"ბიზნესი" წესების გარეშე - კვირის პალიტრა

"ბიზნესი" წესების გარეშე

მოწილეების ვინაობის დასამალავად შპს-ები სააქციო საზოგადოებად გადაიქცნენ

იანვარში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში წილის მფლობელებისა და პარტნიორების შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრში გადავიდა. ზოგიერთებმა იფიქრეს, რომ ხელისუფლებაში მყოფ ან მათთან დაახლოებულ პირებს შორის ქონების გადანაწილების პროცესი დასრულდა და ამიტომაც მსხვილი კომპანიების მფლობელების ვინაობის გამჟღავნება დაუშვეს. სინამდვილე სხვაგვარი აღმოჩნდა.

წილების დამალვის მსურველებს კანონმდებლობაში "შავი ხვრელი" დაუტოვეს. სააქციო საზოგადოებების დამფუძნებლების შესახებ ინფორმაცია ისევ კონფიდენციალური დარჩა. როგორც მოსალოდნელი იყო, შპს-ებმა, ვისაც მოწილეთა გასაიდუმლოება უნდოდათ, სააქციო საზოგადოებად გადაკეთება დაიწყეს. "ჩრდილში" დასარჩენად, სააქციო საზოგადოებად გადაიქცნენ "ქართული ფოლადი" და "თუჯი XXI" (რუსთავის მეტალურგიული კომპლექსის ბაზაზე შექმილი კომპანიები), რომელიც დეკემბერში ჯერ კიდევ შპს-ები იყვნენ. მოწილეებზე ინფორმაციაც დაიხურა.

ამ საკანონმდებლო "შავი ხვრელის" წყალობითაა, რომ ბრიტანელი ინვესტორი, Thames Steel UK Limited-ის დირექტორი თომას ბლეიკი უკვე მეხუთე თვეა უშედეგოდ არკვევს, ვისზე გადააფორმეს მისი კუთვნილი წილი "ქართულ ფოლადსა" და "თუჯი XXI"-ში. თომას ბლეიკმა ამ კომპანიებში 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია 2007 წელს ჩადო, როცა მეტალურგიულ კომპლექსს ბადრი პატარკაციშვილი ფლობდა. შარშან ივლისში ინვესტორმა მოულოდნელად შეიტყო, რომ კომპლექსი პატარკაციშვილის "სამართალმემკვიდრე" ჯოზეფ კეის ისე გადაუფორმეს, რომ მისთვის არაფერი უკითხავთ.

მოგვიანებით გამოაცხადეს, რომ კომპანიები ვალში ჩავარდნენ, "ქართული ფოლადი" "თუჯი XXI"-ის 83,3%-იან წილთან ერთად აუქციონზე გამოიტანეს და რადგან მყიდველი არ გამოჩნდა, კომპანიები კრედიტორ სააქციო საზოგადოება "კოლხის ბიზნეს კორპორაციას" გადაეცა, მაგრამ ასეთი კომპანია არსად ფიქსირდება. მის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

მანამდე ამბობდნენ, რომ მეტალურგიულ კომპლექსს ქართული ბანკების ფული მართებდა, იგივე განუცხადეს თომას ბლეიკსაც, რომელმაც ვერც ბანკების სახელები გაიგო და ვერც ის, რატომ აღმოჩნდა ვალებში კომპანია, სადაც 70 მილიონი დააბანდა და რომელიც მუშაობისთვის დამატებით თანხებს არ საჭიროებდა. ბრიტანელმა ინვესტორმა დახმარება პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს პრეზიდენტსაც სთხოვა, არც ამან უშველა. ბლეიკმა ამ საქმეში გაერთიანებული სამეფოს ევროპის მინისტრი კრის ბრაიანიც ჩარია, რომელიც ბრიტანეთში ვიზიტად მყოფ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა, მაგრამ შედეგი არც ამან გამოიღო - ბლეიკმა "კოლხის ბიზნეს კორპორაციას" ვერსად მიაკვლია.

"სამწუხაროდ, უძლური აღმოვჩნდით, რაიმე შეგვეტყო "კოლხის ბიზნეს კორპორაციის" შესახებ. მაგრამ განვაგრძობ ძიებას და იმის გარკვევასაც, რა უფლებები მაქვს საქართველოსა და უცხოეთის კანონმდებლობით კომპანიის დასაბრუნებლად", - გაგვიცხადა ბლეიკმა, რომელსაც "ეკოპალიტრა" ლონდონში დაუკავშირდა.

მესაკუთრე - "მოჩვენება"

ვინ არის "ქართული ფოლადისა" და "თუჯი XXI"-ის მფლობელი, ამის გასარკვევად გამოძიების ჩატარება ჩვენც ვცადეთ. პირველად მფლობელის ვინაობის გასაგებად თვითონ კომპანიებს ვკითხეთ. "ქართული ფოლადის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაკა კვარაცხელია ამბობს, რომ "კოლხის ბიზნეს კორპორაციის" შესახებ არაფერი გაუგია.

მაკა კვარაცხელია ("ქართული ფოლადის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი): "ვინ არის კომპანიის მფლობელი, არ გეტყვით. ჩემს ოჯახში რა მაქვს, რაში გაინტერესებთ? ჩვენთან არავინ მოსულა და კომპანია ჩემიაო, არ უთქვამს. არ ვიცი, საერთოდ რაზე მეკითხებით. საჯარო რეესტრში მოიკითხეთ".

საინტერესოა, რომ როცა კომპანიას თომას ბლეიკმა მიაკითხა, მას ქარხნის ჭიშკარიც არ გაუღეს. ხოლო შპს-ში წილებისა და პარტნიორების შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრი ყიდის და ის 15 ლარი ღირს (ამ ინფორმაციის ნახვა რეესტრის საიტზე შესვლის შემდეგ შეიძლება თუ ეს ინფორმაცია ერთხელ უკვე ვინმემ გაიტანა და რეესტრმა საფასური აიღო). საჯარო რეესტრის საიტზე (www.napr.gov.ge) სამეწარმეო რეესტრის საძიებო სისტემაში თუ სააქციო საზოგადოების სახელს მივუთითებთ, მოწილეების შესახებ ინფორმაცია ცხადია, არ გაიხსნება. მაგრამ ასეთი კომპანია რომელიმე სამართლებრივი ფორმით თუ არსებობს, უნდა გამოჩნდეს. ძებნამ შედეგი არ გამოიღო, მსგავსი დასახელების კომპანია რეესტრის ბაზაში არ ირიცხება.

თანამშრომლები, რომლებიც ამჟამად "ქართულ ფოლადში" მუშაობენ, ამბობენ, რომ კომპლექსის მფლობელი ისევ ჯოზეფ კეია. იმავე ინფორმაციას ფლობენ ქრისტიან-დემოკრატების რუსთავის ოფისშიც.

ალეკო ახვლედიანი ("ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის" რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი): "ქარხანას 700-მდე ე.წ. რეგრესის პენსიონერის ძველი დავალიანება აქვს გასასტუმრებელი. მივაკითხეთ, მაგრამ ისიც ვერ გავიგეთ, ვის უნდა მივმართოთ. ჩვენი ინფორმაციით, მეტალურგიული კომპლექსი ისევ ჯოზეფ კეის ეკუთვნის, მაგრამ ოფიციალურად დოკუმენტი ვერ მოვიპოვეთ. ინფორმაცია ჩვენთვისაც დახურულია. ვერც ხელშეკრულება მოვიპოვეთ, ვის გადაეცა კომპანია".

"ქართული ფოლადი", რომელიც მაგისტრალურ ე.წ. სამაგრ მილებსა და სამშენებლო არმატურას აწარმოებდა, უკვე წელიწადია, გაჩერებულია. კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მუშაობას თებერვლის ბოლოს განაახლებდა, მაგრამ ისევ უქმად დგას. ბლეიკი ირწუნება, რომ "კრიმინალები, რომლებიც ქარხანას მართავენ, მარტენის ღუმელებსა და რკინის სხვა კონსტრუქციებს ახლაც ჭრიან და ჯართად ყიდიან".

როგორ "ავახიოთ" წილი

ჯოზეფ კეის წარმომადგენელი გია ჯოხაძე "ეკოპალიტრასთან" საუბარში ამბობს, რომ კეი რუსთავის კომპლექსს აღარ ფლობს და არც "კოლხის ბიზნეს კორპორაციის" შესახებ იცის. თავის მხრივ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი, რომელსაც გიბრალტარის სასამართლომ 1-ელ თებერვალს ქონებაზე უფლება აღუდგინა, ირწმუნება, რომ რუსთავის კომპლექსი მათ ეკუთვნით, თუმცა ისიც იციან, რომ აქტივი "გაურკვეველ კომპანიას გაურკვეველი დავალიანების გამო" გადაეცა.

სააქციო საზოგადოებების მოწილეების შესახებ ყველაზე უტყუარი ინფორმაცია დამოუკიდებელ რეგისტრატორებს აქვთ, სადაც აქციონერები დარეგისტრირდებიან. ბაზარზე ამჟამად ათამდე რეგისტრატორია. ისინი ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში არიან. "კოლხის ბიზნეს კორპორაციის" შესახებ ინფორმაციის მოძიება ათივესთან ვცადეთ, მაგრამ ასეთი კომპანიის მასთან დარეგისტრირება ყველამ უარყო.

დავით ასლანიშვილი (საინვესტიციო კომპანია "საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი +"-ის დამფუძნებელი): "ბლეიკი ვეღარაფერს გააწყობს. მისთვის წილის წასართმევად ტიპური და კარგად ნაცნობი სქემა გამოიყენეს. შექმნეს კომპანია, გააფორმეს, რომ ბანკიდან აიღო სესხი, შეიქმნეს საბუთები, რომელზეც ხელს დირექტორი მოაწერდა, რომ აიღო სესხი, რეალურად ბანკიდან ფულს არც გაიტანდა. ბლეიკმა როცა მიაკითხა, აღმოჩნდა, რომ კომპანია ვალებშია. რუსთავის ქარხანა ჯართის ქალაქია, წლებია ჭრიან რკინას და ყიდიან. ბლეიკმა ხომ იცოდა, რა მდგომარეობაში იყიდა ქარხანა, რომ შესულიყო და ინვენტარიზაცია ჩაეტარებინა, ნახავდა, რომ ჯართად იყო გატანილი, შიგნით ამიტომ არ შეუშვეს.

არსებული კანონმდებლობით, კომპანიის დირექტორი და რეგისტრატორი საკმარისია, იმისთვის რომ წილი ერთიდან მეორე პირზე გადაფორმდეს. დამოუკიდებელი რეგისტრატორების ინსტიტუტი საერთოდ გასაუქმებელია. კომპანიის შესახებ ინფორმაცია რეგისტრატორებთან კი არ უნდა იყოს გაფანტული, როგორც ახლა, არამედ ერთ უწყებაში, საჯარო რეესტრში უნდა იყრიდეს თავს. რატომ უნდა იყოს რეგისტრატორი ყველა უბანში? ეს ნონსენსია. ასეთი რამ არსად ხდება. დამოუკიდებელი რეგისტრატორები კახა ბენდუქიძემ "შავი რეიდერობისთვის" შემოაღებინა.

რეგისტრატორების უმრავლესობა მერე ბანკებმა შექმნეს, ვალებში ჩავარდნილი კომპანიის ქონება იოლად რომ გადაეფორმებინათ. როცა სესხს იღებ, ფაქტობრივად ბიზნესს აბარებ ბანკს. იმდენად მაღალი პროცენტით გაცემენ კრედიტებს, რომ კომპანია ვეღარ იხდის, ბანკი კი ქონების გადასაფორმებლად პირდაპირ რეგისტრატორს უშვებს. ამის მაგალითია "ელიტ ელექტრონიქსი", რომლის წილები ბანკებმა დაინაწილეს.

შევარდნაძის დროს, როცა საფონდო ბირჟა გამოჩნდა, შეეშინდათ და წილები რომ დაემალათ, სს-ები შპს-ებად გადააკეთეს. ახლა პირიქით დაიწყო. "შავი ხვრელი" დატოვეს ფულის გასათეთრებლად. ამ დროს ყველაფერი თავიდან ბოლომდე დაკანონებულია, ვერც შეედავები. გამოდის, ასეთი სქემა აწყობს იმასაც, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს.

იმ სააქციო საზოგადოებას კი, რომელსაც 100-ზე ნაკლები აქციონერი ჰყავს, რეგისტრატორი საერთოდ არ სჭირდება. 2-3 მეწილეს თვითონ შეუძლია აწარმოოს რეესტრი. შეცვლის მეწილეს, ვინც არ უნდა, სიიდან ამოშლის და როცა წილისთვის მიაკითხავს, ეტყვის, პირველად გხედავო და ვერც დაუმტკიცებს, რომ ოდესღაც იმ კომპანიაში რაიმეს ფლობდა. ასე მოაქციეს უკანონობა კანონის ჩარჩოებში.

ამიტომაც არ შემოდის ქვეყანაში კერძო ინვესტორი. საკუთრების უფლება როცა არ არის დაცული, არავინ შემოვა. ქონება ვიყიდო და ხვალ აღარ მქონდეს? ვიყიდე, დავდე, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ჩემი უნდა იყოს. ჩვენთან მარტო სახელმწიფო ინვესტიცია შემოდის სახელისუფლებო გარანტიით. სახელმწიფოები ყიდულობენ პორტებს, ინდუსტრიულ ზონებს და ქმნიან მინისახელმწიფოებს. ასეთებს არც შეეხებიან და ვერც შეეხებიან. ერთი ორგანო ხომ მაინც უნდა იყოს, რომელსაც მიაკითხავ, როცა ქონების რეგისტრაცია დაგჭირდება".

საჯარო რეესტრში არ იციან, როდის გაიხსნება სააქციო საზოგადოებების მოწილეების შესახებ ინფორმაცია. მთავრობის დაპირებით, ეს წლეულს უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ ამის შესახებ ხმას არავინ იღებს. როგორც ჩანს, ქვეყანაში ქონების გადანაწილების პროცესი ისევ გრძელდება.

ნონა ქვლივიძე