ტვირთი "მძიმე ტვირთად" - კვირის პალიტრა

ტვირთი "მძიმე ტვირთად"

საბაჟო ბროკერებს დაბეგვრის რეჟიმის შეცვლას აიძულებენ?!

"ეკოპალიტრის" წინა ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას - "დაკოდვა" განბაჟებით" - იმპორტიორები გამოეხმაურნენ. როგორც მათი მონათხრობიდან ირკვევა, ტვირთების განბაჟებისას ხელოვნურად ხდება დაბეგვრის რეჟიმის შეცვლა და დღგ-ის გადახდის ნაცვლად, იმპორტიორებს ტვირთის განბაჟება წონის შესაბამისად, კილოგრამობით უწევთ. ამგვარად განბაჟება კი ხშირად ორჯერ და მეტჯერ ძვირი ჯდება.

თანაც წონით განბაჟებისას გადახდილი თანხა, დღგ-ისგან განსხვავებით, ჩათვლის წესით დაბრუნებას არ ექვემდებარება. ერთ-ერთი რესპონდენტის ცნობით, შესაბამისი მითითება მიიღეს საბაჟო ბროკერებმა. ბიუჯეტში ალბათ ასე მეტი თანხა კი შედის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არასწორად დაბეგვრა კანონდარღვევა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაა... რადგან ღიად ლაპარაკს თავს არიდებს, ამიტომ რესპონდენტის ვინაობას არ დავასახელებთ.

"ორი-სამი კონტეინერი შემოგვქონდა ხოლმე წელიწადში. ჩვეულებრივად, დამატებული ღირებულების გადასახადს ინვოისში მითითებული თანხის შესაბამისად, მომწოდებლისთვის გადარიცხული თანხის 18%-ს ვიხდიდით, ახლა კი ბროკერმა შეგვატყობინა, ცოტა ხნის წინ საგადასახადოში დაგვიბარეს და გვითხრეს, ჩინეთიდან, თურქეთსა და ირანიდან შემოსული საქონელი ინვოისის მიხედვით კი არ განაბაჟოთ, არამედ, როგორც "კარგოთი" შემოტანილიო (იმპორტიორები საბაჟო სლენგზე ასე უწოდებენ ტვირთის წონის მიხედვით განბაჟებას - ე.ტ.). ბროკერებმაც თავის მხრივ პირობა მისცეს, რომ ყველანაირად ეცდებიან, ასეთი ტვირთი "კარგოში" გადაისროლონ". წონით განსაბაჟებლად ჩვენ, დიდი-დიდი, ორი-სამი ყუთი ფეხსაცმელი ჩამოგვიტანია, რადგან ამის გამო კონტეინერს ვერ მოაცდენ, და უფრო ძვირიც ჯდება, რადგან ტვირთს ტერმინალში კილოგრამობით განაბაჟებენ.

ჩემი ტვირთი ამჟამად გზაშია, ამიტომ ჯერ არ შემხებია ეს ახალი მოთხოვნა, მაგრამ ლილოს ბაზრობის სხვა მიმწოდებლებმა განბაჟების ახალი წნეხი უკვე იწვნიეს. ეს საკმაოდ დიდი დარტყმაა ბიზნესისთვის. საქმე ის არის, რომ დღგ-ს იბრუნებ - ჩათვლის წესით, წონის მიხედვით გადახდილ თანხას კი ვერ დაიბრუნებ. "კარგოთი" კილოგრამის განბაჟება 2 ლარი ჯდება, მე კი ერთ ჩამოტანაზე 15-20 ტონა საქონელი ჩამომაქვს. ანუ მხოლოდ ამ ხარჯმა შესაძლოა 30-40 ათას ლარს მიაღწიოს, მაშინ, როცა ჩვეულებრივად განბაჟების შემთხვევაში დაახლოებით 12 ათასი ლარის გადახდა მიწევდა. ასეთ პირობებში ბიზნესის წარმოება აზრს კარგავს, ან ძალიან უნდა გავზარდოთ გასაყიდი საქონლის ფასი, რათა ხარჯიც ამოვიღოთ და მოგებაც დაგვრჩეს. არადა, იაფფასიანი საქონლის შემთხვევაში მაღალი ფასი არ ამართლებს. თუ ახლა განახევრებულია გაყიდვა, ასეთი განბაჟების შემდეგ გაყიდვა საერთოდ მოკვდება", - უამბო "ეკოპალიტრას" ერთ-ერთმა იმპორტიორმა.

ფინანსთა სამინისტროს ცხელ ხაზზე განმარტავენ, რომ დასაბეგრი იმპორტის თანხაში შედის საქონლის საბაჟო ღირებულება, საბაჟო მოსაკრებელი და სხვა გადასახდელები, მაგალითად აქციზის გადასახადი. განბაჟების დროს, საბაჟო გადასახდელებს იხდიან მოსაკრებლისა და დღგ-ს სახით. დღგ-ით დასაბეგრი იმპორტის თანხა მოსაკრებლისა და საბაჟო ღირებულების ჯამით განისაზღვრება. შესაძლოა, ამ საბაჟო ღირებულებაში გათვალისწინებული იყოს საქონლის წონა. ტვირთის დასაბეგრი ღირებულება იანგარიშება, წონის შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს დადგენილი ფასებით.

დავით ნარმანია (ეკონომიკის ექსპერტი): "საქონლის იმპორტირების დროს მნიშვნელობა აქვს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებას, რითაც მოდის საქონელი ქვეყანაში. საბაჟო დოკუმენტაციაში იწერება სატრანსპორტო საშუალების მარკა, კონტეინერის ნომერი, რომელშიც ჩატვირთულია საქონელი და სხვ. როცა ტვირთი მოდის ჩვეულებრივი მეთოდით (კონტეინერი, გემი, საავტომობილო ტრანსპორტი ან მატარებელი), ასეთ შემთხვევაში მებაჟე ვალდებულია ნახოს, დაათვალიეროს საქონელი, ნახოს დოკუმენტაცია, რომელიც ამ ტვირთს მოჰყვება და ამის საფუძველზე მოახდინოს საქონლის საბაჟო გაფორმება, გადაახდევინოს საბაჟო მოსაკრებელი.

თუ საბაჟო გადასახადი ეკუთვნის, ეს დამატებითი ღირებულების გადასახადია. თუ პროდუქტი აქციზურია - აქციზის გადასახადი. როცა ტვირთის გადაზიდვა ხდება ე.წ. კარგოს რეჟიმში, ასეთ შემთხვევაში საქონლის საბაჟო ღირებულება იზრდება. განბაჟების მეთოდიც განსხვავებულია, ამიტომაც იმპორტიორს საბაჟოზე უფრო მეტის გადახდა უწევს. მაგრამ თუ ტვირთი რეალურად ჩამოსულია ჩვეულებრივი გზით, და ვინმე აიძულებს იმპორტიორს, დეკლარანტს, რომ განბაჟება განახორციელოს, როგორც ე.წ. კარგოთი ჩამოსული ტვირთისა, ეს კანონდარღვევა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაა.

ბიუჯეტში გადასახადების მობილიზების მაჩვენებელი დაბალია, ის მნიშვნელოვნად შემცირებულია წინა წლებთან შედარებით, ამიტომ ხელისუფლება ყველა გზას მიმართავს, რომ რაც შეიძლება მეტი ფული ამოიღოს ბიზნესისგან და სხვადასხვა ვალდებულებების დაფინანსება შეძლოს, რომლებიც ბიუჯეტით არის გათვალისწინებული.

იმპორტიორს, რა თქმა უნდა, კანონი უფლებას აძლევს, საბაჟო სამსახურის ქმედება სასამართლოში გაასაჩივროს, თუმცა ეს ხანგრძლივი პროცესია და ამას ისიც ემეტება, რომ ტვირთის ტერმინალზე განთავსებისთვის ყოველდღიურად საკმაოდ ძვირს იხდიან. ამიტომ, თუ ძალიან დიდი არ არის თანხობრივი სხვაობა ამა თუ იმ დასაბეგრ ოპერაციას შორის, იმპორტიორს აღარ უღირს დავა და იძულებული ხდება, საბაჟო სამსახურის გადაწყვეტილებას დაემორჩილოს. ჩამოტანილ ტვირთს უკან ხომ ვეღარ დააბრუნებს".