რატომ იზრდება მთავრობის ხელფასი 57 მილიონი ლარით
09-11-2015
რატომ იზრდება მთავრობის ხელფასი 57 მილიონი ლარით
"2012 წელთან შედარებით, ცენტრალური ხელისუფლების შრომის ანაზღაურება 389 მილიონი ლარით არის გაზრდილი, რაც დიდ კითხვის ნიშანს აჩენს - რამდენად რაციონალურია ამხელა დანახარჯი ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის?"


2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გაისად მთავრობის შრომის ანაზღაურება დაახლოებით 57 მილიონი ლარით გაიზრდება. სხვათა შორის, გასული წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, გაცხადებული "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის მიუხედავად, ბიუჯეტში, რომელიც გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან ივსება, მთავრობის ხელფასებისთვის სულ უფრო მეტი თანხა გამოიყოფა. მაგალითად, 2015 წელს ცენტრალური მთავრობის აპარატის
შრომის ანაზღაურება, 2014 წელთან შედარებით, დაახლოებით 85 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო 2012 წელთან შედარებით, მომავალი წლის ბიუჯეტიდან მოხელეთა ხელფასებისთვის 389 მილიონი ლარით მეტის გადახდა მოგვიწევს.
საქართველოში დაახლოებით 900 საბიუჯეტო ორგანიზაციაა, სადაც 116 ათასზე მეტი კაცია დასაქმებული და მათი ხელფასებისთვის ბიუჯეტიდან წლიურად დაახლოებით 1,5 მილიარდი ლარი
იხარჯება. ეს იმ ფონზე, როცა ქვეყნის ბიუჯეტი სულ დაახლოებით 9 მილიარდი ლარია და თანაც 700 ათასი პენსიონერისთვისაც წელიწადში დაახლოებით იმდენივე იხარჯება, რამდენიც საჯარო მუშაკთა ხელფასებისთვის. სჭირდება თუ არა ქვეყანას ასეთი მრავალრიცხოვანი ხელისუფლება და რამდენად დამსახურებულად იზრდიან ხელფასებს ბიუჯეტის ხარჯზე საჯარო მოხელეები? - ეს მხოლოდ შეკითხვების ნაწილია, რომელიც მანამდე არ დაკარგავს აქტუალურობას, სანამ ქვეყანაში საბიუჯეტო სახსრების განკარგვა მაქსიმალურად გამჭვირვალედ არ მოხდება.

მიხეილ კუკავა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანალიტიკოსი:


"2016 წლის ბიუჯეტი ეკონომიკის 3%-იან ზრდაზეა გათვლილი, ხარჯები კი დაახლოებით 356 მილიონი ლარით იზრდება 2015 წლის ხარჯებთან შედარებით, რაც 4,45%-ით მეტია. ასევე დაგეგმილია სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების 404 მილიონი ლარით გაზრდა, რაც 2015 წლის მაჩვენებელს 5,08%-ით აღემატება. თუ გავითვალისწინებთ, რომ წლეულს სახელმწიფო ხარჯების შემცირებას შეეცადა - ლარის კურსზე დამატებითი ზეწოლის ასაცილებლად, გაუგებარია, რატომ ხდება დამატებით ხარჯების გაზრდა. ამაში შედის როგორც ადმინისტრაციული, ისე პროგრამული ხარჯები. იზრდება ცენტრალური მთავრობის შრომის ანაზღაურებაც - 57 მილიონი ლარით 2015 წელთან შედარებით და დაახლოებით 389 მილიონი ლარით - 2012 წელთან შედარებით.
რაც შეეხება ადმინისტრაციულ ხარ­ჯებს­, სამწუხაროდ, არა გვაქვს შესაძლებლობა, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ, რა თანხა იხარჯება ბიუჯეტიდან ადმინისტრაციული საჭიროებებისთვის და რა - ამა თუ იმ პროგრამებისთვის. არადა, ამ ხარჯების განცალკევება მნიშვნელოვანია, რათა ვიცოდეთ, საბიუჯეტო სახსრები რამდენად რაციონალურად იხარჯება. 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში შრომის ანაზღაურების 57.2 მლნ ლარით ზრდა ნაწილობრივ გამოწვეულია იმით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობებიდან სახანძრო და სამაშველო სამსახურების დაფინანსება გადმოდის ცენტრალურ ბიუჯეტში (44.2 მილიონი ლარი) და 2016 წელი საარჩევნო წელია, რის გამოც 2014 საარჩევნო წელთან შედარებით, 620.4 ათასი ლარით იზრდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის შრომის ანაზღაურება, რაც ჯამში დაახლოებით 45 მილიონ ლარს შეადგენს.

ვრცელი წერილები გავუგზავნეთ რამდენიმე სამინისტროს, მათ შორის ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს, სადაც დეტალურად განვმარტეთ, როგორ უნდა გაეფილტრათ ერთმანეთისგან ადმინისტრაციული და პროგრამული ხარჯები, მაგრამ საჭირო ინფორმაცია ვერ მივიღეთ. რა თქმა უნდა, არის სახელმწიფო უწყებები, მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის შემთხვევაშიც შეუძლებელია ადმინისტრაციული ხარჯი პროგრამულისგან განასხვაო, მაგრამ სხვა შემთხვევაში ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, პროგრამული ბიუჯეტირების ამ ეტაპზე, ფაქტია, ვერ ვახერხებთ ერთ-ერთი მთავარი მიზნის მიღწევას, რასაც საბიუჯეტო ხარჯების გამჭვირვალობა ჰქვია.

- დავაზუსტოთ, რა კატეგორიის ხარჯებია ადმინისტრაციული და პროგრამული?

- ადმინისტრაციული ხარჯი არის როგორც შტატში მყოფი, ისე შტატგარეშე თანამშრომლის შრომის ანაზღაურება, აგრეთვე საკანცელარიო პროდუქციაში, მივლინებებში დახარჯული თანხები და სხვ. მაგალითად, სოფლის მეურნეობაში ვაქცინაციის პროგრამის განხორციელებას რომ ინვენტარი სჭირდება, პროგრამული ხარჯია, ხოლო ბუღალტერს რაც ამ პროგრამის ანგარიშგებისთვის რესურსი ან ინვენტარი სჭირდება - ადმინისტრაციული. ამ ხარჯების განცალკევება გვაჩვენებდა, რამდენს ხარჯავს ბიუროკრატია ლოჯისტიკაზე გაცხადებული მიზნების მისაღწევად, ხოლო, როცა ხელფასს, მივლინების თანხებს, კომუნალურ, ინვენტარზე გაწეულ ხარჯსა და პროგრამულ ხარჯებს­ ერთ ქვაბში ხარშავ, ძალიან ძნელია გარკვევა, ბევრს ხარჯავს მთავრობა ადმინისტრაციული ხარჯებისთვის, თუ ცოტას პროგრამების განხორციელებისთვის. დღეს ნამდვილად არ ვიცით, რამდენია ესა თუ ის ადმინისტრაციული ხარჯი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაში.
ჩვენ კი არ უნდა ვწერდეთ ვრცელ წერილებს სამინისტროებს და ვუხსნიდეთ, როგორ უნდა გამიჯნონ, არამედ რეგულაციები, მეთოდოლოგია უნდა არსებობდეს, რომლითაც საბიუჯეტო ორგანიზაციებს­ ექნებათ ვალდებულება, ყველა ხარჯი დეტალურად გაწერონ. ეს არის პროგრამული ბიუჯეტირება. თუ საჯარო ფინანსების მართვის შენი სისტემა ამ შედეგს არ გაძლევს, მაშინ ყოველთვის იარსებებს­ რისკი, რომ ბიუროკრატიამ ისარგებლოს და პროგრამული ხარჯის საბაბით საბიუჯეტო სახსრები არარაციონალურად დახარჯოს.

- იმ პირობებში, როცა ქვეყანაში 3,7 მილიონი კაცი ცხოვრობს, როცა ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, დასაქმებულად მიიჩნევა 1,7 მილიონი კაცი და მათ შორის მრავლად არიან სოფლად, საკუთარ მეურნეობაში დასაქმებულებიც, რამდენად საჭიროა ასეთი მრავალრიცხოვანი მთავრობა, რომლის შენახვა ბიუჯეტს ძალზე ძვირი უჯდება?
- გაითვალისწინეთ, რომ დაახლოებით 116 ათასი კაცი მხოლოდ ცენტრალური მთავრობის აპარატშია დასაქმებული და ამ რაოდენობაში ადგილობრივი თვითმმართველობები არ შედის... სამწუხაროდ, არც ის ვიცით, ცენტრალურ მთავრობაში დასაქმებულთა რიცხვში არის თუ არა გათვალისწინებული შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა. ის კი დანამდვილებით ვიცით, რომ ბიუჯეტში მოცემული სახელფასო ხარჯები შტატგარეშე დასაქმებულთა ხელფასებს არ მოიცავს, ეს თანხა საქონლისა და მომსახურების მუხლშია შესული, რომელიც, ისევე როგორც ბევრი სხვა მუხლი, უფრო დეტალურად განმარტებული არ არის. შესაბამისად, ისიც კი არ ვიცით, რა თანხა იხარჯება ხელფასებისთვის ბიუჯეტიდან. რაც შეეხება მთავარ შეკითხვას: რამდენად ცოტა ან ბევრია ჩვენისთანა ქვეყნისთვის სახელფასო დანახარჯი ბიუჯეტიდან? ამის შესახებ არაერთხელ ვესაუბრეთ მთავრობის წევრებს, მათ შორის ფინანსთა მინისტრს. მთავრობამ უნდა დაასაბუთოს, რომ ხელფასების ზრდა მიბმულია მიზნების მიღწევასთან. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მთავრობამ უნდა დაასაბუთოს, რომ, მაგალითად, ხელფასების ზრდა მეტი კვალიფიციური თანამშრომლის ასაყვანად სჭირდება, რათა კონკრეტულ მიზნებს მიაღწიონ. ამ შემთხვევაში ხარჯების ზრდა იქნება დასაბუთებული, ახლა კი მთავრობა ამას ვერ ასაბუთებს. მაგალითად, ვერ ასაბუთებს, 57 მილიონი ლარით რომ ზრდის­ სახელფასო ხარჯებს, რა იქნება ამ 57 მილიონის დამატებითი ღირებულება... რა უნდა გააკეთოს იმ 57 მილიონის ფასად, რომ გაამართლოს ეს ზრდა...

2012 წელთან შედარებით, ცენტრალური ხელისუფლების შრომის ანაზღაურება დაახლოებით 389 მილიონი ლარით არის გაზრდილი, ეს დიდი ნახტომია, რაც დიდ კითხვის ნიშანს აჩენს: რამდენად რაციონალურია ამხელა დანახარჯი ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის? რეალურად, ეს 1,438 მილიარდი ლარი, რომელიც ბიუჯეტში ხელფასებისთვის არის გათვალისწინებული, კერძო სექტორს აწვება მძიმე ტვირთად. როცა ამხელა სახელფასო ბიუჯეტი გაქვს, ხომ უნდა დაასაბუთო, რა დამატებითი ღირებულება შექმენი შენ, ცენტრალურმა მთავრობამ. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები და ამას ემატება კიდევ 76 მუნიციპალიტეტი, სადაც შექმნილი აქვთ უამრავი აიპ-ი, რომელთა თანამშრომლებმა ზოგჯერ არ იციან, სად მუშაობენ, შეიძლება თავიანთი აიპ-ის დასახელება ვერც კი გითხრან...

წარმოიდგინეთ, რა ფული იხარჯება ბიუჯეტიდან მხოლოდ საბიუჯეტო ორგანიზაციების შრომის ანაზღაურებაზე. ეს ყველაფერი, წესით, ნაერთ ბიუჯეტში უნდა აისახოს, რომელიც არის სახელმწიფოსა და ადგილობრივი ბიუჯეტის ნაერთი, მაგრამ იქ რა ხდება, არც კი ვიცით. ეს კიდევ ერთი პრობლემაა, რომ ნაერთი ბიუჯეტის მონაცემებს ფინანსთა სამინისტრო დიდი დაგვიანებით აქვეყნებს. ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენია შრომის ანაზღაურება 2015 წლის ნაერთ ბიუჯეტში. ზოგჯერ ეს მონაცემი ერთი წლის დაგვიანებითაც კი ქვეყნდება. ჯერ მხოლოდ 2014 წლის ნაერთი ბიუჯეტის მონაცემები გვაქვს, რომელიც დიდი ხანი არ არის, რაც გამოქვეყნდა. ნაერთი ბიუჯეტის მიხედვით, 2014 წელს შრომის ანაზღაურებაზე, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი მთავრობისთვის 1,5 მლრდ ლარი დაიხარჯა. ეს კი რამდენიმე ასეული მილიონი ლარით მეტია, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტში ამავე პერიოდში ასახული სახელფასო ხარჯები.

სხვათა შორის, არც ის ვიცით, ჯამურად რამდენია ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის მოხელეთა რაოდენობა, არ ვიცით, სსიპ-ების თანამშრომლების რაოდენობა, ამიტომაც არის ჩვენი სტატისტიკის ხარისხი საგანგაშო.

როცა მთავრობა სტატისტიკის სამსახურის მუშაობაზე მინიმუმს ხარჯავს, მათ ვერც მოსთხოვ ინფორმაციის მაღალ ხარისხს. საჯარო ფინანსების საბჭოს წევრები ვართ და სულ ველაპარაკებით მთავრობას ზემოთ მოყვანილ პრობლემებზე, მათი გადაჭრის ტექნიკურ საკითხებზე, თუმცა...
მერი ფაზისელი
16 ნოემბერი 2015 13:48
ვიცი არავის აინტერესებს ხალხის აზრი. მე მაინც ვიტყვი ჩემსას. გული ვერ ითმენს სათქმელს. სათქმელი კი გაცილებით მეტია. დაძაბუნდა ხალხი, დაიცალა ქვეყანა. როგორ მოხვედით ქვეყნის ხელისუფლებაში თუ არ გიყვართ და არ გადარდებთ რა ხდება ირგვლივ. თუ თქვენ თვლით რომ მუშაობთ, მაშინ ძალიან ნელია თქვენი ტემპი, ხარისხი ხომ ყოვლად მიუღებელი. ფული იხარჯება და ირგვლივ ხარისხს ვერ დაინახავ. ტენდერებმა წალეკა ქვეყანა. თქვენს საწყის ამაგს ხალხი ხედავს, მაგრამ მათ ყოფა-ცხოვრება ხომ უნდა დაეტყოს წინსვლა? მაპატიეთ, ვცდილობ თავი არ შეგაწყინოთ და დროც არ დაგახარჯვინოთ. თავადაც უნდა ხედავდეთ, თუ კარგად მიიხედავთ ირგვლივ.
moqalaqe
15 ნოემბერი 2015 19:01
უნამუსოებოო,როგორ არ გრცხვენიატ.ხომ მუჰაობტ,ხომ გაქვტ ხელპასები ტუნდაც 1500 ან 1700 ლარი,არ გყოპნიიტ.მასჰინ ცადიტ და ის ვისაც არ იგებტ სამსახურებსჰი ,ისინი იმუჰავებენ.აბა რა ვქნატ პენსიონერებმააა.160 ლარი როგორ ვიმყოპინოოტ.რა გახდა ასეტი უსაჰველო,რომ 200 ლარი ვერ გახადეტ პენსიააა.
beriberi
14 ნოემბერი 2015 14:27
მე, დღეში ერთი ლარითა ვცხოვრობ,
შენ, ასი ლარიც თურმე არ გყოფნის
და თანაც გიკვირს რად მიკიდია
კედელზე, პაპის ნაქონი თოფი.

რედაქტორის რჩევით