მსოფლიო საფინანსო კრიზისი რუსეთმა მოაწყო? - კვირის პალიტრა

მსოფლიო საფინანსო კრიზისი რუსეთმა მოაწყო?

"რუსეთი არწმუნებდა ჩინეთს, თავიდან მოეშორებინათ ამერიკული კომპანიების ობლიგაციები, რათა ამერიკის იპოთეკური დაკრედიტების გიგანტური კომპანიები ჩაეძირათ" - ამის შესახებ საკუთარ მემუარებში აშშ-ის ექს-ფინანსთა მინისტრი ჰენრი პოლსონი წერს. მისი წიგნი "ზღვარზე" იანვრის ბოლოს გამოვიდა.

ფინანსთა ყოფილი მინისტრის მტკიცებით, ჯერ კიდევ 2008 წელს, მსოფლიო საფინანსო კრიზისის დაწყებამდე, რუსეთი ჩინეთს იყოლიებდა, რომ აშშ-ის წინააღმდეგ ფინანსური ომი დაეწყოთ. პეკინს ბაზარზე უნდა გამოეტანა მსხვილი ამერიკული კომპანიების, Fannie Mae-sa და Freddie Mac-ის ობლიგაციები. მათი დიდი რაოდენობით გაყიდვა და ფასების დაცემა აშშ-ის ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე ნერვოზულობას გაზრდიდა.

ასეც მოხდა. Fannie-sa და FreddieF-ს ქაღალდები უფასურდებოდა, რაც კომპანიების ნაციონალიზებით დასრულდა. ბაზრებზე დაძაბულმა მოლოდინმა პიკს მიაღწია და ფინანსისტები საბაბს ეძებდნენ პანიკური გაყიდვის დასაწყებად. 14 სექტემბერს ასეთ მიზეზად "ლემან ბრაზერსის" გაკოტრება იქცა. მსოფლიო საფინანსო კრიზისი დაიწყო.

2008 წლის აგვისტოში პეკინის ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას პუტინმა ჯორჯ ბუშს უთხრა - "ომი დაიწყო". აქამდე მიაჩნდათ, რომ ის ე.წ. სამხრეთ ოსეთში ომს გულისხმობდა. მაგრამ როგორც ირკვევა, შესაძლოა სხვა ომიც ჰქონდა მხედველობაში. ის ჩინეთში იმყოფებოდა და ქვეყნის ხელმძღვანელების დარწმუნებას ცდილობდა, რათა "მეორე ფრონტი" გაეხსნათ და ობლიგაციების მასობრივად გაყიდვა დაეწყოთ.

ჰენრი პოლსონი იხსენებს თავის ვიზიტს მოსკოვში 2008 წლის ივნისში. იმ დროისთვის რუსეთის დაბანდებები ამერიკული იპოთეკური სააგენტოების ობლიგაციებში $65,6 მილიარდს აღწევდა. პოლსონი რთულ საუბრებს ელოდა, რადგან ობლიგაციების მფლობელები ღელავდნენ, შეძლებდენ თუ არა Fannie Mae-sa და Freddie Mac-ი ვალდებულებების შესრულებას. აშშ-ის ფინანსთა მინისტრი გაკვირვებული დარჩა, რომ რუსეთის არც პრეზიდენტსა და არც პრემიერ-მინისტრს ერთი კითხვაც არ დაუსვამთ იპოთეკური სააგენტოების შესახებ. მისი თქმით, პუტინი საერთოდ არ ღელავდა, ბევრს ხუმრობდა, თითქოს უკვე იცოდა, რა უნდა ექნა ამერიკული იპოთეკური ობლიგაციებისთვის.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ცხადია, უკვე განაცხადეს, რომ არავითარი კავშირი არ აქვთ ამერიკული კომპანიების ობლიგაციების გაუფასურებასთან. აღსანიშნავია, რომ ზემოანიშნული $65,6 მილიარდის ობლიგაციები რუსეთმა მთლიანად გაყიდა...

ოქროს სკანდალი ფედერალურ სარეზერვო სისტემაში

აშშ-ის ფიუჩერსების სავაჭრო კომისიის ყურადღება ვერცხლისა და ოქროს ბაზარმა მიიქცია. ბანკების მიერ ძვირფას ლითონებზე ფასების დაწევამ უკმაყოფილება გამოიწვია მცირე ინვესტორებს შორის. ექსპერტების მოსაზრებით, ძვირფას ლითონებზე ფასები ხელოვნურად არის შემცირებული. ანტიმონოპოლიური კომიტეტი ამტკიცებს, რომ არსებობს ბანკების კარტელი, რომელიც ოქროს კოტირებას ხელოვნურად ამცირებს და ძვირფას ლითონს ცენტრალური ბანკებისგან გასაიდუმლოებულად ყიდის.

ანტიმონოპოლიური კომიტეტის ხელმძღვანელი ბილ მერფი დარწმუნებულია, რომ ფედერალურ სარეზერვო სისტემაში აშშ-ის ოქროს სრული რაოდენობა არ არის და აცხადებს, რომ ოქროს ბაზრით მანიპულირება ათი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. ოქროსა და ვერცხლის ფასები უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გაორმაგდა და 2009 წლის დეკემბრის განმავლობაში უნციის ფასმა 1200-დოლარიან ნიშნულს მიაღწია.

მას შემდეგ კლება თვალში საცემია. ასეთ დინამიკა ანტიმონოპოლიური კომიტეტს აეჭვებს. მათი აზრით, თუ ოქროს ფასი ინფლაციის ტემპით გაიზრდებოდა, უნცია ოქროს ღირებულება 2300 დოლარი უნდა ყოფილიყო. მსოფლიო ბაზარზე შარშან 11%-ით გაიზარდა ოქროს მიწოდება და 3,89 ათასი ტონა შეადგინა, მაგრამ მოთხოვნა 11%-ით შემცირდა (3,386 ათასი ტონა). ოქროს მსოფლიო საბჭოს მონაცემებით ოქროს მოპოვება შარშან 6%-ით გაიზარდა 2,544 ათას ტონამდე. ცენტრალურმა ბანკებმა 81%-ით ნაკლები ოქრო გაყიდეს.