წლის ყველაზე "პრემირებულები" - კვირის პალიტრა

წლის ყველაზე "პრემირებულები"

თუ 2015 წლის 6 თვეში მინისტრებისთვის დარიცხული შრომის ანაზღაურება პრემიებისა და დანამატების ჩათვლით 37.500 ლარია, მათი მოადგილეების სახელფასო ბარათზე ბევრად უფრო დიდი თანხები ირიცხება...

ლარის გაუფასურებისა და მცირე ეკონომიკური ზრდის გამო, გასულ წელს მთავრობამ "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა გამოაცხადა. თავიდან ყველას ეგონა, რომ "ქამრების შემოჭერით" მთავრობა ხელფასებს თუ არა, პრემიებსა და დანამატებს მაინც შეიკვეცავდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეკონომიას მხოლოდ ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილზე გაწევდნენ. პრემიების, დანამატებისა და ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ ინფორმაცია სამინისტროებიდან სხვადასხვა დროს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოითხოვა, მათ შორის მონიტორინგის ცენტრმა "მედიატორმა" და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI). ჩვენ მათი მონაცემები შევაჯერეთ და საკმაოდ შთამბეჭდავი სურათი მივიღეთ.

გასული წლის მხოლოდ 9 თვეში, საგარეო საქმეთა სამინისტროში 1.442.413 ლარი სახელფასო დანამატი და 706.360 ლარი პრემია გაიცა და ჯამში ამ თანხამ 2.148.773 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პრემიების 90% აპრილსა და აგვისტოშია გაცემული. სამინისტროდან გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მხოლოდ მინისტრის მრჩევლებზე აპრილში პრემიის სახით 51.600 ლარი გადაირიცხა, აგვისტოში კი 48.000 ლარი. 2015 წლის იმავე 9 თვეში საგარეო საქმეთა სამინისტროს სატელეფონო ხარჯმა 41.417 ლარი შეადგინა და ამ თანხიდან 15.315 ლარი მინისტრმა დახარჯა. სამივლინებო ხარჯებისთვის სამინისტროს 9 თვეში 1.084.321 ლარი დაუხარჯავს, აქედან 208.148 ლარი მინისტრის სამივლინებო ხარჯია. გამარტივებული ტენდერით, აღნიშნულ უწყებას 947.934 ლარის ხელშეკრულება გაუფორმებია და ამ თანხის 90% სარესტორნო და სასაჩუქრე მომსახურებაზე მოდის.

გასული წლის 9 თვეში ენერგეტიკის სამინისტროს 20 თანამდებობის პირზე პრემიისა და დანამატის სახით 376.740 ლარია გაცემული, მაშინ როცა სამინისტროს სხვა 60 თანამშრომელზე იმავე პერიოდში 292.500 ლარი გაუციათ. 9 თვეში მივლინებებისთვის 131.732 ლარი დაუხარჯავთ.

387.088 ლარის პრემია და დანამატი გაიცა 9 თვეში გარემოს დაცვის სამინისტროში. დოკუმენტაციიდან ირკვევა, სამინისტროს სსიპ-ებში სულ 2 232 ადამიანია დასაქმებული, მათგან 545 ტყისმცველია და ერთი ამდენი უფროსი ჰყავთ ამ მცველებს. 9 თვეში გარემოს დაცვის სსიპ-ებში დასაქმებული ადამიანების ანაზღაურებამ 15.397.252 ლარი შეადგინა. სამინისტროს სამივლინებო ხარჯები 67.172 ლარია, აქედან 52.306 ლარი - ქვეყნის გარეთ მივლინებებისთვის.

იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში 9 თვეში პრემია-დანამატის სახით 946.353 ლარია გაცემული, სამივლინებო ხარჯმა ჯამში 181.088 ლარი შეადგინა. სასჯელაღსრულების სამინისტროში კი იანვრიდან სექტემბრამდე ჯამში 567.384 ლარის პრემია და დანამატი გაიცა.

რაც შეეხება კულტურის სამინისტროს, აუდიტის სამსახურის დასკვნის შემდეგ, სადაც ნათქვამი იყო, რომ გასული წლის განმავლობაში ამ უწყებაში დანამატი 1509%-ით გაიზარდა, არც არის გასაკვირი, რომ იანვარ-სექტემბრის პერიოდში მხოლოდ მინისტრმა და მისმა სამმა მოადგილემ დანამატის და პრემიის სახით 137.215 ლარი მიიღეს. ამას თუ ყოველთვიურ სარგოს დავუმატებთ, გამოდის, რომ მაგალითად, მანანა ბერიკაშვილის ანაზღაურებამ მხოლოდ აპრილში 9.000 ლარს მიაღწია, ისევე როგორც დანარჩენი ორი მოადგილის შემთხვევაში. კიდევ ერთი უწყება, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციას მიაწოდა ინფორმაცია გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ, ფინანსთა სამინისტროა. ირკვევა, რომ 2015 წლის 9 თვეში ფინანსთა მინისტრს პრემია არ აუღია, მაგრამ დანამატის სახით ყოველთვე 2.710 ლარს იღებდა და შესაბამისად, 9 თვის განმავლობაში ხელფასის გარდა მინისტრს ბიუჯეტიდან 24.390 ლარიც აუღია. სამაგიეროდ, დანამატთან ერთად პრემიებს იღებდნენ მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტის უფროსები, მათი მოადგილეები, აპარატის უფროსები და ჯამში 50 ადამიანის მიერ მიღებულმა პრემია-დანამატებმა 9 თვეში 1,1 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

ამას გარდა, ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა სატელეფონო ხარჯებმა 126.923,80 ლარი შეადგინა, სამივლინებო ხარჯებმა კი 198.193,82 ლარი. უწყების თანამშრომლებმა ამ პერიოდში 57 297,90 ლიტრი ბენზინი და 3 910,51 ლიტრი დიზელი დახარჯეს. რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს, წლის ამ პერიოდში თანამდებობის პირებზე დარიცხულმა შრომის ანაზღაურებამ 868.374 ლარი შეადგინა, მათ შორის პრემია 128.610 ლარია, ხოლო დანამატი - 251.535. არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაცია პრემიების, დანამატებისა და ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ ყველა სამინისტროდან გამოითხოვა, თუმცა რამდენიმე უწყებისგან გამოთხოვილი ინფორმაცია დღემდე არ მიუღიათ.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის გაანალიზებისას ირკვევა, ის არის, რომ მინისტრებზე მაღალი ანაზღაურება ხშირად მათ მოადგილეებს აქვთ. მაგალითად IDFI-ის კვლევის თანახმად, თუ 2015 წლის 6 თვეში მინისტრებისთვის დარიცხული შრომის ანაზღაურება პრემიებისა და დანამატების ჩათვლით 37.500 ლარია, მათი მოადგილეების სახელფასო ბარათზე ბევრად უფრო დიდი თანხები ირიცხება...