ვინ უნდა გადაიხადოს ახალი მრიცხველის საფასური - კვირის პალიტრა

ვინ უნდა გადაიხადოს ახალი მრიცხველის საფასური

ბუნებრივი აირის მიწოდება-მოხმარების ახალ წესებში ბევრი საკითხი აბონენტების სასარგებლოდ არის შეცვლილი

თემურ იობაშვილი

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გასულ თვეში ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების ახალი წესები დაამტკიცა, რომელიც 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება. კომისიაში ამბობენ, რომ ახალი წესებით ბევრი საკითხი დაკონკრეტდა და გაზის მიმწოდებლისა თუ აბონენტების უფლება-მოვალეობაც უფრო მკაფიოდ განისაზღვრა.

მნიშვნელოვანია, აბონენტმა იცოდეს საკუთარი უფლებები და არ გასწიოს ის ხარჯები, რაც გამანაწილებელი კომპანიის ვალდებულებაა. ახალ წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებებია შესული, მათ შორის, ახალ აბონენტად დარეგისტრირებასა და მრიცხველის მონტაჟთან დაკავშირებით. კერძოდ, მითითებულია, რომ თუ გაზგამანაწილებელი კომპანია აბონენტს მოსთხოვს ძველი მრიცხველის ადგილას ახლის დაყენებას, მრიცხველის გამოცვლა კომპანიის ხარჯით უნდა მოხდეს. ძველი მრიცხველი კი არ უნდა იყოს აბონენტის მიერ აირის დატაცების მიზნით დაზიანებული. თუ აბონენტსა და გაზგამანაწილებელ კომპანიას შორის დავა წარმოიშვა და დადასტურდა, რომ ცელოფანი ან ყუთი, რაშიც მრიცხველია ჩასმული, დაზიანებულია აირის დატაცების მიზნით, აბონენტს ახალი მრიცხველის ყიდვაც მოუწევს, მისი მონტაჟის საფასურის ანაზღაურებაც და ჯარიმის გადახდაც. ჯარიმის 600 ლარს დატაცებული გაზის საფასურიც ემატება, რასაც გამანაწილებელი კომპანია სათანადო წესის მიხედვით დაითვლის.

როდესაც თბილისის გაზგამანაწილებელი ქსელის მფლობელი ყაზახური კომპანია გახდა, მან რამდენიმე წლის წინ დამონტაჟებული მრიცხველების შეცვლა დაიწყო. როგორც შარშან ”ყაზტრანსგაზში” გვითხრეს, კომპანიას 15 ათასი აბონენტისთვის ახალი მრიცხველი უკვე დაყენებული ჰქონდა და კიდევ 25 ათასი აბონენტის გამრიცხველიანებას გეგმავდა. ეს პროცესი, ძირითადად, კერძო დასახლებებსა და ე.წ. ”იტალიურ ეზოებს” მოიცავდა. მაშინ ხარჯები კომპანიამ გასწია და აბონენტებისთვის დამატებით თანხა არ გადაუხდევინებიათ. კერძო სექტორის შერჩევის მიზეზი აბონენტების მხრიდან გაზის დატაცება იყო. როგორც ”ყაზტრანსგაზში” შარშან გვეუბნებოდნენ, გამრიცხველიანებით და ქსელის მოწესრიგებით კომპანიამ მნიშვნელოვნად შეამცირა აირის დანაკარგი.

ბოლო დროს კი საკმაოდ გახშირებულია ინკასატორების მხრიდან აბონენტებისთვის თითქმის ულტიმატუმის წაყენება – ან წახვალთ და ბანკში გადაიხდით ახალი მრიცხველის შეძენისა და დამონტაჟების საფასურს, ან მოგიწევთ ბუნებრივი აირის გარეშე ყოფნაო. მარეგულირებელი კომისიის ახალი წესების მიხედვით, ამ მხრივ მკაფიოდ არის განსაზღვრული გაზგამანაწილებლისა და აბონენტის უფლება-მოვალეობა.

მალხაზ ძიძიკაშვილი (ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი): _ ახალი წესებით ბევრი საკითხი აბონენტების სასარგებლოდ არის შეცვლილი. თუმცა გაზგამანაწილებელ კომპანიებს დღესაც შეჰყავთ აბონენტები შეცდომაში და ძველი მრიცხველის შეცვლისთვის თანხას ახდევინებენ. თუ გაზგამანაწილებელი კომპანია ძველი მრიცხველის შეცვლას მოითხოვს, აბონენტს უფლება აქვს თავისი მრიცხველის ლაბორატორიული შემოწმება მოითხოვოს. ლაბორატორიას აბონენტი თავად აირჩევს და შემოწმების ხარჯები გაზგამანაწილებელმა კომპანიამ უნდა გადაიხადოს. თუ შემოწმებისას დადგინდება, რომ მრიცხველი, ვთქვათ, 10%-ით ნაკლებს აღრიცხავს, აბონენტს დამატებით დაარიცხავენ მრიცხველის ჩვენების მიხედვით მოხმარებული გაზის ოდენობის 10%-ს სადავო პერიოდზე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა. ამასთან, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებით დარიცხული თანხის გადანაწილება ორ კალენდარულ წელზე. აბონენტისთვის მთავარია, დადასტურდეს, რომ გაზის დატაცება არ ხდებოდა და ამ შემთხვევაში მრიცხველის საფასურსა და შემოწმების ხარჯებს გამანაწილებელი ფარავს.

_ რომელი მრიცხველის შეცვლა შეიძლება ითხოვოს გაზგამანაწილებელმა კომპანიამ?

_ აღრიცხვის მოსაწესრიგებლად ახალ წესებში შევიდა დროებითი მუხლი, რომლის თანახმად, კომპანიებს შეუძლიათ ნებისმიერი მრიცხველი შეცვალონ, თუნდაც ახალდაყენებული. აბონენტებისთვის მთავარია, გაზის გამანაწილებელი კომპანიის წარმომადგენლებს ძველი მრიცხველის შემოწმება მოსთხოვონ და ბრმად არ გადაიხადონ ახალი მრიცხველის ფასი, მაგრამ, როცა აბონენტს კარგად მოეხსენება, რომ გაზს იპარავდა, მაშინ ჯარიმისგან თავის დაღწევის გზა სწორედ კომპანიის წარმომადგენლის მოთხოვნებზე დათანხმება და ახალი მრიცხველის ყიდვაა.

მომხმარებელს მრიცხველის შეცვლიდან 2 კვირის განმავლობაში შეუძლია წერილობით მოითხოვოს მოხსნილი მრიცხველის შემოწმება მისთვის მისაღებ აკრედიტებულ ლაბორატორიაში. თუ მომხმარებელი ამას არ გააკეთებს, კომპანია მას დამონტაჟებული მრიცხველის ღირებულებას დაარიცხავს. თუმცა გაზგამანაწილებელს უფლება არ აქვს, მოხსნილი მრიცხველი შეამოწმოს და მისი გაუმართავობის საფუძველზე რამე სანქციას მიმართოს.

თუ შემოწმებამ აჩვენა, რომ მრიცხველი გამართული იყო, კომპანია ვალდებულია დატოვოს ახალი მრიცხველი ან დაიბრუნოს ძველი ყოველგვარი საფასურის დარიცხვის გარეშე; თუ მრიცხველი დაზიანებული აღმოჩნდა მომხმარებლის მიზეზით (ანუ, გაზის დატაცება გამჟღავნდა), მომხმარებელი ჯარიმდება და მასვე ეკისრება დატაცებული გაზისა და ახალი მრიცხველის საფასურის გადახდა; ხოლო თუ მრიცხველი მომხმარებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოსული მწყობრიდან, ახალი მრიცხველი კომპანიამ უნდა დააყენოს, მომხმარებელი კი მხოლოდ მრიცხველის ცდომილებით გაჩენილ დანაკლისს დაფარავს.

ბევრია ისეთი აბონენტიც, ვისაც გაზი არ დაუტაცებია, მაგრამ თავის უფლებებს არ იცნობს. შესაძლოა, ასეთი აბონენტი გამანაწილებელმა კომპანიამ შეცდომაში შეიყვანოს და ახალი მრიცხველის საფასური გადაახდევინოს. მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად, ახალ წესებში პირდაპირაა მითითებული, რომ თუ საჭიროა მრიცხველის მოხსნა, მის ნაცვლად აუცილებლად უნდა დამონტაჟდეს სხვა მრიცხველი. ამასთან, როცა მომხმარებელს დარიცხვასთან დაკავშირებით პრეტენზია წარდგენილი აქვს სასამართლოში ან მარეგულირებელ კომისიაში, კომპანიას მისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა ეკრძალება.