ინვესტიცია მომავალში - ინტერნეტი ყველგან - კვირის პალიტრა

ინვესტიცია მომავალში - ინტერნეტი ყველგან

"დამატებით 1 მილიონი ადამიანი მიიღებს ინტერნეტს ამ პროექტის ფარგლებში"

ეს არის უდიდესი ინვესტიცია საქართველოს მომავალში და მნიშვნელოვანი კონტრიბუცია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და ფონდი "ქართუ" ახორციელებს. საერთო ჯამში, საქართველოში პროექტის განსახორციელებლად გრანტის სახით 150 მილიონამდე დოლარი გამოიყოფა"

საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში მაღალი ხარისხის და მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა საქართველოს თითქმის მთელ მოსახლეობას ექნება. პროექტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 150 მილიონი დოლარია, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები გერმანელ ექსპერტებთან ერთად მუშაობენ, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს საქართველოს სოფლების ინტერნეტით უზრუნველყოფა. პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში, ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს 10 რეგიონის 500-მდე სოფლისთვის. საერთო ჯამში კი ამ პროექტის ფარგლებში ინტერნეტი 2000-ზე მეტ სოფელში შევა და მილიონზე მეტ მომხმარებელს მოემსახურება.

ირაკლი ქაშიბაძე, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე:

"პროექტი "ინტერნეტი ყველა სოფელს" რამდენიმე ნაწილისგან შედგება - ეს არის დაგეგმარების ნაწილი და უშუალოდ შესრულების ნაწილი. ასევე, პროექტის ფარგლებში ხდება არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებისთვის შესაბამისი შეთანხმებების გაფორმება, რათა ყველა იმ კერძო კომპანიის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზები, რაც მათ უკვე აქვთ, არ იყოს უგულებელყოფილი და არ მოხდეს ინფრასტრუქტურის დუბლირება და თითოეული კომერციული პროექტი არ დაიჩაგროს ამ პროცესში. მიმდინარეობს დაგეგმარებითი და შეთანხმებითი პროცესები, ხოლო დეკემბრიდან უკვე დაიწყება სატენდერო პროცედურები შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად. სამშენებლო სამუშაოები მოიცავს რამდენიმე ეტაპს - კაბელის ჩადებასთან, ღია დაშვების წერტილების ფორმირებას და აქტიური ინფრასტრუქტურის განთავსება. აქტიური ინფრასტრუქტურა გულისხმობს იმას, რომ შემდეგ უკვე ნებისმიერი ინტერნეტპროვაიდერი, რომელსაც სურს საქართველოში საკუთარი მომსახურების მიწოდება მომხმარებლისთვის, უკვე უზრუნველყოფილი იქნება დაშვებით მაღალსიჩქარიან ინფრასტრუქტურასთან.

- რაც შეეხება ტენდერებს, ეს საკმაოდ მასშტაბური პროექტია და როგორ ფიქრობთ, არსებული რესურსი სამშენებლო კომპანიებისა საკმარისი იქნება ასეთი მასშტაბური პროექტისთვის?

- ჩვენ აქტიურად ვაწარმოებდით ამ პროექტის დაგეგმარებისა და შესყიდვის პროცესში ურთიერთქმედებას იდენტურ პროექტებთან უცხოეთში. იგივე ლიტვის მაგალითი არის ერთ-ერთი საუკეთესო ამ თვალსაზრისით. ეს პრინციპი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. მშენებლობა შედგება რამდენიმე კომპონენტისგან. პირველი, ეს არის მიწის სამუშაოები, რაც ფაქტობრივად მოიცავს დანახარჯების 80%-ს. უფრო კონკრეტულად კი გაითხრება მიწა, სადაც შემდეგ უკვე გარკვეულ სიღრმეზე ჩაიდება კაბელი. ასეთი სამუშაოების წარმოების გამოცდილება აქვთ, როგორც უშუალოდ ამ სპეციალიზაციის კომპანიებს, რომლებსაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები გაჰყავთ, ასევე იმ კომპანიებს, რომლებიც სხვა საკომუნიკაციო პროექტებზე მუშაობენ.

- მასშტაბური პროექტია და შესაბამისად ბევრი ადამიანი დასაქმდება ამ პროექტის მიმდინარეობისას. არსებობს საპროგნოზო მაჩვენებელი, თუნდაც რამდენმა კომპანიამ შეიძლება მიიღოს შეკვეთა ამ პროექტის მიმდინარეობისას შესაბამისი სამუშაოების შესრულებაზე?

- პარალელურ რეჟიმში მოხდება პროცესების იმგვარად წარმოება, რომ პროექტის განხორციელება სამი წლის განმავლობაში მოესწროს. შესაბამისად, ამ ხნის განმავლობაში პროექტის განსახორციელებლად საჭირო იქნება საკმაოდ დიდი ადამიანური რესურსი.

- განსაზღვრულია რაიმე კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილებაც მოუწევთ ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს?

- კრიტერიუმების შედგენაში ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სატელეკომუნიკაციო საკონსულტაციო კომპანია "დეტეკომთან". ეს არის "დოიჩე ტელეკომის" შვილობილი კომპანია, რომელსაც აქვს რამდენიმე ათეული წლის გამოცდილება სატელეკომუნიკაციო კონსალტინგის მიმართულებით. ასე რომ, უკვე მათთან ერთად მოხდება შესაბამისი წესების და კრიტერიუმების შემუშავება. ეს არის პროექტი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას მაღალი ხარისხის, მაღალტექნოლოგიური სერვისების მიწოდება განვახორციელოთ საქართველოს ყველა რეგიონში.

- როდის დაიწყება უკვე ინტერნეტის სოფლებში შეყვანის სამუშაოები?

- როგორც უკვე აღვნიშნე, არის ორი ტიპის პროცესი - არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენება და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა. არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენება ნიშნავს, რომ ზოგ კომპანიას უკვე აქვს გაყვანილი კაბელი კონკრეტულ სოფელსა თუ რაიონში, მაგრამ არ აქვს იქ დაშვების წერტილი. ჩვენ ამ შესაძლებლობასაც გამოვიყენებთ.

- იქნებ უფრო დეტალურად აუხსნათ მკითხველებს, სად მოეწყობა ჩართვის წერტილები და როგორ მოხდება ინტერნეტის მიყვანა უკვე აბონენტებამდე?

- ჩართვის წერტილი, ეს არის შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ობიექტი, რომლის მეშვეობითაც ინტერნეტპროვაიდერებს უადვილდებათ მიაწოდონ საკუთარი მომსახურება კონკრეტულ აბონენტებს. თუ ადრე ინტერნეტპროვაიდერს რომელიმე სოფელში ინტერნეტის მისაწოდებლად უხდებოდა გადამცემი ინფრასტრუქტურის საკუთარი სახსრებით მშენებლობა, იქნებოდა ეს რადიოსარელეო თუ ოპტიკური ინფრასტრუქტურა, ახლა ეს უკვე აღარ იქნება საჭირო. შესაბამისად, პროვაიდერები დაზოგავენ ძალიან დიდ თანხას და კონკრეტულ სოფლებში მიერთების წერტილები ამ პროექტის ფარგლებში მოეწყობა. ასეთი წერტილები მოეწყობა სკოლებში ან გამგეობებში სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. დღეისათვის საქართველოში მუშაობს 150-მდე მცირე თუ საშუალო ინტერნეტპროვაიდერი. წარმოიდგინეთ, რამხელა შესაძლებლობა მიეცემა მათ თავისი მომსახურების გასაფართოებლად. რა თქმა უნდა, დიდ პროვაიდერებსაც გაუჩნდებათ ასეთივე შესაძლებლობები, რადგან მანამდე კონკრეტულ სოფლებში ინტერნეტის შეყვანა იმდენად ძვირი უჯდებოდათ, რომ ამის გაკეთება არც კი უღირდათ. ახლა კი, როცა უკვე მიყვანილი იქნება კაბელი, რა თქმა უნდა, კონკურენციაც გაიზრდება როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილ კომპანიებს შორის.

- საბოლოოდ უკვე მომხმარებელი რამდენად ხელსაყრელ ფასად მიიღებს ინტერნეტს?

- დღეისათვის ევროპაში ყველაზე მაღალი ხარისხის, მაღალი სიჩქარის ინტერნეტი ყველაზე დაბალ ფასად სწორედ ლიტვაშია ხელმისაწვდომი. წარმოიდგინეთ, რა შედეგი გამოიწვია იქ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტმა. ეს არის უდიდესი ინვესტიცია საქართველოს მომავალში და მნიშვნელოვანი კონტრიბუცია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და ფონდი "ქართუ" ახორციელებს. საერთო ჯამში საქართველოში პროექტის განსახორციელებლად გრანტის სახით 150 მილიონამდე დოლარი გამოიყოფა. სხვა შემთხვევაში ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა ამ პროექტის განხორციელება, რადგან ამისათვის ძალიან მასშტაბური ინვესტიციაა საჭირო. ლიტვაში ეს პროექტი ევროკავშირის გრანტით განხორციელდა.

- როგორი იქნება კონკრეტული შედეგები უკვე ამ პროექტის დასრულების შემდეგ?

- ჩვენ გვაქვს პირველადი მონაცემები, თუ რა ეფექტს მოიტანს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელსაც ახორციელებს ოპენნეტ-ი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული გრანტით. პროექტის დასრულების შემდეგ 41%-ით გაიზრდება ინტერნეტმომხმარებელთა რაოდენობა და ზოგადად საქართველოში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით დაფარვა იქნება 91%.

დამატებით დაახლოებით ერთ მილიონ ადამიანს ექნება წვდომა ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტზე. სამ წელიწადში საქართველოში 2000-ზე მეტი სოფლის ინტერნეტით უზრუნველყოფა მოხდება, თუმცა ეს პროცესი არ გაჩერდება და გაგრძელდება მუშაობა. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ სოფლის ბიბლიოთეკების ბაზაზე ხდება ინოვაციების ცენტრების ფორმირება. ეს იქნება უნივერსალური პლატფორმა იმისთვის, რომ მოხდეს რეგიონში, სოფელში ცოდნის დონის ამაღლება, კომპიუტერული უნარ-ჩვევების ამაღლება და წვდომა თანამედროვე ცოდნასთან, რომელიც გარკვეულწილად ზოგად და პროფესიულ განათლებას შეუწყობს ხელს. ასევე მოეწყობა ე.წ. მცირე ლაბორატორიები, სადაც მოსახლეობა თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნობა და შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ მომავლის პროფესიები, მათ შორის პროგრამირება, მიკროელექტრონიკა და ა.შ. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ მოსახლეობამ აითვისოს მომავლის სპეციალობები, ის ტენდენციები, რომელიც მთელ მსოფლიოშო უკვე მიმდინარეობს, რათა გაიზარდოს მოსახლეობის კონკურენტუნარიანობა და მოხდეს დასაქმება რეგიონიდან და სოფლიდან გაუსვლელად. მაგალითად ოზურგეთში, ჩვენ გვქონდა ტრენინგი პროგრამირებაში და იქ უკვე ბავშვები იღებენ შეკვეთებს უცხოეთიდან, წერენ პროგრამებს და საინტერესო შემოსავალიც აქვთ. წარმოიდგინეთ, იქ, სადაც არაფერი ხდებოდა, დღეს უკვე უჩნდებათ შემოსავალი და ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, არის თუ არა კონკრეტულ რაიონსა თუ სოფელში საწარმო ან სხვა ინფრასტრუქტურა. ეს არის პროექტი, რომელიც მომავალში უზრუნველყოფს იმას, რომ რეგიონში ბევრი ინოვაციური პროექტი გაჩნდება, გაიზრდება ელექტრონული კომერციის გამოყენების მაგალითები. კორეაში იდენტურმა პროექტმა, რომელსაც "ელექტრონული სოფელი" ჰქვია, სოფლის მოსახლეობას მისცა შესაძლებლობა, რომ საკუთარი პროდუქცია გადამყიდველების გარეშე პირდაპირ კომპანიებს მიჰყიდონ. ელექტრონული კომერციის საშუალებით შეგიძლია შესთავაზო შენი პროდუქცია როგორც საქართველოში არსებულ მომხმარებლებს, ასევე ექსპორტზე გაიტანო.