ლარსის გახსნა პორტებში ტვირთნაკადს შეამცირებს - კვირის პალიტრა

ლარსის გახსნა პორტებში ტვირთნაკადს შეამცირებს

"ჩვენთვის ეს შესაძლოა წამგებიანი იყოს პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც"

ყაზბეგი-ზემო ლარსის გამშვები პუნქტი, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში ჩაკეტილი იყო, რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. საექსპერტო გათვლებით, სასაზღვრო პუნქტის გახსნა სომხეთის სატრანზიტო ხარჯებს 20-25%-ით შეამცირებს. საქართველო კი არანაირ ეკონომიკური ეფექტს არ ელის.

სომხეთის მეწარმეების კავშირის თავმჯდომარე არსენ კაზარიანი განმარტავს, რომ საბორნე გადასასვლელით სარგებლობისას, რუსეთიდან სომხეთში ტრანსპორტირებას 24-25 დღე სჭირდება. მანქანა თვეში მხოლოდ ერთი რეისის შესრულებას ახერხებს. ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ კი შესაძლებელი გახდება თვეში ორი რეისის შესრულება.

ემზარ ჯგერენაია (ეკონომიკის ექსპერტი): "ლარსის გახსნას საქართველოსთვის არანაირი ეკონომიკური ეფექტი არ მოაქვს, მაგრამ სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ფაქტობრივად, ჰაერივით სჭირდებოდა ამ გამშვები პუნქტის გახსნა. სამანქანო გზით, სწორედ ლარსის გავლით ახორციელებდა სომხეთი ტვირთების გადაზიდვას. საქართველოსთვის ერთადერთი ეკონომიკური ეფექტი შესაძლოა ის იყოს, რომ ყაზბეგის მოსახლეობას დასაქმების მცირედი შესაძლებლობა მიეცემა".

დემურ გიორხელიძე (ეკონომიკის ექსპერტი): "მაგ საკითხზე მსჯელობაც კი ზედმეტია. რა თქმა უნდა, გახსნილი უნდა იყოს ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. მერე რა, რომ დაძაბულია პოლიტიკური ვითარება რუსეთთან, თავისუფალი მიმოსვლის საშუალება მაინც უნდა იყოს. ეკონომიკური, პოლიტიკური თუ ადამიანური თვალსაზრისით გამართლებულია და ეს იმდენად მარტივი საკითხია, რომ მსჯელობადაც არ ღირს. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას ააყვავებს, მაგრამ ვერც დააქცევს... სომხებს უნდათ ეს გზა მიმოსვლისთვის, რადგან ლარსის გახსნა მათ სატრანზიტო მარშრუტს მნიშვნელოვნად შეამოკლებს.

აზერბაიჯანელებსაც სჭირდებათ ლარსზე გასასვლელი გზა. საერთოდ, რაც უფრო ადრე დალაგდება ეს პოლიტიკური ბაკქანალიები, მით უკეთესი..".

გია ხუხაშვილი (ეკონომიკის ექსპერტი): "ლარსის გახსნის შემდეგ ტვირთზიდვა გადანაწილდება. ეს არ არის მომგებიანი საქართველოსთვის _ იქიდან გამომდინარე, რომ საბორნე გადაზიდვის შემთხვევაში შემოსავალს იღებს პორტიც, რკინიგზაცა და ჩვენი ავტოტრანსპორტიც. ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, დახურული ლარსი ჩვენთვის შემოსავლიანი იყო. ახლა კი იმ ტვირთების ნაწილი ლარსის მიმართულებით გადაინაცვლებს და შემოსავალს რუსეთი მიიღებს.

შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარსის გახსნა ჩვენთვის შესაძლოა ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც წამგებიანიც კი იყოს. ფაქტობრივად, გამოდის, რომ რუსეთმა და სომხეთმა მიიღეს მოგება, ჩვენ კი ვიზარალეთ. ამას კი პოლიტიკური და ეკონომიკური კაპიტულაციის მორიგი აქტი ჰქვია".