აღმოაჩინე ქართული! - კვირის პალიტრა

აღმოაჩინე ქართული!

როცა "პალიტრამედია" იწყებდა სოციალურ კამპანიას "იყიდე ქართული - გააძლიერე ქვეყანა", ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ბევრ საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩენას გავაკეთებდი.

დღეს ჩემს გარდერობში უკვე ქართული წარმოების ორი ნივთია და იმედია, მათი რაოდენობა მომავალში კიდევ გაიზრდება. კიდევ უფრო სასიამოვნოა, როცა ამ აღმოჩენების შესახებ ჩვენი მკითხველები საუბრობენ და ერთმანეთს მოუწოდებენ, ქართული პროდუქციის შეძენით წვლილი შეიტანონ ქვეყნის გაძლიერებასა და მომავალი თაობებისთვის უკეთესი მომავლის შენებაში.

ქართული წარმოების ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები და კოსმეტიკაც კი - ეს იმ პროდუქციის არასრული ჩამონათვალია, რომლის შესახებაც ბევრმა ჩვენგანმა სწორედ "პალიტრამედიის" სოციალური კამპანიის წყალობით გაიგო. ქართული წარმოების პროდუქციის შესახებ სულ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს და ის სულ უფრო ხშირად ხდება მათი არჩევანი. ადგილობრივი მწარმოებლების თქმით, ზოგ შემთხვევაში მატერიალურ რესურსზე მეტად, მათ სწორედ მედიამხარდაჭერა და ამ გზით მათი პროდუქციის ცნობადობის ზრდა სჭირდებათ.

მანანა დავლიანიძე, თბილისის მკვიდრი: "როცა "პალიტრა TV"-ზე ვნახე სიუჟეტი საქართველოში წარმოებული სამოსის შესახებ, თავდაპირველად ეს მორიგი სარეკლამო კამპანია მეგონა და ცოტა ეჭვით შევხედე. ცნობისმოყვარეობამ არ მომასვენა და გადავწყვიტე, საკუთარი თვალით მენახა საქართველოში შეკერილი სამოსი და მაღაზიას ვესტუმრე. მინდა გითხრათ, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, რადგან აღმოვაჩინე სწორედ იმ ზომის, სტილისა და დიზაინის მოდელები, რასაც კარგა ხანია ვეძებდი. ალბათ, ვიღაც იფიქრებს, რომ ვაჭარბებ, რადგან ბაზარი სავსეა სხვადასხვა ქვეყანაში, უმეტესად ჩინეთსა და თურქეთში წარმოებული პროდუქციით და არჩევანიც საკმაოდ დიდია, მაგრამ მათი ზომები ხშირად არ მოდის თანხვედრაში ჩვენს პარამეტრებთან და არც სტილია ქართველი მომხმარებლისთვის მისაღები, ადგილობრივი სამოსი კი თითქოს შენს ტანზეა შეკერილი. გათვალისწინებულია ადგილობრივი მომხმარებლის გემოვნება და მოთხოვნები.

მოკლედ, თქვენი კამპანიის "იყიდე ქართული - გააძლიერე ქვეყანა" დახმარებით აღმოვაჩინე მაღალი ხარისხის, სასურველი დიზაინის, ზომისა და მისაღები ფასის ქართული სამოსი. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამიერიდან მხოლოდ აქ შევიმოსები.

ვფიქრობ, საქართველოს პოტენციალი გაცილებით მეტია და მას იოლად შეუძლია თურქეთის ეკონომიკის დონეზე გავიდეს. ამისთვის კი ხელისუფლების ნებასთან ერთად, მაღალი სამომხმარებლო პატრიოტიზმია საჭირო. მაგალითად, თურქი მძღოლები საქართველოში რომ შემოდიან, წყალიც კი თურქეთიდან შემოაქვთ, რომ აქაურში ფული არ გადაიხადონ. ჩვენც უნდა ვისწავლოთ ადგილობრივი პროდუქციის დაფასება და დარწმუნებული ვარ, ამით მწარმოებლების პასუხისმგებლობაც გაიზრდება და უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ როგორც პროდუქციის ხარისხს, ისე მის ფასს".

ირაკლი ლაღიძე, ქართველი ემიგრანტი: "5 წელია გერმანიაში ვცხოვრობ და ყოველ ზაფხულს ჩამოვდივარ საქართველოში ოჯახის წევრების მოსანახულებლად. ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს აღმოვაჩინე ქართული წარმოების ფეხსაცმელი, რომლის ერთი წყვილი გავიყოლე გერმანიაში და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. მას შემდეგ თითქმის ყოველ წელს ვყიდულობ ფეხსაცმელს საქართველოში და გერმანიაში მიმაქვს. ერთხელ გერმანიაში მაღაზიაში წყვილი ქართული ფეხსაცმელი გავიყოლე, რომ შესაფერისი პიჯაკი და შარვალი შემერჩია. ვერ წარმოიდგენთ, როგორი ინტერესი გამოიწვია ჩემმა ფეხსაცმელმა მაღაზიების კონსულტანტებში. კამათობდნენ კიდეც, რომელი ცნობილი ბრენდის ფეხსაცმელი უნდა ყოფილიყო.

უნდა გენახათ გერმანელების გაოცება, როცა გაიგეს, საქართველოში წარმოებული და ადგილობრივ ბაზარზეც კი ნაკლებად ცნობილი ბრენდის ფეხსაცმელი იყო, რომლის ფასიც, ალბათ, ათჯერ და ოცჯერ ნაკლებია მათ მიერ დასახელებულ ბრენდებთან შედარებით.

მოკლედ, ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენც შეგვიძლია კარგი პროდუქციის შექმნა და მთავარია, არ გავჩერდეთ და აგური-აგურს დავადოთ".

სოსო არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "საქართველოს აქვს საკუთარი სოფლის მეურნეობა, სანედლეულო ბაზა და არსებობს პოტენციალი იმისა, რომ შესაბამისი ტექნოლოგიების არსებობისა და გამოყენების პირობებში, შევძლოთ არა მარტო აგროსამრეწველო პროდუქციის წარმოება, არამედ უფრო ღრმა გადამუშავების პროდუქციის მიღება, რომელიც შემდეგ გამოყენებული იქნება მსუბუქ მრეწველობაში. თავის დროზე, საქართველოს ჰქონდა 106 სახეობის სამრეწველო დარგი, შემდეგ კი ცნობილი მიზეზების გამო ყველაზე მეტი დარტყმა ეკონომიკამ სწორედ მრეწველობაზე მიიღო. ახლა, რომ იტყვიან, პროგრესი იგრძნობა. 2016 წლის ბიუჯეტის გეგმაში ჩადებულია რეალური სექტორის წილის ზრდა მთლიან შიდა პროდუქტში, ხოლო რეალური სექტორი, ძირითადად, ამ ორი დარგით - სოფლის მეურნეობითა და მრეწველობით არის წარმოდგენილი. თუ გახსოვთ, 90-იანი წლების მიწურულს, თბილისსა და საქართველოს ზოგ ქალაქში მაშინდელი პარლამენტარის, ბესო ჯუღელის ინიციატივით გაკეთდა მაღაზიათა ქსელი "პატრიოტი", სადაც მხოლოდ სამამულო წარმოების პროდუქცია იყიდებოდა. დროთა განმავლობაში ლიბერალიზაციის პოლიტიკის, საბაჟო ტარიფების შემცირებისა და სხვა გარემოებათა გამო, ეს მაღაზიათა ქსელი შეიზღუდა და შემდეგ საერთოდ გაქრა ბაზრიდან. ამ ფორმით მაღაზიათა ქსელი შესაძლოა აღარ განავითარო, მაგრამ იდეა ნამდვილად კარგია. ევროკავშირის ქვეყნებშიც კი ცდილობენ მომხმარებლები, რომ უპირატესობა მიანიჭონ საკუთარ ქვეყანაში წარმოებულ პროდუქციას და სხვა ქვეყნებისა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძინონ. ამ პათოსით მისასალმებელია "პალიტრამედიის" სოციალური კამპანია ადგილობივი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის. ვფიქრობ, ამ წამოწყებას ძალიან კარგი მომავალი აქვს".

P.S. სასიამოვნოდ მენიშნა თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის განცხადება, რომლის თანახმადაც, თავდაცვის სამინისტრო აცხადებს ტენდერს ქართული ხორცის შეძენაზე. მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე ქართულ ჯარს სრულად გადაიყვანენ ქართულ კვებაზე. საინტერესოა, რომ მხოლოდ მიმდინარე წელს 6 მილიონი ლარია დახარჯული თავდაცვის უწყებისთვის ხორცის შესაძენად. ამ პროდუქტის შესყიდვა მთლიანად უცხო ქვეყნებიდან, ძირითადად, ინდოეთიდან ხდებოდა.

კიდევ უფრო მისასალმებელი იქნება, თუ თავდაცვის სამინისტროს ამ ნაბიჯს სხვა სახელმწიფო უწყებებიც შეუერთდებიან და სახელმწიფო შესყიდვებისას უპირატესობას ადგილობრივი წარმოების პროდუქციას მიანიჭებენ.

ჩანთები

ქართული ჩანთების ბრენდი GEPHERRINI მხოლოდ ერთი წელია, რაც არსებობს, სადაც ქალის, მამაკაცის, ბავშვის ჩანთების და სამაჯურების სერიული წარმოება ხდება. კომპანია თვის განმავლობაში აწარმოებს დაახლოებით 300-500 ჩანთას, რომელთა რეალიზება თბილისში _ სამ, ხოლო ბათუმში ერთ სავაჭრო ობიექტში ხდება. აღსანიშნავია, რომ ჩანთები საქართველოში შექმნილი ექსკლუზიური დიზაინით იქმნება. ბოლო ერთი თვეა, რაც კომპანიამ ხელნაკეთი ჩანთების წარმოებაც დაიწყო.

კოსმეტიკა

პირველი ქართული პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ფაბრიკა "ივერია" 1959 წელს, თბილისში დაარსდა. 1991 წელს კი მის ბაზაზე კომპანია "ივერია" ჩამოყალიბდა. კომპანია აწარმოებს თმის მოვლის, კანის მოვლის, პირის ღრუს მოვლის საშუალებებსა და პარფიუმერიას.

ფეხსაცმელი

ქართული ფეხსაცმლის ბრენდი "ლევანტო" ადგილობრივ ბაზარზე უკვე 10 წელია არსებობს. ქართული წარმოების ფეხსაცმელი ევროპული მასალისგან, იტალიური დანადგარების გამოყენებით ქუთაისში იკერება. კომპანია ქმნის როგორც ქალის, ისე მამაკაცისა და ბავშვის ფეხსაცმელს.

ტანსაცმელი

ფაბრიკა "იმერი", სადაც ადგილობრივი წარმოების სამოსი იქმნება, 90 წელზე მეტია ქუთაისში ფუნქციონირებს. დაახლოებით 20 წლის წინ ფაბრიკა კერძო მფლობელის ხელში გადავიდა. ფაბრიკა კერავს როგორც ქალის, ისე მამაკაცის სამოსს. 2013 წლიდან ფაბრიკამ მაღაზია გახსნა თბილისში. "იმერის" ტანსაცმელი ხარისხითა და დაბალი ფასებით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ დიზაინერმა ავთანდილ ცქვიტინიძემ პირველი პროფესიული ნაბიჯები სწორედ ამ ფაბრიკაში გადადგა.