"ამ ადამიანების დახმარებით გამომძალა სააკაშვილმა "კავკასუს ონლაინი" - ძმები ყარამანიშვილების "მონოპოლისტური ფულსასრუტი"?!
26-10-2015
"ამ ადამიანების დახმარებით გამომძალა სააკაშვილმა "კავკასუს ონლაინი" - ძმები ყარამანიშვილების "მონოპოლისტური ფულსასრუტი"?!
"თურქები და რუსები, რომელთაც თავის დროზე არ მივყიდეთ ჩვენი კაბელი, ახლა ცდილობენ მის ხელში ჩაგდებას"

დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ "კავკასუს ონლაინში" შტატები გაბერილია და "ნაციონალური მოძრაობის" ყველა აქტივისტი და ზონდერი ამ კომპანიაში იღებს ხელფასს. თუ რამე აპარატურა ჰქონდათ დამონტაჟებული ჩემ შემდეგ, ყველაფერი ისევ მუშაობს და ისევ უსმენენ თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს. ეს მთავრობა, ჩემდა გასაკვირად, ყველაფრის უფლებას აძლევს


ბრძოლა "რუსთავი 2"-ისთვის სულ უფრო მძაფრდება. სხვა­დასხვა დროს ტელეკომპანიის რეალური თუ ფორმალური მფლობელების
ისტორია რთული და ჩახლართულია. აქიმიძე, დვალი, კიწმარიშვილი, ტაბატაძე, ხალვაში - ეს იმ გვარების არასრული ჩამონათვალია, ვინც სხვადასხვა დროს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილებს­ ფლობდა. დღეს კი ტელეკომპანიის წილობრივი განშლა ასეთია: ლევან ყარამანიშვილი - 22%, გიორგი ყარამანიშვილი - 18%, შპს ტელეკომპანია "საქართველო" - 51%, ნინო ნიჟარაძე -
9%. ამავე დროს, ძმები ყარამანიშვილები ტელეკომპანია "საქართველოს" 100%-ს ფლობენ და გამოდის, რომ "რუსთავი 2"-ის 91% ეკუთვნით
. მიმდინარე მოვლენების ფონზე კი, სულ ცოტა, უცნაურია კომპანიის მფლობელების დუმილი, მაშინ როცა წესით, ყველაზე მეტი დასაკარგი მათ აქვთ. და მაინც, ვინ არიან ძმები ყარამანიშვილები და როგორია მათი რეალური თუ ნომინალური ბიზნესინტერესები საქართველოში?

ოფშორული "სამოთხე"

ლევან და გიორგი ყარამანიშვილების სახელები ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ რამდენიმე კომპანიაში გვხვდება, რომლებსაც თავის მხრივ საქართველოში, სხვადასხვა მსხვილ კომპანიებში აქვთ წილები.

საგამოძიებო ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის საინფორმაციო ბაზაში, რომელმაც ოფშორული კომპანიების მფლობელთა ვინაობა გაშიფრა, ლევან ყარამანიშვილის სახელი მოხვდა, რომელიც თავის მხრივ ორი ოფშორული კომპანიის - Delgado Resources-ისა და ჭატერტრიალ Industries-ის თანამფლობელია (ამავე კომპანიაში წილები აქვთ რევაზ ელიავას, თეიმურაზ არონიას და ხვიჩა მაქაცარიას). საჯარო რეესტრის 2014 წლის 9 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში სიდიდით მესამე ფიჭური ოპერატორის, "ბილაინის" (იგივე "მობიტელი") 51%-ის მფლობელი ზემოხსენებული ოფშორში რეგისტრირებული და ლევან ყარამანიშვილთან დაკავშირებული ჭატერტრიალ Industries-ია, ხოლო მობილური ოპერატორის სამეთვალყურეო საბჭოში, რუსეთის ფედერაციის რამდენიმე მოქალაქესთან ერთად, იმავე ოფშორული კომპანიის თანამფლობელები - ხვიჩა მაქაცარია და თეიმურაზ არონიაც არიან. ლევან ყარამანიშვილის სახელი უკავშირდება ასევე "ბილაინის" კიდევ ერთ აქციონერ კომპანიას, Investico Aliance-ს, რომელიც მობილური ოპერატორის 29%-ს ფლობს.

ყარამანიშვილების ბიზნესინტერესები "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" გასული წლით დათარიღებულ კვლევაშიც მოხვდა, სადაც ნათქვამია, რომ Eleganza Group-ი, რომელშიც ლევან ყარამანიშვილი 25%-ს ფლობს, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული Holden Intersales Corp-ის აქციონერია. ეს კომპანია, ამავე დროს, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული Newcom Association Limited-ის საშუალებით, რესტორანთა ქსელ GMC ჰოლდინგს ფლობს.­ სხვა აქტივებთან ერთად, GMC ჰოლდინგის საკუთრებაშია ქალაქის მთავარი სარკინიგზო სადგურის მიმდებარედ სავაჭრო ცენტრი "თბილისი ცენტრალი".
ამავე კვლევის თანახმად, GMC ჯგუფი თბილისის სამარშრუტო ხაზების ტენდერებთანაც არის დაკავშირებული. 2011 წელს აღნიშნულ ტენდერებში გამარჯვებულ ოთხ კომპანიას სხვადასხვა სამარშრუტო ხაზი გადაეცა ექსპლუატაციაში. ოთხივე კომპანია ერთსა და იმავე მისამართზე იყო დარეგისტრირებული - GMC ჯგუფის კუთვნილ რესტორნებში "ძველი სახლი" და "ქალაქური". სამარშრუტო მიკროავტობუსების ოთხივე კომპანიის წარმომადგენელი ერთი და იგივე პიროვნება - GMC ჯგუფის იურისტი იყო.
ყარამანიშვილების ბიზნესინტერესები იკვეთება "კავკასუს ონლაინშიც". კომპანიას, ბოლო მონაცემებით, სამი ოფშორული კომპანია Growth Master Holdings-ი­ (44%), Nelgado Limited-ი (19,8%) და International Online Networks-ი (36,2%) ფლობს. Nelgado Limited-ი, რომელიც, არსებული მონაცემებით, International Online Networks-ის აქციათა 30%-საც ფლობს, რევაზ ელიავას (50%), ხვიჩა მაქაცარიასა (40%) და Lexus Group Limited-ს (10%) ეკუთვნით. როგორც ელიავა, ისე მაქაცარია, ყარამანიშვილთან ერთად, "მობიტელის" ("ბილაინი") აქციონერი Delgardo Resources-ის მეწილეები იყვნენ.

"დიდი ფული შესდის სააკაშვილს საქართველოდან"

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ "სილქნეტისა" და "მაგთიკომის" შემდეგ, "კავკასუს ონლაინის" შეძენით ახლა უკვე "ვიმპელკომის" ჯგუფის წევრი, კომპანია "ბილაინიც" დაინტერესდა. როგორც კომპანიაში ამ ინფორმაციის კომენტირებისას გვითხრეს, აქციონერები განიხილავენ ყველა იმ შეთავაზებას, რომელიც ბიზნესისა და მომხმარებელთა ინტერესებიდან გამომდინარეობს. რაც შეეხება ყარამანიშვილების ბიზნესინტერესებს "ბილაინში", ამბობენ, რომ ძმები ყარამანიშვილები უკვე სამი წელია მათ აქციონერებს შორის აღარ არიან.

მამია სანადირაძე, "კავკასუს ონლაინის" ყოფილი მფლობელი:
"საქართველოში არსებულ ყველა მსხვილ ბიზნესში, მათ შორის "რუსთავი 2"-შიც, ძმები ყარამანიშვილები ნომინალური მეპატრონეები არიან და სინამდვილეში მათ ზურგს უკან სააკაშვილი დგას. "კავკასუსში" წილებს ოფშორში რეგისტრირებული "ნელგადოს" საშუალებით ფლობდა, ხოლო "ბილაინში" - "დელგადოს" საშუალებით. ამ ადამიანების დახმარებით გამომძალა სააკაშვილმა "კავკასუს ონლაინი". ოფშორში დაარეგისტრირეს კომპანია "ნელგადო", რომლის დირექტორი წლების განმავლობაში ლევან ყარამანიშვილი იყო და რომელიც კომპანია "კავკასუს ონლაინისა" და ზღვაში ჩადებული კაბელის თანამფლობელი გახდა.
დაახლოებით ორი წელია მას შემდეგ, რაც ვიჩივლე საქართველოს სასამართლოში, ყარამანიშვილი გადადგა ამ კომპანიის დირექტორობიდან. გამომდინარე ამ ყველაფრიდან, ეს ერთი და იგივე ხალხია, რომლებიც წილებს ფლობენ "ბილაინშიც" და "კავკასუს ონლაინშიც". ახლა ცდილობენ, რომ უკვე კრედიტებით დატვირთული კომპანია გაყიდონ და ამით დანაშაულებრივი კვალი დაფარონ.

"თურქტელეკომი" დაინტერესებულია "კავკასუსის" შეძენით. დამირეკეს და მკითხეს, როგორ მიდის ჩემი სასამართლოს პროცესი. ასე რომ, თურქები და რუსები, რომელთაც თავის დროზე არ მივყიდეთ ჩვენი კაბელი, ახლა ცდილობენ მის ხელში ჩაგდებას. მეც ვიშოვე ინვესტორი და თავად მინდა მისი ყიდვა. მაგრამ მათ, ვის ხელშიც დღეს ჩემი კომპანიაა, დიდი სურვილი არ აქვთ, რომ მომყიდონ, რადგან ხუთი წლის განმავლობაში კომპანიაში ჩადენილი უკანონობა გამომჟღავნდება. სიტყვით კი მეუბნებიან, რომ თითქოს უარზე არ არიან, მაგრამ როცა საქმე იქამდე მიდის, რომ კაბელი საბაზრო ფასში ვიყიდო, კონკრეტულად არაფერს მეუბნებიან. სამი წელია ჩემი საქმე გამოუძიებელია, ამასობაში შეიძლება ეს კომპანია გაიყიდოს, მაგრამ მეორე მხრივ, მყიდველი ფიქრობს იმასაც, რომ ეს ქონება შესაძლოა ნებისმიერ დროს სადავო შეიქნეს.
თუ თურქები ან რუსები შეიძენენ ამ კაბელს, ფაქტობრივად, ჩაკეტავენ საქართველოს და ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებენ.
ფიქსირებული ფასებით შემოვლენ ბაზარზე, როგორც მანამდე ჰქონდათ და ინტერნეტს მნიშვნელოვნად გააძვირებენ. თავის დროზე, სანამ ეს კაბელი არ გვქონდა, "როსტელეკომსა" და თურქულ "დელტაკომს" 1.000 ევროს ვუხდიდით 1 მეგაბიტ ინტერნეტში, როცა ევროპაში 10 ევრო ღირდა. კაბელი თუ მათ ხელში ჩავარდება, პოლიტიკურ რისკებთან ერთად, დიდი ეკონომიკური რისკებიც არსებობს.

ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ყველა ის მონოპოლისტი, რომელიც სააკაშვილმა თავის დროზე შექმნა, დღემდე არსებობს.

დღეს ეს მონოპოლისტები აგრძელებენ ისევ ხალხის ძარცვას და უდიდესი ფული შესდის სააკაშვილს საქართველოდან. იმდენად დიდი ფული შესდის, რომ აფინანსებს მთლიანად "ნაციონალურ მოძრაობას" და ყველა იმ ინფრასტრუქტურას, რომლითაც ხორციელდება მოსმენები, თვალთვალი, შანტაჟი და სხვა აქტივობები.
დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ "კავკასუს ონლაინში" შტატები გაბერილია და "ნაციონალური მოძრაობის" ყველა აქტივისტი და ზონდერი ამ კომპანიაში იღებს­ ხელფასს. გარდა ამისა, თუ რამე აპარატურა ჰქონდათ დამონტაჟებული ჩემ შემდეგ, ყველაფერი ისევ მუშაობს და ისევ უსმენენ თავიანთ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს. ეს მთავრობა, ჩემდა გასაკვირად, ყველაფრის უფლებას აძლევს".

ლევან ყარამანიშვილის ჰობი

ძმები, გიორგი და ლევან ყარამანიშვილები, გაგრიდან არიან. გიორგი მიხეილ სააკაშვილთან ერთად სწავლობდა კიევში. ყარამანიშვილების ბიზნესი ფართოდ არის გაშლილი უკრაინაშიც. გიორგი ყარამანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მრჩეველთა საბჭოს წევრიც იყო. 43 წლის ლევან ყარამანიშვილი პოკერის ცნობილი მოთამაშეა. მიუხედავად იმისა, რომ მათი მეგობარი სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი უკვე აღარ არის, ყარამანიშვილები თავიანთ ბიზნესს საქართველოში კიდევ უფრო აფართოებენ და მათ ინტერესთა სფეროში ახლა უკვე სამედიცინო ბიზნესიც მოექცა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ სახელს უკავშირდება წილები ჟორდანიასა და ღუდუშაურის კლინიკებშიც.

PENSIONERI
01 ნოემბერი 2015 14:35
გალსტუკიანი ქურდების და ყაჩაღების ქვეყანა რომ გახდა საქართველო ნუთუ ვერ ხედავათ/ სტალინი თუ გვიშველის სხვა შემთხვევაში უბრალო ხალხი ამ მაფიოზების ხელში ჩავიძირებით. ხმა ამოიღეთ ხალხო. რას გაშეშებულხართ და გაარკვიეთ საიდან ჩაიგდო ამ ხალხმა მილიონები ხელში. ნუთუ არ მოინახა ნორმალური ქართველი ვინც ფულზე არ არის გაღორებული რომ ამ ხალხს პასუხმოსთხოვოს და ხალხ ქონება ხალხს დაუბრუნონ.რა შექმნეს და რა გააკეთეს რომ წილებს ინაწილებენ. ხალხის შექმნილი ქონების მითვისების უფლება ვინ მისცათ.ხმა ამოიღეთ ახალგაზრდებო. რატომ არ გინდათ თქვენმა შვილებმა ბედნიერად იცხოვრონ. ამ ვარხალალიას შემხედვარე კომუნისტებს დასცინით. სირცხვილია.
ქქქ
01 ნოემბერი 2015 12:54
მხედრიონის ფარფაშის დროს ნაშოვნი ნაძარცვით იშოვნეს ყველაფერი და იყიდეს რაც უნდოდათ. სად იყო, ან ახლა სად არის საქართველოში იმდენი საქმე, რომ ადამიანმა ფული იშოვნოს. ეგენი ყველანი ყაჩაღები იქნებიან. არ ვიცნობ და არც მინდა ვიცნობდე, მაგრამ როცა ხალხს ასე უჭირს არ შეიძლება შენ ქვეყანას მიეხმარო?
ალექს s
27 ოქტომბერი 2015 13:45
დაიცვას ტორემ ვინმე არტმევს მაგ ნაქურდალ მილიარდებს?
ოხრად დარჩეტ რაც ქვეყანას და ხალხს მოპარეს

რედაქტორის რჩევით