრობლემა. სამსახურშიც ადასტურებენ, რომ არის შემთხვევები, როცა ვეტერინარი განსაზღვრული საფასურის გადახდის შემდეგ გასცემს ცნობას, რომ ხორცი საღია და ის ბაზარში ან მაღაზიაში ხვდება.

გარე ვაჭრობა მთლიანად კონტროლის გარეშეა დარჩენილი, ვინაიდან გარე ვაჭრობა თავისთავად უკანონოა და მისი შემოწმების უფლება სურსათის უვნებლობის სამსახურს არ აქვს...

ამდენად, დაავადებული ხორცის დახლზე მოხვედრის რისკი მართლაც არსებობს. სხვადასხვა დაავადებებით მკვდარი შინაური ცხოველის ხორცის ადგილზე გაყიდვა ძნელია, რადგან ყველამ იცის, რით მოუკვდა გლეხს პირუტყვი. ამიტომაც მოაქვთ თბილისში. დედაქალაქში ჩამოსული გამყიდველი მის ბაზრის შიგნით ან მაღაზიაში შეტანას ვერ ბედავს და პირდაპირ ქუჩაში ყიდის. გარდა ამისა, რთულია იმის დადგენაც, რომელი ცხოველის ხორცია - ძროხის თუ კამეჩის. არის შემთხვევები, როცა დახლზე ცხენის, ვირისა და თქვენ წარმოიდგინეთ, ჯორის ხორცსაც ძროხის ხორცად ასაღებენ. ასეთი ფაქტების არსებობას სურსათის უვნებლობის სამსახურშიც ადასტურებენ.

მაია მეტრეველი ("სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის" უფროსი): "ვეტერინარული მომსახურება და ფორმა 2-ის აღება თავისუფალია მოსაკრებლისა და გადასახადისგან. ცნობა უნდა ადასტურებდეს, რომ ცხოველი დაკვლამდე ჯანმრთელი და ცოცხალი იყო. ის უნდა ნახოს და დაათვალიეროს ვეტერინარმა, დაესწროს დაკვლას და შემდეგ დაათვალიეროს, შეამოწმოს მისი შინაგანი ორგანოები, ღვიძლი, ელენთა და ამის შემდეგ უნდა გასცეს ფორმა 2. ყველა რაიონულ ცენტრში გვაქვს სამსახური, სადაც არის 2-3 ვეტერინარი. ისინი უზრუნველყოფილი არიან ავტომანქანითა და საწვავით, ამიტომ ადგილზე გამოძახება შეუძლია ყველას და მომსახურება არის უფასო. ჩვენ გავაფრთხილეთ ფერმერებიცა და მაღაზიის მეპატრონეებიც, რომ არ მიიღონ შეუმოწმებელი ხორცი, მაგრამ 100%-ით გაკონტროლება, ბუნებრივია, ვერ მოხდება.

მით უმეტეს, პროდუქტი ბაზრის გარეთ უკონტროლოდ, ყოველგვარი სანიტარიული ნორმების დარღვევით იყიდება. ერთადერთი ის შეგვიძლია, რომ ვურჩიოთ მოსახლეობას, არ იყიდოს ქუჩაში, რადგან დიდია რისკი, გაურკვეველი ცხოველის უხარისხო ან დაავადებული ხორცი შეიძინონ".

ვიდრე გარე ვაჭრობისა და იქ გამოტანილი უხარისხო პროდუქტის პრობლემა მოგვარებულა, სიტუაციას შესაძლოა ნაწილობრივ რეგიონებში სასაკლაოების მოწყობამ უშველოს. სასაკლაოები, სადაც ცხოველებს დაკლავდნენ და გასაყიდად მხოლოდ ვეტერინარის შემოწმების შემდეგ უშვებდნენ, საბჭოთა დროსაც არსებობდა. ძველი სასაკლაოებიდან აღარაფერი დარჩა და ახლების მშენებლობა ცოტა ხნის წინ დაიწყო. სპეციალური თანამედროვე სასაკლაოები, სადაც შინაური საქონელი ნორმების დაცვით უნდა დაიკლას, რამდენიმე რეგიონში აშენდა.

პირველი სასაკლაო ყარაჯალაში ამოქმედდა. შპს "ქართული ხორცის პროდუქტები" კერძო ორგანიზაციაა, მან აშშ-ის მომსახურების სააგენტოს დაფინანსებით დაამონტაჟა სპეციალური დანადგარები. თანამედროვე მოთხოვნებით, სასაკლაოს უნდა გააჩნდეს მალფუჭებადი ნარჩენების უტილიზაციის მოწყობილობა, სადაც სისხლი, ფაშვი და სხვა ნარჩენები გადამუშავდება. სასაკლაოს ბიოგაზის დანადგარი ნარჩენებით გაზს გამოიმუშავებს, გარემო რომ არ დააბინძუროს. სასაკლაოებს აქვთ საკუთარი ლაბორატორია, სადაც შემოწმდება ხორცი, იქვეა სერტიფიცირებული ვეტერინარიც, რომელიც ფორმა 2-ს გასცემს. სასაკლაოები კერძოა, ამიტომ ისინი მომსახურებისთვის საფასურს იღებენ. ტყავი სასაკლაოს რჩება. ის ახმეტას, თელავსაა და ლაგოდეხს მოემსახურება, წარმადობა დღეში 50 სული საქონელია.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო აპირებს, სასაკლაოების გარეთ საქონლის სარეალიზაციოდ დაკვლა საერთოდ აკრძალოს - მას შემდეგ, რაც ასეთი დაწესებულებები ყველა რეგიონში მოეწყობა და საკმარისი რაოდენობით იქნება, სასაკლაოებმა შესაძლოა მომავალში ფორმა 2-ის აუცილებლობაც მოხსნას. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შარშან მსხვილფეხა პირუტყვის სასაკლაოს მოსაწყობად ტენდერის გამოცხადება დააპირა. მათ ასაშენებლად კერძო პირებს ბიუჯეტიდან სესხი უნდა მიეღოთ, რომელიც "იაფი სესხის" პროგრამის ფარგლებში გამოიყოფოდა. სესხი გრძელვადიანი, 7%-იანი უნდა ყოფილიყო, 2-წლიანი საშეღავათო პერიოდით. მსურველს თანადაფინანსების სახით, სულ მცირე, 30% უნდა გაეღო. ხელეშეკრულება გაფორმებიდან ერთ წელიწადში უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ ამ პროექტს რთველმა მოუსწრო და იაფი სესხებიც რთვლის ჩასატარებლად დაიხარჯა. ამის შემდეგ სასაკლაოების აშენება მსურველებს უკვე მათ მიერ მოძიებული თანხებით უწევთ.

ელისო ღვინიაშვილი (კომპანია "შირნჰოფერის" ფინანსური დირექტორი): "ავსტრიაში ხორცის ხარისხის კონტროლი იწყება დაკვლიდან. ფერმერი ვერ დაკლავს გასაყიდ საქონელს, სადაც მოესურვება, არამედ მხოლოდ სერტიფიცირებულ, აკრედიტებულ სასაკლაოზე. თავდაპირველად პირუტყვს ვეტერინარი და ექიმი ვიზუალურად ათვალიერებენ. დაკვლის შემდეგ კვლავ ვიზუალური შემოწმება ხდება, ამას კი მოსდევს ბიოლოგიური და ქიმიური შემოწმება ლაბორატორიაში. გასაყიდი ხორცის თითოეული ნაჭერი მოინიშება შტამპით, სადაც მახასიათებლებია მითითებული.

უხარისხო ხორცის პრობლემა, უბრალოდ, არ არსებობს, მას სასაკლაოზევე ანადგურებენ. ზოგიერთ სასაკლაოზე შესაძლებელია საქონლის ისე დაკვლა, რომ ის შეშინებასაც ვერ ასწრებს. ეს, ერთი მხრივ, ცხოველებთან უფრო ჰუმანური მოპყრობაა, ხოლო მეორე მხრივ, ხორცში აღარ არის სტრესის ჰორმონები, რაც მის თვისებებს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს... შემიძლია გითხრათ, რომ სანამ სასაკლაოების სრულფასოვანი სისტემა არ ამოქმედდება, ადგილობრივი პროდუქციის მაღალკონკურენტული ხარისხით წარმოებაზე საუბარი შეუძლებელი იქნება".

ნონა ქვლივიძე