საქართველოს მეორადი ავტობაზარი "იაპონური იერით" - კვირის პალიტრა

საქართველოს მეორადი ავტობაზარი "იაპონური იერით"

"იაპონიაში ნაყიდი მანქანა უფრო საიმედოა. ამერიკული წარმოების ავტომობილების მიმართ კი, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ეჭვი ყოველთვის არსებობს"

საქართველოში მეორად ავტომობილებზე მოთხოვნა შემცირდა, თუმცა, სხვადასხვაგვარია ვითარება ავტობაზრის სხვადასხვა სეგმენტში. პირველობას არავის უთმობს იაპონური პროდუქცია - მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე არის ამერიკული და ევროპული ავტომობილებიც, თამაშის წესებს მაინც ქართულ რეალობას უკეთ მორგებული იაპონური მანქანები განსაზღვრავს. ადგილობრივი მყიდველი ჯერ იაპონურ ავტომობილებს ირჩევს, შემდეგ - ამერიკულს, ბოლოს კი - ევროპულ მეორად მანქანებს.

გიორგი სურგულაძე, "კავკასიის ავტოიმპორტის" წარმომადგენელი:

- ავტომობილებზე მოთხოვნა შემცირდა, თუმცა, ავტობაზარი ერთგვაროვანი არ არის. მაგალითად, მცირდება ამერიკული და ევროპული ავტომობილების იმპორტი, მაგრამ იაპონური წარმოების იაფი მანქანების იმპორტი იზრდება. ეს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს ებმის და რეალობას ასახავს - როგორც კი მდგომარეობა გამოსწორებას იწყებს და ქვეყნის ეკონომიკაში სასიკეთო ძვრებია, მკვეთრად იმატებს ამერიკული მანქანების შეძენის მსურველთა რაოდენობა. სტატისტიკას მუდმივად ვადევნებთ თვალს და შეიძლება ითქვას, რომ ახლა 2011 წლის მონაცემებს დავუბრუნდით. მაშინ ერთ თვეში, ოქტომბერში, სულ 5923 ავტომობილი გავყიდეთ, უმეტესობა იაპონური იყო და მათი ფასი 2.000-დან 2.500 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ამ ფასში შედიოდა განბაჟებაც... ისეთივე ტენდენციაა ახლაც - ლიდერობს იაპონური წარმოების ავტოპროდუქცია, მეორე ადგილზეა ამერიკული მეორადი, დაზიანებული ავტომობილები, რომელთაც აქ აღადგენენ, მაგრამ მაინც იაფი ჯდება და დაბალი ფასის გამო ქართულ ბაზარზე მათ მაინც ბევრი მყიდველი ჰყავს. მესამე ადგილზეა ევროპული ავტომობილები. "მერსედესი" და BMW ყოველთვის პოპულარულია, მაგრამ მათი შეძენის საშუალება ყველას არ აქვს. იაპონური ავტომობილები ჩვენი გზებისთვის გამძლეა. გაზრდილია იაპონიიდან მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტიც.

- თქვით, რომ ვითარება 2011 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა... რამ განაპირობა ეს - დოლარის კურსმა თუ სხვა ფაქტორებმა?

- ლარის გაუფასურება ერთ-ერთი ფაქტორია. მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი შემცირდა, ხალხი ფულს ისე ხელგაშლილად ვეღარ ხარჯავს და ეს ბიზნესზე უარყოფითად აისახება. ქვეყანაში რომ კრიზისია, ყველა ხედავს, მაგრამ ჩვენს საქმეში მნიშვნელოვანია კლიენტის სანდოობაც, რამაც მკვეთრად იკლო ეკონომიკური ვითარების გამო. კლიენტის სანდოობას ეკონომიკური ვითარება და სტაგნაციური სურათი განსაზღვრავს, ანუ როცა ბაზარზე არაფერი ხდება, ვითარებაც არ იცვლება. თანაც კრიზისი მხოლოდ საქართველოს ბაზარს არ ეხება, - სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად, აზერბაიჯანში, გაცილებით უარესი ვითარებაა. შედარებისთვის, 2013 წლის ოქტომბერში 3855 ავტომობილის რეექსპორტირება მოვახდინეთ აზერბაიჯანში, წლევანდელ ოქტომბერში კი ეს რაოდენობა 230-მდე შემცირდა.

- ეს ბაზარზე კონკურენციის გაზრდამაც ხომ არ განაპირობა?

- ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ერთ-ერთი, ალბათ, კონკურენციაც არის. თუმცა, ვერც იმას ავუვლით გვერდს, რომ საერთო სურათი ყველა სფეროში შეიცვალა, ინვესტიციები შემცირდა. აუცილებელია სახელმწიფოსთან კომუნიკაციაც, რათა განისაზღვროს, რა უნდა გაკეთდეს ვითარების გამოსწორებისთვის, მაგრამ ჯერჯერობით ამის მსურველი არ ჩანს.

თორნიკე ბრეგვაძე, "ალტო მოტორსის" დირექტორი, თანამფლობელი:

- მართალია, ბოლო დროს ქართულ ბაზარზე, ევროპულის კვალდაკვალ, ამერიკული წარმოების ავტომობილები გამოჩნდა, მაგრამ იაპონური მანქანებისადმი ინტერესი მაინც დიდია. ეს უკვე ტენდენციაა - დაახლოებით, 2-2,5 ათას დოლარამდე ფასის მანქანის შეძენის მსურველები იაპონურს ამჯობინებენ, რადგან იციან, კარგა ხნის განმავლობაში ცვეთა მინიმალური იქნება. იაპონური მანქანების მომხმარებელზე კრიზისის პერიოდიც არ ასახულა, რასაც ვერ ვიტყვი ამერიკულ მანქანებზე - მათ ცოტა მომხმარებელი ჰყავს.

- ეს დაბალი ფასებით არის განპირობებული?

- მხოლოდ დაბალი ფასით არა, თუმცა, ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის. დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხს, იაპონიაში ნაყიდი მანქანა უფრო საიმედოა. ამერიკული წარმოების ავტომობილების მიმართ კი, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ეჭვი ყოველთვის არსებობს.

- ავტომობილის ღირებულება რა როლს თამაშობს?

- თუ შევადარებთ, მაგალითად, 2,5 ათასი დოლარის ღირებულების იაპონურ და ამერიკულ მანქანებს, მათ შორის დიდი განსხვავებაა. კლიენტთა უმრავლესობას აინტერესებს, იაპონური წარმოების ავტომობილების რომელი მოდელები გვაქვს. ეს მათ აშკარა უპირატესობაზე მიანიშნებს.

გიორგი ღლონტი, კომპანია "სტრადას" საცალო გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი:

- ზოგადი ტენდენცია ასეთია - ადგილობრივი მომხმარებელი ირჩევს იაპონიიდან ჩამოყვანილ მანქანას. ბოლო დროს იაპონური მანქანების ფონზე ამერიკული და ევროპული წარმოების ავტოპროდუქცია იჩაგრება. ამ შემთხვევაში ფასი, ალბათ, გადამწყვეტია, თუმცა, არის სხვა მიზეზიც - იაპონურ მანქანას კარგა ხანს თითქმის არ სჭირდება ავტოსერვისი. რაც შეეხება საერთო ვითარებას, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში 25-30%-იანი კლება შეინიშნება, თუმცა, ეს არ ეხება იაპონური წარმოების ავტომობილებს. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყნის პროდუქციას თავისი სეგმენტი ჰყავს, მაგრამ ხელმისაწვდომობის გამო იაპონურ მანქანებს ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციას ჯერჯერობით ვერავინ უწევს.

"კვირის პალიტრა" რამდენიმე კერძო ავტოიმპორტიორსაც დაუკავშირდა. მათი თქმით, ეს სფერო ჩავარდნის პირას არის და მეორადი მანქანების ბიზნესს იაპონური წარმოების ავტომობილები აცოცხლებს.

ბადრი დარახველიძე, ავტოიმპორტიორი:

- ავტომობილებს, ფაქტობრივად, ვერ ვყიდით. რამდენიმე თვის წინ ჩამოყვანილი მანქანები ხან სად გავანაწილე, ხან - სად, რადგან ავტობაზარში დგომის საფასური გადასახდელია. ამას ემატება განბაჟების თანხა. მანამდე ტერმინალში უნდა გადავიყვანო, სადაც ასევე ყოველდღიური გადასახადია. ამ ხარჯებს სხვა წვრილმანებიც ემატება. არაერთხელ მიზარალია, მაგრამ ვალის დადებას, მირჩევნია, შემოთავაზებულ ფასად გავყიდო პროდუქცია.

2009 წელს გამოშვებული ავტომობილი, რომელიც 6 ათასი დოლარი ღირდა, კარგა ხნის ლოდინის შემდეგ, 4,5 ათასად გავყიდე. ჩემი ბედი გაიზიარეს იმათაც, ვინც წლებია, ამ სფეროში საქმიანობს და აქამდე თვეში 10-მდე ავტომობილი ჩამოჰყავდა.

კიდევ კარგი, ჩამოყვანილი ავტომობილების უმეტესობა იაპონური იყო, მათ ხარჯზე დავაბალანსე ამერიკული და ევროპული წარმოების ავტოპროდუქციით მიღებული ზარალი... რეექსპორტს სომხეთში ვახორციელებდით, იქ ჩემი პარტნიორი მყავდა, მაგრამ სომხეთი არ არის ისეთი ქვეყანა, რომელზე დაყრდნობითაც სტაბილურ ბიზნესგეგმას შეადგენ.

მერაბ ჩიქოვანი, ავტოიმპორტიორი:

- ადგილობრივი ბაზრის გარდა, მანქანები აზერბაიჯანშიც გაგვყავდა, მაგრამ ბოლო დროს მათაც ისწავლეს ალტერნატიული გზები და შუამავლის გარეშე, თვითონ ჩამოჰყავთ ავტომობილები ამერიკიდან, ევროპიდან და იაპონიიდან. უკვე თავიანთი გადამზიდავები ჰყავთ და ფოთის ტერმინალიდან აზერბაიჯანში ტრაილერებით მიჰყავთ ავტომობილები, საქართველოს კი დერეფნად იყენებენ. იქაც მყავს ნაცნობები და ტენდენციაზე თუ ვისაუბრებთ, ისინიც იაპონურ პროდუქციას ამჯობინებენ.

ლალი პაპასკირი