ტაქსისტების კვლევა, ვაკელების საახალწლო ამანათი და კუბოები ცოცხლებისთვის
21-12-2015
ტაქსისტების კვლევა, ვაკელების საახალწლო ამანათი და კუბოები ცოცხლებისთვის
"თბილისს ანომალიური ბიუჯეტი აქვს"

საკრებულო თბილისის ბიუჯეტის ჩასწორებულ ვარიანტს 24 დეკემბერს განიხილავს. დეპუტატებს თურმე ერთკვირიანი ვადა სჭირდებათ იმისთვის, რომ ბიუჯეტის პროექტი სრულყოფილად გააანალიზონ და ნახონ, გაითვალისწინა თუ არა ქალაქისთავმა ის შენიშვნები, რომელიც ბიუჯეტის პირველ ვარიანტთან დაკავშირებით არსებობდა. სამაგიეროდ, არასამთავრობოებმა თბილისის ბიუჯეტი უფრო ოპერატიულად შეისწავლეს და მასში ბევრი შეუსაბამობა და უცნაურობა აღმოაჩინეს.

ლევან ხაბეიშვილი, მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" დამფუძნებელი: "თბილისის ბიუჯეტის როგორც პირველი, ისე შესწორებული ვარიანტი, ნამკითხავებ ბიუჯეტს უფრო ჰგავს, ვიდრე თბილისის
და თბილისელების საჭიროებებზე მორგებულს. ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტში, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა.
ერთადერთი, რაც დედაქალაქის მერ­იამ გაითვალისწინა, ის არის, რომ ამოიღეს მუხლი, სადაც 2 საზოგადოებრივი ტუალეტის მოსაწყობად 100 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული.

რა თქმა უნდა, სულაც არა ვარ წინააღმ­დეგი, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტუალეტები მოეწყოს, მაგრამ ამ თანხით
50 საზოგადოებრივი ტუალეტის მოწყობა იყო შესაძლებელი. იმაზე, რომ თბილისის ბიუჯეტი კორუფციულად მოტივირებული და არარაციონალურად გადანაწილებულია, რამდენიმე მუხლი მეტყველებს. მაგალითად,
ნარმანიამ გადაწყვიტა, რომ არაფრის მომცემი და მეტად უცნაური კვლევებისთვის თბილისის ბიუჯეტიდან დაახლოებით 200 ათასი ლარი დახარჯოს. მაგალითად, 70 ათასი ლარი დაიხარჯება კვლევისთვის თბილისელების ცხოვრების დონის შესასწავლად, 70 ათასი ლარით ჩატარდება კვლევა კარგი მმართველობის შესახებ და 80 ათასი ლარი დაიხარჯება ტაქსისტების გამოსაკვლევად. მაგრამ, რას გულისხმობს ყველა ეს კვ­ლევა­ დეტალურად და რა მიზანს ემსახურება, ბიუჯეტში ამის შესახებ დამატებითი ინფ­ორმაცია არ არის. თუ კარგი მმართველობა­ არ იცი და არც თბილისელების ცხოვრების­ დონის შესახებ გაქვს ინფორმაცია, რა გინდა­ ქალაქის მერად? რად უნდა თბილისელების ცხოვრების დონეს დამატებითი­ შესწავლა, როცა კონკრეტული მონაცემები­ არსებობს სოციალურად დაუცველთა შესახებ.
2014 წელს თბილისში 13 576 ბენეფიციარი სარგებლობდა უფასო სასადილოებით, რაც იმას ნიშნავს­, რომ სწორედ ამდენი ადამიანია შიმშილის პირას მისული. 2016 წლის ბიუჯეტში, რომელიც მათივე­ ხელით შედგენილი დოკუმენტია, ამ ადამიანთა რაოდენობა 32 ათასამდეა გაზრდილი.

რა საჭიროა ფულის ფლანგვა? განა ქალაქის მერმა ამ მონაცემების შესახებ არაფერი­ იცის? დავიჯერო, არც ის იცის, რომ 2014 წელთან შედარებით მერიის აპარატის თანამშრომლების რაოდენობა 1 875 კაცით არის გაზრდილი, მაშინ, როცა წინა ხელისუფლებას აკრიტი­კებდნენ გაზრდილი ბიუროკრატიის გამო. ახლა რაც შეეხება ტაქსისტების კვლევას. ბიუჯეტში წერია, რომ კვლევის მიზანია, შეისწავლოს თბილისის ტაქსების სატრანსპორტო მომსახურება და კვლევის შედეგად შემუშავდება დარგის გაუმჯობესების რეკომენდაციები და ეკონომიკური ეფექტები. სავარაუდოდ, ტაქსის მძღოლებს მოსთხოვენ სმოკინგის ჩაცმასა და სერვისის გაუმჯობესებას.
დღეს ტაქსისტმა მომსახურება რომ გააუ­მჯობესოს, მინიმუმ კარგ გზაზე უნდა იაროს­ და უმჯობესია, ჯერ ამაზე იფიქრონ. აბსოლუტურად ღია და დეკლარირებული პოზიციაა, რომ მერია ტაქსების ლიცენზირებას აპირებს. გასაგებია, რომ ეს სფერო დასარეგულირებელია, მაგრამ ლიცენზიას სთხოვ ტაქსის მაშინ, როცა ორმო ვერ ამოგივსია, როცა ნახევარ წელზე მეტია, მეტეხის ხიდი გქონდა გადაკეტილი რემონტისთვის, როცა შვიდ თვეზე მეტია ბარათაშვილის ხიდს არემონტებ და ორ თვეზე მეტია გლდანის ხიდი გადაკეტილია.

- როგორც ვიცი, ავარიული კორპუსების­ შესაკეთებელი თანხებიც შემცირებულია ბიუჯეტში?
- ავარიული კორპუსები ყველაზე მწვავე პრობლემაა. თბილისში ბევრი ასეთი კორპუსია, ზოგი საცხოვრებლადაც კი საშიშია. ნარმანიას მთავარი დაპირება იყო: "თბილისი - ავარიული კორპუსების გარეშე".­ მაშინ "ქართული ოცნების" ოდიოზურმა ფიგურამ, ირაკლი შიხიაშვილმა, ავარიული კორპუსებისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი 13-დან 41 მილიონამდე გაზარდა, 2016 წელს კი ეს თანხა განახევრდება, სამაგიეროდ, იზრდება ჩინოვნიკთა სახელფასო ბიუჯეტი.
საკმაოდ ბევრი დაპირება იყო გაცემული სოციალური მიმართულებითაც, მაგრამ მარტივი მათემატიკაც კი საკმარისია, რომ შეაფასოთ, რა ხდება მომავალი წლის ბიუჯეტში ამ თვალსაზრისით.

ვაკეში სოციალურად დაუცველ პირთა დასახმარებლად გამოყოფილია 2,1 მილიონი ლარი. სამგორში იმავე მიმართულებით 1,8 მილიონი ლარია გათვალისწინებული. სამგორში 150 ათასი კაცი ცხოვრობს, ვაკეში კი - 97 ათასი. სამგორში სოციალურად დაუცველების რაოდე­ნობა 3 966-ია, ვაკეში კი - 1 400. მარტივი მათემატიკაა, მცხოვრები ორჯერ მეტია, სოციალურად დაუცველი - სამჯერ მეტი, ბიუჯეტი კი ვაკეს უფრო მეტი აქვს. როგორც ჩანს, სოციალურად დაუცველები კატეგორიებად დაყვეს: სამგორელი, ვაკელი, გლდანელი და ა.შ. მეტსაც გეტყვით, ახალ წელს სოციალურად დაუცველთათვის ამანათების ტენდერი რომ გამოაცხადეს, სამგორში 18-ლარიან პაკეტს ყიდულობენ, ვაკელებისთვის კი ეს თანხა 35 ლარს შეადგენს. ასევე შემცირებულია ბიუჯეტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტებისთვისაც.

ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლში სხვაც ბევრი უცნაურობა გვხვდება. მაგალითად, სამგორის რაიონის გამგეობამ გადაწყვიტა,­ თავის რაიონში 40 ლიფტი გააკეთოს, ერთი ლიფტისთვის 4 ათასი ლარი განსაზღვრა და შესაბამისად, ამის ჯამი ბიუჯეტი მოითხოვა. დიდუბის რაიონმაც დაგეგმა იგივე ღონისძიება, 50 ლიფტი უნდა გააკეთოს და ერთი ლიფტისთვის 10 ათასი ლარი სჭირდება. არადა, პროგრამა ერთია ყველასთვის. თუ სამგორის რაიონში 4 ათას ლარად შეიძლება ლიფტების გაკეთება, რატომ არ შეიძლება იმავე თანხით დიდუბის რაიონშიც გაკეთდეს ლიფტი? შესაბამისად, დიდუბის რაიონის გამგებელს ეს ბიუჯეტი მისცემს შესაძლებლობას, რომ კორუფციულ გარიგებაში შევიდეს კომპანიასთან, რომელიც ლიფტებს მოაწყობს და "ატკატიც" მიიღოს.

კიდევ ერთი საინტერესო მაგალითი: ვაკის გამგეობა ამბობს, რომ 1კვმ­ ქანებიან სახურავს 13 ლარად დააგებს, ნაძალადევის ბიუჯეტში კი იმავე სახურავისთვის 30 ლარია გაწერილი. თუმცა არც ეს არის ყველ­აფერი. მსოფლიოში არ არსებობს ქალაქი, რომლის მთავრობაც წინასწარ ფიქრობდეს ცოცხალი ადამიანების დამარხვაზე. დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილია დაახლოებით 3,5 მილიონი ლარი, რომლის მიზნობრიობა დაახლოებით ასეთი შინაარსისაა: დღეს რომ ცოცხლები არიან ადამიანები და ხვალ რომ გარდაიცვლებიან, მათი სარიტუალო ხარჯებისთვის. თუ გეგმა ვერ შესრულდა და ეს თანხა ვერ გაიხარჯა, მერიას ბიუჯეტი შეუსრულებელი დარჩება. კარგია, რომ ასეთ სერვისს სთავაზობენ გაჭირვებულ ადამიანებს, მაგრამ ხომ შეიძ­ლება ბიუჯეტში ეს თანხა სოციალურად დაუცველების მუხლში გაითვალისწინო­ და სანამ ცოცხალია ეს ადამიანი, დაუფინანსო აუცილებელი საჭიროების ხარჯები, მათ შორის უმკურნალო და წინასწარ არ შეიძინო ჩასასვენებლები?! ცოცხალი ადამიანის დამარხვაზე რომ ფიქრობ, ეს ნორმალურია? სარიტუალო მომსახურების შესაძენად სატენდერო დოკუმენტაცია ხომ სრული მარაზმია. წინასწარ აქვთ შეკვეთილი კუბოები ზომების მიხედვით: გარკვეული რაოდენობის ჩასასვენებელი 0-1 წლამდე ბავშვებისთვის, 1-7 წლამდე ბავშვებისთვის და 7-დან ზემოთ. 1,18 ლარად რომ აჭმევენ ადამიანებს,­ იციან, რომ დიდხანს ვერ გაატანენ და ფიქრობენ, როგორ დამარხონ. 3,5 მილიონი ლარით დათვალეთ რამდენი გაჭირვებული ადამიანის დახმარება შეიძლება.
დედაქალაქის მერი გვპირდებოდა, რომ კარვების ქალაქის მოსახლეობა 2016 წელს მათთვის აშენებულ სახლებში შეხვდებოდა და ნახეთ, დღეს რა ხდება, კატასტროფულ პირობებშია ეს ხალხი.

- საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშ­ირებით ყველაფერი რიგზეა ბიუჯეტში?
- 2015 წელი რომ დაიწყო, გამოაცხადეს ტენდერი, დაახლოებით 1 მილიონი ლარის მოცულობის მომსახურებაზე და საბოლოოდ 700 ათასი ლარის ღირებულ­ების ხელშეკრულება გააფორმეს კომპანიებთან, რაშიც შედის სცენის, საგრიმიოროების მოწყობა, კარვების განთავსება, განათება, გახმოვანება - ყველაფერი, რაც მასშტაბურ კონცერტს სჭირდება. ეს ყველაფერი დაკონტრაქტებული აქვს მერიას. ამ ერთი წლის განმავლობაში თბილისში რომ სტინგი და შაკირა არ ყოფილან და მსგავსი მასშტაბური კონცერტი არავის გაუმართავს, ფაქტია. შესაბამისად, ეს თანხა ვერ დაიხარჯებოდა. რაც თბილისობაზე მინიკონცერტები მოეწყო, იმაზე კიდევ ცალკე იყო თანხები გამოყოფილი. ახლა კი, 6 დეკემბერს, ისევ გამოაცხადა მერიამ ტენდერი 1,2 მილიონი ლარის და იმავე მომსახურების შესყიდვაზე. ამ ყველაფერს ორი ახსნა აქვს: ან მერია ერთსა და იმავე მომსახურებაზე ორჯერ ხარჯავს­ თანხას, რაც, რა თქმა უნდა, კორუფციაა ან უკვე დღეს ემზადება 2017 წელს გასამართი კონცერტებისთვის. მოკლედ, თბილისს ანომალიური ბიუჯეტი აქვს ან ძალიან წინდახედული მერი ყოფილა ნარმანია, აქეთ ცოცხლების დამარხვაზე ფიქრობს, იქით კი ერთი წლით ადრე ემზადება კონცერტებისთვის.

საახალწლო განათებაზეც მინდა გითხრათ. ტენდერი, რომელიც ამ მომსახურების შესაძენად გამოცხადდა, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. თავიდან ტენდერში ხუთი კომპანია მონაწილეობდა და საწყისი ფასი დაახლოებით 900 ათასი ლარი იყო. შემდეგ ეტაპზე სამი კომპანია გადავიდა. იმ ორს, რომელსაც ყველაზე დაბალი ფასი ჰქონდათ წარმოდგენილი, მერიამ დისკვალიფიკაცია მისცა და გამარჯვებულად შპს "ნუკო"+ დაასახელა. არადა, ვაჭრობის დროს შეთავაზებული თანხა 200 ათას ლარამდეც კი იყო ჩამოსული, რაც საბაზრო ფასზე ბევრად ნაკლებია და სრული ანომალიაა. მოკლედ, ბევრი ლეგიტიმური კითხვაა ამ ტენდერთან დაკავშირებით, შედეგი კი ერთი - საახალწლოდ ნაწილობრივ განათებული თბილისი და არცთუ ხარისხიანად დამონტაჟებული განათება, რომლის აქსესუარები ქარის დროს ცვივა.

კ ო მ ბ ლ ე
22 დეკემბერი 2015 00:15
ძველების ნათქვამია: თაფლის კასრი წინ რომ გედგას, თითს არ გაილოკავდიო? აქ კი რა გამოდის? თითი, მაჯა, იდაყვი მხრის და ფერდის ჩათვლით, თაფლით მოსვრილი და ხარბი ენით ატლეკილია!
ara
21 დეკემბერი 2015 21:45
არასამთავრობოს წარმოადგენს და ამ დროს პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. არასამთავრობო არ უნდა ნიშნავდეს ოპოზიციონერობას.
მაგალითად: წინასწარ უნდა გქონდეს გამოყოფილი თანხა უბედური შემთხვევებისთვის, კუბოებისთვის, საფლავებისთვის. წინასწარ ხომ იცი სტატისტიკურად რამდენი ხდება, ჰოდა მიახლოებით აკეთებ თუ არ დაიხარჯება, შეასწორებ. თუ დამატება დაგჭირდა, სადაც ეკონომია გაქვს იქედან დაამატებ. ასე რომ სწორე უქნიათ რომ ბიუჯეტში გარკვევით უთქვამთ.
მეორე ტუალეტისთვის 100 ათასი ლარიო. და ჩვენი ჩარევის მერე 2-ის მაგივრად ბევრ ტუალეტს გააკეთებენო. არცერთი არ ივარგებს. ახალი ტუალეტი რომ ააშენო 50 ათასი ლარი დაგიჯდება. თუ ნორმალური, რამდენიმე სექციანი, ქალთა და კაცთა ტუალეტი გინდა. თორე ეგრე რუსულ ჯარში რომ ტუალეტებია 100 ათასად, 100 000 გააკეთებ. მაგრამ რა ჯანდაბად გინდა. ერთი არ ივარგებს.
მოკლედ მიკერძოებული ანალიზია. ასეთებს რომ ვუსმენ, პირიქით ვრწმუნდები რომ ბიუჯეტი მისაღებია.
გია
21 დეკემბერი 2015 12:29
როდემდე გაგრძელდება ჩვენი ფულის ქურდობა და მამაძაღლიბა?!

რედაქტორის რჩევით