დიდი დანამატი და პატარა პრემია - ჩინოვნიკთა სახელფასო წანაზარდები - კვირის პალიტრა

დიდი დანამატი და პატარა პრემია - ჩინოვნიკთა სახელფასო წანაზარდები

"მთავრობამ არათუ ქამრები შემოიჭირა, პირიქით საკმაოდ მოუშვა კიდეც"

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა IDFI 2015 წლის 6 თვეში თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, საიდანაც ჩანს, რომ მთავრობაში ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრების მადას ნამდვილად არ უჩივიან. მეტიც, დიდ ვირეშმაკობას აქვს ადგილი - ჩინოვნიკებმა პრემიები შეიმცირეს, სამაგიეროდ, დანამატები გაიზარდეს, ჯამში კი ეს ყველაფერი ხელფასს ემატება სოლიდური წანაზარდის სახით. როგორც ჩანს, მთავრობაში მოსწრებაზე არიან, რადგან 2016 წლის 1-ლი სექტემბრიდან, საჯარო სექტორში ანაზღაურების ახალი, უფრო გამჭვირვალე სისტემა უნდა შემოვიდეს, რომელმაც, წესით, მანკიერი სახელფასო წანაზარდები უნდა ამოკვეთოს.

იმ კვლევის მიხედვით, 2015 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, 14 სამინისტროს და 3 სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამდებობის პირებზე გაცემულია 5 477 391 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატი და პრემია, საიდანაც პრემია 945 229 ლარია, ხოლო სახელფასო დანამატი - 4 532 162 ლარი. კვლევიდან ჩანს, რომ სამინისტროების თანამდებობის პირებს შორის, ყველაზე მეტად დარეგულირებულია მინისტრის შრომის ანაზღაურება, რომელიც შეადგენს ყოველთვიურად 6 250 ლარს (თანამდებობრივი სარგო - 3 540 ლარი და პრემიერ-მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სახელფასო დანამატი - 2 710 ლარი). მინისტრის შრომის ანაზღაურება ყოველთვის ფართოO საჯარო ინტერესის საგანია და შედარებით დალაგებული ვითარება შეიძლება ამითაც აიხსნას, სამაგიეროდ, განსხვავებული მდგომარეობაა სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია ერთი და იმავე ოდენობით (პირველი მოადგილე - 2 950 ლარი, მოადგილე - 2 720 ლარი),

2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეების ყოველთვიური სახელფასო დანამატი შეადგენდა 5 500 ლარს, იუსტიციის მინისტრის მოადგილეების - 4 000 ლარს, ფინანსთა მინისტრის მოადგილეების - 3 624 ლარს, თავდაცვის მინისტრის მოადგილეების 3 182 ლარს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეების 1 360 ლარს. დანარჩენი სამინისტროების შემთხვევაში, მინისტრის მოადგილეები ყოველთვიურად იღებდნენ დაახლოებით თანამდებობრივი სარგოს ოდენობის სახელფასო დანამატს. ამასთან, სხვადასხვა სამინისტროში თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატებთან ერთად გაიცემოდა პრემიებიც.

სამინისტროების გარდა, სახელფასო პოლიტიკა თვალში საცემია სამინისტროებს დაქვემდებარებულ სსიპ-ებსა თუ აიპ-ებში. IDFI-ის კვლევაში ნათქვამია, რომ აღნიშნული უწყებების შრომის ანაზღაურების ფონდი ფორმირდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე საკუთარი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებიდან. შესაბამისად, საკუთარი საქმიანობის შედეგად, მაღალი შემოსავლების მქონე დაწესებულებებს საშუალება აქვთ, მეტი ფული გადარიცხონ შრომის ანაზღაურების ფონდში პრემიებისა თუ სახელფასო დანამატების გასაცემად. შესაბამისად, არის შემთხვევები, როცა მინისტრის შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის დაქვემდებარებულ უწყებაში დასაქმებული თანამდებობის პირის ანაზღაურებას. მაგალითად, 2015 წლის 6 თვის განმავლობაში სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, მაია მიმინოშვილის შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 81 301 ლარი, რაც დაახლოებით ორჯერ აღემატება იმავე პერიოდში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შრომის ანაზღაურებას - 37 260 ლარი.

2015 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში საქართველოს ფინანსთა მინისტრზე მაღალი შრომის ანაზღაურება მიღებული აქვთ მისდამი დაქვემდებარებული უწყების შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეებს - თითოეულს 46 200 ლარი. როგორც კვლევიდან ირკვევა, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები ყოველთვიურად იღებენ 4 500 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატს. ამასთან, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სამსახურის უფროსის თითოეულ მოადგილეზე გაიცა 3 600 ლარის ოდენობის პრემია.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევაში ასევე შევიდა სხვადასხვა დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სხვა დაწესებულებების ხელმძღვანელების მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაცია. მაგალითად, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს მიმდინარე წლის 6 თვეში პრემიისა და დანამატის სახით აღებული აქვს ჯამში 29 460 ლარი, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელს 20 650 ლარი, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს - 19 660 ლარი. დაახლოებით 16-16 ათასი ლარი პრემია და დანამატი ბიზნესომბუდსმენმა და კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელებმა აიღეს. 15 ათასი ლარი კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორსაც ერგო ბიუჯეტიდან.

გიორგი კლდიაშვილი, IDFI-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი: სამწუხაროდ, საჯარო უწყებებში პრემიებისა და დანამატების გაცემის მანკიერი პრაქტიკა კვლავ ხდება განხილვის საგანი. ამ საკითხს 2010 წლის შემდეგ ვსწავლობთ. მას შემდეგ, რაც ჩვენ პირველად გამოვაქვეყნეთ კვლევა საჯარო სამსახურებში სახელფასო დანამატებისა და პრემიების შესახებ, ბევრი რამ შეიცვალა სასიკეთოდ, თუმცა მთავარი პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელია.

ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით იმის შესახებ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში აბსოლუტურად უკონტროლოდ, ყოველგვარი რეგულირების გარეშე ხდებოდა პრემიების გაცემა, საჯარო სამსახურებიდან გვქონდა პრობლემა ინფორმაციის მოწოდებასთან, გამჭვირვალობასთან დაკავშირებითაც. მაგალითად, წინა მთავრობის პირობებში, საჯარო თანამდებობის პირს შესაძლებლობა ჰქონდა გამოეწერა პრემია როგორც თანამშრომლისთვის, ისე საკუთარი თავისთვის. არსებობდა პრემიალური ფონდი, რომელიც შეადგენდა სახელფასო ფონდის 20%-ს და იქიდან გაიცემოდა როგორც დანამატი, ასევე პრემია. პრემია შეიძლება ყოფილიყო როგორც ყოველთვიური, შეიძლებოდა უცაბედად მომხდარიყო საკმაოდ დიდი თანხის გაცემა რომელიმე კონკრეტულ პირზე, ან რამე დღესასწაულზე მიბმული. მართალია, დღეს გვაქვს გაუმჯობესებული გამჭვირვალობა ამ თვალსაზრისით და თუ გაიცემა პრემიები და დანამატები, ჩვენ მეტ-ნაკლებად შეგვიძლია გავაანალიზოთ ეს ინფორმაცია. შედარებით მოწესრიგებულია პრემიების გაცემის წესი და ის არ შეიძლება სამ თვეში ერთ ჯერზე მეტად. გარდა ამისა, პრემია აუცილებლად უნდა გასცეს ზემდგომმა თანამდებობის პირმა. მაგალითად, თუ მინისტრზე გაიცემა პრემია, მაშინ ის პრემიერ-მინისტრმა უნდა გასცეს, რაც დღეს ძალიან იშვიათად ხდება. მაგალითად, წინა კვლევაში გვქონდა შემთხვევა, როცა მინისტრებიდან მხოლოდ თეა წულუკიანზე იყო გაცემული პრემია. რაც მთავარია, არსებული რეგულაცია მოითხოვს, რომ დასაბუთებული უნდა იყოს პრემიის გაცემის მიზეზი. დანამატების შემთხვევაში კი საქმე გაცილებით მარტივად გვაქვს. თავად უწყება განსაზღვრავს დანამატის გაცემის წესს. კონკრეტულმა უწყებამ შეიძლება დააწესოს თანამდებობის პირებზე დანამატის სახით კონკრეტული თანხა და თავად განსაზღვროს მისი ოდენობა. ასე თუ ისე, დღეს გამოდის, რომ არც დანამატსა და პრემიას აქვს ის კლასიკური სახე, რაც, წესით, უნდა ჰქონდეს. ფაქტობრივად მოხდა პრემიების დანამატებით ჩანაცვლება, ორივე კი ხელფასის წანაზარდია. ამ წანაზარდების მოცულობით თუ ვიმსჯელებთ, მთავრობამ არათუ ქამრები შემოიჭირა, პირიქით, საკმაოდ მოუშვა კიდეც. ერთი თანამდებობის პირის შემთხვევას მოვიყვან მხოლოდ.

განათლების სამინისტროს სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა, ერთ თვეში 4-ჯერ გამოიწერა დანამატი ჯამში დაახლოებით 15 ათასი ლარის ოდენობით. მეტიც, ერთ დღეში ორჯერ გასცა საკუთარ თავზე დანამატი. ვფიქრობ, რომ სულ ცოტა შესაბამისი ფაქტებით აუდიტის სამსახური უნდა ინტერესდებოდეს, შეკითხვა მაინც უნდა დაისვას და თუ თანამდებობის პირების მსგავსი ქმედება კანონდარღვევა არ არის, მორალის საკითხია ბოლოს და ბოლოს. აქვე უნდა გითხრათ, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში გაცემულ 5 მილიონ ლარზე მეტი პრემია-დანამატი კიდევ უფრო გაიზრდებოდა, ყველა სამინისტროდან რომ მიგვეღო ინფორმაცია. სამწუხაროდ, კვლევის ფარგლებში ინფორმაცია არ მოგვაწოდეს ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა და ამის გამო მათთან სასამართლო დავა გვაქვს.