ავტოპარკის განახლება - ფინანსური წახალისებით თუ ფინანსური იძულებით?!
14-12-2015
ავტოპარკის განახლება - ფინანსური წახალისებით თუ ფინანსური იძულებით?!
"ახალი მანქანისთვის აქციზის გადასახადი დაიკლებს, ძველისთვის კი მოიმატებს"

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამა "უკონტაქტო" პატრულირებასთან, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის შეზღუდვასა და არაერთ სხვა სიახლესთან ერთად, ითვალისწინებს მარცხენასაჭიანი ავტომობილების განბაჟების გაიაფებასაც. "თუ იაფ იაპონურ მანქანებს შევზღუდავთ, სანაცვლოდ განბაჟების ფასი დაიკლებს", - აცხადებდა შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, რომლის თქმით, მარჯვენასაჭიანი მანქანების შემოყვანის აკრძალვა განბაჟების კლებით უნდა დაბალანსდეს.

მომავალი წლიდან მხოლოდ შედარებით ახალი მანქანების განბაჟება გაიაფდება, ხოლო ძველი მანქანებისა კი,
პირიქით - გამკაცრდება. აღსანიშნავია, რომ განბაჟებისას დღგ-ით აღარ დაიბეგრებიან მოტოციკლეტები და მოპედები, ავტომობილების მსგავსად, ისინიც აქციზის მიხედვით განბაჟდებიან.

განბაჟებისას აქციზის გადახდა ძრავის მოცულობის 1 კუბური სანტიმეტრის მიხედვით ხდება. დღეს 1 წლის ავტომობილის ძრავის ყოველი კუბური სანტიმეტრისთვის 1,5 ლარია გადასახდელი, გამოშვების წლების მატებასთან ერთად ეს თანხა
იკლებს და 0,5 ლარამდე მცირდება, როცა მანქანის ასაკი 7-დან 12 წლამდე დიაპაზონშია. შეიცვლება სწორედ ეს პრინციპი - ახალი მანქანისთვის აქციზის გადასახადი დაიკლებს, ძველისთვის კი მოიმატებს.

დავით მესხიშვილი, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი:
- განბაჟების ახალი პროცედურის მიხედვით, ძველი ავტომობილის აქციზი მოიმატებს. ეს კი, ზოგადად ავტომობილების ფასის, სავარაუდოდ, 30%-იან ზრდას მოასწავებს. ავტომობილის შეძენა საკმაოდ ძვირი იქნება და მისი ყიდვის საშუალება ყველას არ ექნება, როგორიც ადრე იყო.

- განბაჟების თემაზე უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ?
- 9 წლის ზემოთ ავტომობილის განბაჟება გაცილებით ძვირი ეღირება, ვიდრე ახლის. ვთქვათ, თუ 2,0 ლიტრი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილს შეიძენთ, მისი განბაჟება 4 ათასი ლარი დაგიჯდებათ, 7 წლის იმავე მოცულობის ძრავის მქონე მანქანის განბაჟება - 2 ათასი, შედარებით ახალი ავტომობილისა კი - კიდევ უფრო ნაკლები. ეს ავტოპარკის განახლების წასახალისებლად კეთდება. რატომ უნდა შეიძინოთ 10 წლის მანქანა, როცა ის თითქმის იმდენივე დაჯდება, რამდენიც 7 წლისა?

- ანუ ძველი და ახალი ავტომანქანების ფასები შედარებით გათანაბრდება?

- დიახ, ოღონდ არა ფასის შემცირების, არამედ მომატების ხარჯზე. შიდა ბაზარზე მოიმატებს უკვე განბაჟებული ავტომანქანების ფასიც, რომლებიც 3-4 წელია მფლობელს ჰყავს, თუმცა არა ისე, როგორც ახლისა.

ლალი პაპასკირი
ჰეე...
19 დეკემბერი 2015 18:18
რა ვერ გაიგეთ? დეკემბერია.
მომავალ წელს განბაჟება ძვირდებაო და ეხლა განაბაჟეთო სასწრაფოდ. წლის ბოლოა და ბიუჯეტია შესავსები.
ჰეე...
19 დეკემბერი 2015 18:17
რა ვერ გაიგეთ? დეკემბერია.
მომავალ წელს განბაჟება ძვირდებაო და ეხლა განაბაჟეთო სასწრაფოდ. წლის ბოლოა და ბიუჯეტია შესავსები.
გია
18 დეკემბერი 2015 12:21
იოცნებეთ კიდე ღირსებიხართ ყველაფრის

რედაქტორის რჩევით