ავტომობილების წარმოება ზღაპარი არ არის - კვირის პალიტრა

ავტომობილების წარმოება ზღაპარი არ არის

"ეს იქნება საუკუნის პროექტი საქართველოსთვის"

საქართველოში წარმოებულ ავტომობილზე საერთაშორისო VIN-კოდის (სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი) დარტყმა იქნება შესაძლებელი, რაც მწარმოებელს ავტომანქანის საერთაშორისო ბაზარზე გატანის საშუალებას აძლევს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა პირველად ტელეკომპანია PalitraNews-ის გადაცემა "ბიზნესპერსონაში" ისაუბრა. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ავტომობილების მწარმოებელ კომპანიებთან, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი კომპანია შეიძლება შემოვიდეს საქართველოს ბაზარზე, აქ აწარმოოს ავტომობილები და შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში გაიტანოს გასაყიდად. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ მისი უწყება რამდენიმე ავტომწარმოებელთან წარმართავს მოლაპარაკებებს, მათ შორის არიან ავტობუსისა და სპეცტექნიკის მწარმოებლებიც.

შალვა ოგბაიძე, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი: - მეც ვიყავი ერთ-ერთი ინიციატორი, საქართველო მიერთებოდა გაეროს სატრანსპორტო საშუალებების ტიპის აღიარების კონვენციას. ეს დოკუმენტი განსაზღვრულ წესებს აწესებს ავტომწარმოებელთათვის. მთავარი კი ამ კონვენციის დანართი გახლავთ, რომელიც 140 წესისგან შედგება და მოიცავს ყველაფერს - ავტომობილში სავარძლის განლაგების სტანდარტით დაწყებული, სანათი ხელსაწყოებით დასრულებული. ქვეყანა, რომელსაც სურს, რომ მის ქვეყანაში გამართულმა ავტომობილებმა იაროს, ახალი ავტომობილის ქვეყანაში გასაყიდად შეყვანისას მოითხოვს, რომ მანქანა შეესაბამებოდეს კონვენციის მოთხოვნებს. ეს კონვენცია ასევე განსაზღვრავს, როგორ უნდა მოხდეს ავტომობილის იდენტიფიცირება, 17-ნიშნა კოდში მწარმოებლის მიერ ჩადებულია ავტომობილის მარკა, მოდელი, მწარმოებელი ქვეყანა, ავტომობილის ტიპი.

საქართველო ნელ-ნელა მიმზიდველ ქვეყნად გადაიქცა იაფი მუშახელის, გეოგრაფიულ-გეოპოლიტიკური მდგომარეობით, საკმაოდ ლოიალური და იაფი ავტომობილების განბაჟების სისტემის გამო. ამიტომ საქართველოში შესაძლებელია არა ნულიდან აეწყოს ავტომობილი, არამედ ე.წ. აგრეგატულად.

ამ საკითხზე მქონდა საუბარი ეკონომიკის მინისტრთან, ასევე სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან, რომ საქართველო გახდა მიმზიდველი ქვეყანა ავტომწარმოებლებისთვის და ეკონომიკის სამინისტრომ, სხვა უწყებებმა შესთავაზონ ჩვენი ქვეყანა მათ პირველ ეტაპზე ე.წ. სახრახნისით აწყობისთვის. ანუ მწარმოებლებისგან შემოვიტანთ მზა მაკომპლექტებლებს და პირველად ჩვენს რეალობაში, აქ მსუბუქი ავტომობილები აეწყობა. ამ მანქანებს განბაჟება არ დასჭირდება და მხოლოდ შემოტანილი მარაგნაწილების ღირებულება დაიბეგრება. თბილისში ბევრი გაჩერებული საწარმოა, სადაც თავისუფლად შეიძლება ისეთი ნაწილების დამზადება, როგორიც არის საქარე მინა, სამუხრუჭე ხუნდები, მაშუქი ელემენტები. რა შორს მივდივართ, საქართველო გახლავთ ქვეყანა, სადაც თვითმფრინავებს აწყობენ, კოსმოსში გასაგზავნი ანტენა იწყობა...

ყოველ წელს საქართველოში, მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვის იმპორტით შემოდის 60-70 ათასი ავტომობილი. აქედან 90%-ზე მეტი მეორადი ავტომობილია, მათ შორის არის მარჯვენასაჭიანებიც. ასეთი ავტომობილების ფასი 4-11 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს.

თავისუფლად შესაძლებელია, რომ იმპორტირებული ავტომობილები საქართველოში წარმოებულით ჩავანაცვლოთ. აქ აწყობილი მანქანა 6-7 ათას დოლარზე მეტი არ უნდა ღირდეს. შესაძლებელია ისეთი მოდელების წარმოება, როგორიც მაგალითად, "ტოიოტას" პროტოტიპი ჩინური ავტომობილებია. სხვათა შორის, ჩინურ ავტომობილებს VIN-კოდთან დაკავშირებით ტიპების მიხედვით კლასიფიკაციის (ტიპიზაციის) პრობლემა აქვთ. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ საქართველომ მიანიჭოს VIN-კოდი ჩინურ ავტომობილს და გახდეს ფანჯარა ევროპაში ჩინეთისთვის. ეს იქნება საუკუნის პროექტი საქართველოსთვის. ის დრო წარსულს ჩაჰბარდა, როცა ჩინური უხარისხოსთან ასოცირდებოდა. თბილისში უკვე რამდენიმე ბრენდი წარმატებით ყიდის ჩინეთში წარმოებულ როგორც მსუბუქ, ასევე სატვირთო ავტომობილებს. მათ შორის არის "ჩანგანი", "ლიფანი", "შაკმანი" და სხვა. გატესტილი მაქვს "ჩანგანის" ავტომობილი და შემიძლია გითხრათ, რომ არაფრით ჩამოუვარდება იაპონურს, თუმცა კი მისი ნახევარი ფასი ღირს.

კარგი იქნება, ასეთი იაფი მანქანები ჩვენი მოხელეებისთვისაც. მაგალითად, ბევრ გამგეობას არც აქვს ამის ფუფუნება და არც არის საჭირო, რომ 20-22-ათასდოლარიანი მანქანებით იარონ. საკმარისია 6-7 ათას დოლარის ეკვივალენტი ღირებულების, კომფორტული, "აირბეგებით" აღჭურვილი თანამედროვე ავტომობილი, რომელსაც დატანილი ექნება წარწერა - "დამზადებულია საქართველოში" და ეს ჩადებული იქნება მის გენეტიკურ კოდში, ე.წ. VIN-კოდში.