საინვესტიციო განგაშის ზღვარზე?! - კვირის პალიტრა

საინვესტიციო განგაშის ზღვარზე?!

ჩვენთვის მთავარია ქვეყნის შიგნით ინვესტიციების ეფექტიანი გამოყენება და არა დოლარში გამოსახული ნულების რაოდენობა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2015 წლის მე-3 კვარტალში, შარშანდელთან შედარებით, საქართველოში დაბანდებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 33%-ით შემცირდა. თუმცა ეკონომისტთა ნაწილი განსაკუთრებული განგაშის საფუძველს ვერ ხედავს.

სოსო არჩვაძე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი: - წლების განმავლობაში თვალყურს ძირითადად შემოსულ თანხებს ვადევნებთ, მაგრამ ნაკლები ყურადღება ექცევა ინვესტიციების შედეგად მიღებულ სარგებელს, სად მიდის ეს თანხა? კარგია, თუ რეინვესტირების სახით რჩება საქართველოში, მაგრამ როცა გადის, საგადამხდელო ბალანსზე აისახება.

საქართველოში არსებულ უცხოურ ინვესტიციებზე რამდენიმე ასეული მილიონი დოლარით მეტია საინვესტიციო მოგება, რასაც ჩვენი რეზიდენტების მიერ უცხოეთში დაბანდებული ინვესტიციები ემატება. შედეგად, ბრუნვა საკმაოდ დიდია, წელიწადში 1,2 მილიარდი და ზოგჯერ 1,5 მილიარდი დოლარიც კი.

გასათვალისწინებელია საერთაშორისო კონიუნქტურაც. ეკონომიკური კრიზისი და დოლარის გაძლიერება ნაკლებ რესურსს ტოვებს უცხოეთში, მათ შორის, საქართველოში ინვესტირებისთვის. მაგრამ თუ ამ ინვესტიციებს ეროვნულ ვალუტაში გადავიყვანთ, შემცირება არც იმდენად ხელშესახები გამოდის. ჩვენთვის მთავარია ქვეყნის შიგნით ინვესტიციების ეფექტიანი გამოყენება და არა დოლარში გამოსახული ნულების რაოდენობა. ამ პოზიციას ის არგუმენტიც ამყარებს, რომ ბოლო 14-15 თვეში ქართული ლარი დოლართან შედარებით 35-40%-ით დაეცა, ფასები კი 8%-ით გაიზარდა. ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორებისგან (ევროკავშირის ქვეყნები და რუსეთი) იმპორტის 75-80% შემოგვაქვს, ამერიკულ დოლართან ამ ქვეყნების ვალუტებიც გაუფასურდა, იმპორტმა ფასში კი დაიკლო, მაგრამ ფიზიკური მოცულობა არ შემცირებულა. აზერბაიჯანიდანაც იმავე რაოდენობის ნავთობპროდუქტებს ვყიდულობთ, მაგრამ ღირებულება შემცირებულია. შესაბამისად, იმის თქმა, რომ ჩვენი საგარეო ვაჭრობა შემცირდა, კორექტული ვერ იქნება. იმავეს თქმა შეიძლება ინვესტიციებზე. როცა დოლარი ყველა სხვა ვალუტების მიმართ გამყარდა, დოლარში ინვესტიციების შემცირებაზე მეტისმეტად აპელირება არ არის მართებული.

- რა პროგნოზის გაკეთება შეიძლება ინვესტიციებთან დაკავშირებით?

- სამწუხაროდ, ეკონომიკური ზრდა არ სცდება საშუალო მსოფლიო მაჩვენებლებს, არადა, ჩვენ ჩამოვრჩებით საშუალო მსოფლიო დონეს მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული შიგა პროდუქტით. ჩვენ ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი გვჭირდება. მისი არქონა უკავშირდება უკვე ნახსენებ კონიუნქტურულ გაუარესებას, დაძაბულობას ჩვენს ორ მსხვილ სავაჭრო პარტნიორს, უკრაინასა და რუსეთს შორის, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შესუსტებას ავტომობილებთან დაკავშირებით. ზრდის დიდი იმედი და რესურსი არ გვაქვს, არადა, საზოგადოებაში ამის მოლოდინი არის. ტრადიციული დარგებიდან, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ხელშეწყობის რეჟიმიდან, გადართვა მოგვიწევს მნიშვნელოვან დარგებზე, ტექნოლოგიებზე, მომსახურებაზე, მეცნიერებატევად დარგებზე, რომლებითაც ქვეყნები განვითარებას აღწევენ.

ჩვენ რომ შეგვეძლოს მსოფლიო სტანდარტების ტექნოლოგიების გამოყენება, საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან ენერგეტიკამდე, ეს ქვეყანას გაცილებით მეტ ელექტროენერგიას დაუზოგავდა, ვიდრე პერსპექტივაში ხუდონჰესი გამოიმუშავებდა. ინგლისელები ამბობენ, დაზოგვა გამომუშავებას, ახლის მოპოვებას ნიშნავს. ჩვენ ეს გვაკლია.

ციფრების ენით

2015 წლის სამ კვარტალში უცხოურმა ინვესტიციებმა 1,019 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც შარშანდელზე 17%-ით ნაკლებია.

მხოლოდ მესამე III კვარტალში ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 650 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნებიდან პირველ ადგილზე აზერბაიჯანია (35%), მეორეზე - ნიდერლანდები (11%), ხოლო მესამეზე - თურქეთი (9%). სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 2015 წლის მე-3 კვარტალში 72% შეადგინა. პირველზე ტრანსპორტი და კავშირგაბმულობაა 218 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ინვესტიციების 45%). მეორეზე საფინანსო სექტორია 73 მლნ-ით, ხოლო მესამეზე - მშენებლობა (63 მლნ).