მხოლოდ თბილისში დალუქული სავაჭრო ობიექტების რიცხვი ათასს აჭარბებს - კვირის პალიტრა

მხოლოდ თბილისში დალუქული სავაჭრო ობიექტების რიცხვი ათასს აჭარბებს

სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის "დაკანონებული რეკეტი" ისევ გრძელდება. ჩვენი ინფორმაციით, მხოლოდ თბილისში, შემოსავლების სამსახურის მიერ ბოლო პერიოდში სხვადასხვა საბაბით დალუქული სავაჭრო ობიექტების რიცხვი ათასს აჭარბებს. რამდენიმე დღის წინ, შემოსავლების სამსახურის მოულოდნელი სტუმრობა გახდა კომპიუტერულ მაღაზიათა ქსელ "ალტას" დახურვის მიზეზიც.

როგორც "ეკოპალიტრამ" შეიტყო, ოფიციალურად შემოსავლების სამსახური "ალტაში" ფინანსურ დოკუმენტაციას ამოწმებს, კულუარებში კი საჯარიმო თანხის ოდენობა განიხილება. ყოველი შემთხვევისთვის, "ალტაში" იმედი აქვთ, რომ მუშაობას 9 მარტიდან განაახლებენ.

მერაბ ჯანიაშვილი (ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტი): "ხელისუფლება ლიბერალიზმის პრინციპებზე საუბრობს და იმავდროულად, მცირე დარღვევის გამოც კი ბიზნესებს ლუქავს და ხურავს. მეწარმეები უკვე მწარედ ხუმრობენ: მოვასწროთ ჩვენი ხელით დახურვა, სანამ შემოსავლების სამსახური მოსულა და დალუქვასთან ერთად სოლიდური ჯარიმაც დაუკისრებიაო. სამწუხაროდ, ბევრია ასეთი ფაქტი. ზოგი დროებით გაჩერებას ამჯობინებს, ზოგიც ყიდის და თავიდან იშორებს ბიზნესს, რადგან მიაჩნია, რომ ახლა ამის კეთება საშარო საქმეა.

ფაქტია, დღეს ბიუჯეტი ბიზნესზე წნეხის გაძლიერებით ივსება. როცა ხელისუფლება ამაყობს საბიუჯეტო ვალდებულებების დაფინანსებით, ნურც იმის თქმა დაავიწყდებათ, რის ხარჯზე ფინანსდება ყველა ეს ვალდებულება. ასეთივე წარმატებით ჩვენ შეგვიძლია ხე-ტყის ექსპორტით 2010 წელს მსოფლიოში პირველი ადგილი დავიკავოთ, თუ, რა თქმა უნდა, ყველა ხეს მოვჭრით საქართველოში. ასეთი მიდგომაა სწორედ ბიზნესების მიმართ.

შემოსავლების სამსახური ადრე თუ მსხვილ ბიზნესებზე იყო ორიენტირებული, ახლა მცირე და საშუალო ბიზნესისთვისაც მოიცალა, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 25%-ია დასაქმებული. სულ რამდენიმე დღის წინ, შემოსავლების სამსახური კომპიუტერული ტექნიკით მოვაჭრე მაღაზიების ქსელ "ალტაშიც" შევიდა და ამჟამად ქსელის ყველა მაღაზია დალუქულია. უკვე ორ დღეზე მეტია გასული და როგორც მითხრეს, არც ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანება წარუდგენიათ მაღაზიის მეპატრონეებისთვის, როგორც ეს ლოპოტას ტბის პირას სხდომისას მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტმა".

მიშა ადეიშვილი (ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი): "დალუქვა საგადასახადო კოდექსის ორ ეპიზოდშია მოყვანილი. ერთი - ინვენტარიზაციის დროს, ოღონდ გადასახადის გადამხდელი აქციზური საქონლით უნდა ვაჭრობდეს. მეორე შემთხვევა გადაუდებელი საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმებაა. ამ დროს საგადასახადო ორგანო ვალდებულია, შემოწმების დაწყებიდან 48 საათში სასამართლოს მიმართოს შემოწმების ნებართვის მისაღებად. ნებართვის მიღებამდე, საგადასახადოს ინსპექტორს ობიექტის დალუქვა შეუძლია, მაგრამ არ აქვს შემოწმების დაწყების უფლება.

გადაუდებელი საკონტროლო შემოწმება გულისხმობს, რომ ობიექტი გეგმურად შემოწმებულია, მაგრამ არის რაღაც ინფორმაცია, რომ გადასახადის გადამხდელი ცდილობს დიდი ოდენობით გადასახადებისთვის თავი არიდებას, ფინანსური დოკუმენტაციის განადგურებას ან ქვეყნიდან მიმალვას. მიაქციეთ ყურადღება: გეგმავს და არა ფაქტს ჩადის. საქმე ის არის, რომ 48-საათიანი ვადა განსაზღვრულია მხოლოდ სასამართლოში მიმართვისთვის, მაგრამ რამდენ ხანში მიიღებენ ამ ნებართვას, კანონში კონკრეტულად არაფერი წერია.

თითქმის ყველა ფინანსურ უწყებაში მოვიკითხეთ, მაგრამ ვერსად მივაგენით ნორმატიულ აქტს, რომელიც მინისტრის განკარგულებით უნდა არეგულირებდეს ობიექტის დალუქვის ვადებს. გამოდის, საგადასახადოს ინსპექტორი კანონს ფაქტობრივად არ არღვევს, როცა ობიექტის შესამოწმებლად შედის. არც ის წერია კანონში, რომ თუ ინსპექტორის ეჭვი არ დადასტურდება, ვინ აუნაზღაურებს მეწარმეს დალუქვით მიღებულ ზარალს...

ნებისმიერი მაღაზიის, რესტორნის ან სხვა ობიექტის დალუქვას მნიშვნელოვანი დანაკარგი მოაქვს. 2004 წლიდან ამოქმედებულმა საგადასახადო კოდექსმა დააწესა არაგეგმური შემოწმებისთვის სასამართლოს ნებართვის აუცილებლობა. სასამართლო არ უნდა გასცემდეს ნებართვას, თუ არ წარუდგენენ მტკიცებას, რომ გადამხდელი რამეს გეგმავს. მაგრამ საგადასახადოს მოთხოვნას სასამართლო ხშირად აკმაყოფილებს. სახელმწიფო კი არაფერს კარგავს, დაკანონებული აქვს ასეთი შემოწმების უფლება და ინსპექტორის ეჭვი რომც არ დადასტურდეს, გადასახადის გადამხდელი სასამართლოშიც ვერ იჩივლებს".

ზურაბ ვანიშვილი (ადვოკატი): "დაახლოებით ორი-სამი თვეა, საკმაოდ გამკაცრდა საგადასახადო ადმინისტრირება. მეწარმეებთან მიდიან საგადასახადო უწყების წარმომადგენლები და ატარებენ ინვენტარიზაციას, გამოწერენ საგადასახადო მოთხოვნას და ამის შემდეგ მეწარმე დგება არჩევანის წინაშე - საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივროს სასამართლოში (და ამისთვის სადავო თანხის 3% გადაიხადოს) ან ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, ანდა ბედს შეეგუოს. უმეტეს შემთხვევაში მეწარმეები ფინანსთა სამინისტროში განხილვას ირჩევენ. იქ 3%-ის გადახდა არ უწევთ, მაგრამ დიდ სირთულეებს აწყდებიან. საგადასახადო კოდექსის დავების განხილვის თავი საგანგებოდ ისეა შედგენილი, რომ ათიდან ერთმა საქმემ გააღწიოს იმ ლაბირინთებში.

ხშირად მეწარმეს ეუბნებიან, რომ უნდა დააჯარიმონ მთელი მისი საქონლის ნაშთის 100%-ით, ანუ აღურიცხავად უნდა ჩაუთვალონ, ვინაიდან მეწარმეს ვითომდაც არ გააჩნია შესაბამისი საბუღალტრო დოკუმენტაცია. რეალურად მეწარმეს შესაძლოა ყველა დოკუმენტი წესრიგში ჰქონდეს, მაგრამ იძულებული ხდება, ინფორმაცია დავების განხილვის საბჭოს ან შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს და თავისი სიმართლე ამტკიცოს.

საჩივრის შესვლიდან ოცი დღის განმავლობაში შემოსავლების სამსახური ვალდებულია, გადაწყვეტილება გამოიტანოს. თუ მეწარმემ ოც დღეში არ მიიღო პასუხი, ეს ავტომატურად უარს ნიშნავს. მაგრამ ამის შესახებ ბევრმა არ იცის. ოცდღიანი ვადის გასვლისთანავე, მეწარმემ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს დავების განხილვის საბჭოს და იქ გაასაჩივროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება... საგადასახადო კოდექსში ორი ურთიერთგამომრიცხავი ნორმაა. ერთგან წერია, რომ დავების განხილვის საბჭო ფინანსთა სამინისტროში ვალდებულია, გადაწყვეტილება ოცი კალენდარული დღის განმავლობაში მიიღოს. მეორეგან წერია, რომ თუ ოც დღეში არ მიიღო გადაწყვეტილება, ეს უარად ითვლება.

შემდეგ არის ყველაზე ცუდი მუხლი, რომელიც ამბობს, რომ თუ მეწარმეს შეეშალა და ეს ოცდღიანი ვადა უყურადღებოდ დარჩა, მაშინ სასამართლო სარჩელს წარმოებაში აღარ იღებს და საქმის წარმოება უნდა შეწყვიტოს. პრაქტიკაში კი ხშირად ხდება, რომ საჩივრის შეტანიდან, ვთქვათ, მეხუთე დღეს იმართება სხდომა, სადაც იბარებენ მეწარმეს და ზეპირად აცნობებენ გადაწყვეტილებას. მეწარმე კმაყოფილი მიდის, რომ მისი საჩივარი სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მაგრამ თუნდაც დავების საბჭოს გადაწყვეტილება კანონიერად ვერ ჩაითვლება, თუ ეს შეთანხმება მეწარმესა და შემოსავლების სამსახურს შორის ოფიციალურად, ქაღალდზე არ გაფორმდება და შესაბამისი ბეჭდით არ დამოწმდება.

კანონი იმგვარადაა შედგენილი, რომ მეწარმეს თავისი ინტერესების დაცვა ძალიან უჭირს. ერთი მხრივ, საგადასახადოს ინსპექტორი ქრთამს აღარ იღებს, მაგრამ იმდენად გართულებულია საკანონმდებლო დონეზე დავების განხილვის პროცედურები, რომ ფაქტობრივად სახელმწიფო მომგებიან პოზიციაშია. როცა ის მეწარმეს ხელს დაადებს და გადასახადის არასწორად გადახდაში ან გადაუხდელობაში დაადანაშაულებს, მეწარმემ წინასწარ იცის, რომ სახელმწიფოსთან ამ დავას მაინც წააგებს.

ბოლო დროს ასეთი რამეც ხდება და მინდა ამის შესახებ ყველა მეწარმე გავაფრთხილო: ახალი წლიდან საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით, საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრირებული მისამართი ოფიციალურ მისამართად მიიჩნევა.

იქ მისული საგადასახადო მოთხოვნა ჩაბარებულად ითვლება, იმის მიუხედავად, კომპანია რეალურად არის თუ არა ამ მისამართზე. საჯარო რეესტრში კომპანიის მისამართის შეცვლისთვის ასი ლარი უნდა გადაიხადო. ჩემი რჩევა იქნება, ყველა იურიდიულმა პირმა თუ ინდივიდუალურმა მეწარმემ გაასწოროს მისამართი საინფორმაციო ბაზაში, რადგან როდის რას მისწერს საგადასახადო ორგანო, არავინ იცის. ოცი ასეთი შემთხვევა მაინც ვიცი, როცა ამის გამო მეწარმე ცუდ დღეში ჩავარდა. საგადასახადოს ინსპექტორს რომ შეეშალოს და მაგალითად, მეწარმეს 10 ათასის ნაცვლად 100 ათასი ლარის გადახდის მოთხოვნა გაუგზავნოს, წერილის მიღებიდან ოცი დღის გასვლის შემდეგ 100 ათასლარიანი ჯარიმა ძალაში შევა".

ხალხმრავლობა ვალის ორმოში

- ამჟამად შემოსავლების სამსახური ფინანსთა სამინისტროსთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მსურველი ასზე მეტი კომპანიის განაცხადს სწავლობს.

- ამ დროისთვის საგადასახადო შეთანხმება სულ შვიდ კომპანიასთან არის გაფორმებული. მათ შორისაა "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია", "კვარციტი", "ბელუქსი", "მადნეული".

- კომპანია "ჯეოსელი" საგადასახადო სამსახურის მიერ 101 მლნ ლარით დაჯარიმებას ასაჩივრებს. ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება სავარაუდოდ 10 მარტისთვის მიიღებს.