2015 ჰიბრიდული წელიწადი
28-12-2015
2015 ჰიბრიდული წელიწადი
გადახალისებულ მთავრობას დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რომ მეტი ყურადღება მიაქციოს ეკონომიკური ზრდის ტემპს, რომლის გარეშეც შეუძლებელია გამკლავება როგორც შიდა, ისე გარე გამოწვევებთან

ეკონომიკური თვალსაზრისით 2015 წელი საკმაოდ რთული იყო. ლარი გაუფასურდა, ფასები გაიზარდა, გაძვირდა კრედიტები და არსებული შემოსავლებით უფრო გაძნელდა ხარჯებთან გამკლავება. ხშირად გაისმოდა ურთიერთბრალდებები მთავრობის, ეროვნული ბანკის, ოპოზიციისა თუ არასამთავრობო სექტორის მხრიდან. ვნახოთ, როგორ შეძლებს არსებულ პრობლემებთან გამკლავებას მთავრობის განახლებული შემადგენლობა. ჩვენ კი თქვენთვის წლის უმთავრესი ეკონომიკური მოვლენები შევაჯამეთ.

2015
წლის მნიშვნელოვანი, თუმცა მეტად არასასიამოვნო მოვლენა ქართული ლარის დევალვაცია იყო, რომელიც მხოლოდ გასული წლის განმავლობაში დოლარის მიმართ 26,3%-ით გაუფასურდა. ხოლო 2009 წლიდან დღემდე დოლარის მიმართ 44,1%-ით არის გაუფასურებული. წლის მნიშვნელოვანი და ასევე არასასიამოვნო მოვლენა, ინფლაციაა, რომელიც გასცდა 5%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს და 6,3% შეადგინა. 2015 წლის
განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა რამდენჯერმე გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა და ამით ინფლაციის შეკავება სცადა - რეფინანსირების სესხის განაკვეთი ეტაპობრივად გაზარდა 4%-დან 8%-მდე და ჯამში 300 მილიონი დოლარი გამოიტანა სავალუტო რეზერვებიდან გასაყიდად. მიმავალი წელიწადი იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზარზე კარტელი გამოავლინა და ძირითადი ნავთობიმპორტიორი კომპანიები დააჯარიმა. კომპანიებმა დარიცხული ჯარიმები, რაც ჯამში 55 მილიონ ლარს შეადგენს, სასამართლოში გაასაჩივრეს და საქმის განხილვას ელოდებიან. ამასობაში კი საერთაშორისო ბაზრებზე ნედლი ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა და ადგილობრივმა მოთამაშეებმაც წლის განმავლობაში საწვავის ფასი ლიტრზე 20-25 თეთრით გააიაფეს.

2015 წელს მცირედით, თუმცა მაინც გაიზარდა ევროკავშირში ექსპორტის წილი და მთლიანი ექსპორტის 29% შეადგინა. აუცი­ლებლად უნდა დავასახელო ვიზა-ლიბერალიზაცია, რომელიც ახლახან მივიღეთ და ეკონომიკასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ეს ორი მოვლენა ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე მომავალშიც მუდმივმოქმედ გავლენას მოახდენს. დაიწყო მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე ჩინეთთან, რომელიც მსოფლიოს უმსხვილესი 1,4-მილიარდიანი ბაზარია. 2015 წლის 9 მარტს ხელი მოეწერა მემორანდუმს აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის განვითარებისთვის თანამშრომლობის შესახებ. განხორციელდა ციფრული მაუწყებლობის რეფორმა, რაც ხელს შეუწყობს მედიაბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას. 2015 წელს მთავრობას დაგეგმილი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის კორექტირებამ მოუწია. პირველი სამი კვარტალის მონაცემებით, მშპ-ის ზრდა მხოლოდ 2,5%-ს შეადგენს. ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, 2015 წლის 5 მარტის მთავრობის დადგენილებით შეიქმნა "ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" 30 წლის ვადით. ის ოპერირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

მომზადდა და შემდეგ პარლამენტმა დაამტკიცა "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონი, რომლის თანახმადაც, საქართველოს სოფლების 45%-ს - 1600 პუნქტს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება. ამ კანონით მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას გაეზრდება სოციალური შეღავათები, კერძოდ, პენსიაზე დამატებითი დახმარების, ექთანების, ექიმების, პედაგოგების ხელფასების, ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურების, ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის, ახალდაბადებულ ბავშვებზე ყოველთვიური დახმარების სახით. ამასთან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე რეგიონებში ბიზნესის დაწყების მსურველებიც განსაზღვრული შეღავათებით ისარგებლებენ.

გასულ წელს საქართველომ რამდენიმე საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებას უმასპინძლა, მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წლიურ შეხვედრასა და "აბრეშუმის გზის ფორუმს". ჩინეთიდან საქართველოში პირველი სარკინიგზო ტვირთიც ჩამოვიდა.

სოსო არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "2015 წელი იყო ჰიბრიდული წელი ეკონომიკაში - იყო დიდი გამოწვევები, თუმცა ზოგი გარე ფაქტორი პოზიტიურადაც კი მოქმედებდა, მაგალითად, მსოფლიო ბაზარზე ზოგი პროდუქტის ფასის დაკლება. ამიტომ, როცა ვაფასებთ სავაჭრო ბრუნვის 11 თვის განმავლობაში 14%-ით შემცირებას, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს კლება ნაწილობრივ განაპირობა მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასებისა და მარცვლეული კულტურების ფასის შემცირებამ. მთელი წლის განმავლობაში რუსეთთან ჩვენს ურთიერთობას წითელ ზოლად გასდევდა კონფრონტაციისა და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, მაგრამ წმინდა ეკონომიკურად თუ შევხედავთ­, 11 თვის განმავლობაში 26 ათასი ტონით მეტი მარცვლეული შემოვიტანეთ, ვიდრე წინა წლის შესაბამის პერიოდში და თან 13 მილიონი დოლარით ნაკლები გადავიხადეთ (1 ტონაში შარშანდელი 267 დოლარის ნაცვლად 223 დოლარი). იმავეს თქმა შეიძლება აზერბაიჯანზე, ჩვენ ნავთობპროდუქტებს გაცილებით იაფად ვყიდულობდით. ამის ხარჯზე სტატისტიკის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ თავად ნავთობის რეექსპორტი სამჯერ გაიზარდა საქართველოდან. ანუ გამოდის, რომ ჩვენ 2015 წელს ავტომობილების რეექსპორტს ვამცირებდით და ერთგვარად გავზარდეთ ნავთობპროდუქტების რეექსპორტი. ლარის დევალვაციას ვერ გავექცევით. ერთი წლის წინ 1 დოლარი დაახლოებით 1,84 ლარი ღირდა. დღეს კი ეს მაჩვენებელი სანატრელი გაგვიხდა. რამდენჯერ მივუახლოვდით გაუფასურების მაქსიმუმს, 2,45 ლარს, თუმცა ზღვარი არ გადაგვილახავს.

ხელისუფლება გვპირდება, რომ მომავალ წელს საერთო კურსი შენარჩუნდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, თუმცა არასასიამოვნო მოვლენა - ფულადი ტრანზაქციების მოცულობა დაახლოებით 400 მილიონი დოლარით შემცირდა. ვფიქრობ, გადახალისებულ მთავრობას დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რომ მეტი ყურადღება მიაქციოს ეკონომიკური ზრდის ტემპს, რომლის გარეშეც შეუძლებელია გამკლავება როგორც შიდა, ისე გარე გამოწვევებთან".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით