ბიუჯეტმა 10 მილიარდს პირველად გადააჭარბა - კვირის პალიტრა

ბიუჯეტმა 10 მილიარდს პირველად გადააჭარბა

საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 2016 წლისთვის 10-მილიარდიან ზღვარს გადააჭარბებს, ფინანსთა მინისტრის გათვლებით - 145 მლნ ლარით.

შარშან ეს მაჩვენებელი 9,9 მილიარდი ლარი იყო, ხოლო 2014 წელს - 9,1 მილიარდი. 200 მლნ ლარით იზრდება საგადასახადო შემოსავლების გეგმა და მისი მოცულობა 8,5 მილიარდ ლარზე მეტი იქნება. ბოლო 20 წელიწადი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი მუდმივად იზრდებოდა. მაგალითად, 1998 წელს საქართველოს ბიუჯეტის შემოსულობები სულ რაღაც 500 მილიონი ლარის დაიგეგმა, მაგრამ ესეც ვერ შესრულდა და მხოლოდ 327 მილიონი ლარის მობილიზება მოხერხდა.

სოსო არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "მეტ-ნაკლებად სრულყოფილი ბიუჯეტი საქართველოს 1996 წელს ჰქონდა. მანამდე იყო ჰიპერინფლაცია და დილის ფასები საღამოს ფასებისგან საგრძნობლად განსხვავდებოდა. ყოველკვარტალურად ვადგენდით ბიუჯეტს და ეს არც იყო ბიუჯეტი, არამედ შემოსულობებისა და ხარჯების ნუსხა მიმდინარე მომენტისთვის. ჯერ ერთი, მთლიანი შიდა პროდუქტი, ქვეყნის უმთავრესი ეკონომიკური მაჩვენებელი, იმდენად მცირე იყო, მისი ადმინისტრირებაც იმდენად დაბალ დონეზე ხდებოდა, რომ დაქირავებით დასაქმებულები სიმბოლურ ანაზღაურებას იღებდნენ. ლარის შემოღებიდან 2003 წლის ჩათვლით, დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასები ჯამურად 1,6 მლრდ ლარით ჩამორჩებოდა მაშინდელ საარსებო მინიმუმს. მედლის მეორე მხარე იყო ჩრდილოვანი ეკონომიკა და კორუფციის მაღალი დონე - კორუფციაში ცალკეული პირები იყვნენ ჩაფლული, ხოლო საჯარო სექტორში დასაქმებულთა არმია, ფაქტობრივად, ენთუზიაზმზე მუშაობდა.

მახსენდება ერთი ამბავი, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის ხელმძღვანელს შეემთხვა. საქართველოს პარლამენტს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის ხელმძღვანელი ესტუმრა. მეგობრული შეხვედრის შემდეგ ქართველი კოლეგა აცილებდა სტუმარს და მან იკითხა, თქვენი ბიუჯეტი რამდენიაო. ქართველმა პარლამენტარმა უცებ გადაიყვანა სახელმწიფო ბიუჯეტი დოლარში და უპასუხა: 500 მილიონიო. ბრიტანელმა სტუმარმა თვალი შეავლო პარლამენტის შენობას და მიუგო: კი მაგრამ, ამხელა შენობას ჰყოფნისო? სტუმარს 500-მილიონიანი ბიუჯეტი პარლამენტისთვისაც კი ეცოტავა.

ახლა კი 10-მილიარდიანი ზღვარი გადავლახეთ. განათლებისთვის გამოყოფილი სახსრები პირველად იქნება 1 მილიარდზე მეტი. შედარებისთვის, 2015 წელს განათლებისთვის იხარჯებოდა მხოლოდ 27 მილიონი ლარი. კიდევ უფრო ნაკლები იყო ჯანდაცვისთვის - 20,5 მილიონი ლარი. სოციალური ხარჯების წილი ბიუჯეტის მთლიან მოცულობაში თანდათანობით იზრდება. 7-8 წლის წინ ეს ხარჯი ბიუჯეტის მესამედის დონეზე იყო (33-34%), ახლა უკვე 48%-ზე გავედით. მაგრამ ევროკავშირში ეს წილი თითქმის 70%-ია. ევროკავშირის ყველაზე სუსტ რგოლად ბულგარეთი მიიჩნევა, თუმცა ბიუჯეტის სახსრების სიდიდით მოსახლეობის 1 სულზე საქართველოს დაახლოებით 2,4-ჯერ აღემატება. ლიტვა, ლატვია, პოლონეთი მოსახლეობის 1 სულზე ბიუჯეტიდან ხარჯავენ ჩვენზე 5-ჯერ მეტ თანხას, საბერძნეთი - 11-ჯერ, საშუალოდ ევროკავშირი 16-ჯერ, გერმანია - 18-ჯერ, ნორვეგია კი 41-ჯერ მეტს".