კულტურის მინისტრი აუდიტის სამსახურს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს
07-12-2015
კულტურის მინისტრი აუდიტის სამსახურს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს
"4500 ღონისძიება გაიმართა წლის განმავლობაში, სადაც სხვადასხვა ფორმით ჩართულია კულტურის სამინისტრო"

პრემია, დანამატი, თანამდებობრივი სარგო, ხელფასი, შრომის ანაზღაურება, კომპენსაცია - რაც უნდა დაარქვა, ყველაფერი ეს ფულადი შემოსავალია, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჯარო მოხელეთა ჯიბეში მიემართება. ცოტა ხნის წინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც კულტურის სამინისტროში ასტრონომიულად გაზრდილ დანამატებზეა ლაპარაკი. გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას თქმით, სახელმწიფო უწყებებში პრემიების გაცემა სახელფასო დანამატებით შეიცვალა და ამ თვალსაზრისით მხოლოდ კულტურის სამინისტრო არ არის გამორჩეული.
დასკვნის თანახმად, მაგალითად, რეგიონული განვითარების სამინისტროში დანამატების გაცემის ოდენობა 69%-ით გაიზარდა, იუსტიციის სამინისტროში - 206%-ით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში - 412%-ით, კულტურის სამინისტროში - 1509%-ით... ყველაზე დიდი ხმაურიც სწორედ კულტურის სამინისტროს მონაცემს მოჰყვა. მით უფრო, რომ შარშან ამ უწყებას ისეთი მნიშვნელობის პროექტი არ განუხორციელებია, რის
გამოც შეიძლებოდა ასე გულუხვად დაეჯილდოებინა თანამშრომლები. აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება კულტურის მინისტრი და ამბობს, რომ ციფრების არასწორად წარმოჩენით მაკონტროლებელმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.

მიხეილ გიორგაძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი:
- თუ გენერალური აუდიტორის ლოგიკას მივყვებით და ცალ-ცალკე პარამეტრებსა და მუხლებს შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ, მაგალითად, მუზეუმების ანაზღაურება 400%-მდე გაიზარდა, ხოლო 57 000%-ით - სახელოვნებო მიმართულებით, მათ შორის თეატრების, მუსიკალური კოლექ­ტივების და სხვ. უმაღლეს სასწავლებ­ლებში კი, არ გაგიკვირდეთ და 1,1 მლრდ პროცენტით გაზრდილა თურმე პროფესორ-მასწავლებლების შრომის ანაზღაურება - კონსერვატორიაში, სამხატვრო აკადემიასა და თეატრალურ უნივერსიტეტში. როგორ ფიქრობთ, ეს რეალურია?

- მაშინ, იქნებ გაგვარკვიოთ, რა ხდება?
- გრაფები, რომლებსაც გენერალური აუდიტორი ერთმანეთს ადარებს, გახლავთ ერთი მუხლის - შრომის ანაზღაურების შემადგენელი ნაწილი. ცალ-ცალკე პრემიების, დანამატებისა და სხვა გრაფების ასე განხილვასა და ერთმანეთთან შედარებას აზრი არა აქვს, მხოლოდ ჯამია განმსაზღვრელი. მაგალითად, შარშან შესაძლოა რომელიმე გრაფა ცარიელი იყო და იქ თანხები წლეულს გაიწერა. დიახ, ციფრები არ ტყუიან, მაგრამ მათ მანიპულირებას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ამ საბიუჯეტო ნიუანსებში ვერ ერკვევა, საღამოს ყოველდღიური პრობლემებით დატვირთული უყურებს ტელევიზორს, საიდანაც ეუბნებიან, რომ თქვენს ხარჯზე, ხალხო, საკუთარ კეთილდღეობას კიდევ უფრო იუმჯობესებს ხელისუფლება და კულტურის სამინისტრო 1500%-ით იზრდის დანამატებს, ეს მძიმე მოსასმენია. გენერალურმა აუდიტორმა მეორე დღეს შეასწორა, რომ თურმე 1500%-იანი ზრდა სსიპ-ებით (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) იყო. სსიპ-ებს თუ არ ჩავთვლით, მაშინ დანამატების გარეშე 600%-იანი ზრდა გამოდის. ან რა იცის იმ ადამიანმა, სსიპ-ი რა არის, რა უბნელია? სსიპ-ი რა არის, შარშანწინის წინ გავიგე მე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, მანამდეც მქონია ურთიერთობა კულტურის სამინისტროსთან. ჩემი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ტალახი ნასროლია.

- კარგი, გავანებოთ თავი ბიუჯეტის ჩახლართულ მუხლებს. მარტივად გვითხარით, რამდენით და რა დამსახურებისთვის გაიზარდა შრომის ანაზღაურება, მათ შორის პრემია-დანამატები კულტურის სამინისტროში?
- შესაძლოა შთამბეჭდავი ციფრი არ იყოს, მაგრამ შრომის ანაზღაურება კულტურის სამინისტროში 14 ათასი ლარით შემცირდა, ამაში შედის პრემიაც და დანამატიც. ცალკე თუ ამოვიღებთ პრემიასა და დანამატს, აქ კლება მოსალოდნელია 91 ათასი ლარის ოდენობით და შესაძლოა, 100 ათასამდეც გაიზარდოს. ეს საკითხი ასევე ეხმაურება ერთ-ერთ ბრალდებას, როგორ შეიძლება დანამატების წინასწარ დადგენა, ეს ხომ ზეგანაკვეთური შრომისთვის არის განსაზღვრულიო. ამ 9 თვის თავზე, მას შემდეგ, რაც სამინისტროში მოვედი, სწორედ იმიტომ ხდება კლება, რომ ავტომატურად, წინასწარი ბრძანებით ყველას კი არ განესაზღვრა დანამატები, არამედ დავიწყეთ ზეგანაკვეთური შრომის მკაცრი აღრიცხვა და მხოლოდ ყოველთვიურად, თვის ბოლოს, ანალიზის საფუძველზე განვსაზღვრავთ, ვის რა დანამატი­ შეიძლება დაერიცხოს.
ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ხელფასის 30%, 60% ან შესაძლოა მესამე თვეს საერთოდ ნული იყოს.

- ამ კლებას სამინისტროს სსიპ-ების ჩათვლით მეუბნებით, თუ შრომის ანაზღაურებისა და დანამატების კლება მხოლოდ სამინისტროს ცენტრალურ აპარატს ეხება?
- ეს მხოლოდ ადმინისტრაციის ხარჯებია. მთლიანად სისტემაში კი 20%-მდეა შრომის ანაზღაურების ზრდა და ვფიქრობ, პირიქით, სასაყვედურო შეიძლება იყოს, რომ ზრდა არასაკმარისია. რაც შეეხება დამსახურებას, დაახლოებით 4500 ღონისძიება გაიმართა წლის განმავლობაში, სადაც სხვადასხვა ფორმით ჩართულია კულტურის სამინისტრო. თანამშრომლებთან ერთად პირადად შემოვიარე მთელი ქვეყანა. დილიდან ღამემდე გვქონდა შეხვედრები. ნებისმიერ დროს, 6 საათის შემდეგ რომ მოხვიდეთ სამინისტროში, ნახავთ, რომ საქმიანობა ისევ ისე დუღს, როგორც მანამდე. ერთმნიშვნელოვნად მინდა ვთქვა: დიახ, ეს ადამიანები იმსახურებდნენ დანამატს.

- შესაძლებელია, რომ აუდიტის ეს დასკვნა თანამდებობიდან თქვენი წასვლის მიზეზი გახდეს?

- არ მგონია, რადგან დასკვნა აბსოლუტურად არალოგიკურია და რეალობასთან კავშირი არა აქვს.

- სამართლებრივ დავას არ განაგრძობთ?
- ჩვენ ვამზადებთ არგუმენტირებულ წერილს, მაქსიმალურად მარტივი ენით, სადაც ამ ყველაფერს აღვწერთ. ნამდვილად არ ვაპირებ, ასეთი ჩირქის მოცხება ჩავლილ ამბად დავტოვო.
აუდიტის სამსახურმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პასუხად ამ უწყების შრომის ანაზღაურების დეტალური მონაცემები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ შრომის ანაზღაურება პრემიებისა და დანამატების ჩათვლით, სსიპ-ებით თუ მათ გარეშე, მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით მაინც გაზრდილია.
ლაშა
08 დეკემბერი 2015 16:46
ეს ის ნაც თორდიას აუდიტის სამსახურია, რომელმაც 2011–2013 წლებში სააკაშვილის მიერ ბიუჯეტიდან 3 მილიონ 765 ათას 600 ლარის დაუსაბუთებელ ხარჯებს "ხარვეზები" უწოდა.

რედაქტორის რჩევით